ფრთხილად, გველებს სურდო არ შეეყაროთ! - კვირის პალიტრა

ფრთხილად, გველებს სურდო არ შეეყაროთ!

"გველებს ფილტვების ანთებაც უვითარდებათ!"

2013 წელი გველის წელია. ამ ქვეწარმავლის შესახებ ბევრი მითი და რეალობა გვსმენია, თუმცა უმეტესობას გველთან მიახლოება კი არა, მისი დანახვაც კი თავზარს სცემს. გველის წელში ვარ დაბადებული და ყოველთვის მინდოდა, უფრო მეტი მცოდნოდა მასზე. ამიტომ თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმს ვესტუმრე.

გურამ წიკლაური, თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმის კურატორი: - 41 სახეობის ქვეწარმავალი გვყავს, მათ შორის გველიც, ხვლიკიც, მანგუსტიც, ნიანგიც და კუც. გველების რამდენიმე სახეობა შემოვიყვანეთ ერევნიდან, ალმათიდან, ნაწილი - აფრიკიდან, ტანზანიიდან. ზოგჯერ ვყიდულობთ ან სხვა ცხოველებზე ვცვლით. მაგალითად, თბილისში ერთ ქალბატონს პითონი შინ ჰყავდა და მოგვიყვანა. მეც მყავს შინ ჩრდილოამერიკული სიმინდის მცურავი. შვილებსაც და შვილიშვილებსაც ისე ვზრდი, გველისა არ უნდა ეშინოდეთ. მე რომ მკითხოთ, მასზე ლამაზი და სუფთა არსება არ მეგულება. სამყაროში სულ რამდენიმე სახეობის გველი ერჩის ადამიანს. შემთხვევების 99%, როცა გველი გესლავს ადამიანს, მხოლოდ თავდაცვითი რეაქციაა.

სამეფო კობრაც კი, რომელიც შხამიან გველებში ყველაზე დიდია და 5,5 მეტრს აღწევს, მხოლოდ მაშინ არის აგრესიული, როცა კვერცხს დებს და წიწილების გამოჩეკამდე იცავს მათ. ამ დროს თუ მახლობლად ადამიანი გამოჩნდა, შესაძლოა, თავს დაესხას. თუმცა, შესაძლოა, თავისი ახალგამოჩეკილი "შვილებიც" კი შეჭამოს. სხვათა შორის, სამეფო კობრა მხოლოდ გველებით იკვებება. ყველა პითონი თავის კვერცხებს ძალიან უფრთხილდება და კრუხივით აზის მათ. როცა გველს ხედავ, ის უკვე საშიში აღარ არის. ამ დროს ორი ნაბიჯით უკან უნდა დაიხიო და დაანახო, რომ თქვენ შორის არსებობს უსაფრთხო მანძილი. შესაძლოა, ამ დროს გაგაფრთხილოს, დაისისინოს, რომ გაერიდო. კობრაც იმიტომ დგება ყალყზე და შლის ლაყუჩებს მარაოსავით, რომ აფრთხილებს ადამიანს, - წადიო. ასეთ დროს თუ მაინც არ გაერიდე, კობრამ შესაძლოა გასაფრთხილებლად რამდენჯერმე დახურული პირით დაგარტყას და მხოლოდ ამის შემდეგ გიკბინოს.

- რით კვებავთ გველებს?

- ზოგი იკვებება ძუძუმწოვრებით და შესაბამისი ზომის ნადავლს არჩევს - თაგვს, ვირთაგვას, კურდღელს. ზოგი ღორსაც ჭამს. გვყავს პითონი, რომელსაც ანტილოპას შეჭმაც შეუძლია.

- გველებს თუ აშენებთ?

- სპეციალური მანიპულაციებით ხდება გველების გამრავლების სტიმულირება. ზოგს ამისთვის ზამთართან მიახლოებული პირობები სჭირდება, ანუ დღის სინათლის მიწოდება უნდა შეუმცირო. გარდა ამისა, არსებობს შესაბამისი პრეპარატები. შემდეგ ხდება მათი შეჯვარება. სხვათა შორის, ეს ძალიან შთამბეჭდავი და ემოციური პროცესია. გველების ნაწილი კვერცხს დებს, ნაწილი ცოცხლად შობს ნაშიერს.

იშვიათ შემთხვევაში "მშობიარობის" პროცესში ქირურგიული ჩარევაც ხდება საჭირო.

სხვათა შორის, მამალ გველს ორი სასქესო ორგანო აქვს.

- გველებიც ხდებიან ავად? სურდო ხომ არ შეეყრებათ ხოლმე?

- გველები ხშირად ავადმყოფობენ. სურდო კი ძალიან საშიშია გველისთვის. თუ დაემართა, ფილტვების ანთება უვითარდება და წამლებსაც ვასმევთ, ნემსსაც ვუკეთებთ და თუ საჭირო გახდა, ზონდით კუჭსაც ვურეცხავთ.

- ყველაზე გრძელი გველი რომელი გყავთ?

- აფრიკული კლდის პითონი, ახლა 4 მეტრი სიგრძისაა, ისე 7-8 მეტრამდე იზრდება. აფრიკაში იშვიათად, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა ამ სახეობის პითონს ადამიანი გადაუყლაპია.

- საქართველოში გავრცელებული გველები თუ გყავთ?

- გვყავს გიურზები, რომელიც სიგრძეში 1,70-1,80 მეტრი იზრდება, გამონაკლისის სახით არსებობს 2-მეტრიანი ეგზემპლარებიც.

- ზაფხულობით თბილისშიც არაერთხელ უნახავთ გველი...

- თბილისში ბევრი სახეობის გველი შეიძლება შეგხვდეთ, მაგრამ მათ შორის შხამიანი არ არის.

- თქვენი აზრით, ყველაზე ლამაზი გველი რომელია?

- ძალიან მომწონს ინდონეზიური წყლის პითონი, რომელიც შემიძლია მხოლოდ ძალიან ლამაზ ქალს შევადარო. ასევე წითელი აფრიკული კობრა, რომელიც შხამს თვალებში აფურთხებს ადამიანს. შენიშნავდით, რომ მისი ტერარიუმის მინა სულ დასვრილია შხამით. ზოგჯერ ისეთ საოცრებებს "ხატავს" შხამით მინაზე, რომ გაოცებულები შევყურებთ ხოლმე.

- ერთგულება თუ იცის გველმა?

- შეიძლება მიიჩვიო, მაგრამ ძაღლივით და ცხენივით ერთგული მაინც არ არის. გველის სიბრძნეც ძალიან გადაჭარბებული მგონია, მაგრამ ის, როგორც ბიოლოგიური სახეობა, უკვე მრავალი მილიონი წელია არსებობს და თითქმის ყველა ბუნებრივ პირობებს შეეგუა.

P.S. საუბრის დასასრულს ბატონმა გურამმა ტერარიუმიდან სწორედ ის ყველაზე ლამაზი ინდონეზიური პითონი გამოიყვანა და დაახლოებით 2-მეტრიანი ქვეწარმავალი პირადად გამაცნო. როცა მისი ხელში აყვანა გადავწყვიტე, დამამშვიდა: - შეიძლება გიკბინოთ, მაგრამ არ შეგეშინდეთ, შხამიანი არ არისო(?!).

(სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე)