ქართველმა მეგზევეებმა სპეციალური მიმართვა გაუგზავნეს აფხაზ და ოს კოლეგებს - კვირის პალიტრა

ქართველმა მეგზევეებმა სპეციალური მიმართვა გაუგზავნეს აფხაზ და ოს კოლეგებს

"პოლიტიკურმა გაუგებრობებმა და დაპირისპირებამ კი დაგვაშორა, მაგრამ, არასდროს შეგვიწყვეტია ერთმანეთზე ფიქრი"

"თუ პოლიტიკა არ დაგვაბრკოლებს, მეგობრობისკენ მიმავალ გზასაც ავაშენებთ"

"ახლა საჭიროა, ჩვენს ხელისუფლებას ენდონ, მიხვდნენ, რომ არავის უნდა ომი"

ცოტა ხნის წინ ქართველმა მეგზევეებმა სპეციალური მიმართვა გაუგზავნეს აფხაზ და ოს კოლეგებს და  ერთად დგომისკენ მოუწოდეს. თავისი მიწიდან დიდი ხნის წინ დევნილი  აფხაზი, ჯემალ შერვაშიძე, წლების განმავლობაში სოხუმში, აფხაზეთის საავტომობილო გზების სამმართველოს დირექტორი იყო. ის დიდი ხანია, საქართველოში აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობაში მუშაობს და აფხაზებსა და ქართველებს შორის ჩატეხილი ხიდის გამთელებას ცდილობს...

ჯემალ შერვაშიძე: - საგზაო დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელმა ზაქარია ხუნძაყიშვილმა ჩემი მრავალწლიანი ოცნება გაახმიანა - კარგი იქნება, თუ პროფესიული კავშირების აღდგენას შევძლებთ და ქართველი მეგზევეები აფხაზ და ოს კოლეგებს დაუკავშირდებითო. ამაზე ჯერ კიდევ შევარდნაძის რეჟიმის დროს ვოცნებობდი, ვცდილობდი კიდეც კავშირის დამყარებას, მაგრამ ხელს არავინ გვიწყობდა. ახალი ხელმძღვანელობა კი მიიჩნევს, რომ მეგზევეობა ძალიან კომუნიკაბელური პროფესიაა, ყველა რეგიონში, მათ შორის აფხაზეთშიც, მეგზევეები ავტორიტეტით სარგებლობენ. ამიტომაც, თუ დანაწევრებული საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე მცხოვრები კოლეგები კავშირს აღადგენენ, ასეთი ურთიერთობები სხვა პროფესიის ადამიანებისთვისაც სამაგალითო გახდება, რაც უეჭველად წაადგება სახალხო დიპლომატიას. ნიბლია ნარზე იჯდა და ხელის აქნევას ელოდაო, ასე დამემართა. მეგზევეთა დღესასწაულზე აფხაზი და ოსი კოლეგებისადმი სპეციალური მიმართვა მოვამზადეთ და ჩვენ შორის გაწყვეტილი კავშირის აღდგენისკენ მოვუწოდეთ. მეგზევეთა დღეზე დასაჯილდოებელ ვეტერანთა შორის ბევრი იყო აფხაზეთიდან, ერთ-ერთი, 80 წლის გრიგოლ ხასია, დღემდე გაგრაში ცხოვრობს.

- აფხაზებმა რით უპასუხეს თქვენს მცდელობას?

- თბილისიდან დაკავშირება ვერ შევძელი და ვოლოგდასა და მოსკოვში ვთხოვე დახმარება ძველ კოლეგებს. მალევე დამირეკეს სოხუმიდან. ეს იყო ძველი, სიყვარულით გამთბარი სატელეფონო ზარი. ოჯახის სხვა წევრებმაც სიყვარულით მომიკითხეს. პოლიტიკურმა გაუგებრობებმა და დაპირისპირებამ კი დაგვაშორა, მაგრამ, არასდროს შეგვიწყვეტია ერთმანეთზე ფიქრი. შევთანხმდით, რომ ჩვენი პროფესია და მეგობრობა პოლიტიკაზე მაღლა დგას და კარგი იქნება, თუ შევძლებთ, ერთმანეთს ისევ გავუწოდოთ მეგობრული ხელი.

