"ამ მანდარინს წელსაც არ გამოუჩნდა პატრონი" - კვირის პალიტრა

"ამ მანდარინს წელსაც არ გამოუჩნდა პატრონი"

"ზოგჯერ იმფერი ამინდი დამედარება, თან ვსხლავ და თან ხოშკაკალა მაყრის ბეჭებში"

მოსახლეობისთვის რომ გვეკითხა, ვინ არის ყველაზე მეტად დაზარალებული ჩვენს საზოგადოებაშიო, გლეხი უეჭველად პირველ ადგილს დაიჭერდა - ამ საწყალს გაზაფხულზე სტიქია უტევს, ზაფხულში ხილი და ბოსტნეული ვერ გაუსაღებია, შემოდგომაზე ძლივს მოყვანილი ყურძენი, ზამთარში კი დიდი ჯაფით მოწეული ციტრუსის ლპობის გამო ევსება თვალები... ის კი მაინც იმედით ცოცხლობს, - წელს თუ არა, გაისად მაინც მეშველებაო.

სამწუხაროდ, მეციტრუსეებისთვის არც წლევანდელი წელიწადი გამოდგა გამონაკლისი, - თითო-ოროლა ციტრუსის გადამამუშავებელ ქარხანასთან ციტრუსით სავსე მანქანების რიგში მდგომნი ჯავრს მანქანის ძარებზე ბრახუნით იყრიან და იმუქრებიან, - თუ მომავალ წელსაც არ გვეშველა, მანდარინს ავჩეხთო. თუმცა ვინ იცის, ეს მერამდენე მუქარაა.

მოსავლის დაბინავებაში მშველელს ამაოდ ელის ოზურგეთელი სოსო ქინქლაძეც - ეს კაცი ნატანებში მანდარინის 1200-ძირიან პლანტაციასთან ერთად კივის პლანტაციებსა და ჰექტრობით სიმინდის ყანებს უვლის.

- ბატონო სოსო, ციტრუსის გასაღება ჭირს და 1200 ძირ მანდარინზე კივის ოთხი პლანტაცია რამ დაგამატებინათ?

- გურიაში ზაფხულში თხილია და ზამთარში - მანდარინი, ესენი თუ არ მოიყვანე, მაშინ უსაქმურობა მოგკლავს. ამ ციტრუსს შეალია მამაჩემმა სიცოცხლე და მე რაფერ გავანებო თავი! მერე, საქმეს რომ მიადგები კაცი, ერთ ადგილს ხომ არ დოუწყებ ტკეპნას, - კივი შედარებით ახალი შემოსულია ჩვენში. ბანკის ვალი ავიღე და გავაშენე. იმ წელიწადს მოყვანილმა მანდარინამ მარტო ბანკის ვალი გამასტუმრებინა და ამისთვისაც დიდება უფალს. ისე, კივიც ნამეტანი ძნელი საშრომია, - ამ ჩემი ოთხი პლანტაციის გასხვლას 25 დღე ვუნდები. ზოგჯერ იმფერი ამინდი დამედარება, თან ვსხლავ და თან ხოშკაკალა მაყრის ბეჭებში. ამის გარდა, პლანტაციებს ყოველდღე მორწყვა უნდა. შემდეგ წამალი და სასუქი უნდა შეიტანო - ტომარა 45-50 ლარი ღირს, საკრეფად მუშა  დეიქირავო, ამას ყველაფერს რომ მორჩები, შემოვა მოსავალი, ჩამოივლიან სოფელში გადამყიდველები და, - მუქთად მოგვეციო. ქარხანაში წეიღებ და კიდო უარესი, - ერთი კინკილა ქარხანა რას ეყოფა ამდენ პროდუქტს, რიგები კილომეტრზეა წასული. თუ მაინც ბოლომდე მიატანე, 20 თეთრად უნდა ჩააბარო ამფერი ნაწვალები!

- იმიტომაც იმუქრებიან მეციტრუსეები, მანდრინს ავჭრითო!

- აბა, რა იქნება! უყურე ახლა: საშუალოდ 30 ტონა მოსავალი მომყავს. ამხელა მოსავლის მოკრეფა-დაბინავებას მარტო ხომ ვერ აუხვალ - მუშებს ვქირაობ. 10 კაცი მაინც უნდა ვამუშაო კვირაზე მეტხანს, ქირა ვაძლიო და თანაც შიმშილით ხომ არ დავხოცავ! ეს ხომ ხარჯია. ახლა აქეთ კონდიციონერების დენის ხარჯია გადასახდელი. მერე ამხელა მოსავალს ერთ დღეში ხომ ვერ გეიტან სახლიდან, შენახვა უნდა. შეინახავ და ციტრუსი ფაქიზია, ლპობას იწყებს. ყოველ ათ დღეში უნდა გადაარჩიო და საამისოდ ისევ ხალხი გჭირდება დასაქირავებლად.

- თქვენ რაღა გრჩებათ? გურიაში როგორია მანდარინის საბითუმო ფასი?

- სტანდარტული მანდარინის საბითუმო ფასი დაახლოებით 40 თეთრია. ამ "დაახლოებას" იმიტომ ვამბობ, რომ მაგალითად, აჭარას გურიაზე მეტად უხერხდება კლიენტიცა და მანდარინის ჩაბარების საქმეც. იქ ისეთი მანდარინი, რომელიც საექსპორტოდ აღარ ვარგა, შეიძლება ქარხანამ 20 თეთრად მიიღოს. ჩვენ კი, კლიენტი რომ ვერ გვწვდება, საუკეთესო მანდარინსაც ზოგჯერ 30 თეთრად ვყიდით, მაგრამ ყველას ვერა, უმეტესობა გვილპება.

არადა, მეც და სხვებიც მთელი წელიწადი მანდარინის იმედით ვიყავით, მაგრამ წელსაც არ გამოგვიჩნდა პატრონი. გვპირდებოდნენ, რუსეთის ბაზარზე გაგატანინებთო, ამის მაგივრად შარშან რომ ღირდა მანდარინა, ახლა იმის ნახევარიც აღარ ღირს. ამბობენ, რუსეთისკენ მიმავალი ბევრი დატვირთული მანქანა გზიდან უკან დაბრუნდაო. ესეც კიდევ ერთი წვალება, - ჯერ დაალაგონ ყველაფერი და მერე გაუშვან აი ხალხი, რუსეთი იქნება, თუ რუსეთს იქით.

- ამბობენ, წელს მანდარინის სიიაფე იმის ბრალიც არის, რომ მსოფლიოში მანდარინის დიდი მოსავალი მოვიდაო.

- მასე ვისაც ხელს აძლევს, ის ლაპარაკობს. კონკურენცია ყველგანაა, აგერ ჩვენს სოფელშიც კია. მარა მაგ კონკურენციის ანი და ბანი უნდა იცოდე და ვეღარ გადაგეღობება წინ. გლეხს კი სხვა რაღა  გაგვეწყობა, კიდო ერთი მთავრობის დაპირება უნდა დავიჯეროთ, - წლევანდელი წელიწადი ბოლო მძიმე წელიწადი იქნება ჩვენთვის და მანდარინისათვისო. ვნახოთ!