"მიშველეთ, მამამ დედა მოკლა" - კვირის პალიტრა

"მიშველეთ, მამამ დედა მოკლა"

ძალადობის მსხვერპლ ქალთა შემზარავი ამბები

"სახლი ძველ უბანში, შეროზიას ქუჩა #9". მგონი, მასთან დაკავშირებით მისტიკური შეგრძნება იმიტომ გამიჩნდა, რომ როცა ამ ძველი ეზოს შესასვლელთან შევჩერდი, რამდენიმე მძიმედ ჩაფიქრებულმა ქალმა სწრაფად ჩამიარა და მის თაღში გაუჩინარდა. მეც მივყევი. კარის აბრაზე ოქროსფერი ასოებით ეწერა: "ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი". შენობაში შევედი და იქაურობა მოვათვალიერე. ეს ქალბატონებიც იქ დავინახე... ამაზრზენ ამბებს ჰყვებოდნენ... ჰყვებოდნენ, რათა ვინმესთვის გაენაწილებინათ სასოწარკვეთილების ტვირთი და, რაც მთავარია, შინიდან გამოყრილებსა და გამოქცეულებს აქ დროებითი თავშესაფრით დახმარებოდნენ.

ემა, 34 წლის: - 16 წლისა გავთხოვდი.  ძალიან მიყვარდა ჩემი ქმარი. მაგრამ ავადმყოფურად ეჭვიანი გამოდგა. ერთხელ ლამაზი კაბა ჩავიცვი. შემომხედა - მომინდომა ახლა გალამაზებაო და სახეში ისეთი ძალით გამაწნა სილა, რომ დავეცი... მშობლებთანაც გავიქეცი, მაგრამ მამაჩემმა - ოჯახში უნდა დაბრუნდეო. ქმარმაც მომიბოდიშა... ერთი კვირაც არ იყო გასული, ისევ მცემა. კვირაჩაუგდებლად მცემდა... ყველაზე მწარედ მარიამობა მახსენდება: ჩემი ქმარი ძმაკაცებთან ერთად სვამდა, მეც მეზობელ ქალთან ვიყავი გადასული. ბავშვი გამომიგზავნა, - სარდაფი დაალაგეო. დამინახა თუ არა, წამოვარდა, - სად იყავი, შე გათახსირებულოო და სკამი მესროლა. დაუნდობლად მირტყამდა, სისხლი მდიოდა. მეზობლებმა გამოჰგლიჯეს ჩემი თავი ხელიდან, სასწრაფოც მოვიდა, პატრულიც. ისინი რომ წავიდნენ, ისევ მომვარდა, - რა, პატრულის მეშინიაო! და კიდევ ერთხელ გამეტებით მცემა. თითები გადამიმტვრია - რა გაწივლებდაო... მერე დაწყნარდა, - დაწექი ახლაო. რომ გათენდა, შვილებმა მითხრეს, - დედა, როგორმე ცოცხალი გაასწარიო. ახლა თავშესაფარში ვარ. აქ ყოფნის ვადა რომ გავა, აღარ ვიცი, სად წავალ...

თამუნა, 21 წლის: - რაც თავი მახსოვს, ოჯახში სულ ჩხუბი და აყალმაყალი იყო. მამაჩემი დედას წიხლებით შესდგებოდა ხოლმე, თუ მოუნდებოდა, მეც მომწვდებოდა. გაბოროტებული შევაშტერდებოდი და ღმერთს ვეხვეწებოდი, - ღმერთო, ეს კაცი მოკალი-მეთქი. ერთხელ ცუდად იყო. წამალი აფთიაქიდან მომატანინა. ნახევარ ჭიქა წყალში გავუხსენი აბი. არ არის ეს ნახევარი ჭიქაო, ამის გამო თმით მათრია, წიხლები მირტყა და შუა ზამთარში გარეთ გამაგდო. საბურთალოზე ვცხოვრობდით და ფეხით წავედი ისანში მეგობართან. სულ დალურჯებული მქონდა ტანი. ერთხელ იმიტომ გამლახა, ტყემალს მარჯვენა ხელით რატომ ისხამო. სულ შინიდან გაქცევა მინდოდა და იმიტომაც გავიქეცი იმ ბიჭთან, რომელიც Eშემიყვარდა. მანაც დამღუპა. როცა დავფეხმძიმდი, გამომიცხადა, თუ გინდა, ერთად ვიყოთ, აბორტი გაიკეთეო. დედას ეს რომ ვუთხარი, ისე შემომხედა, გამაჟრჟოლა. მამაჩემმა კი შემომითვალა, - სადაც გნახავ, მოგკლავო. მოძღვარს შევებრალე - შვილო, მაგ ბიჭის იმედი არ უნდა გქონდესო. მაინც გავაჩინე ბავშვი. მარტო ეს მაძლევს ძალას, მაგრამ  შიშს მაინც ვერ ვივიწყებ.

