რატომ არ გვყავს ნობელიანტები? - კვირის პალიტრა

რატომ არ გვყავს ნობელიანტები?

"მეცნიერის სოციალური სტატუსი მნიშვნელოვნად ჩამორჩება პოლიციელის ან ავტომობილების გაყიდვის მენეჯერის სტატუსს"

ყოველი წლის ოქტომბერში, 1901 წლიდან მოყოლებული, ხდება მსოფლიოს უდიდესი მეცნიერებების დაჯილდოება ნობელის პრემიით. წელს ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ მეცნიერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, იაპონიიდან. მსოფლიოში ამ ყველაზე პრესტიჟული პრემიის 900-მდე ლაურეატი დაგროვდა. მათ შორის, ჯერ კიდევ არც ერთი მეცნიერი არ არის საქართველოდან. რატომ ხდება ასე და რა უნდა გაკეთდეს, რომ ვითარება შეიცვალოს? ამის შესახებ პროფესორს, იუნესკოს გენერალური დირექტორის მრჩეველს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, ევროპის მეცნიერებათა და ხელოვნებათა აკადემიის წევრ გოჩა ჩოგოვაძეს პარიზში ვესაუბრეთ.

- ნებისმიერი  სახელმწიფოს უდიდესი სურვილია ჰყავდეს ნობელიანტები, მაგრამ ერთი მხრივ, ნობელის პრემიის ლაურეატები წარმოადგენენ არცთუ ყველა მეცნიერების დარგს (პრემიებს არ ანიჭებენ მათემატიკოსებს, ზოგიერთი ტექნიკური მეცნიერებების წარმომადგენლებს და სხვ.), მეორე მხრივ, სახელმწიფო ვალდებულია განავითაროს მეცნიერება, როგორც უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი მიმართულება და ამით შეუწყოს ხელი სამეცნიერო სკოლებისა და მათი ლიდერების წარმოჩენას. რაც შეეხება საქართველოს, მხოლოდ გასული ერთი საუკუნის განმავლობაში, მას ჰყავდა ისეთი დიდი მეცნიერები, რომლებმაც მსოფლიო მეცნიერებაში ახალი მიმართულებები და ბრწყინვალე მეცნიერული სკოლები შექმნეს. მათ შორის ივანე ჯავახიშვილი, ნიკოლოზ მუსხელიშვილი, გიორგი წერეთელი, არნოლდ ჩიქობავა, დიმიტრი უზნაძე, ივანე ბერიტაშვილი და სხვები. შეგნებულად არ ვასახელებთ ამჟამად ნაყოფიერად მოღვაწე ცნობილ ქართველ მეცნიერებს. რა სიტუაციაა ამ მხრივ დღესდღეობით? იქნებ მრავალრიცხოვანი რეფორმების მსვლელობაში "ნარეცხ წყალს ბავშვიც გადავაყოლეთ"?

ახალგაზრდა რეფორმატორების გუნდმა (რომელიც დღევანდლამდე "გზამკვლეობდა" ჩვენს ქვეყანას) გადაწყვიტა, უარი ეთქვა მეცნიერებათა აკადემიების საუკუნეობით ჩამოყალიბებულ ევროპულ გამოცდილებაზე და გამოეყენებინათ ანგლოსაქსური გამოცდილება, რაც მეცნიერებისა და განათლების მაქსიმალურ დაახლოებას გულისხმობდა და საუკეთესო მოაზროვნენი მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტებიდან სამუშაოდ უნდა წასულიყვნენ უნივერსიტეტებში, სკოლებში, სასწავლებლებში, რათა შემცირებულიყო გარღვევა თეორიასა და პრაქტიკას შორის, ამაღლებულიყო ზოგადი და უმაღლესი განათლების ხარისხი. და რა გამოვიდა? მეცნიერების რეორგანიზაციამ ჯერ მეცნიერებათა აკადემიის მთელი სისტემის დეზორგანიზაცია გამოიწვია, ხოლო შემდეგ მისი თითქმის მთლიანი დანგრევა და დანიავება.

