თამაზ ჭილაძე: ”ამერიკული ყოფის, ცხოვრების წესის მიბაძვა ჩვენში უკვე ეპიგონობად გარდაიქმნა” - კვირის პალიტრა

თამაზ ჭილაძე: ”ამერიკული ყოფის, ცხოვრების წესის მიბაძვა ჩვენში უკვე ეპიგონობად გარდაიქმნა”

უცებ ვიგრძენი, რომ მეც პოლიტიკოსივით ავლაპარაკდი

თავისუფლება კულტურის ენით მეტყველებს, ამდენად, კულტურაც სახელმწიფოებრივი ფენომენია

"ქვეყნად ცხოვრება და გადარჩენა რომ სხვადასხვაა, ეს უკვე ვიცი", - გამახსენდა თამაზ ჭილაძის ლექსის ეს სტრიქონები ძველი წლის მიწურულს... ცხოვრება და გადარჩენა, - ეს ორი რამ დღეს ისევ ყველაზე აქტუალური სასაუბრო თემაა, იქნებ როგორც არასდროს, ისე აქტუალურიც კი...

ძველი და ახალი წლის მიჯნაზე ამიტომაც ვკითხეთ დიდებულ მწერალს, ბატონ თამაზ ჭილაძეს: თქვენი შეფასებით, ისევ დიდი ილიას სიტყვები - "რა გითხრათ, რით გაგახაროთ", ხომ არ გვაქვს გასამეორებელი 2012 წლის მიწურულს-მეთქი. პასუხი მივიღე, რომელსაც ვთავაზობთ მკითხველს ბატონი თამაზის მიერ შერჩეული სათაურითვე:

ყველგან, მსოფლიოს ყველა კუთხეში, ერთნაირად უხარიათ ახალი წლის მოსვლა. ამავე დროს, ეს სიხარული თითქოს საკვირველიც კია - რატომ შეიძლება უხაროდეს ადამიანს ის, რაც სინამდვილეში თითქმის არაფერს ცვლის, თავადაც არ იცვლება, ისევ ჩვეულებრივი ყოფის, ჩვეულებრივი ამბის თუ ჩვეულებრივი ცხოვრების გაგრძელებაა. მაინც გვიხარია, რამდენადაც  ყველაფერი ცუდის, უსიამოვნოს  დავიწყების იმედი ახლავს, რისი ასრულებაც, სამწუხაროდ, შეუძლებელია, თუმცა ილუზია კი აშკარად იქმნება, რომ ყველაფერი წარსულს ბარდება, ქრება დროსთან ერთად. არადა, ადამიანმა ისიც იცის, დროს არაფერი მიაქვს, თავადაც არსად მიდის, ჩვენში რჩება მოგონებად, ფიქრად, ტკივილად გარდაქმნილი.

გაურკვეველი სიხარულით შეპყრობილი უკეთესი, ასევე გაურკვეველი მომავლის მომლოდინე ადამიანი იგონებს, იხსენებს თითქმის მთელ განვლილ ცხოვრებას, ამასთანავე, ყველაფერი მისთვის ხვალინდელ დღესთან, მომავალთან არის დაკავშირებული. ჩვენმა ხალხმა ხომ დღევანდელ დღემდე მოსაღწევად უდაბნო კი არა, ჯოჯოხეთი გამოიარა! უდაბნო და, მით უმეტეს, ჯოჯოხეთი კი უცებ არ  თავდება, ჩვენი ხალხისთვის აღთქმულ ქვეყნამდე ჯერ კიდევ საკმაოდ შორია, თუმცა, წლევანდელ წელს, ანუ 2012-ში საგრძნობლად მივუახლოვდით მას, რამაც ჩვენს საახალწლო სიხარულს ერთგვარი გამართლებაც კი მიანიჭა. ვიგრძენით, აღთქმული ქვეყნისკენ ნაბიჯი გადადგმულია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გზა გამოჩნდა!..

