ბორცვი, რომელთანაც არავინ მივა - კვირის პალიტრა

ბორცვი, რომელთანაც არავინ მივა

მამუკა 15 წლის ყოფილა, როცა მამას დედა მოუკლავს, მერე დაობლებული და-ძმებისთვის დედინაცვალი მოუყვანია, რომელმაც მისი და მოკლა... გაოგნებული შევცქეროდი მამუკას, ის კი ისევ ჯამს ჩასჩერებოდა... ეჰ, ნეტავ, ვის რით უვსებს ცხოვრება ამ ჯამს...

"კიდევ კარგი, ბაჭიებმა არ იციან, როგორი შეიძლება იყოს დასასრული"

როცა სოფელ ძეგვის გზას დაადგები, ერთი ნაძვებიანი აღმართი შემოგხვდება. აღმართზე გზაჯვარედინია, - მარჯვნივ წახვალ, თეთრ კორპუსს მიადგები, მარცხნივ - შავს, ჩამონგრეულს და თვალბნელს...

რატომ დავიწყე ასე ზღაპარივით? უბრალოდ, მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო, რომ ცხოვრებაც ზღაპარივით ერთი "იყო და არა იყო, რაა", მაგრამ რატომღაც ამაზე ფიქრი არ გვინდა. თუმცა ყოველთვის ხდება ისეთი რამ, რაც ამას გვახსენებს. ახლაც ასე მოხდა, - მეგობარი მყავს, სიცოცხლის სიყვარულის სწავლა თუ გინდა, დრო უნდა იშოვო, სკამი მასთან ახლოს დადგა და უცქირო... უცებ ცოცხალ-მკვდარი არ დაბრუნდა მცხეთიდან?! ჩემი ნათესავი ძეგვის მოხუცთა თავშესაფარში წაუყვანიათ. რაც მოვინახულე, მას შემდეგ ასე ვარო. მერე უცებ - ხომ არ წახვალ ძეგვში და იქაურობას ნახავო? მეც წავედი - დასასრულის სანახავად...

იქ დედა მარიამი დამხვდა, მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი.

- მოხუცებთან საუბარი გინდა? ვეჭვობ... ბევრი ისეთ დღეშია, ლაპარაკი არ მოუნდება. მოხუცების გარდა ფსიქონევროლოგიური ავადმყოფები და უსახლკარო ბავშვებიც გვყავს შეფარებული.

- თქვენ როგორღა მოხვდით აქ?

- ღვთის ნებით და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით... 60 კაცი გვყავს და მხოლოდ ერთი ნორმალური კორპუსი გვაქვს. მეორე კორპუსის მიერთებაც გვინდა, მაგრამ ისეა დანგრეული, მის რემონტს ცოტა ფული არ დასჭირდება. არადა, ქუჩაში გადაგდებული, სიცივით აკანკალებული ადამიანი რომ გემუდარება, მიმიღეო, რა უნდა უპასუხო? რამდენიმე ისეთი მოგვადგა, მართლა მოკვდებოდა ქუჩაში. ამიტომ იმ დანგრეულ კორპუსშიც შევუშვით... ბევრი ისეთია, ცხოვრებაში ყველაფერი რომ ჰქონდა და წაერთვა... წავიდეთ, ვნახოთ.

და დედა მარიამი წინ გამიძღვა. მე უკან მივდევდი და ჭირხლიან ჰაერს ვსუნთქავდი. სამზარეულოში შევედით. გაზქურაზე კარტოფილიანი ქვაბი იდგა, მაგიდაზე ჯამები და ჯამებთან - დაბღვერილი მამუკა. დედა მარიამმა - ეს ჩვენს სახლში მოყვანილი პირველი ბავშვია,  ფსიქიკური პრობლემები თხუთმეტი წლიდან დაეწყო. რატომ-მეთქი? მამამ დედა მოუკლა, მერე დაობლებულ და-ძმებს დედინაცვალი მოუყვანა, რომელმაც მისი და მოკლაო. გაოგნებულმა მამუკას გავხედე, ის კი ისევ ჯამს ჩასჩერებოდა... ეჰ, ნეტავ, ვის რით უვსებს ცხოვრება ამ ჯამს...

იქიდან ბაბულია ბებოს გავყევი ოთახში. ისიც საწოლზე ჩამოჯდა, იქიდან ერთი ყვითელნისკარტა და შლაპიანი პლუშის წიწილა აიღო და ჩაიხუტა, - ნახე, რა ლამაზია, ღამე ჩემთან სძინავსო...

