რას ნიშნავს კოჰაბიტაცია გურულად?! - კვირის პალიტრა

რას ნიშნავს კოჰაბიტაცია გურულად?!

"მე და მიქელგაბრიელი რომ შეხმატკბილებულად ვარსებობთ, აბა, ამას რა ჰქვია?!"

გასულ წელს "კვირის პალიტრამ" ერთი მეტად უცნაური კაცი, რევაზ დოლიძე გაგაცნოთ, რომელმაც კლინიკური სიკვდილი 25-ჯერ გადაიტანა. საბედნიეროდ, ის დღესაც თავს მშვენივრად გრძნობს და საკუთარ თავსა და პოლიტიკურ სიტუაციებზეც ხუმრობს. მკითხველმა მას საიქიოდან მობრუნებული შეარქვა, ექიმები კი დღემდე ვერ ხსნიან  რევაზ დოლიძის გამძლეობის საიდუმლოს.

ბატონი რეზო 2012 წლის 21 დეკემბერს (როცა სამყაროს აღსასრული იყო ნაწინასწარმეტყველები) ადრიანად მოვიკითხე, თან თავი დავიმშვიდე, - რაც უნდა მოხდეს, ეს კაცი მაინც გადარჩეBბა და ე. ი. წინასწარმეტყველებას ასრულება არ უწერია-მეთქი. "ამჯერად თრომბმა გამიარა და საავადმყოფოში ვწევარ, მაგრამ მაინც გადავრჩი. მიქელგაბრიელთან საქმე მაქვს ჩაწყობილი"! - გვითხრა ბატონმა რეზომ. მან მშვენივრად იცის, რატომაც გადარჩა, - ჯერ ერთი, მიქელგაბრიელს თურმე მისი იუმორი მოსწონს და მეორე - რევაზ დოლიძეს შინ მუდამ აქვს ღვინო. ღვინო რა შუაშიაო, იკითხავთ და გურულ რევაზ დოლიძეს ამაზეც აქვს "ახსნა-განმარტება".

- ახალი წელია და მიხოს მიაკითხა მიქელგაბრიელმა, უნდა წაგიყვანოო. აუჰ! - შემოიცხო თავში ხელი მიხომ, ერთი-ორი ლიტრი ღვინო კიდევ დამრჩა დასალევი, ბარემ ერთად დავლიოთ და მერე წავიდეთო. კარგიო, დაეთანხმა მიქელგაბრიელი. დალიეს, გათავდა ღვინო, ადგა მიქელგაბრიელი და მიდის. სად მიდიხარო, აღმოხდა მიხოს. შენ კაი კაცი ყოფილხარ და იცოცხლეო! - უთხრა შეზარხოშებულმა მიქელგაბრიელმა. უცებ მეზობლის ოჯახში ატყდა კივილი. შალო მამკვდარა! - უთხრა მიხოს ცოლმა. მაგი დედა ვატირე, კაცს ორი ლიტრა ღვინო როგორ არ უნდა გქონდეს სახლშიო! - შეწუხდა მიხო.

ჰოდა, მეც ექიმები სიკვდილს ხელიდან როცა მგლეჯდნენ, ვეუბნებოდი, ბიჭებო, აბა, თქვენ იცით, ღვინო მაქვს-მეთქი!

- ხუმრობის თავი მაინც გქონდათ?

- ვკვდებოდი და აღარც მეხუმრა? თანაც ანეკდოტებით რომ ვართობდი უძინარ ექიმებს, უფრო ფხიზლად იყვნენ.

- ახლა გული აღარ გაწუხებთ?

- კი, მაგრამ მიქელგაბრიელი აღარ მაწუხებს. წელს სულ ორჯერ გავხდი ცუდად (უკვე იცით, რომ მეორედ თრომბი გამეჭედა სისხლძარღვებში). პირველად კი ჩოხატაურის რაიონის სოფელ ამაღლებაში ვისვენებდი, როცა გულმა შემომიტია. უცბად შეიცვალა ამინდი, აცივდა და ისეთი წვიმა წამოვიდა, უტორმუზოდ ხვლიკებიც ვერ დადიოდნენ. არიქა, სასწრაფოს დაურეკეთ-მეთქი, ვუთხარი ცოლს. თურმე, როცა დაზღვეული ხარ, ჯერ თბილისში უნდა დაურეკო სასწრაფოს და ისინი გამოგიგზავნიან მანქანას. როგორ გინდა, სასწრაფო დახმარების მანქანამ მოგაკითხოს თავსხმა წვიმასა და ტალახში, ისიც თბილისიდან?! თბილისში ვრეკავ და მეკითხებიან მისამართს. ვპასუხობ, რომ ტყეში ვარ და ჩემი სახლი დანომრილიც არ არის. არა უშავს, სახელი და გვარით მოგძებნიანო, მამშვიდებენ ცენტრიდან. არადა, ეს სოფელი სულ დოლიძეებისაა, ჩემ გარდა 10 რეზო დოლიძე მაინც ცხოვრობს! ჰოდა, ექიმებმა დიდი წვალებით მომაგნეს და ეს ამბავი ისე გაუხარდათ, სახლში სულ სიცილ-კისკისით შემოცვივდნენ! იმ დროს გული ძლივს მიცემდა...  საბედნიეროდ, ისევ  ყველაფერი "ჰეფი ენდით" დასრულდა. ბოლო დროს, ჩემი მეგობრებიც ხუმრობენ, რეზო, შენი მდგომარეობა საქართველოსას ჰგავსო.

