რატომ ვწირავთ ერთგულ მეგობრებს - კვირის პალიტრა

რატომ ვწირავთ ერთგულ მეგობრებს

"4 წელიწადში თბილისსა და რუსთავში უსასტიკესი მეთოდებით 85 000-ზე მეტი ძაღლი და კატა განადგურდა"

ქართველებმა, როგორც ყველაფერი, ცხოველების სიყვარულიც განსხვავებული ვიცით. გვიყვარს ძაღლები, მაგრამ ყველა - არა: მხოლოდ სუფთა სისხლის და სანამ დაბერდება. მერე ან თავშესაფარში ვაბარებთ, ან ქუჩაში ვაგდებთ.

ევროპამ "უპატრონო ძაღლის" ცნება გასულ საუკუნეს დაუტოვა, ჩვენს ქუჩებში კი უამრავი ძაღლია და სულ არ გვაღელვებს მათი ბედი მას მერე, რაც ვინმე "კეთილისმსურველი" დარეკავს სადაც ჯერ არს და მოითხოვს, უპატრონო ძაღლი ქუჩას მოაშორონ, რადგან ბავშვს ეზოში ვერ უშვებს.

ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების თავმჯდომარე თეიმურაზ წიქორიძე:

- როგორ შეიძლება ჰუმანური მეთოდებით ქუჩის ძაღლების პრობლემის მოგვარება?

- არსებობს სტერილიზაციის მეთოდი, რაც ნიშნავს ძუ ძაღლებისთვის საშვილოსნოს ამოკვეთას და ხვადების კასტრაციას. კასტრირებული ძაღლები ნაკლებს ჭამენ და დიდხანს ცოცხლობენ. თუ ოპერაცია სწორად ჩატარდა, სტერილიზებული ძაღლი ნაკლებად აგრესიული და უფრო ჯანმრთელია.

საქართველოში ოჯახების 10%-მა ერთი ძაღლი მაინც რომ აიყვანოს მოსავლელად, ქუჩაში უპატრონო ძაღლი აღარ იქნება. ასეა უცხოეთში, მაგრამ ჩვენთან მშობლები შვილებს ძაღლების შიშს უნერგავენ და ცხოველისადმი უარყოფითი დამოკიდებულებაც გაუცნობიერებლად ყალიბდება.

რეგიონებში სრული განუკითხაობაა - პირდაპირ ბავშვების თვალწინ ხოცავენ ძაღლებს. როცა გამგეობებში ვრეკავ, მეუბნებიან, მაწანწალა ძაღლი იყო და რა მოხდაო.

- კანონი როგორ არეგულირებს ამ პროცესს?

- ცხოველის მოკვლა არის ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა და ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით. აშშ-ში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში მოქალაქეს თავისუფლების აღკვეთა, ან დიდი ფულადი ჯარიმა ემუქრება. ჩვენთან კი ჯარიმა, სულ რაღაც, 20 ლარია. ყველაზე შემაშფოთებელია, რომ კანონს იმის შესახებ, რა დაავადების შემთხვევაში შეიძლება ცხოველის დაძინება, იღებს საკრებულო, არადა ეს ვეტერინარული დეპარტამენტის საქმე უნდა იყოს.

2007 წლიდან 2011 წლამდე ქუჩის ძაღლები შპს "დებიუტს" ებარა. როგორც“ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების ვებგვერდზე ვკითხულობთ:  "2010 წლის 1-ელ აპრილს, კვლავ გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ქალაქ თბილისის მერიასა და შპს "დებიუტს" შორის მაწანწალა - უზედამხედველო ცხოველების ჰუმანური დაჭერა-იზოლაციისა და ვეტერინარული ზედამხედველობის მომსახურების შესახებ".

შპს "დებიუტმა" 2007 წლის 26 ივნისიდან 2011 წლის 31 დეკემბრამდე თბილისსა და რუსთავში უსასტიკესი მეთოდებით გაანადგურა 85 000-ზე მეტი ძაღლი და კატა." მიუხედავად ამისა, ქუჩაში მაინც უამრავი უპატრონო ძაღლია და მათი დახოცვა გამოსავალი არ არის.

2012 წლის იანვრიდან უპატრონო ძაღლების ზედამხედველობა გადაეცა თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სააგენტოს. შინაური და გარეული ცხოველების კონტროლისა და რეგულირების განყოფილების უფროსი თემურ ფხალაძე ამბობს, რომ თბილისთან ახლოს აშენდა თავშესაფარი, სადაც 100-მდე ძაღლია და მათთან ვეტერინარები მუშაობენ...

- როგორ იჭერთ ძაღლებს?

- თანამედროვე ხელსაწყოებით, ბადით და ლასოთი. თავშესაფარში მიყვანისთანავე მას ვიკვლევთ. ჯანმრთელ ძაღლს უკეთდება სტერილიზაცია ან კასტრაცია და მას ბუნებრივ გარემოში ვაბრუნებთ.

დავით სადათერაშვილი, ვეტერინარი:

- რა დაავადებები შეიძლება ჰქონდეს ძაღლს და რომელია ადამიანისთვის საშიში?

- ცოფი, რომელიც კბენით გადადის, ლეიშმანიოზი, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია ჩვენთან. არის უამრავი ვირუსული დაავადებაც, რომელიც ადამიანს გადაედება.

P.S. სოლოლაკში მეგობართან მივდიოდი, დავითაშვილის აღმართს რომ ავუყევი, წკმუტუნი შემომესმა - სადარბაზოს კართან ვიღაცას ყუთი დაედგა და შიგ ოთხი ლეკვი საწყალობლად წკმუტუნებდა. ის იყო, იმაზე დავიწყე ფიქრი, რა უნდა მექნა, რომ ხანში შესული მამაკაცი დამადგა თავს - არა გრცხვენია, ლეკვები დედას როგორ მოსწყვიტე, სიკვდილისთვის როგორ გაიმეტეო. ვუპასუხე, შემთხვევით წავაწყდი-მეთქი. მაშინ მე მივხედავ ამ საბრალოებსო, მითხრა, ყუთი სათუთად აიღო და გზას გაუყვა.

ნანა დვალიძე