ბრმა, რომელიც ხედავდა - კვირის პალიტრა

ბრმა, რომელიც ხედავდა

არგენტინელები უცნაური ხალხია. არა იმიტომ, რომ როგორც ყველა სამხრეთელი ერი, ექსპრესიულები არიან და, ჩვენი არ იყოს, დარწმუნებულნი, რომ "რაც კარგები ვართ, არგენტინელები ვართ!", არამედ იმიტომაც, რომ ამ "მსოფლიოში საუკეთესოობის" დასამტკიცებლად "რკინისებური არგუმენტები" მოჰყავთ, მაგალითად, ასეთი: "ტყუილად რომ ვტრაბახობდეთ, მაშინ ვიტყოდით, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფიზიკოსები ან კომპოზიტორები გვყავს, მაგრამ ამას ხომ არ ვამბობთ?! რაც შეეხება ცეკვას, ფეხბურთსა და მწერლობას - აქ არგენტინა პირველია!" და, რასაკვირველია, დღესდღეობით მესის, უფრო ადრე - მარადონას, კიდევ უფრო ადრე - პასარელასა თუ დი სტეფანოს დაიმოწმებდნენ ფეხბურთში, ტანგოს პირველობის მტკიცებისათვის დროსაც არ დახარჯავენ, ხოლო პროზაში კორტასარის, ბორხესისა და კასარესის ხსენებასაც საკმარისად ჩათვლიან (თუმცა კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება) და ისევე როგორც სხვა "მსოფლიოში პირველი ხალხი", მართლებიც იქნებიან, რადგან ძალიან, ძალიან კრიტიკულად განწყობილი სკეპტიკოსისთვისაც კი ამ მტკიცებაში ნამდვილად არის სიმართლის მარცვალი.

თითქმის სრულდება "კვირის პალიტრის" ძალიან წარმატებული (ახლა უკვე დანამდვილებით შეიძლება ამის თქმა) პროექტი და იმის მიუხედავად, რომ წიგნები არც მიღებულ ხმათა რაოდენობით (ისინი ხომ მკითხველთა შორის ჩატარებული "არჩევნების" შედეგად შეირჩა), არც ქრონოლოგიით და არც რაიმე სხვა კრიტერიუმით არ დაგვილაგებია, მაინც ნიშანდობლივია, რომ ბორხესი ბოლოსკენ მოხვდა, რადგან, ცხადია, ჩვენს მკითხველს კიდევ ბევრი "50 წიგნი" ექნება წაკითხული, მაგრამ თუკი პროექტის სლოგანს ("50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ") პირდაპირ გავიგებთ და ამ 50 წიგნის წაკითხვას "საკმარისად" ჩავთვლით, მაშინ მართლაც საჭიროა, რომ მკითხველმა გარკვეული "მომზადება" გაიაროს, უკვე "პროფესიონალი მკითხველი" გახდეს და მერეღა შეუდგეს ბორხესის პროზის კითხვას.

მართლაც, ეს არც მოპასანია - სასიყვარულო ინტრიგებით სავსე სიუჟეტებით და არც გოლზუორთი ან დიუმა - ორ ან სამ წიგნად გაშლილი, ათწლეულების მანძილზე მიმდინარე ამბებით. ბორხესის ყველაზე ვრცელი მოთხრობა 14 გვერდია და რაც მთავარია, ბევრ მის მოთხრობაში საერთოდ არ არის სიუჟეტი, კლასიკური გაგებით...

ძალიან ძნელია ბორხესზე წერა, არა მხოლოდ უკვე ნათქვამის - რთული და "გაუგებარი" პროზის გამო, არამედ იმიტომაც, რომ მისი ბიოგრაფია ძალიან ღარიბია განსაკუთრებული მოვლენებით, ექსტრავაგანტური ეპიზოდებით.

თუმცა, უინტერესო იყოო, მის ცხოვრებაზე ვერავინ იტყვის, მაგრამ უფრო მძიმე, ტკივილებით სავსე შეიძლება ეწოდოს, იმის მიუხედავად, რომ დიდების ზენიტში ყოფნასა და საკუთარი ხალხისაგან გაღმერთებას სიცოცხლეშივე მოესწრო.

და მაინც, ბორხესი-ადამიანი არასოდეს ყოფილა ბედნიერი, ბავშვობიდან სიკვდილამდე: სკოლაში თანატოლები დასცინოდნენ და ურტყამდნენ (როგორც ბევრ სხვა "სათვალიანსა" და "წიგნის ჭიას"), საქმე სასწავლებლის გამოცვლამდეც კი მივიდა; ხოლო ცხოვრების ბოლოს მართლაც მწერლურ ოლიმპზე მყოფს ისე მოაბეზრეს თავი თანამემამულეებმა, რომ როდესაც ბიოფსიამ თირკმლის კიბო დაადასტურა, მათ შვეიცარიაში გაექცა, რათა წყნარად მომკვდარიყო - არგენტინაში ის უკვე "ეროვნულ ღირსშესანიშნაობად" ითვლებოდა, ქუჩაში ვეღარ გადიოდა, რომ ბრბო არ შემოხვეოდა, მის ბინაში კი გიდებს ექსკურსანტები დაჰყავდათ, რომ "ცოცხალი სასწაული" ეჩვენებინათ!..

