"ადამიანი ისე სწორად უნდა იყოს აშენებული, არ უნდა გაიბზაროს..." - კვირის პალიტრა

"ადამიანი ისე სწორად უნდა იყოს აშენებული, არ უნდა გაიბზაროს..."

ლადო კოტეტიშვილი სახელოვან კოტეტიშვილთა კიდევ ერთი საამაყო წევრი

ლადო კოტეტიშვილს სძულდა საბჭოთა ხელისუფლება, აღიზიანებდა იდეოლოგიური ფარსით შენიღბული აღვირახსნილობა. შვილები სკოლაშიც კი არ მიიყვანა, სული არ დაუმძიმონ პიონერულ-კომკავშირული ლაყბობითო, თავისთან კი ყველას აუკრძალა მისვლა, ვინც კომუნისტურ პარტიას ემსახურებოდა...

ლადო კოტეტიშვილი: "გაბზარული ნივთი სავსე თავის დღეში არ იქნება. ის მუდამ ცარიელია, ან ცოტა რამე თუ დგას შიგ, ისიც ცუდად დალაყლაყებს მასში. ასეთ ყოფას და ლაყლაყით თრევას ქვეყანაზედ, ოღონდაც სიკვდილი სჯობია. მაგრამ ასეთ კაცს რა უნდა მოუკვდეს, როცა ცოცხალი არაფერი აქვს?"

კოტეტიშვილი - გვარი, რომელიც ქართულ ფესვთან გათანაბრდა, რადგან მისი ორი დიდი წარმომადგენელი - ვახტანგ და ვახუშტი კოტეტიშვილები, ქართული ფესვის სიმრთელესა და გადარჩენას ემსახურებოდნენ. ის, რაც მათ საბჭოთა წლებში ქართული ფოლკლორის შენარჩუნებისთვის გააკეთეს, გმირობის ტოლფასი იყო. მამას, დიდ მეცნიერ ვახტანგ კოტეტიშვილს სიცოცხლის ფასად დაუსვეს კიდეც ეს ღვაწლი. შვილმა - მეცნიერმა, მთარგმნელმა და პოეტმა ვახუშტი კოტეტიშვილმა ხალხური პოეზიის საღამოებით, პოეზიის ნიმუშების შეგროვებით მამის გზა გააგრძელა. კოტეტიშვილების გვარს სხვა ღირსეული წარმომადგენლებიც ჰყავდა. ვახუშტის ბიძაზე, ვახტანგ კოტეტიშვილის ძმაზე, ლადოზე, ცოტა რამ იცის საზოგადოებამ. იყო კარგი მკურნალი, მეცნიერი, უამრავ დიდ საქმესთან ერთად, უძველესი სამედიცინო ტექსტები დაამუშავა და დღეს თუ მაღალ დონეზე გამოცემული "იადიგარ დაუდი" და "კარაბადინი" გვაქვს, ესეც მისი დამსახურება გახლავთ...

საზოგადოებისთვის უცნობი იყო ლადო კოტეტიშვილის ლიტერატურული მემკვიდრეობაც, რომელიც დღემდე ოჯახურ არქივში ინახებოდა. და აი, ახლახან, ჟურნალმა "ლიტერატურულმა პალიტრამ" (#10-12, 2012წ.) სამზეოზე გამოიტანა ავი დროის თვალმიფარებული ნაწერები და მკითხველს ქართული სიტყვის დიდოსტატის "დაბადება" ამცნო.

ლადო კოტეტიშვილს ძალიან სძულდა საბჭოთა ხელისუფლება, აღიზიანებდა იდეოლოგიური ფარსით შენიღბული აღვირახსნილობა. შვილები სკოლაშიც კი არ მიიყვანა - შინ მივცემ განათლებას, რომ სული არ დაუმძიმონ პიონერულ-კომკავშირული ლაყბობითო. თავისთან კი ყველას აუკრძალა მისვლა, ვინც კომუნისტურ პარტიას ემსახურებოდა.

