საშინელ ტრაგედიას გადარჩენილი ერისიონელები - კვირის პალიტრა

საშინელ ტრაგედიას გადარჩენილი ერისიონელები

რა მოხდა მინსკის ცაზე?

საავიაციო შემთხვევის შესახებ, რომელსაც კინაღამ ემსხვერპლა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი- "ერისიონის" ძირითადი შემადგენლობა, "კვირის პალიტრისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. მორიგი ხანგრძლივი საგასტროლო ტურნე მათთვის კინაღამ უკანასკნელი აღმოჩნდა. ბალტიისპირეთში, უკრაინასა და ბელორუსიაში დაგეგმილი გასტროლები მინსკში დასრულდა. ანსამბლი მინსკის აეროპორტიდან თბილისისკენ ბელორუსიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგით" გამოემგზავრა, თუმცა, ორსაათიანი ფრენის შემდეგ ხომალდი კვლავ მინსკის აეროპორტში დაეშვა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შიშთან მებრძოლი მოცეკვავეები და მომღერლები თურმე ავარიული დაშვების წინ ხუმრობდნენ, ასეთ ბისზე ჯერ არ გამოვუძახივართ, აფრენილი თვითმფრინავი უკან მიგვაბრუნებინეს და ალბათ, თავს პირდაპირ სცენაზე გვიკრავენო. რა მოხდა 15 დეკემბერს მინსკის თავზე? ამის შესახებ "ერისიონის" მომღერალმა, სოლისტმა ვანიკო ჩხაიძემ მიამბო:

- 26 ნოემბერს გავფრინდით თბილისიდან. წარმატებული ტურნეს ბოლოს კონცერტები მინსკში გავმართეთ. 15 დეკემბერს, კონცერტის შემდეგ, ჯერ სასტუმროში წავედით დასასვენებლად, შემდეგ კი აეროპორტისკენ ავიღეთ გეზი. ბელორუსიის ავიახაზებით მოვფრინავდით. მე ეკონომკლასის პირველ რიგში ვიჯექი, დანარჩენები უკან ისხდნენ. მოვემზადეთ გასაფრენად. დაკეტეს კარი. როგორც კი ხომალდი ასაფრენ ბილიკს დააწვა, საშინელი ხმა გამოსცა. შევკრთი, რა ხდება-მეთქი, თუმცა ხმამაღლა არაფერი მიკითხავს. სიმაღლეზე რომ ავიჭერით და ფეხებში ქარმა დამიბერა, უფრო შემიქანდა გული. უკან მსხდომები ამას ვერ გრძნობდნენ, რადგან კართან ახლოს მე ვიჯექი. ცოტა ხანში შევნიშნე, რომ მფრინავის კაბინაში აღელვებული სტიუარდესები შედიოდნენ და სალონში გამოსვლისთანავე აშკარად ძალდატანებით იღიმებოდნენ. ამასობაში ხალხი ცუდად გახდა, ყურები ასტკივდათ, წნევამ აუწიათ...

სტიუარდესებმა პლედები რომ გამოიტანეს და კარში ჩააფინეს, ვეღარ მოვითმინე და ვიკითხე, რა ხდება-მეთქი? მიხვდნენ, რომ სიმართლის დამალვას აზრი არ ჰქონდა და გამოგვიცხადეს, საგანგაშო არაფერია, მაგრამ ტექნიკური შეფერხება გვაქვს. მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად აეროპორტში ვბრუნდებით, თუმცა, ჯერ საწვავი უნდა დავწვათო. 2 საათი დავბორიალებდით მინსკის თავზე ნახევრად გადახრილი ხომალდით, 4 000 მეტრის სიმაღლეზე. თავიდან პანიკა იყო, მაგრამ ქართველებმა გასამხნევებლად ხუმრობა დავიწყეთ. სტიუარდესებმა პანიკის ასაცილებლად თუ შიშის გასაქარვებლად საჭმლის დარიგება დაიწყეს. ვიღაც მადლიანმა დაიძახა, პურისჭამა სასმლის გარეშე ვერ იქნება, ჭირს მხნედ უნდა შევხვდეთ და თუ რამეა, ქეიფიც ცაში დავასრულოთო. ამის თქმა და, უცებ ვისკი შემომაჩეჩეს ხელში. ყველამ დააძრო "დუტი ფრიში" ნაყიდი ძვირფასი სასმელები.A აი, მაშინ შემეპარა ეჭვი, რომ ქართველებს თუ გამოუცხადებ, სიკვდილი გელითო, მაგრამ მანამდე თავისუფლების ორ საათს მისცემ, ჭირს აუცილებლად ქეიფით შეხვდებიან.