ქართველ ხალხს დიდი ხნის განმავლობაში მოუწია მონობაში ცხოვრებამ, მაგრამ მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არასოდეს დაუკარგავს სულიერი თავისუფლება, უფრო ზუსტად, თავისი არალეგალური თავისუფლება. 1-ლი ოქტომბერი ტრადიციულად თავისუფალი ხალხის მიერ საკუთარი ნების გამოვლენა იყო. სწორედ თავისუფალ ხალხს შეუძლია ასე ღირსეულად შეინარჩუნოს სიმშვიდე მაშინ, როცა მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება. ამიტომაც არ ჰგავდა 2012 წლის მოვლენები ჩვეულებრივ ჯანყს. თავისუფალმა ხალხმა გაიმარჯვა და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნებისმიერი პოლიტიკური ორიენტაციის გამოვლენასთან შედარებით. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკურ ასპარეზზე მიღწეული წარმატება. ასეთ ხალხს შეუძლია უკვე ხვალიდანვე საერთო-საკაცობრიო კულტურული ცხოვრების თანამონაწილე გახდეს. ჩვენი ხალხის ცხოველმყოფელ წიაღში თითქმის ხელუხლებლად შენახულა ყველაფერი ის საუკეთესო, რაც საუკუნეების მანძილზე გვინარჩუნებდა ეროვნულ თავისთავადობას. და აი, 2012 წელს მოხდა ის, რამაც გაგვიჩინა იმედი ხვალინდელი დღისა, მომავლისა, მეტიც, უკვდავებისა, რისი განცდის გარეშეც ხალხი არ არსებობს. ჩვენმა ხალხმა დაამტკიცა, რომ ის არა მარტო ღირსეული, არამედ უმნიშვნელოვანესი ერია, რომელმაც შეძლო თავისი წარსული, მართალია, დაგლეჯილ-დაფლეთილი, მაგრამ ცოცხალი მოეტანა დღემდე, საშინელ ვითარებაში შეენარჩუნებინა ღირსება საუკუნეების მანძილზე. ვისაც ეს ძალუძს, უფლებაც აქვს, თავისი საკადრისი, საპატიო ადგილი დაიჭიროს კულტურული ერების გვერდით.

დღეს თითქოს მთელ განვლილ ცხოვრებას ვიხსენებთ. რასაკვირველია, ბევრი კარგი, სასიამოვნო რამ გვახსენდება, მაგრამ, სამწუხაროდ, გულსატკენიც მრავლად გვქონია. სულ ახლახან ვყოფილვართ ისეთი ამბების მოწმენი, თუ მორჩილად მომთმენნი, რომლებიც თითქოს წარმოუდგენელია და უცნაურადაც კი აღიქმება საერთოდ ცივილიზებული სამყაროს ფონზე.

განა მართლაც უცნაური არ არის ის ამბავი, რომ ჩვენი პარლამენტი დედაქალაქში არ მოღვაწეობს?! არსად, არც ერთ ქვეყანაში, მსგავსი რამ არ ხდება და არც შეიძლება ხდებოდეს.

საერთოდ, ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ერთს დავამატებ მხოლოდ: საკვირველია, როგორ ვითმენდით განათლების ისეთ სისტემას, რომელიც ქართველი ადამიანის აღზრდას კი არა, სინგაპურელი რობოტის შექმნას ემსახურებოდა...

ყველაზე მძიმე ვითარებაში ჩვენი ხალხი, გადარჩენის ინსტინქტით კი არა, ფხიზელი, გონებისმიერი ქმედებით, ჩვენს უძველეს, უნიკალურ კულტურას თავდაცვის იარაღად გარდაქმნიდა ხოლმე, რომელსაც არაერთხელ გადაურჩენია იგი. პირდაპირ რომ ვთქვა, დღევანდელ დღემდე ჩვენი ხალხი უძველესი და უნიკალური კულტურის წყალობით მოვიდა.

დღეს აშკარაა არა მხოლოდ ეკონომიკური თუ პოლიტიკური დაპირისპირება სახელმწიფოებს შორის, არამედ კულტურათა მძაფრი კონკურენცია, ბრძოლაც კი! მაგალითად, მეტად საგრძნობია ამერიკული კულტურის მძაფრი ექსპანსია მთელ მსოფლიოში. საქართველოში კი ის მეტად სერიოზულ სახეს იღებს, რამდენადაც სახელმწიფო უჭერს მხარს (ჩვენს სკოლებში ქართველი მასწავლებლების ნაცვლად უცხოელი ფსევდომასწავლებლები ჩამოიყვანეს). შეიძლება აქვე ითქვას, თუკი ჩვენს სკოლაში რომელიმე საგანი არ ისწავლება (ვგულისხმობ სწავლების დონეს და სახელმძღვანელოებსაც!), ეს, უპირველესად, ქართული ენა და ლიტერატურაა!..

ამერიკული ყოფის, ცხოვრების წესის მიბაძვა ჩვენში უკვე ეპიგონობად გარდაიქმნა, თანაც ისე, რომ, სამწუხაროდ, არ ვიცით, როგორია, რას წარმოადგენს ნამდვილი ამერიკა. ალბათ, ბევრმა, ამერიკულად რომ იცვამს და ამერიკულ სიმღერას ღიღინებს, არც იცის, როგორ იბრძოდა ეს ქვეყანა თავისი კულტურის შესაქმნელად. ამერიკაში, თავის დროზე, მეძავებით გაძეძგილ ხომალდებთან ერთად, ევროპული კულტურა შევიდა, რომელიც მერე უნიჭიერესმა ამერიკელმა ხალხმა ამერიკულ კულტურად გარდაქმნა, უმთავრესად ევროპულისგან განსხვავებული მწერლობის, მუსიკისა და არქიტექტურის მეშვეობით.

თუკი მიბაძვაა (რაც ჩვენთვის, საბედნიეროდ, მაინცდამაინც აუცილებელი არ არის), აი, ასეთ ეროვნულ საქმიანობაში უნდა მივბაძოთ არა მარტო ამერიკელებს, არამედ ყველა კულტურულ ხალხს.

