კლასიკოსი, რომელმაც "არაკლასიკურად" იცხოვრა - კვირის პალიტრა

კლასიკოსი, რომელმაც "არაკლასიკურად" იცხოვრა

აი, რამდენიმე ავტორიღა დარჩა და "კვირის პალიტრის" პროექტი "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" დასრულდება და როდესაც იმ საპრეზენტაციო წერილებს გადავხედე, რომელიც ყოველი ტომის გამოსვლის წინ დაიბეჭდა ჩვენს გაზეთში, ერთი ტენდენცია დავაფიქსირე: როგორც წესი, ამ ნახევარგვერდიან წერილებში უფრო მეტს მწერლის ბიოგრაფიაზე ვსაუბრობდით ხოლმე, ვიდრე იმ კონკრეტულ ნაწარმოებზე, რომელსაც წარმოგიდგენდით.

ამის მიზეზი ის ნამდვილად არ იყო, რომ მკითხველი წიგნს ისედაც მიიღებდა ერთ კვირაში და "კომერციული მიზნით" არ გვინდოდა მისი შინაარსი მოგვეთხრო და "ინტერესი დაგვეკარგინებინა". სინამდვილეში, ნახევარ გვერდში ავტორის ბიოგრაფიის ერთი რომელიმე, ნაკლებად ცნობილი ასპექტისა და რამდენიმე ეპიზოდის ჩატევა უფრო ადვილადც და საინტერესდაც მივიჩნიეთ, ვიდრე წიგნის ღირსებაზე, კრიტიკოსთა მიერ მის შეფასებებზე, მისი შექმნის ისტორიასა და სხვა ნიუანსებზე არასრული, "დაწურული" ინფორმაციის გამოქვეყნება იქნებოდა.

ეს უცნაური შესავალი კი იმიტომ დამჭირდა, რომ  მომავალ კვირას "50 წიგნის" ფარგლებში მკითხველს ვირჯინია ვულფის "მისის დელოუეის" ვთავაზობთ. ანუ, იმ ავტორის რომანს, რომლის ბიოგრაფიაც იმდენად მრავალწახნაგოვანი, მოვლენებითა და ადამიანებით იმდენად "გადატვირთული", ემოციებით იმდენად გადაღლილი, მაშინდელი (და კიდევ ბევრი წლის მანძილზე) საზოგადოებისთვის იმდენად აღმაშფოთებელი იყო, რომ გაზეთის ნახევარი კი არა, ათ-ნახევარი გვერდიც არ გვეყოფოდა თუნდაც რამდენიმე ეპიზოდის სრულად აღწერისათვის.

ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ ვირჯინია ვულფის არც ერთი რომანის ეკრანიზაციას არ გამოუწვევია იმხელა ინტერესი, როგორიც მისი ცხოვრების კინოვერსიამ გამოიწვია მთელ მსოფლიოში (იმ ფილმში მწერლის როლი ნიკოლ კიდმანმა შეასრულა). თუმცა, მგონია, ეს, ალბათ უფრო იმის გამო მოხდა, რომ ვირჯინია ვულფის რომანები, სპეციფიკური ქარგის გამო, ძნელი გადასატანია სცენასა თუ ეკრანზე - თუნდაც ჩვენ მიერ წარმოდგენილი "მისის დელოუეი", რომელიც დილას დაწყებული ამბით იწყება და იმავე საღამოს სრულდება. თუმცა, იმ უცნაურ დღეში "ჩაკერებული" პერსონაჟების მოგონებანი ამ მართლაც განსაკუთრებული ქალის, პიროვნებისა და მწერლის დიდოსტატობაში ნამდვილად დაგარწმუნებთ.

ვირჯინია 1882 წელს დაიბადა. მამამისი, ლესლი სტივენი, ინგლისის არისტოკრატთაგანი იყო, ნათესაური და მეგობრული კავშირები ჰქონდა პოლიტიკურ და ფინანსურ ელიტასთან. მას ხშირად პრემიერ-მინისტრი და ლორდთა პალატის წევრებიც სტუმრობდნენ, მაგრამ თანამედროვეთაგან თავისი არაკონსერვატიული, იმ დროისათვის პროგრესული იდეებით გამოირჩეოდა. ის მაშინდელ ინგლისში დიდად დაფასებული ლიტერატურის კრიტიკოსი და პუბლიცისტი იყო.

მომავალი მწერლის დედა - ჯულია დაკუორტი განათლებული, მტკიცე ხასიათისა და მორალის, სხვების დასახმარებლად მუდამ მზადმყოფი ქალი იყო. როგორც ბიოგრაფები წერენ, ლესლი სტივენსაც სწორედ იმიტომ გაჰყვა ცოლად, რომ დაქვრივებულ და დეპრესიაში ჩავარდნილ კაცს გვერდში ამოსდგომოდა და არა სიყვარულის გამო (ეს პირდაპირ განუცხადებია მისთვის). ის თვითონაც ქვრივი იყო (დაკუორტი სწორედ პირველი ქმრის გვარი გახლდათ). თუმცა, მათ ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ და სახლი მალე ბავშვებით აივსო - საერთო ოთხი შვილის დაბადებამდე (ვირჯინია მათ შორის მესამე იყო), სამი შვილი ჯულიას მოჰყვა და ლესლი სტივენმაც ერთი გოგონა დაახვედრა სახლში (სხვათა შორის, ლესლი სტივენის პირველი ცოლი უილიამ თეკერეის ქალიშვილი იყო).

