"მე უფალი მაძლევს ძალას და ბევრ კეთილ ადამიანს მახვედრებს" - კვირის პალიტრა

"მე უფალი მაძლევს ძალას და ბევრ კეთილ ადამიანს მახვედრებს"

"უკვე ვიცი, რომ ცხოვრება ბრძოლაა და არ უნდა გავზარმაცდე. ამიტომ ვცდილობ, ბევრი რამ ვისწავლო და სულაც არ ვიყო უძლური"

ჩვენს მკითხველს ეხსომება, პატრიარქის 12 წლის სტიქაროსანი ნიკოლოზ ჩლაიძე, რომელსაც ორივე ქვედა კიდური მუხლს ზემოთ ამპუტირებული აქვს. როდესაც ექიმებმა ნიკას დედას, სოფიო გულიკაშვილს უთხრეს, თანდაყოლილი ანომალიის გამო თქვენი შვილი მთელ სიცოცხლეს ეტლში გაატარებსო, დედამ  მძიმე გადაწყვეტილება მიიღო, - ნიკას კიდურების ამპუტაციას დასთანხმდა. ასე ერჩივნა, ოღონდ თავის დედისერთა ეტლში არ ენახა და თანახმა იყო, მის პატარას პროთეზებით ევლო.  ყოველ 6 თვეში ნიკოლოზს ახალი პროთეზი სჭირდება. პროთეზი კი ძალიან ძვირი, 11 ათასი ლარი ღირს. ნიკოლოზის ხელმოკლე ოჯახი ამხელა ხარჯს როგორ აუვიდოდა, მაგრამ ღვთის მადლით ამქვეყნად  კეთილი ადამიანების  წყალობით პროთეზებისთვის საჭირო ფული ჩნდებოდა.

შარშან საახალწლოდ ნიკოლოზ ჩლაიძემ "კვირის პალიტრას" სურვილი გაუმხილა, - მინდა თოვლის ბაბუამ მობილური ტელეფონი მაჩუქოსო. ნიკას ნატვრა ჩვენს გაზეთში დაიბეჭდა თუ არა, არაერთი კეთილი ადამიანი დაგვიკავშირდა, რომელთაც ნიკას გახარება მოინდომეს და... 1-ელ იანვარს დილით ნიკამ მობილური ტელეფონი მიიღო.

სოფიო გულიკაშვილი: - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით სექტემბრიდან ნიკას  ხატწერაზე უნდა ევლო მამა ისააკთან, მაგრამ ვერ შეძლო. სანამ ხატწერის გაკვეთილზე მივიდოდით, რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა გვიწევდა. ნიკას კი ჩემს დაუხმარებლად ძალიან უჭირს ტრანსპორტში ასვლა-ჩამოსვლა. ერთხელ სამარშრუტო ტაქსი გავაჩერეთ. შევეცადეთ, ჩქარა ავსულიყავით, თუმცა, ნიკას როგორც ყოველთვის გაუჭირდა და მძღოლმა გვისაყვედურა, ცოტა დაუჩქარეთო. ნიკამ ცრემლიანი თვალებით შემომხედა და ჩამილაპარაკა, დედა, გეხვეწები,  არ თქვა, რომ პროთეზები მაცვიაო. ამიტომაც სხვის ჭერქვეშ შეხიზნულებმა მანქანის ყიდვა გადავწყვიტეთ. ეს ნიკასთვის აუცილებელი იყო და არა ფუფუნება. ორთეზისტთა და პროთეზისტთა ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ბატონმა გუტა ვაშაძემ სხვადასხვა ორგანიზაციას თხოვნით მიმართა, რომ ნიკას ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში დახმარებოდნენ. ბატონ გუტას წერილები "კვირის პალიტრის" იმ ნომრებთან ერთად დავარიგე, სადაც ნიკაზე წერდით და... დაიწყო შემოწირებულობები "გუდვილისგან", "სოკარის" თანამშრომლებისგან, შპს "ქართუ უნივერსალიდან", შპს "ეი ბი სი ფარმაციის", შპს "დემასის", "ზოდი პლიუსის" და კერძო პირებისგან. კეთილი ადამიანების შემოწირულ თანხას ნასესხები ფული დავამატეთ და მანქანა ვიყიდეთ.

ნიკოლოზი: - მანქანის მარკა მე შევარჩიე. იცით, რა ლამაზია? დაბალი მანქანიდან გადმოსვლა მიჭირს. ჩვენი მანქანა კი მაღალია და დაუხმარებლად გადმოვდივარ. ახლა უკვე მანქანა გვყავს და დედა მატარებს.

