"რას ვიფიქრებდით, რომ ის მოკლავდა, ვინც სიკვდილს გადაარჩინა - კვირის პალიტრა

"რას ვიფიქრებდით, რომ ის მოკლავდა, ვინც სიკვდილს გადაარჩინა

"გახსოვდეს აფხაზეთი!" - ხშირად წაგვიკითხავს ან გვსმენია ეს მოწოდება, მაგრამ რაც დრო გადის, თითქოს უფრო და უფრო ვშორდებით საქართველოს ამ უმშვენიერეს მხარეს.დეკემბერში გენადი თოდუას გმირულად დაღუპვის დღიდან 20 წელი შესრულდება. გთხოვთ, ასეთი ხალხი გაახსენეთ ჩვენს საზოგადოებას, რომ არასოდეს დაგვავიწყდეს აფხაზეთი და გვახსოვდეს, რისთვის იბრძოდნენ გენადი და სხვა ქართველი ვაჟკაცები.

პატივისცემით, მარიამ გადელია".

"კვირის პალიტრა" გენადი თოდუას ოჯახსა და მის მეგობარს, ზვიად გამსახურდიას პირად მფრინავს, ზაურ ბედიას ესაუბრა. სწორედ მისგან შევიტყვეთ, როგორ დაეხმარა გენადი თოდუა მას სოხუმის აეროპორტში ერთ-ერთი სარისკო დაფრენის დროს.

"გროზნოდან საწვავითა და მგზავრებით დატვირთული მოვფრინავდი. ის იყო, აეროპორტში უნდა დავმჯდარიყავი, რომ შემატყობინეს, დასაჯდომ ბილიკზე  მანქანა დგასო. შუქს თუ ამინთებდნენ,  ჩასაფრებული აფხაზები შემნიშნავდნენ და მაშინვე გვესროდნენ. რისკი დიდი იყო - 180 ტონა საწვავით სავსე თვითმფრინავი ბომბს უფრო ჰგავდა. ზღვას რამდენიმე წრე დავარტყი. ამასობაში  გენადი თოდუამ ბიჭების დახმარებით დასაჯდომი ბილიკიდან მანქანა ხელით გადაათრია და რაციით გადმომცა,  დასაჯდომ ბილიკზე მანქანით დავდგები, ფარებს ავანთებ და იქნებ დაჯდეო. დიდი რისკის ფასად თვითმფრინავი  დავსვი.".

კოკა თოდუა, გენადი თოდუას შვილი: "მამა რომ მოკლეს,  ოთხი წლის ვიყავი. ის იმ აფხაზმა მოკლა, რომელიც ორჯერ გადაარჩინა სიკვდილს. მან მამას სახელი და გვარი კი იცოდა, მაგრამ სახეზე არ იცნობდა. როდესაც გაიგო, ვინ მოკლა, ჯერ შურისძიებას დაემალა, მერე კი თავად დაუწყო სიკვდილს ძებნა".

ციალა როგავა, გენადი თოდუას დედა: "ბაბუშერაში ვცხოვრობდით. აფხაზებთან დაძაბულობამ რომ იმატა, აფხაზური გვარდიაც შეიქმნა. ერთი ასეული  აეროპორტიდან  კილომეტრში განთავსდა. ალბათ იმიტომ, რომ ომის დაწყებისთანავე სწრაფად აეღოთ აეროპორტი და სოფელი მძევლად აეყვანათ. 1992 წლის 14 აგვისტოს, როდესაც  სარკინიგზო მაგისტრალის დასაცავად თბილისიდან ჩამოსულმა სამხედრო შენაერთებმა ბაბუშერა გამოიარეს, პირველი ტყვია გავარდა. ჩვენი სახლი აფხაზების შტაბიდან ორ ნაბიჯზე იდგა. აფხაზმა მეთაურებმა იქაურობა დატოვეს, მაგრამ ჯარისკაცები დარჩნენ. გენადი და მისი მეგობრები ვერტმფრენებიდან რუპორებით დასძახოდნენ აფხაზებს, სისხლის ღვრა არ გვინდა, სოფელი დატოვეთ და ყველაფერი მშვიდობით დასრულდებაო. აფხაზებმა  შტაბი  დატოვეს. მათი ადგილი კი ქართველებმა დაიკავეს. იმ დღეს გადაარჩინეს ჩვენმა ბიჭებმა სოფელი, მაგრამ ომს მაინც ვერ გადავურჩით... აფხაზები რომ გარბოდნენ, გენას შესცოდებია პირტიტველა ბიჭები და  გზა და თავშესაფარი უსწავლებია. რამდენიმე მათგანს უთქვამს, გენადი თოდუა დაგვეხმარა, გახსოვდეთო. მათთან ერთად ყოფილა აფხაზი სპორტსმენი, ვინმე აკიჟბა. მაშინ რას იფიქრებდა ჩემი შვილი, რომ საკუთარი მკვლელიც იხსნა."