ლადო კოტეტიშვილი, გარდა იმისა, რომ პროფესიონალი ექიმი იყო, წერდა, ხატავდა, აქანდაკებდა... მისი პიროვნება კარგად ჩანს წერილში, რომელიც მაშინდელი ლენინგრადიდან მოუწერია მეუღლისათვის: "ნინო, რაღაც სულ არეული, ცუდი ფიქრები მომდის თავში, თუ ადამიანი ხარ, ბავშვებს კარგად გაუფრთხილდი, იცოდე, ისე წახდა ნერვები და მოთმინება, რომ ახალ უბედურებას ვეღარ გადავიტან. ჯერ მანანას დაღუპვა როდი ყოფილა შენელებული. ამ სიმარტოვეში საოცარი სიცხადით მიდგას თვალწინ - ასე ყოფილა ოხერი თვალი და გული. ალბათ ხატვაც ამ ნათელი წარმოდგენის ბრალია. არ დაიჯერებ, ხშირად სულ ნათლად, გარკვეულად გხედავთ ყველას - ეს ხედვა ზოგჯერ იმდენად მკვეთრია, რომ ხმაც კი მესმის - საოცარია. არა, შენ იქნება სიგიჟე გგონია? არაფერი მაგის მსგავსი - ეს რაღაც გრძნობებისა და ტვინის უმაღლესი ფუნქციის გამომჟღავნება უნდა იყოს... ძალიან გაფრთხილდით, ნანას განსაკუთრებით თვალი ადევნეთ, პატარაა, ძალიან არ შეაშინოს ან საქონელმა, ან კიბიდან არ გადმოვარდეს - არ გაცივდეს, არაფერმა აწყინოს. ცოდოა, ბავშვია...

იყავით კარგად, თქვენი გრძელი მამა, 2.VIII.1939"

ამ დროს ვახტანგ კოტეტიშვილი უკვე დახვრეტილი იყო, მისი 12 წლის ქალიშვილი, მანანა სისხლის გათეთრების დიაგნოზით იწვა საავადმყოფოში, როცა ვახტანგის წასაყვანად მოაკითხეს შინსახკომიდან. ითხოვა, ნება მომეცით ქალიშვილის გვერდით ვიყო უმძიმეს წუთებში და მერე ჩემი ფეხით მოვალო. ვინ უსმინა... უმოკლეს ხანში მანანა გარდაიცვალა, უკვე მამითაც ობოლი იყო (დედა მესამე შვილის, ვახუშტის დაბადების შემდეგ დასნეულდა და მალე აღესრულა). პროცესიას მისი ტკივილით გულგაგლეჯილი ბიძა - ლადო მიჰყვებოდა.

იათამზე კოტეტიშვილი, ლადო კოტეტიშვილის ქალიშვილი: - მამა კუშტი იყო, მაღალი, შავგვრემანი, უკარება... ამიტომაც დიდად არ ესიმპათიურებოდათ. არც თვითონ დადიოდა სტუმრად და არც ჩვენთან მოდიოდნენ. მხოლოდ ძმას აკითხავდა ყოველდღე. ბიძია ვახტანგთან იკრიბებოდნენ მწერლები, მეცნიერები, მსჯელობდნენ. მახსოვს, მამას კალთაში ვიჯექი. მეუბნებოდა, - უსმინეო... ბიძია ვახტანგიც ყოველდღე მოდიოდა ჩვენთან. შორიდანვე მოიხდიდა ქუდს და დაგვიქნევდა. ჩვენ, ბავშვები, აივანზე ვიდექით - ეს იყო ჩვენი ეზო, რადგან მამაჩემი გარეთ არ გვიშვებდა. მამა სამსახურიდან 4 საათზე მოდიოდა. სულ აივანზე ვიყავი, ველოდი. გამოჩნდებოდა და შლაპას მოიხდიდა, დამიქნევდა. გავვარდებოდი და ზედ შევახტებოდი. განსაკუთრებულად მეფერებოდა, რადგან დაბადებისას თვალი დამიზიანეს. 12 წელი ვერ ვახელდი. მამამ ერთხელ მითხრა, ჩემი წიგნები რომ გამოვა, ფული მექნება, უცხოეთში წაგიყვან და ოპერაციას გაგიკეთებო.