ჯულიასა და ლესლის შვილებმა იმ დროისათვის ბრწყინვალე განათლება მიიღეს. ვაჟებს იტონის კოლეჯი და ცნობილი უნივერსიტეტები არ დაჰკლებიათ, გოგონები კი შინ, მამის ხელმძღვანელობით იღებდნენ განათლებას, რადგან ლესლი სტივენი პროგრესული კაცი კი იყო, მაგრამ არც იმდენად, რომ მაშინდელი ინგლისის ტრადიციების საწინააღმდეგოდ ქალიშვილები უნივერსიტეტში სასწავლებლად გაეშვა. უფრო მეტიც, ვირჯინია დღიურში წერს, რამხელა ბედნიერება იყო მისთვის ის ნდობა, რომელიც თითქმის 20 წლისას გამოუცხადა მამამ, როდესაც საოჯახო ბიბლიოთეკაში წიგნის დამოუკიდებლად შერჩევის უფლება მისცა.

13 წლისა იყო ვირჯინია, როდესაც დედამისი გარდაიცვალა და ოჯახის გაძღოლა და უბედურებისაგან გულმოკლულ მამინაცვალზე მზრუნველობა მისმა უფროსმა დამ - სტელამ ითავა. პირველი ნერვული აშლილობა სწორედ მაშინ გამოავლინა გოგონამ, მაგრამ მისი ავადმყოფობა სერიოზულად არ მიიღეს. მალე სტელაც გარდაიცვალა. ამის შემდეგ მისი ადგილი მომდევნო დამ, ვანესამ დაიკავა, რომელსაც სახლისა და და-ძმის მოვლის გარდა, მთავარი საზრუნავი - დარდისაგან დესპოტად ქცეული მამის მოთოკვაც შეემატა.

ლესლი სტივენის სიკვდილი ერთდროულად ტრაგედიაც იყო და შვებაც ოჯახისთვის...

ყველაფრის მიუხედავად, ვირჯინია და მისი და - ვანესა, რომელთანაც განსაკუთრებით ახლოს იყო, არ თვლიდნენ, რომ მათ მძიმე ბავშვობა ჰქონდათ. სხვა თუ არაფერი, მატერიალურად მაინც იყვნენ უზრუნველყოფილი და დიდხანს სიყვარულით გარემოცულნი ცხოვრობდნენ. ასე რომ, ვირჯინიას ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები უფრო გენეტიკური იყო, ვიდრე შეძენილი - მამის მხრიდან რამდენიმე ნათესავმა სიცოცხლე ან თვითმკვლელობით, ან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაასრულა.

მამის მხრიდან ვირჯინიას წერის ნიჭი გამოჰყვა, ვანესა კი ბავშვობიდან კარგად ხატავდა. დაობლების შემდეგ დებმა ბლუმსბერიში დაიქირავეს ბინა და ძმასთან, ტობისთან ერთად რაღაც კლუბისმაგვარი შექმნეს, რომელსაც მომავალში "ბლუმსბერის ჯგუფი" დაერქვა. ამ ჯგუფმა მნიშვნელოვანწილად და სამუდამოდ განსაზღვრა მომავალი მწერლის მორალი, მსოფლმხედველობა, ლიტერატურული გემოვნება და ცხოვრების წესიც - ჯგუფის წევრთა უმეტესობა ზეგანათლებული, დამკვიდრებულ დოგმებთან მებრძოლი (მათ შორის სექსუალური კუთხითაც - თითქმის ყველა ჰომოსექსუალისტი იყო) და ნიჭიერი იყო.

არავინ იცის, იქ "ისწავლა", თუ ეს მისი "ბუნებრივი მიდრეკილება" იყო, მაგრამ როდესაც, გარემოებათა გამო, გადაწყვიტა ლეონარდ ვულფს ცოლად გაჰყოლოდა, ვირჯინიამ ის წინასწარ გააფრთხილა, რომ მამაკაცთან სექსი არ იზიდავდა. ეს 1912 წელს მოხდა. მანამდე ვირჯინია რამდენჯერმე მოხვდა ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში. პირველად 22 წლისა, როდესაც საბერძნეთიდან ჩამოყოლილი მუცლის ტიფით ტობი გარდაიცვალა - სამი თვის განმავლობაში "ესმოდა", რომ ჩიტები ბერძნულად მღეროდნენ, ხოლო ბუჩქებში მეფე ედვარდ VII იჯდა და იგინებოდა!..

ცხადია, როგორც ყოველთვის, ადგილი არ გვყოფნის ყველაფერზე სასაუბროდ, მაგრამ ვულფების ოჯახის ერთ დღეზე მაინც უნდა ვთქვათ: ამ დღეს, 1917 წლის დასაწყისში, მათ პატარა საბეჭდი დაზგა იყიდეს. ასე ვთქვათ, მინი-სტამბა. მათ მიერ საკუთარი ხელით აწყობილ, დაბეჭდილ-აკინძულ პირველ წიგნში ორი მოთხრობა შევიდა - ერთი ვირჯინიასი, ერთიც - ლეონარდის. ასე ჩაეყარა საფუძველი გამომცემლობა "ჰოგარტ პრესს", რომელმაც შემდეგ დიდი სახელი და საკმაო ფული მოუტანა მწერალ ვირჯინია ვულფს.

და კიდევ ერთი დღე - 1941 წლის 28 მარტი. ამ დღეს სასექსის საგრაფოში, საკუთარი სახლიდან გამოვიდა 59 წლის მწერალი ვირჯინია ვულფი, მდინარე ოუზის უკაცრიელ ნაპირთან მივიდა, ჯიბეები ქვებით აივსო და მდინარეში შევიდა...