"პალიტრის" ორი ზღაპარი - კვირის პალიტრა

"პალიტრის" ორი ზღაპარი

ანუ სიკეთემ სასწაული მოახდინა

როცა  ფანჯრებში კეთილი ფერია იხედება...

წესია ასეთი: ძველ წელიწადს რომ ვეთხოვებით, აუცილებლად უკან უნდა მიიხედო და თქვა, ამ წელიწადს რა გავაკეთეთ კარგი, რით იყო უკეთესი ან უარესი ჩავლილ წლებზეო... მოკლედ, მეც მივიხედე და ძველ წელიწადს და მასთან ერთად ჩემი (თქვენი) გაზეთისთვის ისეთი მადლობა მაქვს სათქმელი, რა ვიცი, მოვახერხებ კი? მაგრამ, მოდი, მაინც შევეცდები... გასულ წელიწადს "კვირის პალიტრას", მე და ასეულობით უცნობს ისეთი სასწაული ჩაგვიდენია, რომელიც მხოლოდ ზღაპრებში ხდება. თუმცა ზღაპარი, რა... ხომ ცხოვრებაა, - ყოველ შემთხვევაში, თავად დღემდე მჯერა, რომ არც ერთი ზღაპარი არ დაიწერებოდა ისე, ზღაპრის გმირები მართლაც რომ არ არსებობდნენ.

ახლა კი გასული წლის ორი ზღაპარი მაქვს მოსაყოლი. პირველი პატარა გოგონას, მარიამ ფაიქიძის სევდიანი ზღაპარია, რომელიც იმ დღეს დაიწყო, როცა რედაქციაში გოგონას ბაბუა, მერაბ ძნელაძე  მოვიდა. ხელში საბანკო ანგარიშები ეჭირა და აცრემლებული მთხოვდა, - ვიცი "კვირის პალიტრის" გავლენა, იქნებ ვინმე დაგვეხმაროს, თორემ დავიღუპებით, ჩემს ექვსი წლის გოგონას თავში სიმსივნე აღმოაჩნდა, ქართველმა ექიმებმა უარი თქვეს ოპერაციაზე, საზღვარგარეთ თუ არ წავიყვანეთ, მომიკვდებაო.

საშინელი უსუსურობის გრძნობა გამიჩნდა, გაზეთი უკვე მზად იყო და მარიამის საბანკო ანგარიშების დაბეჭდვა ვერაფრით მოხერხდებოდა, მაგრამ რაღაც ხომ უნდა მექნა და "პალიტრის" ინტერნეტსაიტზე: www.kvirispalitra.ge გამოვაქვეყნე. მეორე დილითვე საიტის რედაქტორმა დამირეკა, - კომპიუტერთან დაჯექი, - მარიამთან დაკავშირებით სასწაული ხდებაო. მართლა სასწაული იყო, - ქართველები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან გვეხმიანებოდნენ. რამდენიმე დღეში მარიამის ბაბუამ შემატყობინა, - არ ვიცი, როგორ ვთქვა მადლობა, ამას ვერ შევძლებ, თითქმის 30 ათასი ევროს შემოწირულობა შემოგვივიდა, ამით მარიამს უცხოეთში ნამდვილად წავიყვანთო. მერე გოგონას თითქმის ორი თვე მკურნალობდნენ თურქეთის კლინიკაში. ამ ხნის განმავლობაში კი ის ხალხი, რომელიც მარიამის გამო, ვინ იცის, პურის ფულსაც კი იკლებდა, გამუდმებით გვიკავშირდებოდა, - ბავშვის ამბავი გაგვაგებინეთო. მეც ოთხჯერ დავწერე წერილი. სულ ბოლო კი იმით დავამთავრე, რაც მარიამის ბაბუას ვუთხარი, - რაც ჩვენთვის შეუძლებელია, უფლისთვის შესაძლებელია. ყველა თქვენგანის სიკეთემ ერთად სასწაული მოახდინა, სიმსივნე დაპატარავდა, ექიმები ოპერაციას გეგმავენ-მეთქი.

ამ რწმენით და ისევ ამ ხალხის თხოვნით, ახლა უკვე მეხუთედ ვყვები მარიამზე და ვამბობ, - ახლა კიდევ უფრო მჯერა, რომ, როგორც ყველა ზღაპარს, მარიამის ზღაპარსაც კეთილი დასასრული ექნება, - ექიმები გაოგნებულები არიან, - სიმსივნე ისე მიილია, იქნებ ოპერაციაც აღარ გახდეს საჭიროო!

ახლა მეორე ზღაპარიც... თბილ სახლში უკვე აანთეს ნათურა, რომლის შუქში მხიარულად თამაშობს შვიდი პატარა თურმანიძე. ხომ გახსოვთ ეს პატარები, ისინი ჩვენ ნავთლუღის ბაზართან, ერთ მიწურში აღმოვაჩინეთ და დავწერეთ, - ნავთლუღის ბაზართან ახლოს, ერთ ტალახიან სოროში შვიდი ანგელოზი იტანჯებაო: ეს მართლაც ასე იყო, - როცა სველ მიწაზე მდგარი მათი ხუხულის კარი შევაღე, თვალებზე ხელი ავიფარე, - ბევრი გაჭირვებული მინახავს, მაგრამ მსგავსი არაფერი!

როგორც კი თურმანიძეების ამბავი დავწერეთ, ამ ზღაპრის სასწაულიც დაიწყო, - თურმანიძეებისაკენ უამრავი ქვაბ-ტაფიან-საბნიანი ადამიანი დაიძრა და თან შავი დღისთვის გადანახული ფულიც მიჰქონდათ.

გავიდა კიდევ რამდენიმე დღე და ბავშვების დედამ ტირილით დამირეკა. პირველად ვერც კი გავარჩიე რას მეუბნეოდა და საშინლად შევწუხდი:

- დაწყნარდი და ისე მითხარი, რა შეგემთხვა, დაგეხმარები, თუ შემიძლია-მეთქი! როგორც იყო, სული მოითქვა და - თქვენი წყალობით "საქართველოს ბანკმა" სამოთახიანი ბინა გვიყიდაო! თქვენ რომ არ ყოფილიყავით, ვინ მოგვაგნებდა, ჩვენს უბედურებას ხალხს ვინ გააგებინებდაო?!

მეც სუნთქვა შემეკრა ამის გაგონებისას! მერე ტელეფონი გავთიშე და რედაქციაში შევვარდი, - ატყდა, მაგრამ რა ატყდა, უცხოს რომ შემოეხედა, უსათუოდ ეგონებოდა, ეს ხალხი გაგიჟდაო...

აი, ასე გასრულდა ეს ზღაპარიც. კიდევ ბევრ ზღაპარს გიამბობთ მომავალ წელიწადს, მთავარია, არ დაგვავიწყდეს, რომ სადღაც არსებობს კეთილი ფერია, რომელიც ღამღამობით ფანჯრებში იხედება...