რაც შეეხება სამეცნიერო კადრებს, ახალგაზრდების ნაწილი წავიდა არა უნივერსიტეტებსა და, მით უმეტეს, სკოლებში, არამედ ბიზნესში, ვაჭრობაში, ანუ იქ, სადაც უკეთ და მეტს უხდიან. ბევრმა საერთოდ დატოვა ქვეყანა და ახლა შედეგიანად შრომობს სხვა სახელმწიფოების საკეთილდღეოდ. რად გადაიქცა ჩვენი მეცნიერებათა ეროვნული აკადემია? დამსახურებული ასაკის ადამიანების მცირე გაერთიანებად, რომელთაგან ყველაზე ახალგაზრდას უკვე შეუსრულდა 65 წელი, რომელიც არ ახლდება და არ ახალგაზრდავდება ახალი წევრების მიღებით, რომელიც არაქმედუნარიანია, რომელსაც არანაირი გავლენა არა აქვს მეცნიერების განვითარებაზე: არც მორალური (რადგან მეცნიერის სოციალური სტატუსი დღეს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, მაგალითად, პოლიციელის, ან ავტომობილების გაყიდვის მენეჯერის სტატუსს), არც მატერიალური, რადგან წართმეული აქვს მატერიალური ბაზა - ინსტიტუტები და ლაბორატორიები, განიავებულია ძვირფასი დანადგარები და მოწყობილობები, კვლევებისათვის არ გამოიყოფა სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

- როგორი ვითარებაა სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიებში?

- მაგალითისათვის ავიღოთ საფრანგეთი, სადაც პრაქტიკულად ევროპული და ანგლოსაქსური სისტემების სიმბიოზი მოქმედებს: არსებობს მრავალი მეცნიერებათა აკადემია, მთავარი აკადემიის - საფრანგეთის ინსტიტუტის (Institut de France) მეთაურობით. საფრანგეთის ინსტიტუტი წარმოადგენს სიცოცხლისა და კულტურის ყველა სფეროს - საბუნებისმეტყველო მეცნიერებით დაწყებული, მოდით და პოლიტიკით დამთავრებული. აშშ-ის მაგალითზე უნდა აღინიშნოს, რომ ისეთ კვლევით უნივერსიტეტებთან ერთად, როგორებიცაა ჰარვარდი, იელი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, 1863 წლიდან არსებობს და წარმატებით მუშაობს მსოფლიოში უმსხვილესი მეცნიერებათა ეროვნული აკადემია (US National Academy of Sciences) თავისი 2000 წევრით, რომელთაგან 200 ნობელის პრემიის ლაურეატია.

- აშშ და საფრანგეთი მსოფლიოს დიდი სახელმწიფოებია, ხოლო საქართველო პატარა ქვეყანაა, შეზღუდული ადამიანური და მატერიალური რესურსით...

- მაშინ მოდი, ვნახოთ, როგორაა საქმე მსგავსი პარამეტრების მქონე ქვეყნებში, ასევე ჩვენს მეზობლებთან, რომლებთანაც მხოლოდ გეოგრაფია კი არ გვაერთიანებს, არამედ საერთო ისტორიული წარსულიც. ნობელის პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტი მუშაობს ნორვეგიაში. ის საქართველოს ჩამოჰგავს მრავალი მახასიათებლით. სახელმწიფო ყოველწლიურად განათლებაზე ხარჯავს მთლიანი შიდა პროდუქტის 6,6%-ს (ევროკავშირის ქვეყნებისათვის დადგენილი ნორმაა 3%). საყოველთაო დაწყებითი და პირველი საფეხურის (lower) საშუალო განათლება უფასოა ყველა ახალგაზრდისათვის 6-დან 16 წლამდე. განათლებას ყოველწლიურად იღებს 900 ათასი ახალგაზრდა, 16 წლის შემდეგ 58% განაგრძობს სწავლას საშუალო სკოლის უმაღლეს საფეხურზე, ხოლო 25% -  უნივერსიტეტებსა და უნივერსიტეტების კოლეჯებში. 1947 წელს შექმნილი საგანმანათლებლო კრედიტის ფონდის წყალობით, უნივერსიტეტის 195 ათასიდან 143 ათას სტუდენტს, უმაღლესი განათლების უფასოდ მიღების საშუალება აქვს, ხოლო 14 ათასი სტუდენტი იღებს დაფინანსებას სწავლის სრული ციკლის გასავლელად უცხოეთში.

ნორვეგიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შექმნა პროგრამები, რომლებიც მიმართულია პედაგოგიური და მეცნიერული კადრების კვალიფიკაციის მუდმივ ამაღლებაზე. საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობისათვის სკოლის მართვის საკითხებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შექმნილია დამოუკიდებელი ორგანო - დაწყებითი და საშუალო სკოლების მოსწავლეების მშობელთა ეროვნული კომიტეტი. ნორვეგიაში განსაზღვრულია მეცნიერების განვითარების დარგები - ისინი, რომელთა განვითარებასაც უკავშირებს ქვეყანა თავის მომავალს. ესაა საზღვაო კვლევები, ენერგია და კლიმატი, მედიცინა და ჯანდაცვა, საკვები, უახლესი ინფორმაციული ტექნოლოგიები, ბიოტექნოლოგია, ახალი მასალები და ნანოტექნოლოგია. ეს პრიორიტეტული დარგები სახელმწიფოსგან დაფინანსების მნიშვნელოვან წილს იღებს.