მამა დედაჩემის დების ქმრებს შინ არ უშვებდა - კომუნისტები იყვნენ. ერთხელ დედამ ძალიან სთხოვა მეუღლეს, ჩემიანებს მოვიწვევო... მამამ მიიღო, უმასპინძლა. მერე მაინც თქვა: ამიერიდან, ამათი ფეხი აღარ ვნახო აქო.

როცა ეტყოდნენ, რას უპირებ შვილებსო, უცხოეთში გავუშვებ და იქ ვასწავლიო. სკოლის დამთავრების გარეშე როგორო... მერვე კლასში შევიყვან სკოლაშიო. ფიქრობდა,  რომ 14 წლისანი უკვე ჩამოყალიბებული ვიქნებოდით და საბჭოთა სკოლა ვერ გადაგვაკეთებდა...

სკოლაში 10 წლის მივედი, მამის გარდაცვალების მერე. დედამ მე და ჩემი და რომ წაგვიყვანა, გადაირივნენ - სად იყვნენ აქამდე ეს ბავშვები, პირველ კლასში როგორ დავსვათო. დედამ, რა პირველ კლასში ქართულ ლიტერატურას და საქართველოს ისტორიას ზედმიწევნით იცნობენ, შექსპირი და "აივენჰო" ზეპირად იციანო. მამა უცხო ენებიც შეგვასწავლა. რუსულს არ გვასწავლიდა, მეტიც, დედას უკრძალავდა რუსული სიტყვის წარმოთქმასაც კი...

მახსოვს, ერთ დღესაც შეგვატყობინეს, ბიძია ვახტანგის სახლში მივიდნენ და მთელი ბარგი მიაქვთო. წავედით ყველანი. ისეთი საშინელი სურათი იყო, დღემდე მესიზმრება. ღია კარ-ფანჯარა, სიცივე... უცხო კაცები მიათრევენ პიანინოს, დიდ განჯინას. დიდედა იჯდა ლომისთავებიან სავარძელს ჩაფრენილი, ერთადერთი ის შეინარჩუნა. იმ დროიდან შემძულდა სიტყვა "კომუნისტი", "პარტიული"...

ნანა კოტეტიშვილი: - მამა ავადმყოფებს შინ იღებდა. ძირითადად უბრალო ადამიანები იყვნენ - მეარღნეები, მუშები. მამა რეცეპტთან ერთად წამლის ფულსაც ხშირად აძლევდა ავადმყოფებს, ამიტომ ძალიან უყვარდათ. მამას გარდაცვალების მერეც, გვიამბობდნენ მასზე, გვიკრავდნენ არღანზე და გვართობდნენ ობლებს.

ვახტანგის დახვრეტის შემდეგ ბევრმა შეაქცია ზურგი მტრად გამოცხადებული კაცის ოჯახს.   მამა ჯამაგირს როცა აიღებდა, ჯერ ძმის ოჯახში მიდიოდა, მერე - შინ. მე და ვახუშტი ტოლები ვიყავით და ჩვენთვის ერთნაირ ტანსაცმელს ყიდულობდა.

უკომპრომისო იყო. პარტიული კი არა, პროფკავშირის წევრიც კი არ გამხდარა. ერთხელ პროფკავშირის სხდომაზე განუცხადებია: არ ვარ კავშირის წევრი და არც ვიქნები, რადგან თქვენს ტრამვაიში არ ჩაიჯდომება, თქვენს აბანოში არ წაისვლება. ყველგან სიბინძურე და უწესრიგობააო...