ფატიმა თოდუა, გენადი თოდუას და, უფროსი სერჟანტი, სამხედრო ექთანი: "1992 წლის 9 დეკემბერი იყო. ჩემს ძმას შეატყობინეს, ახალდაბაში აფხაზები ქალებსა და ბავშვებს აწიოკებენო. ისიც ბიჭებთან ერთად  ახალდაბისკენ გაემართა. მაგრამ იქ  მშვიდობა დახვდა. ეგ იყო მხოლოდ,  ქართველებს ტყვედ აფხაზი ბიჭი აეყვანათ, - ის აკიჟბა, რამდენიმე თვის წინ ჩემი ძმა სხვა აფხაზებთან ერთად სამშვიდობოს გაყვანაში რომ დაეხმარა. გენადის ბიჭებისთვის უთქვამს, ტყვეს მე წავიყვანო და მანქანაში ჩაუსვამს. ასეულთან ერთად შტაბისკენ მიმავალს გზად გენერალი შეხვედრია, ბიჭები უნდა დამახმაროო. გენას  ჯარისკაცები გაუყოლებია და ტყვესთან ერთად გზა გაუგრძელებია. იმ დღეს წვიმდა, ატალახებულ გზაზე მანქანა ორმოში ჩავარდნია და ძრავა ჩამქრალა. მანქანიდან გადასულს იარაღი სავარძელზე დავარდნია, ტყვეს აუღია  და ჩემი ძმისთვის გამეტებით დაუხლია. ამ დროს  მეორე ძმა თემური გენას ეძებდა. სამწუხაროდ, ცოცხალს ვერ მიუსწრო, ტყვეც გაქცეულიყო.

მერე ნაცნობი აფხაზებისგან შევიტყვეთ, მკვლელს  ბიძისთვის უთქვამს,  როცა გავიგე ვინც მოვკალი, იმ ჭკუაზე დავდექი, რომ ქართველებს ჩავბარებოდი და მეთქვა, რაც გინდათ, ის მიქენითო. ამის გაკეთება ვერ შეძლო, მოსკოვში გაიქცა. თემურმა მოსკოვშიც ჩააკითხა, მაგრამ მოსკოვში გადახვეწილმა აფხაზებმა უთხრეს, ვერ ისვენებდა და ისევ აფხაზეთში დაბრუნდაო.

ის ბიჭი სამ თვეში აფეთქებულა ნაღმზე. ისე დაფლეთილა,  დედაც ვერ შეხებია მის ცხედარს.  ბიძამისი  შინ გვესტუმრა და თავად გვიამბო "ჩემი დისწული ნაღმზე აფეთქდა. მან მოკლა გენა, რომელსაც კარგად ვიცნობდი და ძალიან მიყვარდა. მოსკოვიდან რომ დაბრუნდა, მითხრა, სინდისი არ მასვენებს, იმ კაცს ვესროლე, ვინც ორჯერ გადამარჩინა. ეტყობა, სიცოცხლის ღირსი არა ვარო". დედამ სასმელი გამოიტანა და იმ კაცთან ერთად ჩემი ძმისა და მისი მკვლელის შესანდობარი თქვა. აკიჟბას ბებია ქართველი ჰყოლია. მეტიც, ნათელ-მირონიც კი გვაკავშირებდა თურმე".