"ერთსულოვნება" - კვირის პალიტრა

"ერთსულოვნება"

ვნებათაღელვას სიმშვიდე მოსდევს, ჭირს - ლხინი - ამ დღეებში ჩვენმა ქვეყანამ დიდი დღესასწაულები იზეიმა - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების 35 და დაბადების 80 წლის იუბილე...

ჩვენს პატრიარქს, მას შემდეგ, რაც ცნობიერება მისცა უფალმა, ალბათ ერთი დღეც არ ჰქონია, თავის ქვეყანაზე რომ არ ეფიქრა... მან ეს თავისი ცხოვრებით დაამტკიცა. მის მხრებს უფალმა მძიმე ჯვარი არგუნა, ხოლო მარჯვენას - ღვთიური სიმსუბუქე...

არ გვეგულება ოჯახი ჩვენს ქვეყანაში, სადაც იმ დღეს პატრიარქზე არ ეფიქრათ და არ დაელოცათ - უფალო, გვიცოცხლე ჩვენი სულიერი მამა, მიეცი ძალა და შეეწიე, რომ გვიპატრონოს.

პატრიარქის სადღესასწაულო დღეები 25 დეკემბერს, მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაიწყო და 4 იანვარს თბილისის ფილარმონიაში გამართული საზეიმო კონცერტით დასრულდა. სცენაზე მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე მოკაშკაშე ქართველმა ვარსკვლავებმა მოიყარეს თავი, დარბაზში კი პოლიტიკოსებთან ერთად სამწყსომ...

ეს საღამო არ იყო მხოლოდ კონცერტი, ეს იყო მადლიერების გამოხატვა ჩვენი მწყემსმთავრისადმი, ეს იყო ერის ერთიანობა, და სწორედ ამიტომ ერქვა საკონცერტო პროგრამასაც "ერთსულოვნება". დარბაზში მყოფნი ერთმანეთს ულოცავდნენ პატრიარქის დაბადების დღეს. ყველა იქ მყოფს სკამზე მონაზონ ელენეს (ნაფეტვარიძის) პატრიარქისადმი მიძღვნილი ლექსი დახვდა...

კონცერტის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა თქვა ქართველი ხალხის სათქმელი: - ჩვენმა პატრიარქმა ერს დაუბრუნა სულიერება და შეავსო ის სიცარიელე, რომელიც კომუნისტური პერიოდის შედეგად იყო დატოვებული ჩვენში. მან ხელახლა გაუთბო ქართველს სული...

მერე აგუგუნდა "მრავალჟამიერი"...

შესრულდა უწმინდესის "ავე მარია", ლიანა ისაკაძემ ის ორკესტრთან ერთად დაუკრა.

"ავე მარია" სხვა ვარსკვლავებმაც თვალცრემლიანებმა იმღერეს, იცრემლებოდა დარბაზიც, მაგრამ უწმინდესს ყველაზე დიდი სიხარული სამებიდან თავისი პატარა ნათლულების მილოცვამ და მშობლიური სოფლიდან, სნოდან, თავისი თანაკლასელის შეხმიანებამ მოჰგვარა - ჩემი ჯანი შენთვის მომიციაო. და მანაც ყველა ჩვენგანის სათქმელი თქვა: - ღმერთო, გვიცოცხლე და კარგად გვიმყოფე ჩვენი სულიერი მამა, ის, ვინაც განსაცდელისგან მრავალჯერ გვიხსნა, ვისზეც დედა ელენეს მიძღვნაში წერია:

"ჯვარზე გაკრული უდრტვინველად

მიუძღვება მაცხოვრის ფარას,

ივერიის ყველა წმინდანის

მეოხებას იფარებს ფარად

და დედა ღვთისმშობლის

მოწყალებას - იმედის კარად;

მუხლმოყრილი წმიდა სამებას

ევედრება კვალად და კვალად;

შეადუღაბოს ქართველობა

უმტკიცეს რვალად...

მისი "მზიანი ღამის" კურთხევა

გვეპკურებოდეს ზეციურ ცვარად,

უბერებელი მისი მზეობა

ქუფრს გვინათებდეს დარად,

და ღვთის გალობას გვიბოძებდეს,

ვით სავედრებელს მარადს..."