ოთარ ჭილაძის რომანი ინგლისურად თარგმნეს - კვირის პალიტრა

ოთარ ჭილაძის რომანი ინგლისურად თარგმნეს

ის წიგნის რეალობაში იყო გადასული...

გასული წლის მიწურულს ჩვენს ლიტერატურულ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა - ოთარ ჭილაძის რომანი, "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა", ინგლისურ ენაზე ითარგმნა და გამოიცა. ეს თანამედროვე ქართველი კლასიკოსის პირველი თარგმანია ინგლისურად, თუმცა მას უკვე კარგა ხანია იცნობენ გერმანული და ფრანგულენოვანი ლიტერატურის მოყვარულები. დიდი მწერალი ელოდა იმ დროს, როცა მის შემოქმედებას ინგლისურადაც გაიცნობდნენ, აინტერესებდა, კავკასიელი ხალხისაგან ესოდენ განსხვავებული კულტურისა და ტემპერამენტის ხალხი, როგორ მიიღებდა მისი რომანის პერსონაჟებს, მათ ცხოვრებას... სამწუხაროდ, ვერ მოესწრო...

ვერ მოასწრო უკანასკნელი რომანის დასრულება და დარდად გაჰყვა გონებაში უკვე მომწიფებული და ფურცლებზე ვერგადატანილი სიუჟეტის განვითარება...

როცა სნეულებისგან გატანჯულს ძალიან უჭირდა სუნთქვა, ერთსღა სთხოვდა ექიმებს, როგორმე ორი წელი მაინც ეჩუქებინათ დაწყებული რომანის დასასრულებლად. ექიმები მცდელობას არ აკლებდნენ და ეიმედებოდათ, რომ გაუხანგრძლივებდნენ სიცოცხლეს დიდ მწერალს, თვითონ ოთარ ჭილაძესაც ჰქონდა იმედი... თუმცა იმასაც გრძნობდა, როგორ ილეოდა ის, და რა მკაცრი იყო რეალობა...

დაუსრულებელი რომანი - აუნაზღაურებელი დანაკლისი! ამას უკვე აღარაფერი ეშველება...

ახლა პირველსავე სიტყვას მოვიდეთ: მწერლის სურვილი ასრულდა! დეკემბრის ბოლოს ლონდონში გამოვიდა "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა". მთარგმნელი ინგლისელი მეცნიერი და მწერალი დონალდ რეიფილდია. ის ქვინ მერის უნივერსიტეტში ქართული და რუსული ენების კათედრებს ხელმძღვანელობს. უნივერსიტეტთან არსებული "გარნედ პრესის" გამომცემლობაში უკვე დაისტამბა მისი  შრომები: "ქართულ-ინგლისური ლექსიკონი", "ქართული ლიტერატურის ისტორია", "საქართველოს ისტორია", რომელიც 2012 წელს დაბეჭდილა.

დონალდ რეიფილდმა და ოთარ ჭილაძემ ერთმანეთი ილიას ერთ-ერთ იუბილეზე გაიცნეს. მაშინ საქართველოში ბევრი უცხოელი მთარგმნელი იყო ჩამოსული და სიტყვითაც გამოდიოდნენ. დონალდ რეიფილდს მოხსენებაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პოეტი, ოთარ ჭილაძეც უხსენებია. სწორედ ამ მოხსენების შემდეგ პირადადაც წარუდგენიათ თანამედროვე ქართველ მწერალთან. აქედან დაიწყო მათი მეგობრობა. დონალდ რეიფილდის შეხედულება ოთარ ჭილაძეზე ნათარგმნ წიგნზე წამძღვარებულ მწერლის ბიოგრაფიაშიც იკვეთება: "მსოფლიო მნიშვნელობის მწერალი" - ასე ახასიათებს ქართველ კლასიკოსს, რაც კიდევ უფრო სასიხარულო და მნიშვნელოვანია ყოველი ჩვენგანისათვის. მისი რომანების სიუჟეტები ჩვენს წელთაღრიცხვამდე VII საუკუნეშიც ვითარდება და გასული საუკუნის 90-იან წლებშიცო, - წერს მთარგმნელი და ამ ფართო სპექტრს ოთარ ჭილაძის ლიტერატურის დიდ მასშტაბებსაც უკავშირებს.

დონალდ რეიფილდს ჯერ "აველუმის" თარგმნა დაუწყია, შემდეგ კი გადაუწყვეტია, ჯერ "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა" გაეცნო ინგლისელი მკითხველისათვის, შემდეგ კი "აველუმი".

"გზაზე ერთი კაცი მიდიოდა" ინგლისურად ვანისა და ვანთან ახლოს ფარნავაზის მღვიმის ფოტოებით გახლავთ გაფორმებული. ეს კიდევ ერთი შტრიხია მთარგმნელის პორტრეტისათვის, რომელიც ძალიან კარგად იცნობს საქართველოს.

მთარგმნელი მადლობას უხდის მწერლის ქალიშვილს - თაკო ჭილაძეს დახმარებისა და თანადგომისათვის... დღეს ის წარმატებული მთარგმნელია, თუმცა იმდენად თავმდაბალი, რომ ძნელად თუ წამოაცდენინებ სიტყვას საკუთარ საქმიანობაზე. ოთარ ჭილაძე ძალიან დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა საკუთარი ნაწარმოებების თარგმანებს, რუსულად თარგმნის დროს ყოველთვის გულმოდგინედ კითხულობდა ნამუშევარს. სწორედ ამიტომ ინგლისური თარგმანი მისმა შვილებმა - თაკო და ზაზა ჭილაძეებმა წაიკითხეს. მათ ყველაზე კარგად იციან, რა დიდი შრომის ნაყოფია თითოეული რომანი, როგორ ეფლობოდა მუშაობაში მამა, როცა წერდა, როგორ აღარ ესმოდა არავის ხმა... სამჯერ-ოთხჯერ უნდა დაეძახათ ტელეფონთან, ან სადილად... ის აღარ იყო იმ რეალობის მონაწილე, რაც ირგვლივ ხდებოდა, ის წიგნის რეალობაში იყო გადასული... სწორედ მისეული ვირტუალური და გენიალური რეალობის სრულყოფილი გადატანაა მნიშვნელოვანი სხვა ენაზე, რაც, როგორც თაკო ჭილაძემ გვითხრა, ინგლისურ თარგმანში ნამდვილად მოხერხდა. ვნახოთ, როგორ მიიღებს ბრიტანელი მკითხველი დიდებულ ქართულ რომანს...

ჩვენ კიდევ არაერთხელ დავუბრუნდებით ქართველი კლასიკოსის - ოთარ ჭილაძის თემას, რადგან 2013 წელი მისი საიუბილეო წელია. მწერალი 80 წლის გახდებოდა!