... და დრომ ხმაც ვერ გაუბზარა - კვირის პალიტრა

... და დრომ ხმაც ვერ გაუბზარა

"უცნაურად გაორებული კაცი ვარ"

გარდაიცვალა გურამ საღარაძე, საქართველოს სახალხო არტისტი, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატი, მრავალთა საყვარელი მსახიობი.

12 იანვარს 84 წლის შესრულდა. ძველებურად მხნედ აღარ იყო,  ჯანმრთელობას უჩიოდა, მაგრამ მისი შემხედვარე ვერაფრით დაიჯერებდი, რომ შეიძლებოდა ცუდად ყოფილიყო. თითქოს ასაკს აჯობა, დრომ ვერც ნაოჭი გაუმრავლა სახეზე და ვერც ხმა გაუბზარა. მის მიერ წაკითხული ლექსები ხომ მხატვრული კითხვის უნიკალური და განუმეორებელი ნიმუშია.

2002 წელს რუსთაველის თეატრში მისი მოღვაწეობის 50 წლისთავი აღნიშნეს. მაშინ თქვა: "50 წელი დიდი დროა, მით უმეტეს, თუ ნახევარი საუკუნე ერთ საქმეს ემსახურები... ბევრმა კარგმა რამ\ემ ჩაიარა ჩემს თვალწინ, ბევრმა - უსიამოვნომ. ამის მიუხედავად, ცხოვრება მშვენიერია"...

გურამ საღარაძეს საკუთარ თავზე ლაპარაკი არ უყვარდა; ერჩივნა, ცივი და უკარება გამოჩენილიყო, ვიდრე დარდი და საფიქრალი საქვეყნოდ გამოეტანა...

ძუნწად, მაგრამ მაინც წამოსცდებოდა: "ვფიქრობ წარსულზე და მესიზმრება, მესიზმრება და იმ განსაკუთრებულ ურთიერთობებს ვიხსენებ, რაც მაკავშირებდა ჩემს ახლობელ ადამიანებთან, ბებიასთან, ბაბუასთან... ბებიას გაზრდილი ვარ. პელაგია ერქვა. მე და ბებია ერთად ვცხოვრობდით მთაწმიდაზე, დედა და მამა - პლეხანოვზე. მერე გადმოვედით ამ ბინაში 1939 წელს. ბებიას ნებიერი ვიყავი ბოლომდე, ულმობელია ცხოვრება, ისე გადაწყვეტს საკითხს, დაფიქრებას ვერ მოასწრებ. დედაჩემმა ჩემს ხელში დალია სული, ჩემი მეგობარი ზურაბ ცხაკაია მეგობრებს ჩაგვაკვდა ხელში. საოცარია სულთან განშორება... ერთი საყვარელი ძაღლი მყავდა, შავი პუდელი, ისიც ჩემ თვალწინ მოკვდა. აიწია, აიწია და ამოხდა სული. ეს სასწაული იყო, არასოდეს დამავიწყდება. ცოდოა მარტოხელა კაცი, თუმცა ზოგჯერ სულ მარტო მინდა ვიყო, დავრჩე ჩემს გრძნობებთან, ფიქრებთან, დარდთან, მერე ისევ მეგობრებთან მიმიწევს გული. ჩემი ცხოვრების პრინციპად სიმართლით სიარულს ვთვლი. მინდა მჯეროდეს, რასაც მეუბნებიან, არ მინდა, მატყუებდნენ, ძალიანმტკივა გული... უცოდველი არავინაა, მაგრამ საბედისწერო ცოდვა არ უნდა ჩაიდინოს კაცმა"...

გურამ საღარაძეს მარტივად ვერ გაიცნობდი. ალბათ, ძნელი წარმოსადგენიცაა არტისტი ასეთ ამპლუაში: დაჩოქილი ნარგავებთან... ან ქუჩაში, უპატრონო ძაღლთან შეჩერებული და დაფიქრებული... არადა, სწორედ ასეთი იყო: "წეროვანში სახლი რომ ავაშენეთ, მიწაზე დაჩოქილებს ბევრი ხე დაგვირგავს  მე და ჩემს მეუღლეს... ტანიას ძალიან უყვარდა ყვავილები... უვლიდა, ახარებდა... ძაღლები, დღეს რომ შინ გვყავს, ტანიამ ქუჩიდან მოიყვანა, ისეთი საცოდავები, უმწეოები იყვნენ... მოუარა, გაზარდა და დამიტოვა... მეც ძალიან მიყვარს ცხოველები, ახლაც კი ქუჩაში რომ მივდივარ და უპატრონო ძაღლებს ვხედავ, გული მტკივა, მინდა გავაჩერო მანქანა და წამოვიყვანო..."

ისიც წამოსცდა, გაორებული კაცი ვარო... მისთვის რეალური სამყარო და ის, რასაც გულით ატარებდა, რაღაცნაირად გაიმიჯნა, რეალობა მკაცრი იყო და შეუვალი, შინაგან სამყაროში კი ძველებური სინაზე, სიყვარული, ბავშვური მიამიტობა განაგრძობდა სიცოცხლეს... ამას ძნელად თუ გადმოსცემდა სიტყვით. ამიტომაც ძუნწად, რამდენიმე ფრაზით შემოიფარგლა: "რაც ჩემი ტანია გარდაიცვალა, წლები გავიდა, წარმოგიდგენიათ? დრო მკურნალიაო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მკურნალობს.  უბრალოდ, ყოველდღიურობა გაჩვევს ამ ტკივილს, თორემ ისე ვერასოდეს განიკურნები ტკივილისაგან. თავსაც ვერ მოიკლავ... სასაფლაოზე რომ ვარ და მის საფლავს ვუყურებ, ხომ არ გგონიათ, ავღელდე, ემოცია გამოვხატო... არა... საფლავი უცხოა ჩემთვის... ეს ის არ არის, რაც ჩემშია, როგორც სიყვარული, აი, ასე, უცნაურად გაორებული კაცი ვარ".

მიუხედავად ყველაფრისა, ყოველ გაზაფხულს სიცოცხლის გამარჯვების განცდით ხვდებოდა, ყოველ ახალ წელს - ახლის დასაწყისის იმედით...

2006 წლის 13 ნოემბერს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა გურამ საღარაძის ვარსკვლავი. იდგა აღელვებული და ეტყობოდა, ძალიან უჭირდა იმის გადმოცემა რასაც გრძნობდა...

ბოლომდე მტკიცედ იდგა, ბოლომდე იცავდა იმას, რაც სულში ჰქონდა იმისაგან, რაც გარემოშია, და რამაც შეიძლება წალეკოს ადამიანი... ამას ჯიუტად, პრინციპულად, ზოგჯერ გარეგნული გულგრილობით აკეთებდა...

სინამდვილეში კი გული არასოდეს ჰქონია "გრილი"...

"კვირის პალიტრა" თანაუგრძნობს გურამ საღარაძის ოჯახს, რუსთაველის თეატრსა და ქართველ მაყურებელს...