პიკასოს, დალისა და კანდინსკის ალბომები "დიდი მხატვრების" სერიით გამოვა - კვირის პალიტრა

პიკასოს, დალისა და კანდინსკის ალბომები "დიდი მხატვრების" სერიით გამოვა

მკითხველთა თხოვნით!

"პაბლო პიკასოს ალბომი 21 იანვარს გამოვა და ერთი კვირის განმავლობაში 15 ლარი ეღირება"

"კვირის პალიტრის" მკითხველი კარგად იცნობს "დიდი მხატვრების" ალბომების სერიას, რომელსაც გაზეთთან ერთად ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იღებდა. როგორც აღმოჩნდა, ადამიანებს ძალიან აკლდათ მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით გამოცემული, ილუსტრირებული წიგნები ხელოვნებაზე, ამიტომაც ინტერესმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. პირველი წიგნის გამოსვლისთანავე ცხადი გახდა, რომ ტირაჟი უნდა გაზრდილიყო, რადგან წიგნის მაღაზიებში ალბომის გამოსვლიდან რამდენიმე დღეში ერთი ეგზემპლარის ყიდვაც კი შეუძლებელი გახლდათ.

გამომცემლობა "პალიტრა L" ცდილობდა, მსოფლიოში აღიარებული ყველა დიდი მხატვარი მოეხვედრებინა სერიაში, ითვალისწინებდნენ  მკითხველის აზრსაც... გამომცემლობაში მოდიოდა წერილები, ითხოვდნენ ამა თუ იმ გენიალური მხატვრის ალბომის გამოცემას, თუმცა, მიუხედავად დიდი მცდელობისა, ყველა მოთხოვნის შესრულება მაინც გაჭირდა.

თინათინ ასათიანი, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის დირექტორი:

- დიდი მხატვრების სერიით  32 წიგნი გამოვეცით. მკითხველი ითხოვდა, სერიაში აუცილებლად შესულიყო პიკასოსა და დალის ალბომებიც... მიუხედავად იმისა, რომ "დიდი მხატვრების" სერიაზე თითქმის სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდით და ვცდილობდით, მკითხველის ყველა სურვილი რეალობად გვექცია, ეს აქამდე არ მოხერხდა. რთული იყო მუზეუმებთან, მხატვრების მემკვიდრეებთან მოლაპარაკებები...

სამწუხაროდ, "დიდი მხატვრების" სერია ისე დასრულდა, რომ ამ მხატვრების ალბომები ვერ გამოვეცით, თუმცა გამომცემლობა "პალიტრა L"-ს არ დავიწყებია ჩვენი მომხმარებლის სურვილი. მოლაპარაკებები გავაგრძელეთ და საბოლოოდ მოვიპოვეთ როგორც პაბლო პიკასოს, ისე სალვადორ დალისა და ვასილ კანდინსკის ალბომების გამოცემის საავტორო უფლება...

- ეს სამი მხატვარი ისევ "დიდი მხატვრების" სერიით გამოვა თუ დამოუკიდებელი ალბომები იქნება?

- ეს სამი წიგნიც "დიდი მხატვრების" სერიითა და დიზაინით გამოიცემა, თუმცა შეიძლება იყოს მცირედი განსხვავება... ალბომებში იქნება როგორც მხატვართა ბიოგრაფიული ცნობები, ისე მათი ცნობილი ნამუშევრები.

პაბლო პიკასო 21 იანვარს გამოვა და ერთი კვირის განმავლობაში 15 ლარი ეღირება. დანარჩენი ორი ალბომი მომდევნო ორი თვის განმავლობაში მიეწოდება მკითხველს.

- ეს ხომ არ ნიშნავს, რომ "დიდი მხატვრების" სერია გაგრძელდება და მხოლოდ ამ სამი წიგნის დამატებით არ შემოიფარგლებით?

- არა, ეს სერია ამით დასრულდება, რადგან მკითხველი ამ სამი დიდი მხატვრის ალბომების გამოსვლას ითხოვდა. ვფიქრობ, პიკასო, დალი და კანდინსკი ძალიან დაამშვენებს "დიდი მხატვრების" გამოცემას...

სამი გენიალური მხატვრის ალბომი მართლაც დიდი საჩუქარია ხელოვნების მოყვარული გემოვნებიანი მკითხველისთვის.