დასავლეთის სინდისი - კვირის პალიტრა

დასავლეთის სინდისი

არაერთხელ თქმულა, საქართველოში დიდი ადამიანების მხოლოდ სახელის ხსენება საკმარისია, რომ მიხვდე, ვისზეა საუბარი, გვარის მითითება საჭირო არც არისო. მართლაც, ილიას როდესაც ვამბობთ, - ილია ჭავჭავაძეს ვგულისხმობთ; აკაკი - აკაკი წერეთელია მხოლოდ; შოთა, ვაჟა, გალაკტიონი და ა.შ.

ეს საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტება ალბერ კამიუს ერთმა ციტატამ გამახსენა: "ვინ არის ცნობილი ადამიანი? ეს ის ადამიანია, რომელსაც მხოლოდ გვარითაც იცნობენ, ამიტომ მის სახელს მნიშვნელობა არა აქვს. დანარჩენებისთვის სახელი მნიშვნელოვანია". აი, ასე: საქართველოს გარეთ პირიქით ყოფილა. მართლაც, როდესაც ვიტყვით: "ფოლკნერი" ან "დოსტოევსკი", ან "ჰიუგო", გასაგები ხდება, ვისზეც ვსაუბრობთ.

სწორედ ასეთ "უსახელოთა" რიგშია კამიუც, ალბერ კამიუ.

მას სიცოცხლეშივე უწოდეს "დასავლეთის სინდისი", თუმცა, 30-იან წლებში საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრიც იყო და შემდეგ იქიდან "ტროცკისტობის" გამო (სწორედ ასე ჟღერდა თანაპარტიელთა ბრალდება) გარიცხეს. მომავალში მუდმივად პოლემიკაში იყო ფრანგ მემარცხენეებთან და მათ ყოველთვის საყვედურობდა აღმოსავლეთ ევროპის კომუნისტური რეჟიმებისადმი ლოიალურობას. მისი ეს პოზიცია იმდენად უშლიდა ნერვებს მაშინდელ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობას, რომ 2011 წელს, ანუ კამიუს დაღუპვიდან 41 წლის შემდეგ, ასეთი ვერსიაც კი გაჩნდა: 1958 წელს უნგრეთის სახალხო მღელვარების სისხლში ჩახშობისა და ბორის პასტერნაკისათვის გამოცხადებული მხარდაჭერის გამო, მწერალს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პირადი მითითებით მოუწყვეს ავტოკატასტროფაო. ეს ვარაუდი, შესაბამისი არგუმენტებით, ყველაზე სოლიდურმა იტალიურმა გაზეთმა "კორიერე დელა სერამ" გამოაქვეყნა.

ასეა თუ ისე, იმ დროისათვის ყველაზე პოპულარული ევროპელი მწერალი მხოლოდ 47 წლისა იყო, როდესაც დაიღუპა და უდავოა, ძალიან ბევრი ჩანაფიქრი დარჩა განუხორციელებელი - ავარიის შემდეგ გვამის დათვალიერების ოქმშიც კი მითითებულია, რომ სხვა პირად ნივთებთან ერთად, ვრცელი მოთხრობის, "პირველი ადამიანის" დაუსრულებელი ხელნაწერი ჰქონდა თან, ძალიან ბევრს წერდა სიცოცხლის ბოლოს.

უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტი ვახსენეთ - კამიუ თვლიდა, რომ ბოროტების მიმართ შეუძლებელია იყო გულგრილი. ის წერს: "უსამართლობასთან ან თანამშრომლობენ, ან ებრძვიან მას!"

ეს მოსაზრება პროექტის "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" ფარგლებში ჩვენ მიერ შემოთავაზებულ რომან "ჭირშიც" ნათლად ჩანს: ალჟირის ქალაქ ორანში მძვინვარე ეპიდემია ყველას ეხება. ერთი ქალაქის პრობლემა საყოველთაო ბოროტების სიმბოლოდ არის წარმოდგენილი.

