"მე მიყვარს თავისუფალი პრესა" - კვირის პალიტრა

"მე მიყვარს თავისუფალი პრესა"

პროექტი, რომელმაც ბეჭდური მედია მკითხველთან დააკავშირა

"მე მიყვარს თავისუფალი პრესა" - უკვე ერთი წელია უნიფორმაში გამოწყობილი ადამიანები, რომელსაც ეს წარწერა ამშვენებს, თბილისსა და რეგიონებში მოსახლეობისთვის ბეჭდური პროდუქციის მიწოდებას უზრუნველყოფენ. სპეციალური ურიკებით, სტენდი-ველოსიპედებით, კვადროციკლებითა და ფოსტალიონების დახმარებით თავისუფალი პრესა, დამატებითი ფასნამატის გარეშე საქართველოს ყველაზე მაღალმთიან სოფლებსაც მიეწოდება. "თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაცია" პირობას დებს, რომ სამომავლოდ ახალი პრესა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქემდე მიაღწევს.

ლექსო ჯიქია, "თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის" აღმასრულებელი დირექტორი: "ჩვენი ორგანიზაცია ერთი წლის წინ, "საქართველოს პრესის ასოციაციის" მიერ დაფუძნდა. ეს არის არაკომერციული იურიდიული პირი და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვართ არასამთავრობო და აპოლიტიკური ორგანიზაცია. ჩვენი ძირითადი მიზანია საქართველოში სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა, მედიაორგანიზაციებისა და პრესის გამავრცელებლების, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების ინტერესების დაცვა, მათი საქმიანობის ხელშეწყობა და დახმარება. ჩვენი მიზანია ასევე ჟურნალისტიკის განვითარების ხელშეწყობა და დახმარება.

- რამ განაპირობა ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბება?

- იმ დროს, როცა საქართველოში პრესის გავრცელების დაახლოებით 12 ორგანიზაცია არსებობს, ლოგიკურად ჩნდება კითხვა - საჭირო იყო თუ არა კიდევ ერთი ორგანიზაციის შექმნა, რომელიც ბეჭდური პროდუქციის რეალიზაციას შეუწყობდა ხელს? საზოგადოებას ალბათ ახსოვს, რომ 2011 წლის შემოდგომაზე, თბილისის მერიამ გამოაცხადა ტენდერი "1000 ახალი ჯიხურის" პროექტის ფარგლებში. მერიის მიერ სატენდეროდ გამოტანილი ლოტების უმეტესობა დაემთხვა იმ ადგილებს, სადაც მანამდე პრესის სარეალიზაციო ჯიხურები იდგა. ტენდერის განმავლობაში ფასებმა იჯარაზე ისე აიწია, რომ პრესის ბევრმა გამავრცელებელმა ვერ შეძლო შეენარჩუნებინა პრესის ჯიხურები. შეიქმნა რეალური საშიშროება იმისა, რომ თბილისში ბეჭდური მედიის გავრცელების არეალი მნიშვნელოვნად შეიზღუდებოდა.

სწორედ ამ დროს შეიქმნა "თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაცია". იმთავითვე ჩვენი მიზანი იყო გაგვეზარდა პრესის ხელმისაწვდომობა თბილისის ყველა უბანში და ისეთ ადგილებშიც კი, სადაც მანამდე პრესის რეალიზაცია არ ხდებოდა. პროექტს, რომელიც ჩვენმა ორგანიზაციამ წარმოადგინა, სწორედ ასე ერქვა "თბილისის მოსახლეობისთვის თავისუფალი პრესის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა". საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" გაცნობისთანავე გამოეხმაურა ამ პროექტს და დააფინანსა.

გაუქმებული პრესის ჯიხურების ნაცვლად მოსახლეობას ჟურნალ-გაზეთების გავრცელების სრულიად ახალი და შეიძლება ითქვას ნოვატორული გადაწყვეტა შევთავაზეთ. ეს იყო მოძრავი ურიკა-სტელაჟები და ველოსიპედი-სტელაჟები, საიდანაც პრესის რეალიზაცია ხდებოდა და ფაქტობრივად მთელი ქალაქის ათვისება მოხერხდა.  პროექტის მასშტაბები გაიზარდა თბილისის პერიფერიულ უბნებში და თუ მანამდე მომხმარებელს პრესის შესაძენად სახლიდან საკმაოდ შორს უწევდა წასვლა, ახლა უკვე მისთვის კომფორტულ და მოსახერხებელ ადგილას შეეძლო ეყიდა.