იათამზე კოტეტიშვილი, ლადო კოტეტიშვილის ქალიშვილი: - მამას ციროზი ჰქონდა. ხარკოვის უნივერსიტეტში სწავლობდა, სამედიცინოზე. ქოლერა გაჩენილა. ფერშალს ურჩევია, - თუ დღეში ერთ ლიტრ არაყს არ დალევთ, დაიღუპებითო. მართლაც  გადარჩა... ლენინგრადში ცუდ პირობებში მოხვდა, ფინეთთან ომი იყო, შიმშილი მძვინვარებდა და საბოლოოდ დასნეულდა... იცოდა, რომ კვდებოდა. მასთან დიდედა შედიოდა. ერთხელ მეც შევყევი, იწვა გატანჯული. მამა, არ გესმის ჩემი-მეთქი, - დავუძახე. ლადო, შვილო, გადმოგვხედეო, - დიდედამ. უცებ ამოისლუკუნა. შევხედე - ცრემლი ჩამოუგორდა. 45 წლის იყო... მამის გარდაცვალებას არ შევსწრებივართ... მერე გაზეთში წავიკითხე, როგორ უსამძიმრებენ დეიდა ვარიას სიძის, ლადო კოტეტიშვილის გარდაცვალებას და ვიფიქრე, კიდევ ვიღაც სხვა ლადო ყოფილა-მეთქი. რამდენიმე დღის მერე სასაფლაოზე წავედით. დიდედამ რომ მიატირა, მივხვდი იმ ამობურცული მიწის ქვეშ მამა იწვა. გავექანე და ზედ დავემხე...

P.S. ქალიშვილები რუდუნებით ეხებიან მამის ხელნაწერებს... ზოგიერთი ისეთ გასაღებს ინახავს, რომლითაც პიროვნების მთელი საიდუმლო შეიძლება გაიხსნას. დასასრულისთვის ერთი ასეთი წერილი მინდა წაგაკითხოთ:

"გამარჯობა, გრიშა! ალბათ გაინტერესებს ჩემი ამბავი. კარგად ვარ. ხომ იცი, დაბერტყილი და დაცარიელებული ჩონჩხის მეტს მე მიწას არაფერს მივცემ. რაც კი არის ჩემში გონებრივი თუ ადამიანური, ეს აქ უნდა დარჩეს, ამ ქვეყანაზე. იმიტომ კი არა, რომ ან სახელი მაინტერესებს, ან ხარისხი, ან კეთილდღეობა - სრულიადაც არა. მე ვცდილობ, მხოლოდ ვიყო ადამიანი სრულქმნილი, როგორც მიქელანჯელოს ქანდაკება, რომელიც მაღალ კედლიდან რომ დააგორეს, ძირამდინ ისე ჩაგორდა, არამც თუ არ გატყდა, ერთი ნაკვთიც არ შეშლია. რატომ? იმიტომ, რომ სწორად იყო გაკეთებული. ადამიანიც ისე სწორად უნდა იყოს აშენებული, რომ არანაირ პირობებში არ უნდა იბრუნოს არცერთი ნაკვთი გონებისა და ზნეობისა, არ უნდა დაკარგოს - არსად არ უნდა გაიბზაროს. მაგარი უნდა იყოს, როგორც ძველი დამასკის ქაშანური. თორემ იცი, გაბზარული ნივთი სავსე თავის დღეში არ იქნება. ის მუდამ ცარიელია, ან ცოტა რამე თუ დგას შიგ, ისიც ცუდად დალაყლაყებს მასში. ასეთ ყოფას და ლაყლაყით თრევას ქვეყანაზედ, ოღონდაც სიკვდილი სჯობია. მაგრამ ასეთ კაცს რა უნდა მოუკვდეს, როცა ცოცხალი არაფერი აქვს? განა მკვდარი კი სულ კვდება? ცოტა რაღაც ცოცხალი იმასაც რჩება - მაგრამ ეს ხომ სიცოცხლე არ არის...

როგორ მიდის ჩემი მეცადინეობა, ეს მერე გამოჩნდება, მაგრამ იცოდე, დევის ნაბრძოლზე დათხრილი და დაცარიელებული ადგილი რჩება - სხვა არაფერი, და ნამუხლარი, თუ სადმე წაიჩოქა. იყავი კარგად.

ლადო, ლენინგრადი, 27.VIII.39"