თეა, 32 წლის: - ჩემი მომავალი მეუღლე 19 წლის იყო, ძმაკაცების ხელშეწყობით რომ მომიტაცა... მშობლებმა აღარ მიმიღეს და მეც ბედს შევეგუე. პირველად რომ მცემა და იატაკზე დამაგდო, ისეთი შეშინებული ვიყავი, ვერც ვაცნობიერებდი, ჩემს თავს რა ხდებოდა. მერე, როცა მცემდა, კრიჭა მეკვროდა, გული მიმდიოდა, ახლობლები მასულიერებდნენ, თორემ ალბათ, მოვკვდებოდი. შვილმა გადამარჩინა რომ არ გავგიჟებულიყავი. დამეხმარა, რომ თავი დამეღწია ამ ურჩხულისთვის. მაგრამ ღამით გამეღვიძება და ისევ კანკალი ამიტანს. ცემით დამტვრეული ნეკნები კი აუტანლად მტკივა.

ინგა, 30 წლის: -  21 წლისა გავთხოვდი და მას შემდეგ გამიმწარდა ცხოვრება. ჩემი ქმარი ნასვამი შეურაცხადი ხდებოდა. თუ სადმე იყო, დაბრუნებას შიშით ველოდი, - ვაითუ, მთვრალი მოვიდეს-მეთქი. მთვრალს აუცილებლად უნდა ვეცემე.  დილით კი გამომიცხადებდა, - არაფერი მახსოვსო... ციხიდან რომ გამოვიდა, გვითხრა, ჭიათურაში წამომყევით, დედ-მამის საფლავზე ასვლა მინდაო. ვიფიქრე, იქნებ ამ წლებმა სინანული გაუჩინა-მეთქი. წავყევი. შვილებიანად სახლში გამოგვკეტა და გამუდმებით  გვცემდა. ბავშვები კიოდნენ. ერთ დღეს დანით დამადგა, - ყელი უნდა გამოგჭრაო. უფროსი გოგონა შეშლილივით აკივლდა. რა მექნა, ფული არ მქონდა. ბოლ=ოს, მეზობლებმა სოფლიდან გამოგვაპარეს...

კატო, 18 წლის: - ჩემი ძმა ფსიქიკური ავადმყოფია, მამა კი ფხიზელი არც მახსოვს. როცა დედას სცემდა, მე სხვა ოთახში ვიმალებოდი. მეძახდა, თუ არ გამოვიდოდი, უარესი იყო. 13 წლისა ბებიასთან წავედი. მერე საბავშვო სახლში წამიყვანეს... იქიდან რომ გამოვედი, ხან ქუთაისში ვიყავი, ხან თბილისში. მერე ბათუმში ჩამოვედი და ბორდელში აღმოვჩნდი. მალე გავიქეცი. მიპოვეს, მცემეს, მაგრამ ცოტა ხანში თვითონვე გამაგდეს. ალბათ, შეეშინდათ, არასრულწლოვანი რომ ვიყავი. ახლა სხვა ბორდელშIი აღმოვჩნდი. ერთხელ მეპატრონე ქალმა ჯარისკაცებთან გამგზავნა, - ოთახი აქვთ დასალაგებელიო. მივედი და სამი ჯარისკაცი მეცა. რამდენჯერმე დამარტყეს და აზრი აღარ ჰქონდა წინააღმდეგობას. რახან მეპატრონის ვალი მქონდა, მერე თავად დავდიოდი მათთან. იქიდანაც წამოვედი. ახლა აქ ვარ...

მზიური, 44 წლის: - ქმარი სულ მთვრალი იყო, ყვიროდა, მცემდა. დედამთილი ყველაფერს ხედავდა, მაგრამ არ ერეოდა ჩვენს ურთიერთობებში. ერთ საღამოს ნასვამი დაბრუნდა და დამატება გადაწყვიტა. დავუშალე. როგორ გაბედეო და შამპანურის ბოთლი ჩამარტყა, გრძნობა დავკარგე. ჩემი ოთხი წლის შვილი ტირილით გაიქცა გარეთ, - მამამ დედა მოკლაო.

მეზობლებმა ჯერ რაიონის საავადმყოფოში, იქიდან კი თბილისში, მეცხრე საავადმყოფოში წამიყვანეს. სახე მას მერე დამახინჯებული მაქვს.