ჩემს შვილებთანაც ასე მეძინა, როცა პატარები იყვნენ, მივეჩვიე და ახლა მარტო ხომ არ დავიძინებო! ბაბულია ბებოს არ აკითხავენ შვილები - ერთი ბიჭი თხუთმეტი წლისა გარდაეცვალა, მეორე - თექვსმეტის.

...თუმცა აქ, თავშესაფარში, სხვისი შვილები მაინც ბევრნი არიან. ზოგი დიდები და ზოგიც პატარები. ტახტების საზურგეებზე პლუშის დათუნიები იმათაც ჰყავთ დამწკრივებული და მათთან ერთად ელიან მშობლებს. ისინი კი... არა და არ მოდიან.

- ახლა ჩემი ბიჭი აქ არ არის, ცირკშია წასული, რომ იყოს, იცი, რას გეტყოდა? - ჩურჩულით მეუბნება თამარ თინაშვილი.

- აბა, რას? - ჩურჩულითვე ვპასუხობ.

- ჩემს მამიკოს, როინ წიწორიას უთხარით, სად არის ამდენ ხანს, მოვიდეს და მნახოს, მეტი არაფერი მინდაო!

- თქვენც არ იცით, სად წავიდა მამამისი?

- რა ვიცი, რუსეთში წავიდა და წავიდა.

...ამას აუცილებლად დავწერ და იქნებ მართლა გამოჩნდეს ეს კაცი-მეთქი, - ვფიქრობ გულში, მაგრამ თამარს ვერ ვპირდები, - ის ბიჭს აუცილებლად ეტყვის და რა საჭიროა გულის კიდევ ერთხელ მოკვლა!

აი, ბატონ ლევანს (მოდი, ასე დავარქვათ, მთხოვა, ნამდვილ სახელს ნუ დაწერთო) დედა არ მიუტოვებია - როცა თბილისის ერთ-ერთი საავადმყოფოს ცნობილი ქირურგი ცხოვრებამ ქუჩაში დატოვა, პენსიით სატვირთო მანქანა დაიქირავა, შიგ დაკარგული ბინიდან გადარჩენილი ერთადერთი მაცივარი და მოხუცი დედის საწოლი აიტანა, ზედ დედა დააწვინა და ძეგვის გზას დაადგა. იქიდან უკან ვეღარ გამოუშვეს, მაგრამ ვერც კეთილმოწყობილ კორპუსში შეასახლეს - ადგილი აღარ იყო.  ყოფილმა ქირურგმა ხელში ჩაქუჩი აიღო, დანგრეული კორპუსის ჩამოღებულ ფანჯარას ცელოფანი ააკრა და შიგ დედიანად შესახლდა. ღამღამობით საწოლზე ზის და ღრმად მოხუცებული დედის ძილს ყარაულობს, - შეიძლება ღამის ქოთანიც დასჭირდეს.

აქ კი ღამის ქოთანი ამოჭრილი სკამია, რომელზეც მოხუცებს სვამენ და ქვემოდან ვედროს უდგამენ. ასეთი "ღამის ქოთნები" აქ ჩვეულებრივი ამბავია, - როცა ახლოს ტუალეტი არ არის, უფრო "კომფორტული" რა შეიძლება გამოიგონო.(!) თუმცა, არ დაგიმალავთ და... ამ მოსახერხებელმა ტუალეტმა საშინლად შემზარა... და კიდევ ნაგავში მოფუთფუთე ბაჭიები, რომლებიც აქ მყოფებს მოუშენებიათ და თავიანთი წითელი თვალებით შეშინებული შემოგცქერიან, ალბათ, იმათაც ეშინიათ ცხოვრების. კიდევ კარგი, მათ ის მაინც არ იციან, როგორი შეიძლება იყოს დასასრული.

ისე კი, ეს დასასრული ქუჩაში დასასრულს მაინც სჯობს, აქ ჭერია და კედლები, რომელთაც საწოლიდან წამოწეული იდაყვს მიაყრდნობ, ზედ თავს ჩამოდებ და ცხოვრებას მიემალები. ანდა სულაც რაიმეს დაწერ, თუნდაც ლექსებს, რომელთაც მერე სხვა მოვა და წაიკითხავს... მერე?

მერე იქნება ხელოვნური ყვავილები მარტოსულ ბორცვზე, სადაც არასდროს არავინ მივა.

და ამიტომ, რასაც უნდა ვაკეთებდეთ, გვახსოვდეს დასასრული. ასეთი დასასრულისგან კი ერთმანეთი სიყვარულით უნდა გადავარჩინოთ.

სიუჟეტი იხილეთ palitratv.ge-ზე