"აფხაზეთი კრასნოდარის მხარეა და მორჩა!" - ამბობენ რუსი სამხედროები - კვირის პალიტრა

"აფხაზეთი კრასნოდარის მხარეა და მორჩა!" - ამბობენ რუსი სამხედროები

"რუსი სამხედროების ცოლებმა გალი დაიწუნეს - სად მოგვიყვანეთ, არანაირი გასართობი აქ არ არისო"

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ  ენგურის ხიდზე აფხაზები რუსებმა შეცვალეს და კონტროლიც გაამკაცრეს. ისინი კი, ვინც რისკის ფასად შემოვლითი გზით გადასვლას ბედავს, დაკავების შემთხვევაში რუსებს გალში გადაჰყავთ და მხოლოდ ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ. რუსები სოფელ-სოფელ პატრულირებენ და მოსახლეობას მკაცრად აკონტროლებენ.

"ჩვენს სოფელში რუსებმა დიდი სამხედრო ბაზა ააგეს და მას 10 კილომეტრის რადიუსში აკონტროლებენ. სამხედროების ნაწილი ჩამოასახლეს, ნაწილს ელიან. რუსები ამბობენ, აფხაზეთი ქართველების და აფხაზების არ არის, ეს კრასნოდარის მხარეა და მორჩაო!" - მეუბნება სოფელ ოტობაიას მკვიდრი.

აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთის ტერიტორიაზე - სოხუმში, გაგრაში, გალისა და ტყვარჩელის რაიონებში - ათამდე სამხედრო ბაზა აშენდა. ყველაზე მეტი  გალის რაიონში - ჭუბურხინჯში, ოტობაიაში, ფიჩორში, ჩეღალშია თავმოყრილი. რუსებმა ჭუბურხინჯში ცემენტის გადამმუშავებელი ქარხანაც აამუშავეს, - მიამბობს გალელი რესპონდენტი (ბუნებრივია, მის ვინაობას ვერ ვამხელთ), - სამხედროების ოჯახებისთვის - საერთო საცხოვრებელი, ბავშვებისთვის კი ბაგა-ბაღები ააშენეს.

...ვუსმენ და სიმწარე თვალებს მიწვავს - იქაურ ქართველთა ოჯახები მთელ საქართველოში მიმოფანტულები ეძებენ სამუდამო ნავსაყუდელს, მათი შვილები აფხაზეთის მიწაზე ოდესმე დადგამენ თუ არა ფეხს, არავინ იცის, რუსი ბავშვები კი მათ მშობლიურ კუთხეში იზრდებიან.

რუსებმა კიდევ ერთი ახალი საცხოვრებელი სახლი გალის საავადმყოფოს გვერდით ააშენეს. შენობა ექსპლუატაციაში უკვე შევიდა და მობინადრეებიც ნელ-ნელა იწყობენ ოჯახურ კერას, მით უმეტეს, რომ საბავშვო ბაღის ახალი შენობაც აქვთ.

გალში რუსი სამხედროების მომრავლების შემდეგ  ქალაქში მათი ოჯახებიც ჩამოვიდნენ. საცხოვრებელი კორპუსების აშენების შემდეგ, შემოვლით გზაზე პატარა, ეგრეთ წოდებული "პასიოლოკიც" გაჩნდა, თუმცა, სამხედროების ცოლებმა  გალი დაიწუნეს - სად მოგვიყვანეთ, არანაირი გასართობი აქ არ არისო. – ექსპერტი აფხაზეთის საკითხებში გია ლომია ამბობს, რომ მცდელობა, გალში რუსები მასობრივად ჩამოესახლებინათ, ამაო გამოდგა - ბევრმა გალში ჩამოსვლაზე უარი თქვა. "რუსებს გალის სამხედრო ქალაქად გადაქცევა სურთ და მიზნის მისაღწევად ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ წინ. პრაქტიკულად, ქალაქი სამხედრო ბაზად აქციეს. მათ სპეციალური აპარატურა ჩამოიტანეს, რომელიც ფოტოებს იღებს  და გალში ყველა მიმომსვლელს აფიქსირებს. რეალურია თუ არა გალავნის აშენება, რომელზეც საუბარი ჯერ კიდევ აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყეს, ვერ გეტყვით. თეორიულად, ალბათ, შესაძლებელია. მით უმეტეს, რომ თავის დროზე რუსებმა მავთულხლართები შემოავლეს ე.წ. საზღვრისპირა ტერიტორიებს, თუმცა, მოსახლეობამ მავთულხლართები მოიპარა და ყანებს ღობეებად შემოავლეს".

ირაკლი ცქიტიშვილი, ექსპერტთა კლუბის წევრი: "ოფიციალური მონაცემებით, რომელიც რუსეთმა გამოაქვეყნა, აფხაზეთში ათას შვიდასამდე რუსი სამხედროა. ამის გარდა, რუსი სამხედროები მსახურობენ აფხაზურ ჯარშიც და ანტიტერორისტულ ქვედანაყოფშიც. არიან ფე-ეს-ბე-ს წარმომადგენლებიც. ასე რომ, ამ მონაცემების მიხედვით, აფხაზეთში 2 300 რუსი სამხედროა, თუმცა, რეალურად მათი რაოდენობა შეიძლება გაცილებით მეტი იყოს."

სალომე გოგოხია