რეფორმების ტალღა ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიას შეეხო, მაგრამ ზოგან განახლება მიიტანა და მომავალი წარმატების  საწინდრად იქცა, ზოგან კი, როგორც საქართველოში, ცუნამივით დაატყდა თავს, რომელიც  თავის გზაზე ყველაფერს სპობს და ანადგურებს. მაგალითად, აზერბაიჯანის აკადემია შედგება 5 განყოფილებისაგან და მოიცავს 34 კვლევით ინსტიტუტს, ასევე ასტროფიზიკურ ობსერვატორიას, დენდრარიუმს, სამ ლიტერატურულ მუზეუმს, საცდელ ქარხანას ნავთობქიმიის სფეროში.

- რომელი პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებები სჭირდება დღევანდელ საქართველოს?

- მე შემიძლია დავასახელო ორი სფერო დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი დარგებიდან. უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკა, რადგანაც ის ნებისმიერ ადამიანს ეხება, და მეორე, ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიები. თუმცა ვიტყვი, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებების განსაზღვრა მეცნიერთა, სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების ყოველი შტოს მიერ სერიოზული მსჯელობის ბაზაზე უნდა ხორციელდებოდეს. ჩვენ ხომ სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრისას ამავდროულად ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარების სცენარის არჩევანსაც. როგორი საქართველო გვინდა გადავცეთ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს? განვითარების რომელ გზას უნდა დავადგეთ და რას ვგულისხმობთ, როცა ვლაპარაკობთ ქვეყნის მდგრადი განვითარების აუცილებლობაზე?

- არსებობს საქართველოში ბუნებრივი სიმდიდრის ფარული პოტენციალი, რომელთა აღმოჩენა მრავალმხრივ სამეცნიერო კვლევას საჭიროებს?

- უდავოდ, საქართველოს აქვს ასეთი ფარული, უფრო სწორად, სათანადოდ შეუფასებელი ბუნებრივი პოტენციალი, რომელიც მხედველობაში არ მიღებულა. ესაა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კავკასიონის ტყის 40%, მათგან 5% ხელუხლებელი ტყეებია, ასეთი რაოდენობა ევროპაში არსად არის, გარდა რუსეთისა. ესაა დიდი კავკასიონის ალპური მდელოების ფლორაც. ცუდადაა შესწავლილი კავკასიონის მყინვარებისა და ნალექების დინამიკა. არადა, მტკნარი წყლის მარაგით, ამ "21-ე საუკუნის ნავთობით", ჩვენ არგენტინის შემდეგ თითქმის მეორე ადგილზე ვართ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს წიაღის გამოკვლევა ერთ-ერთი პერსპექტიულთაგანია ჩვენი განვითარების მიმართულებებში. ვფიქრობ, დღეისათვის უკვე შესწავლილი სასარგებლო წიაღისეული (მანგანუმი, იშვიათი ლითონები, მადნეული და სხვ.) ჩვენი წიაღისეული სიმდიდრის უმნიშვნელო ნაწილია.

სიღრმისეული მეცნიერული კვლევისათვის ცალკე თემაა სოციალური, ან თუ გნებავთ, ჰუმანიტარული პრობლემატიკა, დაკავშირებული ადამიანის მთაში საბინადრო გარემოსთან. საიდუმლო ხომ არ არის, რომ ამ რეგიონებში ბოლო ათწლეულებში მიმდინარეობს სწრაფი გაუკაცრიელება. არადა, მთიელები ხომ საქართველოს ყველაზე დღეგრძელი ხალხია: ანუ იქმნება ჩვენი  ყველაზე მედეგი თანამემამულეების სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირების საშიშროების რისკი. თუ არჩეული იქნება საცხოვრებლად და ტურიზმისათვის მიმზიდველი  ქვეყნის როგორც ეკოლოგიურად სუფთა  სივრცის განვითარების სცენარი, მაშინ გვმართებს, უფრო დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ გარემოს შესწავლის საკითხებს, მათ შორის კავკასიონისა და შავი ზღვის რეგიონებში. კოლხეთის ნაციონალური პარკი უნდა გახდეს ნამდვილი ნაკრძალი. უნიკალური ტორფის ჭაობები უნდა შენარჩუნდეს, ყველა ინდუსტრიული ხასიათის პროექტი შავიზღვისპირეთში და შელფზე უნდა გადიოდეს სერიოზულ ეკოლოგიურ ექსპერტიზას, მათ შორის საერთაშორისოსაც.

