რის გამო ისჯება ოლეგ ბასილაშვილი?! - კვირის პალიტრა

რის გამო ისჯება ოლეგ ბასილაშვილი?!

"გაზპრომის" საცეცები პეტერბურგს გადაწვდა

400–მეტრიანი ცათამბჯენის საკითხი გადაწყვეტილია

ურბანიზაციის პროცესმა პიტერს (მაშინაც ასე უწოდებდენ იქაურები, ლენინგრადი რომ ერქვა) თითქოს დაუკარგა გამორჩეული იერსახე, მაგრამ მაინც ვერ მოერია და იუნესკომ სრულიად სამართლიანად აღიარა მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობად. ისტორიულ ქალაქს დიდი ხანია თვალი დაადგა "გაზპრომმა" - 400-მეტრიან ცათამბჯენში "გაზპრომნავთობის" ოფისები განთავსდება. მიუხედავად პეტერბურგელთა საპროტესტო გამოსვლებისა, სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორმა ვალენტინა მატვიენკომ "ოხტა-ცენტრის" მშენებლობის ნებართვას უკვე მოაწერა ხელი. გადაწყვეტილების შეცვლას ვერც პიტერელთა საპროტესტო აქციებმა უშველა და ვერც ცნობილი ადამინების მიერ დიმიტრი მედვედევთან გაგზავნილმა პეტიციამ. წერილის ავტორები პრეზიდენტს უხსნიდნენ, რომ მაღალსართულიანი შენობის სმოლნის ტაძრის წინ აღმართვა გარდა იმისა, რომ საზოგადოების პროტესტს იწვევს, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს სანკტ-პეტერბურგის უნიკალურ ისტორიულ იერ-სახეს, დაამახინჯებს ქალაქის ცნობილ ხედებს და შესაძლოა, სანკტ-პეტერბურგი "იუნესკომ" მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიიდანაც ამოიღოსო. წერილი უპასუხოდ დარჩა, `გაზპრომელები~ კი გამარჯვებას ზეიმობენ.

400-მეტრიანი ცათამბჯენის მშენებლობის მოწინააღმდეგე მსახიობი ოლეგ ბასილაშვილიც გახლდათ. კულუარებში ამბობენ, რომ ქალაქის მერმა არად ჩააგდო ცნობილი ადამიანების პროტესტი და ზოგიერთს დაემუქრა კიდეცო. მუქარის უპირველესი ობიექტი შესაძლოა, ოლეგ ბასილაშვილი აღმოჩნდეს.

რუსი მწერლის ტატიანა ტოლსტაიას განცხადებით, პეტერბურგის გუბერნატორმა ვალენტინა მატვიენკომ ხელი არ მოაწერა საბუთს ოლეგ ბასილაშვილისთვის პეტერბურგის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე. მისი თქმით, გუბერნატორს დაურეკავს ოლეგ ბასილაშვილისთვის და უკითხავს, - ”ოხტა  ცენტრის” აგების წინააღმდეგი ისევ ხართო? - პასუხად მიუღია, - დიახ, რა თქმა უნდაო.

მოარული ხმებით, მას სანკტ-პეტერბურგის საპატიო მოქალაქის წოდებას აღარ მიანიჭებენ. იმასაც ამბობენ, ცნობილი მსახიობი "ქართველობისა" და იმ თამამი პოზიციის გამოც ისჯება, შარშან, რუსეთ-საქართველოს ომისას რომ გამოხატა. წარმოშობით ქართველმა მსახიობმა რუსეთის ქმედებას საერთაშორისო ბანდიტიზმი უწოდა, თუმცა არც საქართველოს ხელისუფლება დაინდო.

”სირცხვილი მათ, ვის გონებაშიც ანტიქართული ან ანტირუსული აზრები მწიფდება. ახლა მოვისმინე, რომ რუსული ქვედანაყოფები ქალაქ გორიდან თბილისის მიმართულებით დაიძრნენ. რას ჰგავს ეს? ეს ხომ მეტი არაფერია, თუ არა საერთაშორისო ბანდიტიზმი! რის საფუძველზე შეგვყავს იქ ჩვენი ჯარები? რის საფუძველზე ვბომბავთ”, - წერდა ოლეგ ბასილაშვილი.

კულუარული ინფორმაციით, რუსეთის კრიტიკის შემდეგ მასთან მუქარის ზარები არ წყდებოდა.

”კვირის პალიტრა” სიმართლის გასარკვევად  ცნობილ მსახიობს დაუკავშირდა. ოლეგ ბასილაშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა.