დარჩება თუ არა ბაგრატის ტაძარი იუნესკოს სიაში? - კვირის პალიტრა

დარჩება თუ არა ბაგრატის ტაძარი იუნესკოს სიაში?

"ბაგრატის ტაძარი არის მაგალითი იმისა, რომ არ უნდა ვიჩქაროთ და მოვუფრთხილდეთ ჩვენს რელიგიურ და კულტურულ მემკვიდრეობას"

ახალი მთავრობა ამბობს, რომ ტაძარს იუნესკოს სიის მიღმა დარჩენა ემუქრება. ამის თაობაზე ახლახან კულტურის მინისტრის მოადგილე მარინა მიზანდარმა განაცხადა: "ორი აზრი არ არსებობს, რომ ბაგრატის ტაძარს სიიდან ამოიღებენ. რესტავრაცია იუნესკოსთან შეუთანხმებლად მიმდინარეობდა და დაირღვა ძეგლის თვითმყოფადობა და ავთენტურობა"

იუნესკო ოფიციალური გადაწყვეტილების მიღებას თებერვლის დასაწყისშივე აპირებს.

"კვირის პალიტრას" ამ საკითხზე კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია ესაუბრა:

- საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს იღონებს, რომ ტაძარი იუნესკოს მფარველობის ქვეშ დარჩეს. ჩვენ გვქონდა იუნესკოს ხელმძღვანელობასთან ამ საკთხზე საუბარი. ახლა გვიხდება მასალების მომზადება, რომელიც მათ სხდომის დაწყებამდე უნდა გადავცეთ. თუკი იუნესკოს კომიტეტის სხდომაზე ეს მასალები დამაკმაყოფილებლად არ ჩათვალეს, მოვითხოვთ, რომ საკითხი შემდგომ სხდომაზე განიხილონ. ჯერ ერთი, ჩვენ ქვეყნის პრესტიჟს ვიცავთ და მეორე, ტაძრისთვს მართლაც მნიშვნელოვანია იუნესკოს პატრონაჟი. ჩვენ განვიხილავთ არსებული ვითარებიდან გამოსასვლელ რამდენიმე ვარიანტს. შესაძლოა, მივითხოვოთ ტაძრისთვის ახალი ნომინაციაც, ან განვიხილოთ ის გელათის ტაძრის ნომინაციის ფარგლებში. ვნახოთ, რა უფრო იქნება შესაძლებელი.

ძველმა ხელისუფლებამ, მას შემდეგ, რაც იუნესკოს შენიშვნები მიიღო, სცადა  სიტუაციის გამოსწორება და დახმარება სთხოვეს ცნობილ არქიტექტორ ანდრეა ბრუნოს,  მაგრამ მისი შრომა არ ეყო ყველა შეცდომის გამოსწორებას.

- იუნესკოს ხელმძღვანელობამ არ მიგანიშნათ რაიმე გამოსავალზე?

- ახლა ეს ძალიან ძნელია, ძეგლი უკვე  რესტავრირებულია, ვერაფერს ჩავასწორებთ. ბაგრატის ტაძარი არის მაგალითი იმისა, რომ არ უნდა ვიჩქაროთ და მოვუფრთხილდეთ ჩვენს რელიგიურ და კულტურულ მემკვიდრეობას.

გურამ ოდიშარიას მსგავსად არ ფიქრობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, რომელსაც მიაჩნია, რომ აღდგენის შემთხვევაში ბაგრატის ტაძარი იუნესკოს სიაში ძველი ნომინაციით ისედაც ვერ დარჩებოდა: "მე-20 საუკუნის 90-იან წლებში იუნესკომ პოსტსაბჭოთა ქვეყნის სიძველეები დაჩქარებული წესით მიიღო მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ბაგრატის ტაძარი ამ სიაში შევიდა როგორც ნანგრევი და აქედან გამომდინარე, იქ ქვაზე ქვის დადების შესაძლებლობაც გამოირიცხა. როგორც ვიცი, იუნესკოს წინადადებაც კი არის, რომ ბაგრატის ტაძარმა ახალი ბიოგრაფიით^ დაიმკვიდროს იუნესკოს სიაში ადგილი".

P.S. ბაგრატის ტაძარი მეთერთმეტე საუკუნეში აიგო, გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ მესამის დროს. ამდენად, ის გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა. ექსპერტთა აზრით, საქართველოს პრეზიდენტს ძალიან სურდა გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოს რეკონსტრუქცია მის სახელს დაჰკავშირებოდა და 2009 წლიდან (ტერიტორიების ფაქტობრივი დაკარგვის შემდეგ) ბაგრატის ტაძრის აღსადგენი სამუშაო დაიწყეს, რაც დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობდა.

იუნესკოს დასკვნა

"უკიდურესად შეწუხებული ვართ, რომ ბაგრატის რეკონსტრუქცია უკვე სერიოზულ ფაზაშია შესული და იმ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, რომელზეც კომიტეტმა 34-ე სესიაზე უარი განაცხადა. რეკონსტრუქციისას რკინაბეტონი, გუმბათი და გამოყენებული ქვები თითქმის მთლიანად  ფარავს ორიგინალურ და ავთენტურ ქვის წყობას", - ნათქვამია იუნესკოს 36-ე სესიის დასკვნაში.