განსაკუთრებული ეპიზოდებით ღარიბიო - მის ცხოვრებაზე ვთქვით, ბოლო 30 წელიწადზე მეტი სრულიად ბრმა იყო და იქნებ ამის გამოც, მაგრამ ორიგინალური არ იყოო, ვერავინ იტყვის მასზე, დაბადებითაც კი არა ჩვეულებრივად 9-თვიანი ან თუნდაც 7-თვიანი, არამედ 8-თვიანი დაბადებულა! მამას, ხორხე გილერმო ბორხესს პირველი, რაც ბიჭის ნახვისას გაუკეთებია, მისთვის თვალებში ჩაუხედავს და შვებით ამოუსუნთქავს: ცისფერი თვალები აქვს, ესე იგი, თუკი ფერით დედის თვალებს დაემსგავსა, არც ბორხესების საგვარეულო ავადმყოფობა - სუსტი მხედველობა გამოჰყვებაო.

სამწუხაროდ, დედას მხოლოდ თვალების ფერით დაემსგავსა, სათვალე მალევე დასჭირდა (და ბავშვობაც ჩაუმწარა, როგორც უკვე ვთქვით), 27 წლისამ კატარაქტის პირველი ოპერაცია გადაიტანა (სულ რვა ოპერაცია გაიკეთა), 55 წლისა კი სრულიად დაბრმავდა. რაც მთავარია, იმის მიუხედავად, რომ სამშობლოში მალევე დააფასეს ("რაც კარგები ვართ - არგენტინელები ვართ!"), ნამდვილ აღიარებას 60 წელს გადაცილებულმა, უკვე დაბრმავებულმა და ცხოვრებას ასე თუ ისე მოწყვეტილმა მიაღწია. ეს აღიარებაც "სანახევრო" იყო: 1961 წლის ფორმენტორის პრესტიჟული ლიტერატურული პრემია სემუელ ბეკეტთან გაიყო; თუმცა, სწორედ ამის შემდეგ გაიცნო მსოფლიომ: მისი ნაწარმოებები ითარგმნა ინგლისურად, გერმანულად და ფრანგულად და იმის შემდეგ არ გასულა წელიწადი, რომ რაიმე პრემია ან რომელიმე ქვეყნის სახელმწიფო ჯილდო, თანაც არაერთი, არ მიეღოს ბორხესს. ის კი... მოთმინებით ელოდა ნობელის პრემიას და თან ხუმრობდა, "ფუტურისტი" ვარ იმ გაგებით, რომ მომავლის მჯერა - მომავალში აუცილებლად მივიღებ ნობელის პრემიასო! 1970 წელს წარადგინეს კიდეც, მაგრამ შვედმა პროფესორებმა - ნობელის კომიტეტის წევრებმა ის ფაშიზმის მხარდამჭერად და დიქტატორის მეგობრად შერაცხეს და ბორხესი უპრემიოდ დარჩა. მისი ცხოვრების ეს მხარე - დამოკიდებულება პოლიტიკისა და პოლიტიკოსებისადმი დღემდე საკამათო თემად რჩება ლიტერატურის ისტორიკოსთა და მის ბიოგრაფთა შორის, თუმცა, უმეტესობა თანხმდება, რომ დაბრმავებულ და ამქვეყნიურ სიმართლეებს განრიდებულ ბორხესს მართლაც არ შეეძლო სცოდნოდა რას სჩადიოდნენ მისი "მეგობრები" - არგენტინისა თუ ჩილეს სამხედრო ხუნტის ლიდერები. ბოლოს, გვიან, ძალიან გვიან, 80 წელს გადაცილებულმა, როდესაც დარწმუნდა პოლიტიკოსთა ნაავკაცარში, არგენტინის მთავრობას საჯაროდ უწოდა "შეშლილ განგსტერთა ბანდა".

მაგრამ დღეს, მისი სიკვდილიდან 27 წლის შემდეგ, თითქმის აღარავის აინტერესებს მისი პოლიტიკური სიმპათიები, ხოლო რაც დრო გავა, კიდევ უფრო მეტად მხოლოდ მისი ტექსტები იქნება აქტუალური - ბრმა მწერლისა, რომელიც, ერთი კრიტიკოსის თქმით, "პოსტმოდერნისტი უკვე მაშინ იყო, სანამ პოსტმოდერნიზმი დაიბადებოდა" და რომელიც ყველა თვალხილულზე უკეთ ხედავდა.