- სალონში დალევის უფლება ვინ მოგცათ?

- რა, ვინმე დაგვიშლიდა? აზრი არ ჰქონდა. პანიკის შეეშინდათ ჩვენს სლავ სტიუარდესებს და როგორც ჩანს, იფიქრეს, დაე, გაილეშონ და აზროვნების უნარი აღარ ჰქონდეთო. გალეშვის რა მოგახსენოთ, მაგრამ გადასარევ ხასიათზე ვიყავით, როდესაც აეროპორტში დავეშვით. მერე არ მახსოვს არაფერი, მთავარი იყო, რომ გადავრჩით.

- სულ რამდენი მგზავრი იყო, რამდენი ერისიონელი?

- ერისიონიდან 57 ვიყავით, ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელიც ჩვენთან ერთად იყო. სალონში სულ 120 კაცი იყო, ამას დაუმატეთ ეკიპაჟის შემადგენლობაც...

თბილისში ჩამოსვლისთანავე ეკლესიაში გავიქეცი და პარაკლისი გადავახდევინე მოძღვარს. ღვთის წყალობით გადავრჩით.

თბილისში ბელორუსიის ავიახაზებთან დაკავშირება ვერ შევძელით. მითითებულ ნომრებზე, ძირითადად, ოპერატორები გვპასუხობდნენ, ჩვენი მოვალეობა მხოლოდ ბილეთების გაყიდვააო. შევეცადეთ, სხვა ავიაკომპანიებში გაგვერკვია, რა მოხდა 15 დეკემბერს მინსკის თავზე.

ავიაკომპანია "აირზენას" ხომალდის, "ბოინგ 737"-ის მეთაური დავით მიკუჩაძე:

- თითოეული გაფრენისთვის ხომალდს ტექნიკური პერსონალი ამზადებს, შემდგომ ეკიპაჟი ათვალიერებს, მათი უყურადღებობა, შესაძლოა, ყველას ძვირად დაუჯდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კარის ბოლომდე არდაკეტვა ეკიპაჟის უყურადღებობის შედეგია. 2 საათის განმავლობაში 4 000 მეტრის სიმაღლეზე ფრენა აუცილებელი იყო იმიტომ, რომ თვითმფრინავი შემსუბუქებულიყო და საწვავით სავსე ავზები დაეცალა. უფრო მაღლა ასვლის შემთხვევაში კარი ბოლომდე გაიღებოდა და თვითმფრინავში ჰერმერტულობა დაირღვეოდა, ამ დროს კი კატასტროფა გარდაუვალია. თუმცა, 4 000 მეტრის სიმაღლეზეც ერთი შეცდომა კმაროდა ტრაგედიისთვის. ალბათ, ამ შემთხვევის შემდეგ ეკიპაჟის დისკვალიფიკაციის საკითხი დადგებოდა. ეს იმაზეც არის დამოკიდებული, კომპანიაში როგორ დგას უსაფრთხოების საკითხი. რაც უფრო დიდია კომპანია, მით უფრო მეტია ასეთი შემთხვევების რისკი. ცნობილ, პოპულარულ კომპანიებსაც კი წელიწადში ავარიული დაფრენის 400-მდე შემთხვევა აქვთ. ეს გამოიწვია ავიაკომპანიების არაბუნებრივმა ზრდამ. ვერ მოასწრეს პერსონალის მომზადება. არადა, არ შეიძლება ავიაციაში მოყვარულები და ავანტიურისტები მუშაობდნენ".