- მაინც რით ჰგავს, ბატონო რეზო?...

- კითხვა უნდა ამას? რაც ამ ქვეყანამ გადაიტანა, მე მონაგონი ვარ, ის კი მაინც დემოკრატიისა და განვითარების გზაზეა.

- შეიცვალა მთავრობა, აშენებულ ხიდებს დანგრევა ემუქრება, პარლამენტს - თბილისში გადმოტანა..

-  რაღას დააგორიალებენ კვერცხივით ამ პარლამენტს? კვერცხსა და ხიდებზე  ერთი კურიოზული ამბავი გამახსენდა: კომუნისტებს კვერცხის ჩაბარების გეგმა ჰქონდათ. გურიაში ერთი სოფელი ვერ ასრულებდა გეგმას და გაუგზავნეს ცეკას წარმომადგენელი. მან შეკრიბა ხალხი რაიკომში და პროპაგანდისტულად დამუშავება დაუწყო. წამოდგა ერთი გურული და უთხრა: კვერცხის მეტი რა გვაქვს, მაგრამ ჩვენს სოფელს მდინარე ყოფს, რომელიც დროდადრო დიდდება ხოლმე, ხიდი არ ვარგა და ვერ გადმოვდივართ, რომ კვერცხები დროულად ჩავაბაროთო. ცეკას წარმომადგენელი მოიქოქა, - თუ ასეა, საუკეთესო ხიდს აგიშენებთო. გურულმა თავი გადააქნია, როდის იყო კვერცხის მათხოვარი ხიდს აშენებდაო. ასე იყო წინა მთავრობის საქმეც და მაგათი გაკეთებული გზებიც არ გაიშვას! თბილისში გასაკეთებელია ჩემს სახლთან გზა და ყურადღებას არავინ მაქცევს. 6 წელიწადია ვწერ მერიას წერილებს. ადგილობრივი არჩევნების წინ გიგი უგულავა დაგვპირდა, ეზოშიც კი დაგიგებთ ასფალტსო, მაგრამ აირჩიეს თუ არა, დაპირება დაავიწყდა. მივწერე მერიას წერილები და ვიღაც უმფრიანთან გადამამისამართეს, იმან კიდევ მიპასუხა, გზას ვერ დაგიგებთ, ფონდი აღარ გვაქვსო. ბოლოს კიდევ ერთი წერილი გავაშანშალე და პოსტ სკრიპტუმად დავურთე, - ჩემს სახლთან გზა თავქვე მიექანება, ჰოდა, რომ მოვკვდე, შეიძლება კუბო ხელიდან გაუვარდეთ და ასეთ ცოდვას ნუ დაიდებთ, გზა მაღირსეთ-მეთქი. იცინეს ბევრი, მაგრამ გზა მაინც არ დამიგეს, აქაოდა, თქვენისთანა კაცს სიკვდილი არ უწერიაო.

- დიდხანს იცოცხლეთ, ბატონო რეზო...  დასასრულ, არ შემიძლია, არ გკიYთხოთ, რას ნიშნავს კოჰაბიტაცია გურულად და პირადად თქვენ როგორ გესმით ამ სიტყვის მნიშვნელობა, რომელიც დღეს ძალზე პოპულარულია?

- (წამით ფიქრობს) რას და მე და მიქელგაბრიელი რომ ვარსებობთ ასე შეხმატკბილებულად, ეს უკვე კოჰაბიტაციაა, ჩემო ბატონო! საქართველო არის ქვეყანა, სადაც ეს შესაძლებელია და ვერ გავიგე, რა ანაღვლებთ უცხოელებს?!