- გასაგებია, რომ ძველი გრძნობები არ განელებულა, მაგრამ არსებული რეალობის გათვალისწინებით შესაძლებელია ამ ურთიერთობების გაგრძელება?

- ამის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება და ეს მხოლოდ ჩვენს თაობას შეუძლია, მათ, ვისაც გვახსოვს და გვიყვარს ერთმანეთი. გაგრაში, ოჩამჩირეში, ტყვარჩელში, გუდაუთაში, გალში საგზაო სამმართველოებში ერთად ვმუშაობდით ქართველები და აფხაზები. ერთად ვაგებდით გზებს, ვაშენებდით ხიდებსა და გვირაბებს. შემდეგ კი ერთად ვსხდებოდით სუფრასთან და ჩვენი საერთო სამშობლოს სადღეგრძელოს ვსვამდით.

მიჭირს იმის წარმოდგენა, რასაც ისევ აფხაზი ახლობლები მიყვებიან. თურმე, ახალგაზრდები საკუთარ შვილებს ქართველების შიშსა და სიძულვილს უნერგავენ. Pპატარა ბავშვები, რომელთაც გააზრებული არა აქვთ რეალობა, ქართველებს პირად  მტრად მიიჩნევენო.

როდესაც ჩვენს აფხაზ კოლეგებს ვუთხარი, ერთმანეთს ისევ უნდა დავუდგეთ გვერდით-მეთქი, დამეთანხმნენ, თუმცა, ფრთხილობენ, თქვენი ხელისუფლება ახალი შეცვლილია, დავაკვირდებით, რა აქვთ განზრახულიო.

ოჩამჩირელი კოლეგა, რომელიც 18 წელია, არ გადმოსცილებია ენგურს, დამფრთხალი მოდიოდა, ვაითუ აფხაზობა შემიტყონ და ცუდი დღე მაწიონ ქართველებმაო. გაოცდა, ყველამ მოყვრულად რომ მიიღო. ახლა საჭიროა, ჩვენს ხელისუფლებას ენდონ, მიხვდნენ, რომ არავის უნდა ომი და უბედურება. სხვა მხრივ მეგზევეებს პოლიტიკოსების დახმარება არ გვჭირდება, სახალხო  დიპლომატია თავისას იზამს."

სამაჩაბლოელი მეგზევე სოსო მაკრახიძეც იმედიანად არის, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ ოსი კოლეგები სატელეფონო საუბრებსაც უფრთხიან. "განა მეგობრებთან ლაპარაკის ეშინიათ? იმედის მიმცემი ბიძგი სჭირდებათ დანარჩენი საქართველოდან. Aაგვისტოს ომამდე როკის გვირაბთან  ჩვენ გავაკეთეთ გზა, ოს კოლეგებს ჯავაში ქარხნების გამართვაში დავეხმარეთ. ცხინვალის გავლით როკამდე ისე მივდიოდით, არც ვფიქრობდით, რომ იმ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქცია არ მოქმედებდა. მეგზევეები მშვიდობიანი ხალხი ვართ, ჩვენ ხომ გზას ვაგებთ - კომუნიკაციის საუკეთესო და აუცილებელ საშუალებას. თუ პოლიტიკა არ დაგვაბრკოლებს, მეგობრობისკენ მიმავალ გზასაც ავაშენებთ.

P.S. "საქართველოს მეგზევეთა საზოგადოებაც" აქტიურად ჩაერთო ამ კავშირის აღდგენაში. საზოგადოების თავმჯდომარის - თამაზ შილაკაძის განმარტებით, არა მხოლოდ აფხაზებსა და ოსებთან, დსთ-ის წევრი ქვეყნების მეგზევეებთანაც აპირებენ ქართველები კავშირების აღდგენას, გაზაფხულზე კი ამიერკავკასიელ მეგზევეთა კონფერენციაზე აფხაზებსა და ოსებსაც მოიწვევენ.