უცხოური ინვესტიციების მოზიდვა არ არის თვითმიზანი, და საერთოდ მიზანი კი არა, საშუალებაა. ქვეყნის ეკონომიკა, აშენებული მხოლოდ უცხოურ ინვესტიციებზე, ვერანაირად ვერ იქნება მდგრადი. ის გაცილებით დიდი ხარისხით განიცდის მსოფლიო ფინანსური და ეკონომიკური კრიზისების რისკებს, რის მტკიცებულებადაც შეიძლება გვევლინებოდეს 2008 წლიდან მიმდინარე კრიზისი. ამ ჭრილში განსაკუთრებულად ფასეული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკურ კვლევებს, რომლებიც გამოავლენენ ადგილობრივ შესაძლებლობებს ეკონომიკის  წარმატებული განვითარებისათვის და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისთვის. ეს მოიცავს საკანონმდებლო ზომების შემუშავებას, მიმართულს ადგილობრივი მაღალი “ბიოხარისხის საქონლის წარმოებაზე, ადგილობრივი მეწარმის მხარდაჭერასა და დაცვაზე, მათ შორის სოფლის მეურნეობაში. საერთოდ, რაც მეტი საქონელი იქნება წარმოებული წარწერით -  "დამზადებულია საქართველოში", მით უფრო კარგი იქნება ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში.

- რა უნდა გააკეთოს პირველ რიგში, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ იმისათვის, რომ მეცნიერების განვითარების თვალსაზრისით პირველი ნაბიჯები გადავდგათ?

- პირველი ნაბიჯები უკვე გაკეთდა სწორი მიმართულებით. საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეიქმნა განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კომისია და მისი მუშაობის ერთ-ერთი შედეგი შეიძლება გახდეს ის წინადადებები, რომლებიც მეცნიერების შესახებ ახალ კანონს  დაედება საფუძვლად. პარლამენტის მიერ  ასეთი კანონის მომზადება და მიღება ფრიად სასურველია, რადგანაც მართებული და დროული კანონი საზოგადოებისთვის გზის მაჩვენებელ შუქურასავითაა.

- როგორ ფიქრობთ, რა შემთხვევაში აქვს საქართველოს შანსი, ჰყავდეს ნობელიანტები?

- დღეს პრაქტიკულად აღარ არსებობს დაბრკოლებები საერთაშორისო ასპარეზზე გასასვლელად, რათა აღმოჩენები, რომლებიც პოტენციურად შეიძლება გაკეთდეს ქართველი მეცნიერების მიერ, ცნობილი იყოს მთელ მსოფლიოში. საერთაშორისო სამეცნიერო კოლექტივების მუშაობაში ფართოდ გავრცელებული მონაწილეობის მიღებაც ასევე ხელს შეუწყობს ქართველი მეცნიერების  შრომის აღიარება-დაფასებას. აი, სწორედ მაშინ იქნება შესაძლებელი, გაჩნდეს შანსი იმისა, რომ ქართველი გახდეს ნობელიანტი.

ნობელის პრემია

ნობელის პრემია, ეს არის ყოველწლიური საერთაშორისო პრემია, რომელიც მისი დამაარსებელი შვედი ინჟინრის, ქიმიკოსის, გამომგონებლისა და მრეწველის ალფრედ ნობელის სახელს ატარებს. ნობელის ანდერძის თანახმად, მისი გარდაცვალების შემდეგ, მისი კაპიტალით ნობელის პრემიის ფონდი უნდა ჩამოყალიბებულიყო.

ნობელის პრემია ენიჭება რასის, ეროვნების, სქესისა და სარწმუნოების განურჩევლად კანდიდატებს ფიზიკის,  ქიმიის, მედიცინისა და ფიზიოლოგიის, მხატვრული ლიტერატურის დარგში და მშვიდობის განმტკიცებისთვის. ნობელის პრემია შედგება ოქროს მედლისაგან, რომელზეც გამოსახულია თავად ნობელი, დიპლომისა და ფულადი თანხის ჩეკისაგან. თანხის ოდენობა განისაზღვრება ნობელის პრემიის ფონდის შემოსავლით და როგორც წესი, 30-70 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ნობელის პრემიას ანიჭებენ მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არსებობს გამონაკლისიც. მაგალითად, პოლონელ ფიზიკოსსა და ქიმიკოსს, მარი სკლოდოვსკა-კიურის ნობელის პრემია ორჯერ მიანიჭეს. სხვადასხვა დროს ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ ალბერტ აინშტაინი,  თომას მანი,  თეოდორ რუზველტი,  დალაი ლამა,  ბარაქ ობამა და მიხეილ გორბაჩოვიც კი.