ერთი კონკრეტული შემთხვევა მახსოვს, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. პირველი პრესის სარეალიზაციო ველოსიპედი რომ გავიდა ქალაქში, მეტრო "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალბატონი მიუახლოვდა და მიუხედავად იმისა, რომ უკვე ნაყიდი ჰქონდა "კვირის პალიტრა", ველოსპედის სტენდიდან კიდევ ერთი ეგზემპლარი შეიძინა. როგორც აღმოჩნდა, ასე თავისუფალი მედიის მიმართ სოლიდარობის ნიშნად მოიქცა. ზოგადად მოსახლეობა ამ სიახლეს კარგად შეხვდა, ფაქტობრივად, მოძრავი პრესის ჯიხური მივიღეთ, რომელიც მშვენივრად ჩაეწერა ქართულ რეალობაში და პრესის რეალიზაციის მაჩვენებელიც მნიშვნელოვნად გაიზარდა

ამ პროექტის ფარგლებში თბილისის მასშტაბით 13 ლოჯისტიკის ცენტრი გავხსენით და პრესის გავრცელების უკვე არსებულ ორგანიზაციებს შევთავაზეთ, თავად მოემარაგებინათ ეს ცენტრები. წარმოიდგინეთ, რომ პრესის გავრცელების სამსახურს მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილზე უხდებოდა მისვლა - ლოჯისტიკის ცენტრში, რომელსაც დაახლოებით 15-20 რეალიზატორი ემსახურებოდა. ჩვენი მიზანი იყო, რაც შეიძლება მოკლე და ეფექტური ყოფილიყო გზა, რომლითაც გამომცემლობის და მომხმარებლის დაკავშირება მოხდებოდა.

- პრესის რეალიზაციის რამდენი ასეთი ურიკა და ველოსიპედია ახლა თბილისში?

- ამ პროექტის ფარგლებში სულ 200 ასეთი მოძრავი სარეალიზაციო ობიექტი გაჩნდა, აქედან 160-165 მოძრავი ურიკა, დანარჩენი კი ველოსიპედია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის მასშტაბები თბილისს გასცდა. მას შემდეგ, რაც დავიწყეთ კვლევა იმისა, რა ხდებოდა საქართველოს მასშტაბით პრესის გავრცელების და ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, აღმოჩნდა, რომ ბეჭდური პროდუქცია, ძირითადად, რეგიონულ ცენტრებში იყიდებოდა, სოფლად მყოფ მოსახლეობამდე კი ჟურნალ-გაზეთები ვერ აღწევდა. პროექტის მეორე ნაბიჯი იყო, გავსულიყავით თბილისიდან და ამ ერთი წლის განმავლობაში პრესის სარეალიზაციო სპეციალური ურიკები და ველოსიპედები გამოჩნდა აჭარაშიც. ბათუმის გარდა პრესა რეგულარულად მიეწოდება მახინჯაურს, ჩაქვს და ხელვაჩაურს. პრესის გავრცელება დავიწყეთ ბორჯომში, ბაკურიანსა და ურეკში. ლოჯისტიკის ცენტრი გავხსენით რაჭაში: ამბროლაურში, ნიკორწმინდასა და ხოტევში დაიდგა სტაციონარული სტენდები, აღვადგინეთ ფოსტალიონის ინსტიტუტი და სამ სოფელს თითო ფოსტალიონი მთელი კვირის განმავლობაში აწვდის მათთვის სასურველ ჟურნალ-გაზეთებს. მოსახლეობას პრესის მიღება, ყოველგვარი ფასნამატის გარეშე შეუძლია მაღალმთიან აჭარაში, ხულოსა და შუახევში. პროექტის ფარგლებში ჟურნალ-გაზეთების რეალიზაცია დაიწყო ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სოფლებში, პრესა რეგულარულად მიეწოდება მცხეთა-მთიანეთის სოფლებს და წეროვანში ჩასახლებულ დევნილებს. ერთი კვირაა ლეჩხუმში, ცაგერის რაიონში, 12 სოფლის ბეჭდური პროდუქციით მომარაგება დავიწყეთ. იქ, სადაც ავტომობილით ვერ ხერხდება პრესის მიტანა, ჩვენს უნიფორმაში გამოწყობილ ფოსტალიონებს კვადროციკლები შევუძინეთ.

- პრესის ჯიხურების გაუქმებას ძალიან ბევრი ადამიანის უმუშევრად დარჩენა მოჰყვა. თქვენი პროექტის ფარგლებში რამდენი ადამიანის დასაქმება მოხერხდა?

