საკუთარ სიცოცხლესაც გასცემენ, შვილს რომ უშველონ - კვირის პალიტრა

საკუთარ სიცოცხლესაც გასცემენ, შვილს რომ უშველონ

სიცოცხლეზე უფრო ტკბილი სხვა რამეაო, ვერავინ იტყვის - არავის გვეთმობა; მაგრამ მასზე ტკბილიც არსებობს, შვილი. ვინ იცის, ავადმყოფი შვილის საწოლთან დაჩოქილ რამდენ მშობელს უთქვამს, ღმერთო, ჩემი შვილის ნაცვლად მე წამიყვანე, მას ნურაფერს ატკენ, მე მატკინეო...

ამწუთას დიღომში ორი წლის გიორგი ერემეიშვილი წევს და პატარა, გამხდარი ხელებით ფრთხილად ისწორებს ვენაში ჩამაგრებულ ზონდებს. მათში იმ სითხემ უნდა გაიაროს, რომელიც მის პატარა სხეულს, თან ანგრევს, თან სიცოცხლეს უნარჩუნებს - ბავშვს ავთვისებიანი სიმსივნე აქვს და ქიმიურ გადასხმას იკეთებს. ამ სენს გიორგი ხელიდან უნდა გამოჰგლიჯონ მშობლებმა, რომლებიც ექვსი წელიწადი ელოდნენ მის დაბადებას... მერე კი ის ცა, რომელიც გიორგის დაბადებამ გაუხსნათ, ერთ საშინელ დღეს უცებ ჩამოექცათ - გიორგი ზაფხულში ვანში იყო ბებია-ბაბუსთან, როცა სახე დაუსივდა და მწარედ ატირდა...

თბილისში საშინელი დიაგნოზი დაუსვეს - პროსტატის ჯირკვალზე თანდაყოლილი ავთვისებიანი სიმსივნე...

შენ დაილოცე, უფალო, რომ კაცს ამის გაძლების ძალას აძლევ. გიორგის მშობლების და ბებია-ბაბუის გულმა ეს დიაგნოზი "აიტანა" და არ გასკდა, მაგრამ გულის გახეთქა ალბათ ბევრად უფრო მსუბუქი იქნებოდა იმ ტკივილთან შედარებით, რაც მათ თვალებშია. წელში მოხრილნი პატარას საწოლთან სხედან და მის ტანჯვას შესცქერიან. პატარა კი, სხეულში გაჩხერილმა ზონდმა, რომ არ ატკინოს, გამხდარ ხელებს ჰკიდებს და ფრთხილად გადააქვს გვერდზე. მკურნალობის თითო კურსი იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში დაახლოებით 3.000 ლარი ღირს. გიორგის მშობლები კი, რაც გააჩნიათ, ყველაფერს ნელ-ნელა ყიდიან. საკუთარ სიცოცხლესაც გასცემენ, რომ უშველონ. გიორგის საშველი მხოლოდ უცხოეთშია. მის მკურნალ ექიმს გერმანიიდან შეატყობინეს - ჩამოიყვანეთ და გადავარჩენთო. ამას კი უამრავი ფული სჭირდება. ფული, რომელიც სახელმწიფოს არ გააჩნია. ასეთ დროს წესიერი ქვეყანა მშობელივით გამწარებული უნდა აგროვებდეს თითო გროშს... გიორგისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მისი ქვეყანა როგორია. ის უნდა გადარჩეს!

უფალმა სიკეთის მადლი იმ უბრალო ადამიანებს მაინც მისცა, რომლებსაც თავადაც უჭირთ, მაგრამ ჯიბიდან უკანასკნელ გროშს იღებენ, ბავშვებმა რომ იცოცხლონ. ჩვენი მკითხველიც ასე აკეთებს. ამიტომაც ვბედავთ თხოვნას და ვემუდარებით, თუ შეძლებენ, გიორგისაც დაეხმარონ - სულ ერთი ლარით. ის ერთი ლარი კი შეგიძლიათ ბავშვს ამ ნომრებზე დარეკვით აჩუქოთ:

ჯეოსელი 700 622

ბილაინი 700 622

ახალი ქსელები 70 06 77

ტელეკომი 665 667

პროკრედიტ ბანკის ანგარიში: 365103123200049, კოდი: 220101

მიმღები იაკობ ერემეიშვილი