ბებიების პატარა სამოთხე - კვირის პალიტრა

ბებიების პატარა სამოთხე

"სიბერე ჩვენი ცხოვრების საფეხურია, რომელსაც ისევე როგორც მის სხვა ეტაპებს, აქვს საკუთარი სახე, საკუთარი ატმოსფერო და ტემპერატურა, საკუთარი სიხარული და დარდი", - უთქვამს ჰერმან ჰესეს და უნდა გვახსოვდეს, რომ ეს გზა ყველას გასავლელი გვაქვს.

უკვე 16 წელია, თბილისში მოხუცებულთა სათნოების სახლი "კათარზისი" არსებობს. თავშესაფარში დღესაც ახსოვთ პირველი ბინადარი, მათიკო ბებო, ჩია მარტოხელა მოხუცი, რომელსაც ხუმრობით მათე ბიჭს ეძახდნენ. აქ წლების მანძილზე ახლობლებისგან მიტოვებული მოხუცები ხან  სათნოების სახლის მესვეურებს მოჰყავდათ, ზოგიც თავად მოდიოდა და თავშესაფარს ითხოვდა. ასე შეიქმნა ბებიების ოჯახი, სადაც დღეს 10 ხანდაზმული ცხოვრობს.

"ზოგი თავშესაფარში უკვე 14 წელია ცხოვრობს. რამდენიმე გარდაიცვალა და  დავკრძალეთ. ყველა უსახლკაროა, ზოგს შვილმა გაუყიდა სახლი, ზოგს ბანკმა, ზოგს კი მეურვედ გამოცხადებულმა ახლობელ-ნათესავმა. კვირა არ გავა, ერთმა ან ორმა ხანდაზმულმა არ მოგვაკითხოს, მაგრამ, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ყველას ვერ მივიღებთ. მოდიან თუ არა მოხუცებთან ახლობლები? იშვიათად. სამაგიეროდ, უცხო ადამიანები არ ივიწყებენ. ყოველი თვის 26 რიცხვში ბებიებს გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცის, გიორგის ოჯახის წევრები სტუმრობენ. გიორგი და მისი ცოლ-შვილი ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. დედამისს გარდაცვლილი შვილი სიზმარში უნახავს: დედი, მოხუცებთან ვიყავი თავშესაფარში და იცი, როგორ დავნაყრდიო. მას შემდეგ მოდიან და თავშესაფრის ბინადრებისთვის სურსათ-სანოვაგე მოაქვთ. ბებიებთან ხშირად მოდის ვინმე ლევანი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში შვილი არ ჰყავდა. ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მარტოხელა მოხუცებს ეხმარება, ღმერთმა შვილი მისცა. თავისი პატარაც მოიყვანა და ბებიებს გააცნო. ასეთი პატარ-პატარა სიხარული ამ მოხუცებისთვის ბევრს ნიშნავს", - ამბობს "კათარზისის" გამგე ზაირა ალადაშვილი.

ჩემთვის კი სასიამოვნო აღმოჩენა იყო, რომ ყოველი ორშაბათი სათნოების ბინადრებისთვის "კვირის პალიტრით" იწყება. დილის საუზმის შემდეგ  სასადილო ოთახში იკრიბებიან და ერთად ეცნობიან გაზეთის ახალ ნომერს. ყველაზე საინტერესოს კი ხმამაღლა კითხულობენ.

ყოველ ორშაბათს "კვირის პალიტრის" 15 ეგზემპლარს სათნოების სახლს უსასყიდლოდ გადასცემს "თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაცია".

მოხუცებთან ჩემი სტუმრობა  იმ დროს დაემთხვა, როცა "კათარზისის" ბინადრები სამზარეულოში შეკრებილიყვნენ და "კვირის პალიტრის" ბოლო ნომერს ეცნობოდნენ. პოლიტიკური თემების განხილვისას გაიხსენეს, რომ მათი არსებობა არც ყოფილი ხელისუფლების და არც არსებული მთავრობის წევრებს გახსენებიათ. თუ არ ჩავთვლით გასულ ახალ წელს, როცა თავდაცვის სამინისტრომ მოხუცებს ტკბილეულით სავსე კალათები გაუგზავნა. იმედი აქვთ, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ახალი მთავრობა მეტ ყურადღებას გამოიჩენს და პრემიერ ბიძინა ივანიშვილს მთელი გულით ეპატიჟებიან.

