ნუ დაწვავთ წიგნებს! - კვირის პალიტრა

ნუ დაწვავთ წიგნებს!

მხოლოდ სამი წიგნიღა დარჩა "კვირის პალიტრის" პროექტის დასრულებამდე - "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ": რეი ბრედბერი, ალბერ კამიუ და რაბინდრანათ თაგორი.

ადრეც გვითქვამს, რომ 50-ეულის თანამიმდევრობით დალაგებისას არანაირი კრიტერიუმი არ არსებობდა: არც ავტორთა დაბადების ან ნაწარმოებთა შექმნის ქრონოლოგია, არც მკითხველთა ხმების რაოდენობა... მეორე მხრივ, ვფიქრობ, სწორად დაემთხვა, რომ რეი ბრედბერის "451 გრადუსი ფარენჰაიტით", "ბოლოში" მოხვდა და მთლად უკეთესი იქნებოდა, სულ ბოლო რომ ყოფილიყო.

ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ამ რომანს პროექტის სხვა წიგნებს შორის "ბოლო ადგილზე" ვაყენებ - უბრალოდ, სიმბოლურია, რომ ლიტერატურული პროექტი ისეთმა შედევრმა დააგვირგვინოს, რომელშიც მთავარი მოქმედი გმირი თვითონ წიგნია, ზოგადად - წიგნი, წიგნის მნიშვნელობა, როლი და ფუნქცია კაცობრიობის ცხოვრებაში.

მეორე მხრივ, პირიქით - რამდენიმე თვით ადრე, უფრო ზუსტად კი გასული წლის 6 ივნისამდე რომ დაგვესტამბა ეს წიგნი, ბრედბერი მხოლოდ მესამე და უკანასკნელი იქნებოდა იმ ავტორთაგან, რომლებსაც სიცოცხლეშივე ხვდათ პატივი, ქართველი მკითხველის რჩეულ 50-ს შორის ყოფილიყვნენ.

ცხადია, "451 გრადუსი ფარენჰაიტით" არ არის ე. წ. უსიუჟეტო რომანი. პირიქით - ანტიუტოპიური ლიტერატურის ქრესტომათიულ მაგალითად ითვლება. მთავარი პერსონაჟის, გაი მონტეგის ცხოვრება და ტრანსფორმაცია ძალიან დინამიკურად არის აღწერილი (განმარტებისათვის: ანტიუტოპიური ლიტერატურისა და კინოს იმ მიმართულებას ეწოდა, რომელიც ტოტალიტარულ სახელმწიფოსა თუ საზოგადოებას აღწერს, ანუ ის უტოპიის საპირისპირო ცნებაა) და მკითხველიც, როგორც ყველა კარგი წიგნის კითხვისას, მასთან ერთად ცხოვრობს და განიცდის განსაცდელს, მაგრამ როგორია ეს ცხოვრება - ცხოვრება პირადად მისი და მისი ქვეყნის?! ერთადერთი კულტურა - მასკულტურაა; ყველა წიგნი, რომელმაც შეიძლება ადამიანი დააფიქროს, აკრძალულია და ცეცხლზე უნდა დაიწვას, ხოლო მისი შენახვა დანაშაულად არის გამოცხადებული; ასევე უნდა დაიწვას ის სახლიც, სადაც ასეთი წიგნები იქნება აღმოჩენილი. რომანის მთავარი გმირი კი ქვეყანაში (თანაც არ დაგავიწყდეთ - ეს საშინელი ქვეყანა ინგლისია!) ყველაზე საპატიო პროფესიის წარმომადგენელია - მეხანძრე! ალბათ, ხვდებით, ამ მეხანძრეს არა ხანძრის ჩაქრობა, არამედ მისი გაჩაღება ევალება, ოღონდ აკრძალული წიგნების დაწვით.

საერთოდ, როდესაც ბრედბერის მეცნიერული ფანტასტიკის "სპეციალისტად" მოიხსენიებდნენ, კატეგორიულად უარყოფადა ამ განსაზღვრას და ამბობდა, რომ მისი ჟანრი ზღაპრები, ან ე. წ. ფენთეზი (ინგლ. ფანტასყ) იყო, სადაც ისეთი ამბებია აღწერილი, რომელიც თეორიულადაც კი შეუძლებელია მოხდეს (მაგალითად, მისი მეორე ყველაზე ცნობილი წიგნი, მოთხრობათა ციკლი "მარსის ქრონიკები"), ხოლო მეცნიერული ფანტასტიკა ის არის, რაც სულაც არ არის მომავალში შეუძლებელიო. ოღონდ აქ მთავარი ის არის, რომ იქვე ამბობს: ჩემი წიგნებიდან მეცნიერული ფანტასტიკა მხოლოდ "451 გრადუსი ფარენჰაიტით" გახლავთო. სხვათა შორის, მისმა დაშვებამ, რომ ამ საოცარ წიგნში აღწერილი ამბები შესაძლოა ოდესმე რეალობად იქცეს, ძალიან გააბრაზა ზოგიერთი ზეკონსერვატორი ინგლისელი.

ისე კი, ასეთები ძალიან ცოტანი იყვნენ - მკითხველთა უმეტესობამ, თანამემამულე ამერიკელებმაც და მწერლის წინაპართა სამშობლოს მკვიდრმა ინგლისელებმაც, პირველივე სერიოზული პუბლიკაციის შემდეგ აღიარეს ბრედბერი და უზომო პოპულარობაც მაშინვე მოვიდა.