ნანა, 40 წლის: - არ ვიცი, რატომ მომიყვანა ცოლად. ერთხელ შინ ვიღაც ქალმა დაურეკა და ოთხი საათი ელაპარაკა. გულმა აღარ მომითმინა, რა იყო, ამდენი ლაპარაკი, ბავშვი მაინც აგეყვანა ხელში და ჰაერზე გაგეყვანა-მეთქი! ამის თქმა იყო და მეცა, ცალი ხელით დამიჭირა, მეორით კი მაგიდაზე დაყრილი ფორთოხლები დამაჭყლიტა თავზე. მას მერე სულ მცემდა. ერთხელ, დაღლილი ცოტა ადრე დავწექი.  ჩემი ქმარი სამსახურიდან ნასვამი მოვიდა, დამინახა, დამითრია ფეხებით, მიმათრია კარებამდე, - რომ მოვდივარ, უნდა შემეგებოო. უსუსურ  ბავშვსაც წიხლები ურტყა. გაზქურიდან ცხელკერძიანი ქვაბი გადმოაგდო. მეორე შვილზე ვიყავი ფეხმძიმე, მკრა ფეხი და კიბეზე დამაგორა. ოჯახიდან იმ დღესვე გამოვიქეცი. სასწაულია, მაგრამ ჯანმრთელი ბავშვი გავაჩინე, თუმცა მე ისე დავავადმყოფდი, მეეჭვება, შვილების აღზრდა შევძლო...

შარიათის" კანონებით...

1996 წელს, როცა ქაბულში "თალიბანის" გადატრიალება მოხდა, ადგილობრივმა რადიო "შარიათმა" ყველა ავღანელისთვის აუცილებელი 16 მითითება გამოაცხადა, რომლებიც შემდგომში "შარიათის" კანონების სახელით გახდა ცნობილი. მართალია, დღეს განვითარებულ ისლამურ სამყაროს ეს "კანონები", დისჰარმონიას უქმნის, თუმცა ბევრი ქალი მას უკიდურესი მორჩილებით იღებს. მაგალითად, ისლამური სამყაროს სოფლებში ქალები სრულიად ჩვეულებრივად მიიჩნევენ, რომ ქმრები "შარიათის" დარღვევისთვის სასტიკად სცემენ. დღეს პაკისტანში ამ კანონებით უკვე 7800 ქალია დასჯილი. ქალებს დაბადებიდანაც კი სჯიან მხოლოდ იმიტომ, რომ არასასურველ შვილად დაიბადნენ. საუდის არაბეთში 5 წლის მძინარე შვილს მამამ მჟავა მხოლოდ იმიტომ გადაასხა, რომ გოგონად დაიბადა.

2001 წელს პოლიციამ საუდის არაბეთში გოგონები ალმოდებული სკოლიდან მანამდე არ გამოუშვა, სანამ სახე ჩადრით არ დაიფარეს. ამასობაში კი გოგონები გაიგუდნენ. ბევრ მუსლიმანურ ქვეყანაშია მიღებული ღალატისათვის ქალების ქვებით ჩაქოლვა. ამ "რიტუალს" ხალხი ოჯახებით ესწრება. ქალი რომ არ გაიქცეს, წელამდე მიწაში ფლავენ და ქვებს ისე ესვრიან. ეს დაუსრულებელი ტრაგედიები არც განვითარებული ქვეყნებისთვის არის უცხო: თურქეთში ბაბუამ და მამამ 16 წლის გოგონა ცოცხლად მხოლოდ იმიტომ დამარხეს, რომ ბიჭებთან მეგობრობდა. მუსლიმანური სამყაროს ტრაგედიად იქცა გოგონების გათხოვება ადრეულ ასაკში, ექვსი წლიდანაც კი... "მახსოვს, ლამაზი კაბა ჩამაცვეს, მერე დედამ (ან მამამ) მითხრა, გამომყევიო და ჩემს ქმარს მიმცა", - იგონებენ "პატარძლები", რომლებიც 16 წლის ასაკში უკვე დედაბრებს ჰგვანან...

სტატისტიკური მონაცემებით

საქართველოს შს სამინისტროს 2007-2011 წლების სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ოთხი წლის მანძილზე ოჯახში ძალადობის 1025 ფაქტი დაფიქსირდა. მოძალადეებს შორის ჭარბობენ მამაკაცები. შესაბამისად, ძალადობის მსხვერპლი უფრო მეტად ქალები (908) ხდებიან, ვიდრე მამაკაცები (117). ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ყველაზე ხშირად 25-დან 44-წლამდე ქალები არიან, ასევე, 44 წელს გადაცილებული მამაკაცები. ძალადობის ფაქტების რაოდენობით საქართველოს რეგიონებს შორის პირველ ადგილზეა  თბილისი  (632  ფაქტი),  მეორეზე  - აჭარა  (84).