პოლიტიკური ამბების შემდეგ ბებიების ოჯახში პირადი და მეტწილად სევდიანი ამბების მოყოლის დრო დგება. წლებია ერთად არიან, მაგრამ სალაპარაკოს რა გამოულევთ. ამბობენ, რომ პირადულის საჯაროდ თქმა არ უყვართ, მაგრამ საყვარელი გაზეთისთვის შეიძლება გამონაკლისიც დაუშვა.

მანანა ზურიაშვილი, 61 წლის: "სანამ აქ მოვხვდებოდი, სამჯერ გადავიტანე ინსულტი. აქ კი გამაცოცხლეს. გადაადგილება არ შემეძლო, ძლივს ვახერხებდი სიტყვების წარმოთქმას. პროფესიით ინჟინერ-ტექნოლოგი ვარ. 19 წლის განმავლობაში სოფელ ქვემოჭალაში ხილის წვენების ქარხნის დირექტორი ვიყავი.  დრო რომ აირია, ქარხანაც გაჩერდა. ფარ-ხმალი მაინც არ დამიყრია, მწერალთა კავშირის კომერციული საქმიანობის საკოორდინაციო ცენტრში მთავარ ბუღალტრად დავიწყე მუშაობა. შემდეგ ავადმყოფობამ დამრია ხელი და დავრჩი უსახლკაროდ. ჩემთვის ყველაზე ტკბილი მოსაგონარი ის დღეა, როცა თავშესაფარში მიმიღეს. აქ ჩემი ოჯახი ვიპოვე. ყველა ერთად ვხვდებით დღესასწაულებს. მადლობა ღმერთს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც სრულიად უანგაროდ გვიგზავნიან ათასგვარ ნობათს და არ გვივიწყებენ".

ლამარა კვანტალიანი, 84 წლის: "წლების განმავლობაში საბავშვო ბაღში ვმუშაობდი, ვიყავი საქართველოს ტელევიზიის საკუთარი კორესპონდენტი აჭარაში. ახალგაზრდობაში ჯანო ბაგრატიონთანაც ვცეკვავდი და მთელი მსოფლიო მაქვს მოვლილი. მეუღლეც მყავდა და შვილებიც მყავს, მაგრამ სიბერის ჟამს ბედმა აქ ყოფნა მარგუნა. ჩემი ქმარი მწერალი-დრამატურგი გახლდათ. პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავს. მე მისთვის მეორე ცოლი ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ქონების მემკვიდრე გახლდით, სასამართლომდე საქმე არ მივიყვანე, დავთმე ყველაფერი და დავრჩი უსახლკაროდ".

ნათელა გეგია, 82 წლის: "რომ იცოდეთ, რა ინტერესით ველოდები "კვირის პალიტრას". ყველაფერს ვკითხულობ, მათ შორის საბავშვო გვერდსაც. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, მაგრამ არასდროს მიმუშავია, რადგან მეუღლე დედოფალივით მაცხოვრებდა.

სტუმართმოყვარე ოჯახი მქონდა, რაიონიდან ჩამოსული დისშვილები და დისშვილიშვილები ჩემთან გაიზარდნენ, მაგრამ დღეს აღარავის ვახსოვვარ.

არ მინდა მათი ვინაობის დასახელება, რადგან ზოგი ძალიან წარმატებული ადამიანია და ხშირად ტელეეთერშიც ჩნდება. მეუღლე რომ გარდამეცვალა, ჩემმა შვილმა ოჯახი დაანგრია და სახლიდან წავიდა, რძალი და შვილიშვილები ჩემთან დარჩნენ. ძალიან კარგი რძალ-დედამთილობა გვქონდა, მაგრამ შემდეგ სახლის გაყიდვის საკითხი დადგა. ერთხანს გირაოთი ვცხოვრობდი. ყველაფერი გავყიდე და ქუჩაში დახლი მოვაწყვე. ერთხელაც პოლიციიდან დამემუქრნენ, აქ თუ გნახავთ, დაგილეწავთ  ჭურჭელს, რომელიც გასაყიდად გამოგიტანიაო. მოკლედ, საარსებო წყაროც დავკარგე, მაგრამ კეთილი ადამიანების დახმარებით თავშესაფარში მოვხვდი.  ჩვენ, მოხუცებს, ერთი სატელეფონო ზარიც კი გვახარებს და სირცხვილი მათ, რომ ამის გაკეთებაც არ შეუძლიათ".