სევდაჩაძირული თვალები ბავშვობის დაბრუნებას გვთხოვენ - კვირის პალიტრა

სევდაჩაძირული თვალები ბავშვობის დაბრუნებას გვთხოვენ

ყოველ დილით მხვდებიან - გააჩერებენ ავტობუსს და ჯერ ბიჭი ამორბის ყვირილითა და გულის ხეთქით, გახარებული - აქაოდა, ავტობუსს მივუსწარიო, მერე დედა... ბიჭი 4-5 წლის იქნება, გულზე ჩამოკიდებული სასტვენი უთამაშებს, შავ თვალებს მოგვავლებს, გაგვიცინებს და უკანა სკამისკენ გარბის. მოკალათდება. უკან დედა მოსდევს პოლიეთილენის გაშავებულსახელურიანი ჩანთით: - ნიკა, სად წახვედი, მოდი, წინ დავსხდეთო! ნიკას ვითომ არ ესმის, ისევ უსტვენს და თან ქუჩას გადასჩერებია.

- წესიერად, ნიკა! - ყასიდად უყვირის დედამისი და პოლიეთილენის ჩანთას ხვნეშით მიათრევს უკანა სკამისკენ, - ნიკა ამასობაში სკამზე ხტუნავს...

- ნიკა, წესიერად-მეთქი, - ახსენებს დედა, ჭუჭყიან ხელს ჭუჭყიან პოლიეთილენის ჩანთაში ყოფს და შვილს დაფშვნილ "პეჩენიას" აწვდის. ნიკა ჭამს და მხიარულად იცინის. ხელს ვუქნევ. ნიკას უხარია და ისევ უსტვენს. დედა ამჯერად აღარაფერს ეუბნება - თავი არ აქვს ან მისთვის სულ ერთია - ცხოვრებას გათელილი ჰყავს... ზის და ისიც ფანჯარაში იყურება. ამასობაში მათი გაჩერებაც მოდის. ნიკა წამოხტება, დედამისსაც აყენებს და ისევ მხიარული ყიჟინით გარბის: - ჩაავედიით, ჩავედიით!.. ეს მათი ბოლო გაჩერებაა. იქიდან ვიცი, რომ ნიკა და დედამისი რამდენჯერმე დავინახე ამ ადგილებში...  პაწია ხელი გამვლელებისკენ აქვს გაშვერილი. ზოგი მუჭში უგდებს ხურდას, ზოგიც - ვერა. ხალხი, ბრაზობს: - დაუგდია ამ ქალს ანგელოზივით ბავშვი ქუჩაში. იპოვა ცხოვრების იოლი გზაო.

მეც ვბრაზდები. მერე ვხვდები, რომ ტყუილად - ნიკას დედა ხომ აღარ ცხოვრობს, მხოლოდ არსებობს და მარტო ის იცის, რომ უნდა ჭამოს და სვას, ტანზე რამე  ჩაიცვას, შვილსაც ჩააცვას და სოროში, რომელშიც ცხოვრობს, შუქის ქირა გადაიხადოს. მერე ჩემს ქვეყანაზე ვბრაზდები, რომელსაც სახელმწიფო ჰქვია და უნდა ზრუნავდეს, რომ ბავშვები ქუჩაში გათოშილები არ ეყარონ, არ შიოდეთ და სტკიოდეთ;

ნიკამ და დედამისმა არც იციან, რომ სახელმწიფო არსებობს, მით უფრო - მისი წესები. გვიან საღამოს ისინი ისევ ამოქაქანდებიან ავტობუსში და ნიკა  გახარებული უსტვენს თავის სასტვენში. დედა კი ისევ სასხვათაშორისოდ აფრთხილებს - წყნარად, ნიკა, წყნარადო! დაღლილი ხალხი ისევ ამრეზით უთმობს გზას დედა-შვილს და ნიკას სასტვენის ხმაზე იჭმუხნება - რა გულები დაგვიხეთქეო. ახია ყველაზე - ჩემზეც, მათზეც, რომ თვალებს ვხუჭავთ, როცა სიცხეში, თოვლსა და წვიმაში სევდაჩაძირული თვალები შემოგვყურებენ და ფულთან ერთად ბავშვობის დაბრუნებას გვთხოვენ. ყველაფერზე ვხმაურობთ და რატომ იმისთვის არ შევძრავთ ქვეყანას, ეს რომ არ ხდებოდეს?!

...ნიკა კი მცნობს, მიღიმის, რასაკვირველია, ისევ უსტვენს. მერე ჭუჭყიანი ხელებით პირში ლუკმას იტენის და საიდუმლოდ მეუბნება: - იცი, დეიდა, დღეს რამდენი ფული მაჩუქეს?

- არ ვიცი, - ვეუბნები მეც "საიდუმლოდ".

- ბევრი, ბევრი - აი, ამდენი, - ორივე ხელზე თითებს მითვლის, - წითელი მანქანა უნდა ვიყიდო მაღაზიაში და... პი-პი-პი - გაჰყვირის მხიარულად და თვალები უბრწყინავს. და ისე უბრწყინავს, მისი შემხედვარე ხალხიც ვეღარ ეუბნება, რა ამბავში ხარ, დაწყნარდიო!

ვერც უნდა ვუთხრათ!