"შესაძლებელია ელექტროენერგიის ტარიფის 9,5-11 თეთრამდე, ხოლო ბუნებრივი აირის 36 თეთრამდე შემცირება" - კვირის პალიტრა

"შესაძლებელია ელექტროენერგიის ტარიფის 9,5-11 თეთრამდე, ხოლო ბუნებრივი აირის 36 თეთრამდე შემცირება"

"ეს არ არის ილუზიონისტის არენა, სადაც შეიძლება შავი ცილინდრიდან ბაჭიის ყურებით ამოყვანა"ლიტრი საწვავი დოლარზე მეტი არ შეიძლება ღირდეს"არ მესმის, რატომ ჭიანურდება დენზე მიბმული ნაგვის გადასახადის განცალკევება"

დღეს ელექტროენერგიის მაქსიმალური ტარიფი მოხმარებულ კილოვატსაათზე 17,69 თეთრია, შესაძლებელია მისი 9,5-10 თეთრამდე დაწევა. ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში კი მომხმარებელს 50,6 თეთრის გადახდა უწევს, როცა მისი შემცირება 36 თეთრამდეა შესაძლებელი. მოსახლეობა კომუნალური ხარჯების განახევრებას ელოდა, მაგრამ ახალი ხელისუფლებისთვის ეს არცთუ იოლი აღმოჩნდა. როდის და რამდენით შემცირდება ენერგომატარებლების ტარიფი, როდის და რამდენით გაიზრდება პენსია და სოციალური დახმარება, ამ კითხვებზე მოსახლეობა კონკრეტულ პასუხებს ითხოვს.

დემურ გიორხელიძე, "ქართული ოცნების" ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი: "ჩვენ გვაქვს კონკრეტული გაანგარიშებები, თუ როგორ და რის ხარჯზეა შესაძლებელი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფების შემცირება. კიდევ ერთ კვირას დაველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება და ამ გაანგარიშებებს საჯაროს გავხდით. აბსოლუტურად შესაძლებელია ბუნებრივი აირის ტარიფის თითქმის განახევრება, უკიდურეს შემთხვევაში, ერთი კუბური მეტრის საფასურის 36 თეთრამდე დაყვანა. რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფს, განახევრებაზე საუბარი არასდროს ყოფილა, რადგან დღეს ელქსელების მდგომარეობა და ვითარება ენერგეტიკაში არ იძლევა ასეთი დაბალი ტარიფის დაწესების საშუალებას. ამიტომ გარკვეული თანხა მათ რეაბილიტაციაზე უნდა დაიხარჯოს. დავიანგარიშეთ დენის ტარიფიც და 17,69 თეთრიდან ზაფხულში 9,5-10 თეთრამდე, ზამთარში კი 11 თეთრამდე უნდა შემცირდეს. ამისთვის ყველა რესურსი არსებობს. აუცილებლად უნდა განცალკევდეს დენზე მიბმული ნაგვის გადასახადიც. არ მესმის, ამდენ ხანს რატომ ჭიანურდება. გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ქალაქის მერიამ და ამისთვის საჭიროა საზოგადოებრივი ზეწოლა. რაც შეეხება წყლის ტარიფს, ეს ცალკე საუბრის თემაა და დამოკიდებულია ცალკეული ქალაქის, დასახლებული პუნქტის ინფრასტრუქტურაზე და სხვ.

- ამბობდით, რომ შესაძლებელი იყო საწვავის, მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტების გაიაფებაც...

- ახალმა მთავრობამ კონკრეტული პირობები უნდა შექმნას - მონოპოლიური ბაზრების დეპოლიტიზება უნდა მოახდინოს, თუნდაც კანონში ცვლილებების შეტანით. ირიბი მტკიცებულებებით შეიძლება იმის დადასტურება, რომ კომპანიები გარიგებული არიან ფასებზე. თუ კანონის დონეზე ხისტი, მაგრამ გამართლებული პოლიტიკა გატარდება, შემდეგ კი დასავლეთში მიღებულ თამაშის წესებს შემოვიღებთ, საწვავზე ფასი მნიშვნელოვნად დაიწევს. ყველანაირი გათვლებით, ლიტრი საწვავი დოლარზე მეტი არ შეიძლება ღირდეს.

იოსებ არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში: "წლების განმავლობაში ხალხი ელოდა მზრუნველ ხელისუფლებას, ამის ასოცირება ხალხმა "ქართულ ოცნებასთან" მოახდინა და ახლა დღეებს კი არა, საათებს ითვლის, როდის შესრულდება ის პირობა, რომელიც არჩევნებამდე ახალმა ხელისუფლებამ დადო. მაგრამ ეკონომიკაში, სამწუხაროდ, არსებობს გარკვეული ინერციონიზმი და ეს არ არის ილუზიონისტის არენა, სადაც შეიძლება შავი ცილინდრიდან ბაჭიის ყურებით ამოყვანა. როგორც წესი, ახალ ხელისუფლებას აძლევენ 100-დღიან მორალურ ვადას, რომ პოზიტიური შედეგები დაანახოს საზოგადოებას. ეს ვადა ჩვენს ხელისუფლებას 5 თებერვალს ეწურება. დაველოდოთ. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ კიდევ 2012 წლის ფინანსური გეგმის ფარგლებში ვმოქმედებთ, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო მიღებული. ვფიქრობ, არსებობს საკმარისი რესურსი და  ხელისუფლების მზაობა, რომ ხალხისკენ შემოტრიალდეს. მომავალი წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვნად გაიზრდება საპენსიო უზრუნველყოფა, ზრუნვა ადგილნაცვალ პირებზე, ხარჯები განათლებაზე, სხვა სახელისუფლებო ხარჯები კი მნიშვნელოვნად შემცირდება. ქვეყანას აქვს დაახლოებით 8 მილიარდი ლარის ხარჯვის შესაძლებლობა. ეს არც ისე დიდი თანხაა და რაციონალურად უნდა დაიხარჯოს".