კულტურული ერთნაირობა დღეს ერის გაქრობას ნიშნავს, თუმცა, როდის იყო სხვანაირად?

ჩვენისთანა პატარა ქვეყანა რაც უფრო დიდხანს შეინარჩუნებს კულტურულ თავისთავადობას, დამოუკიდებლობას, მით უფრო გაეზრდება გადარჩენის შანსი.

უცებ ვიგრძენი, რომ მეც პოლიტიკოსივით ავლაპარაკდი, არადა, პოლიტიკოსობა არასოდეს მხიბლავდა, მით უმეტეს, დღეს. თითქოს სუნთქვაც ჭირდა ქვეყანაში, სადაც პოლიტიკოსობის გარდა, თითქოს სხვა პროფესია აღარ არსებობდა. ქვეყანა პოლიტიკოსებს შევატოვეთ ხელში და რაც სამაგიეროდ მივიღეთ, იმედია, დღეს ყველასთვის ერთნაირად ნათელია.

პოლიტიკოსობა იწყება იმ წამიდან, როგორც კი იგრძნობ სიმპათიას თუ ანტიპათიას რომელიმე პოლიტიკური მოვლენისა, როცა შენთვის სულერთი არ იქნება რომელიმე პოლიტიკოსის სიტყვა თუ ქმედება. ამჩნევ ბევრ ისეთ რამეს, რასაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდი, ანდა გეგონა,  შენ არ გეხებოდა, სხვებისთვის იყო გამოკრული კედლებსა თუ ავტობუსების მინებზე. და უცებ ეს თითქოს უწყინარი ლოზუნგები თუ მოწოდებები შენთვის ამაფორიაქებლად გასაგები ხდება, თითქოს ძველისძველი, აქამდე უცნობი ენის გაშიფვრა შესძელი. ასე რომ, შენი მცდელობა - უაღრესად პოლიტიზებულ გარემოში პოლიტიკაში არ გაერიო - კრახით მთავრდება. შეიძლება, ვერც კი იგრძნო, რომ უკვე კარგა ხანია პოლიტიკაში ხარ ჩაბმული, თანაც ისე, რომ ვერც კი ამჩნევ რაიმე ცვლილებას შენს ცხოვრებაში, მით უმეტეს, ისეთ უფერულ, უსახო, უინტერესო ცხოვრებაში, როგორიც ჩვენშია დამკვიდრებული. პოლიტიზებული სამყარო თითქოს ბურუსით არის მოცული, შეიძლება იმიტომ, რომ საკუთარ თავთან დასაბრუნებელი ბილიკი ვერ იპოვო, მაგრამ ეს სრულებით აღარ გაღელვებს. ადამიანი რატომღაც ყველაზე ადვილად საკუთარ მეობას კარგავს. ამითაც არის პოლიტიკა შემზარავი და დაუნდობელი.

უცნაურია, რასაც ყველაზე ადვილად იჯერებ, აშკარად ტყუილია, მაგრამ შენთვის სიმართლესავით ჟღერს. ბრძენსა და ცბიერ მაკიაველს მიაჩნდა, რომ ტყუილი იგივე დროის მოგება იყო, რაც წარმოადგენს კიდეც პოლიტიკოსთა მიზანს...

დაბოლოს, ჩემი უნებლიე პოლიტიკოსობის ამბავს გავიხსენებ: 2005 წელი იყო, "მნათობში" ვმსახურობდი. 1924 წელს დაარსებული ჟურნალი, რომლის დახურვაც კომუნისტებმაც კი ვერ გაბედეს, სულს ღაფავდა. იძულებული გავხდი, ღია წერილით მიმემართა ხელისუფლებისთვის და დახმარება მეთხოვა. ეს წერილი, თითქმის ერთდროულად, რამდენიმე გაზეთმა დაბეჭდა. ეტყობა, ხელისუფლებისგან განსხვავებით, საინტერესოდ მიიჩნიეს იგი.

დღემდე ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის, თუნდაც ერთი წამით როგორ დავიჯერე, რომ ხელისუფლებას დააინტერესებდა ბედი ჟურნალისა, რომელშიც დაბეჭდილი იყო XX საუკუნის ქართული ლიტერატურის თითქმის ყველა შედევრი!.

ყველა პრობლემა, რომელიც იმ წერილშია ნახსენები, დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც მაშინ. სრულებით არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ "მნათობი" დაიხურა.

"ქართულ კულტურას სახელმწიფოს დახმარების გარეშე არსებობა არ შეუძლია, თავისუფლება კულტურის ენით მეტყველებს, ამდენად, კულტურაც სახელმწიფოებრივი ფენომენია, მით უმეტეს, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა", - ვწერდი "ღია წერილში".

დღესაც მინდა იგივე გავიმეორო, ოღონდ უფრო ხმამაღლა და ყველას გასაგონად!..