თქვენს გაზეთს ისევ ვეტყვი წელს, რაც მინდა საჩუქრად. თოვლის ბაბუა წაიკითხავს და მჯერა, უასათუოდ მაჩუქებს ფოტოაპარატს. მინდა ჩვენი მანქანით ქალაქგარეთ ტაძრები მოვიაროთ და თან ფოტოებს გადავიღებ.

სოფო: - უწმინდესმა ჰკითხა ნიკას, რომელი ცხოველი გიყვარსო. კურდღელიო, - უპასუხა ნიკოლოზმა. კურთხევას გაძლევ, რომ კურდღლები მოაშენოო, უთხრა პატრიარქმა, მაგრამ, სამწუხაროდ უწმინდესის კურთხევას ვერ ვასრულებთ, რადგან მერვე სართულზე ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობთ ქირით, რომელსაც აივანიც კი არა აქვს.

ნიკოლოზი: - უწმინდესმა ბრძანა, დედაჩემი ამბობდა, ორი რამ კარგად დაიმახსოვრეთ: პირველი - სამშობლოდან არ წახვიდეთ, საქართველოში იცხოვრეთ და მეორე -  სიღარიბეს არ შეეჩვიოთო. Mმე უკვე ვიცი, რომ ცხოვრება ბრძოლაა და არ უნდა გავზარმაცდე. ამიტომ ვცდილობ ბევრი რამ ვისწავლო და სულაც არ ვიყო უძლური. როცა დედა ცუდად არის და აფთიაქში ვეგზავნები, ლიფტი თუ არ მუშაობს, მერვე სართულიდან ფეხით ჩავდივარ. მე უფალი მაძლევს ძალას და ბევრ კეთილ ადამიანს მახვედრებს.

სოფიო: - არასოდეს დამავიწყდება ნიკას სიხარული, როდესაც "კვირის პალიტრამ" თავის იუბილეზე მიგვიწვია და საჩუქრად "საქართველოს ისტორიის" ოთხტომეული გადმოგვცა. ნიკას  ამხელა თავყრილობა არასოდეს ენახა და კარგა ხანს იხსენებდა თქვენთან ერთად გატარებულ რამდენიმე ბედნიერ საათს. როდესაც "კვირის პალიტრაში" დაწერეთ, ნიკას პროთეზები დაუპატარავდა და სკოლაში ვეღარ დადისო, იტალიაში მცხოვრები ქართველი ფიზიოთერაპევტი გამოგვეხმაურა. მისი დახმარებით იტალიაში გავემგზავრეთ, სადაც ნიკას კომფორტული პროთეზი დაუმზადეს.

თქვენი გაზეთის ერთგულმა მკითხველმა, ავთო ბენდელიანმა ნიკა ზაფხულში ზღვაზე დაპატიჟა თავის სასტუმროში.

გვიან საღამოს ჩავედით და დაღლილს ვახშმის მერე მალევე ჩაეძინა. Nნიკამ დილით ბედნიერი სახით გაიღვიძა და მითხრა, ასე კარგად არასოდეს მიძინიაო. ძალიან რბილი საწოლი (სახლში ნიკას გასაშლელ დივანზე სძინავს) და ლამაზი ოთახიაო.   მასპინძელმა მთელი კვირის განმავლობაში ულამაზესი დღეები აჩუქა ნიკას. Nნიკა ოცნებობს სახლზე, სადაც ასეთი განიერი და რბილი საწოლი ექნება. ასევე ძალიან უნდა, რომ მის სახლს ეზო ჰქონდეს, სადაც ხეებს დარგავს. უწმინდესი ბრძანებს, ბოლო ჟამი მოახლოვდა და სიკეთის კეთება ვიჩქაროთო. ნიკა სახლიდან გასვლისას ყოველთვის მახსენებს უპოვრებს, დედა, ფული წამოიღეო. ნიკას წყალობით ხომ უამრავ კეთილ ადამიანს შემახვედრა უფალმა.

(სიუჟეტი იხილეთ palitratv.ge-ზე)

ვისაც გსურთ დაეხმაროთ ნიკა ჩლაიძეს, დაუკავშირდით:

მიმღების ბანკი:

საქართველოს ბანკი

ბანკის კოდიBAGAGEBAGAGE22

მიმღების დასახელება: ჩლაიძე ნიკოლოზი

მიმღების ნომერი: GE26BG0000000482130500