- როცა პროექტი უკვე დამტკიცებული იყო, რეგულარულად ვაქვეყნებდით განცხადებას და პრესის რეალიზატორებს ვიწვევდით სამუშაოდ. მახსოვს, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში 1100 ადამიანს შევხვდი. საბოლოოდ,

მხოლოდ თბილისში 200 ადამიანი დავასაქმეთ და ბაზარზე არსებული რეალობიდან გამომდინარე ხელსაყრელი ანაზღაურება შევთავაზეთ, თვეში დაახლოებით 500 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, პრესის გამავრცელებელ კომერციულ ორგანიზაციებს აქტიურ მდგომარეობაში  შევუნარჩუნეთ პრესის რეალიზაციის წერტილები მანამ, სანამ ისინი იქ ჯიხურის ჩადგმას შეძლებენ.

13 ლოჯისტიკის ცენტრიდან თბილისში ახლა მხოლოდ 7 დაგვრჩა და ეს ბაზარი პრესის გამავრცელებლებს დავუთმეთ. გარდა ამისა, ჩვენი რესურსით ვითვისებთ პრესის რეალიზაციის ახალ წერტილებს და უკვე ათვისებულ ბაზარს, ხშირად ჩვენს პარტნიორ პრესის რეალიზატორებს ვუთმობთ. ჩვენ საქველმოქმედო ორგანიზაცია ვართ, არ ვართ ორიენტირებული მოგებაზე და ჩვენი მიზანია ეს ინტელექტუალური პროდუქტი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის. მით უფრო, რომ მოთხოვნა პერიოდიკაზე ძალიან დიდია.

ცოტა ხნის წინ გახლდით აჭარის მაღალმთიანეთში, სოფელ მანიაკირში, სადაც სკოლის პედკოლექტივს შევხვდი. დიდი სურვილი აქვთ, რომ პრესასთან ერთად წიგნების მიწოდებაც მოვახდინოთ, რომელიც ძალიან შეღავათიან ფასად ჟურნალ-გაზეთებთან ერთად იყიდება. სურვილი აქვთ, რომ პერიოდიკითა და სხვადასხვა სახის ლიტერატურით სკოლის ბიბლიოთეკა შექმნან. პერიოდიკის მიწოდებით დაინტერესებული არიან სოფლის გამგეობები, საკრებულოები, პოლიციის განყოფილებები. მხოლოდ ბოლო პერიოდში 75-მა იურიდიულმა პირმა გამოთქვა სურვილი, რომ რეგულარულად მიიღონ ახალი ჟურნალ-გაზეთები.

- პრესის რეალიზაციის ხელშეწყობის გარდა, კიდევ რა მიზანს ემსახურება თქვენი ორგანიზაცია?

- ჩვენს მიზნებში შედის ზოგადად მედიის ხელშეწყობა, გვაქვს ჩატარებული სხვადასხვა პროექტები ამ მიმართულებით და სამომავლოდაც გავაგრძელებთ. ბეჭდური მედიის მხარდასაჭერად გამოვაცხადეთ კონკურსი ექვსი 1-15-წამიანი კლიპის დასამზადებლად და შემდეგ ეს კლიპები გადიოდა სხვადასხვა რადიო თუ ტელეეთერით.  ასევე გამოვაცხადეთ კონკურსი "მე ვირჩევ პრესას", ახალგაზრდა ნიჭიერი ჟურნალისტებისა და ფოტოჟურნალისტების გამოსავლენად. საუკეთესო სტატიის ავტორს ციფრული დიქტოფონი, ხოლო საუკეთესო ფოტოს ავტორს კი ფოტოაპარატი გადავეცით.  გარდა ამისა, ჩართული ვართ საქველმოქმედო საქმიანობაში, რა თქმა უნდა, დონორ ორგანიზაციასთან შეთანხმებით. ორჯერ დავაფინანსეთ სადილი 300 ადამიანზე "კათარზისში". სათნოების სახლში 15 მოხუცი ცხოვრობს, 75 წლიდან და ზემოთ. ყველაზე მხცოვანი 93 წლის ქალბატონია. როცა გაიგეს, რომ პრესის მხარდამჭერი ორგანიზაცია ვიყავით, გვითხრეს, რომ "კვირის პალიტრის" ერთგული მკითხველები არიან და ყოველ ორშაბათს ელოდებიან საყვარელი გაზეთის გამოსვლას. მას შემდეგ, ყოველ ორშაბათს, სრულიად უსასყიდლოდ "კვირის პალიტრის" 15 ეგზემპლარს "კათარზისში" ვგზავნით.

მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ყველა ჩვენი ფინანსური ხარჯი საჯაროა და ყოველი თვის დასაწყისში "კვირის პალიტრის" მკითხველს შეუძლია გაეცნოს, რაში დაიხარჯა ჩვენი ორგანიზაციისთვის დონორის მიერ გადმორიცხული ყოველი თეთრი.