უნდა ითქვას, რომ საკმაოდ ცუდი "სასტარტო პირობების" მიუხედავად, მწერალს გაუმართლა: რამდენიმე საკმაოდ მდარე, თითქმის ბულვარულ ჟურნალში გამოქვეყნებულ მოთხრობებზე მკითხველთა უღიმღამო ინტერესის შემდეგ, 1947 წელს გამოქვეყნებულ მოთხრობათა პირველ წიგნსაც არ ჰქონია დიდი წარმატება, მაგრამ 1950 წელს 30 წლის მწერლისთვის უდიდესი გამარჯვება გახდა (ყოველ შემთხვევაში, კომერციული თვალსაზრისით) "მარსის ქრონიკები"; თუმცა, ეს აღიარება არაფერი იყო იმ ფურორთან შედარებით, რომელიც სწორედ ჩვენი პროექტის მიერ თქვენთვის შემოთავაზებულმა რომანმა მოახდინა - მას უბრალოდ სახლიდან გამოსვლა აღარ შეეძლო ავტოგრაფის მსურველთა არმიის სიმრავლის გამო.

რაც შეეხება ნახსენებ გამართლებას: საქმე ის არის, რომ "451 გრადუსი ფარენჰაიტით" ახლა უკვე საყოველთაოდ ცნობილი "ფლეიბოის" პირველ რამდენიმე ნომერში დაიბეჭდა გაგრძელებებით. ამ მართლაც განსაკუთრებულ ჟურნალს კი პირველივე ნომრებიდან საოცარი პოპულარობა ხვდა წილად და ბრედბერის რომანიც ძალიან ბევრმა ინგლისურენოვანმა მკითხველმა წაიკითხა მთელ მსოფლიოში.

სკეპტიკოსებიც კი ვერ იტყვიან, "ფლეიბოის" "დახმარება" რომ არა, ბრედბერის რომანი ასეთი პოპულარული ვერ გახდებოდაო, მაგრამ ეს პოპულარობა რომ შედარებით გვიან მოვიდოდა, ამას არც თვითონ მწერალი უარყოფდა. მით უმეტეს, რომ, როგორც ზემოთ ვთქვით, "სასტარტო პირობებში" მოიკოჭლებდა: 1934 წელს (როცა ის 14 წლისა იყო), ილინოისის პატარა ქალაქიდან "დიდ დეპრესიას" ლოს-ანჯელესში გარიდებულ მის მშობლებს სახსარი თავიანთი ვაჟისთვის მხოლოდ საშუალო სკოლაში სასწავლებლად ეყოთ. 18 წლისამ დაასრულა სწავლა და ოჯახს იმდენად უჭირდა, რომ გამოსაშვებ საღამოზე გარდაცვლილი ბიძამისის ნაქონი პიჯაკით წავიდა, რომელსაც კარგად აჩნდა ზურგზე ამოკემსილი რამდენიმე ნატყვიარი - ბიძამისი ლესტერი ერთი წლით ადრე დაუცხრილავთ მძარცველებს.

სკოლის დასრულების შემდეგ ლოს-ანჯელესის ქუჩებში გაზეთების გაყიდვა დაიწყო და სამი წელი ამ საქმით ირჩენდა თავს. კოლეჯში სწავლაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო, სამაგიეროდ სრულიად უფასო იყო ქალაქის უმდიდრესი ბიბლიოთეკა! ბრედბერი ყოველთვის იმეორებდა: "18 წლისამ დავიწყე ბიბლიოთეკაში სწავლა და 27 წლისამ სრული კურსი დავხურე".

ცალკე საუბრის თემაა "ბრედბერი და კინო". გარდა იმისა, რომ დიდმა რეჟისორმა ფრანსუა ტრიუფომ ფილმად გადაიღო "451 გრადუსი ფარენჰაიტით", ის ძალიან აქტიურად თანამშრომლობდა ალფრედ ჰიჩკოკთანაც - სწორედ ბრედბერიმ დაწერა სცენარი სერიალისათვის "ალფრედ ჰიჩკოკი წარმოგიდგენთ" და... ძალიანაც ნანობდა ამას: ამ სცენარზე მუშაობის გამო ორი კვირა ვერ გამოვნახე, რომ ჰიჩკოკის ცნობილი "ჩიტების" სცენარი გამეკეთებინა, რომელშიც შემდეგ ბევრი ხარვეზი აღმოჩნდაო. ყველაზე ცნობილი მისი კინოპროექტი კი მაინც ტელესერიალი "რეი ბრედბერის თეატრი" გახდა, რომელსაც უამრავ ქვეყანაში იღებდნენ (აშშ, სამხრეთი აფრიკა, ინგლისი, ავსტრალია, ახალი ზელანდია) და ე. წ. "MთV-ის თაობის ახალგაზრდობა" იმდენად ინტერესდებოდა, რომ ცხოვრებაში პირველად ბიბლიოთეკაში მიდიოდა და ბრედბერის წიგნებს ეძებდა.

დაბოლოს: "451 გრადუსი ფარენჰაიტით" (ანუ "ჩვენებურად" - ცელსიუსის სკალით, დაახლოებით 233 გრადუსი), ის ტემპერატურაა, რომელზეც ქაღალდი იწვის...

ვიკითხოთ წიგნები, ნუ დავწვავთ მათ - "კვირის პალიტრა" კი მომავალშიც არ მოგაკლებთ საინტერესო ლიტერატურულ პროექტებს.