"გზა" მკითხველისკენ! - კვირის პალიტრა

"გზა" მკითხველისკენ!

"რეპუტაციისა და სანდოობისთვის" გამარჯვებული!

ჟურნალი "გზა" საპატიო ნომინაციის გამარჯვებული გახდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილის" მიერ ორგანიზებულ "ქართული ბრენდის დღეზე" "პალიტრამედიის" გამოცემას გადაეცა პრიზი "რეპუტაციისა და სანდოობისათვის", რაც მკითხველის სიყვარულის კიდევ ერთი გამოხატულებაა. მეათე წელია სააგენტო "პროფილი" გამორჩეულ ქართულ ბრენდებს აჯილდოებს. რამდენიმე წლის წინ რეპუტაციისა და სანდოობისათვის გაზეთი "კვირის პალიტრა" დაჯილდოვდა.

მანანა გეგიძე, სააგენტო "პროფილის" გენერალური დირექტორი: "ნომინანტების გამოსავლენად საველე კვლევები ჩატარდა. გარდა ამისა, არსებობს პორტალი "ქართული ბრენდი", სადაც ბრენდებს შეუძლიათ თავიანთი რეიტინგი ნახონ, მომხმარებელს კი - თავისი ფავორიტი ბრენდისთვის ხმის მიცემა. არსებობს ეს კვლევებიც, - ნომინანტის გამოვლენამდე ექსპერტთა ჯგუფი მსჯელობს ამა თუ იმ პროექტის წარმატებულობაზე. "გზამ" ეს ჯილდო იმიტომ დაიმსახურა, რომ ბევრ ინოვაციურ პროექტს ჩაუყარა საფუძველი და შესაბამისად, ეროვნული საქმე გააკეთა. "გზა" ძალიან მაღალი დონის ჟურნალია და ღირსეულად მიიღო ეს ჯილდო".

მარიკა დარჩია, "პალიტრამედიის" კრეატიული დირექტორი: "სხვადასხვა გამოკითხვით ჩვენ ლიდერები ვართ არა მარტო ბეჭდურ მედიაში... ძალიან გამიხარდა, რომ ჟურნალმა "გზამ", მართლაც გამორჩეულმა ბრენდმა, გაიმარჯვა ნომინაციაში "ნდობა და რეპუტაცია". თუმცა ასეთი აღიარება არ გამკვირვებია. მინდა ჟურნალს ვუსურვო წარმატება და ბევრი საინტერესო სტატია. "გზა" მართლაც ძალიან კარგი ჟურნალია".

ზურაბ აბაშიძე, ჟურნალ "გზის" მთავარი რედაქტორი: "ჟურნალის არსებობის მეცამეტე წელს ასეთი აღიარება ძალიან სასიამოვნოა. ჩვენ მართლაც ბევრი მკითხველის ნდობა დავიმსახურეთ. ბევრ გაჭირვებულ ადამიანს გვერდით დავუდექით და ჩვენი მეშვეობით მათ სხვებიც დაეხმარნენ. მკითხველის ნდობა გარკვეულწილად ამის შედეგიცაა.

ჩვენი ამოცანა მხოლოდ მკითხველის ინფორმირება არ არის. ჟურნალში არის რუბრიკები, სადაც ჩვენი რესპონდენტები მკითხველებს რჩევა-დარიგებას აძლევენ. ვცდილობთ, გავაშუქოთ ის პრობლემები, რაც საზოგადოებას აღელვებს. ინფორმაციას ყოველთვის ვამოწმებთ და პასუხისმგებლობით ვეკიდებით... ცამეტი წლის წინ ჟურნალ "გზის" გამოცემა გარკვეულწილად ექსპერიმენტი იყო. არ ვიცოდით, დაიმკვიდრებდა თუ არა ადგილს. ბეჭდური მედიის ბაზარზე მრავლად იყო ჟურნალები, რაც ართულებდა გზას მკითხველისკენ. იმ პერიოდში ბევრი გამოცემა გაჩნდა, მაგრამ სამ თვეში გაქრა. ჩვენი სიცოცხლისუნარიანობა განაპირობა იმანაც, რომ ძლიერი კომპანია გვიმაგრებდა ზურგს. ჟურნალი "გზა" "კვირის პალიტრის" დამატებაა და ამიტომაც ზურგგამაგრებული გავიდა ბაზარზე. "გზამ" მოახერხა მკითხველის გულებისკენ გზის გაკვლევა.

13 წლის წინ ჟურნალი "გზა" სამათასიანი ტირაჟით გამოდიოდა და დღეს ბევრად გაზრდილია ჩვენი ტირაჟი. ეს განაპირობა მკითხველის სიყვარულმა და პროექტმა, რომელსაც "პალიტრამედიამ" ჩაუყარა საფუძველი - წიგნები ჟურნალებსა და გაზეთებთან ერთად. ვისურვებ, რომ ჟურნალ "გზის" ტირაჟი  მეტად გაიზარდოს".