"ჭირი" 1947 წელს გამოქვეყნდა, როდესაც ალჟირი ჯერ კიდევ საფრანგეთის ტერიტორია იყო (სხვათა შორის, სწორედ ორანშია დაბადებული ივ სენ-ლორანი) და იქაურები (ქალაქის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ფრანგები იყვნენ) ძალიანაც ამაყობდნენ მათი ქალაქის ასეთი პოპულარობით (განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კამიუმ ნობელის პრემია მიიღო), მაგრამ ალჟირის მიერ დამოუკიდებლობის მიღებისა და იქიდან ევროპელების გაყრის შემდეგ (ახლა ორანში მხოლოდ არაბები და ბერბერები ცხოვრობენ), 60-იანი წლების დასაწყისში ისლამისტმა ფუნდამენტალისტებმა კამიუს წიგნები დაწვეს და გამოაცხადეს, რომ დამპყრობელი ქვეყნის მწერლის ეს "ბოროტი წინასწარმეტყველება" (ეპიდემია) არასოდეს ახდება.

არადა, ალჟირი კამიუს იმ არაბებზე გაცილებით მეტად უყვარდა და სიცოცხლის ბოლომდე თავის სამშობლოდ მიიჩნევდა. მეგობრები ამბობდნენ, იქნებ კარგიც იყოს, კამიუ ამ ამბავს რომ ვერ მოესწრო, თავისი ზედემოკრატიული შეხედულებების მიუხედავად, დამოუკიდებელი ალჟირის მოქალაქეთაგან ყველაფერი ფრანგულისადმი ისეთ დამოკიდებულებას, რაც განსაკუთრებით პირველ წლებში ჩანდა, ვერ გადაიტანდაო. მით უმეტეს, რომ ის ყოველთვის იცავდა არაბი მოსახლეობის უფლებებს, 30-იანი წლების ბოლოს ოპოზიციურ გაზეთებსაც რედაქტორობდა, რომელთა მთავარი მიმართულებაც სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებისადმი მთავრობის კოლონიური დამოკიდებულება იყო. მთავრობის მიერ ერთ-ერთი ასეთი გაზეთის, "სუარ რეპუბლიკენის" დახურვის შემდეგ, 1940 წელს, ცოლთან ერთად (იმ დროს უკვე მეორედ იყო დაქორწინებული) სწორედ ორანში იცხოვრა ორი თვე და შემდეგ პარიზში გადასახლდნენ.

კამიუ ალჟირში, ოღონდ არა ორანში, არამედ პატარა ქალაქ მონდოვისთან (ახლა ამ ქალაქს დრეანი ჰქვია) მდებარე ფერმაში დაიბადა. მამამისი ღვინის მწარმოებელი ფირმის მარნის ზედამხედველად მუშაობდა, მაგრამ მეორე ვაჟის დაბადებიდან ერთი წელიც არ იყო გასული, რომ პირველი მსოფლიო ომის საყოველთაო გაწვევა შეეხო და 1914 წლის სექტემბერში ცნობილ მარნის ბრძოლაში დაღუპულ 250 ათას ფრანგ ჯარისკაცს შორის ისიც იყო.

ამიტომ მომავალ მწერალს მამა არ ახსოვდა და მთელი თავისი სიყვარული დედისკენ მიმართა. იმის მიუხედავად, რომ წარმოშობით ესპანელი დედამისი გაუნათლებელი, ნახევრად ყრუ და ცოტა უხეში ქალიც იყო, მოგვიანებით, უკვე მწერალმა ალბერ კამიუმ თქვა: "სამართლიანობასა და დედას შორის არჩევანი რომ დადგეს, ცხადია, დედას ავირჩევ!"

ქმრის დაღუპვის შემდეგ კუტრინმა ქალაქში გადასვლა გადაწყვიტა და დედასა და ორ ვაჟთან ერთად ქალაქ ალჟირის (ამჟამად სახელმწიფო ალჟირის დედაქალაქი) გარეუბანში დასახლდა, სადაც ჯერ ფაბრიკაში, ხოლო შემდეგ დამლაგებლად მუშაობდა და მცირე ხელფასითა და ქმრის დაღუპვის გამო დანიშნული პენსიით ძლივს გაჰქონდა თავი.

ხელმოკლეობის გამო, გადაწყვეტილი ჰქონდა, 10 წლის ალბერი სკოლიდან გამოეყვანა და მისთვის რამე ხელობა ესწავლებინა, მაგრამ ლიცეუმის მასწავლებელმა ძლივს დაარწმუნა ბიჭის დედა და ბებია, რომ ის განსაკუთრებული ნიჭის პატრონი იყო და სწავლა უნდა განეგრძო.

მართლაც შესაშური ნიჭი გამოიჩინა დამლაგებლის შვილმა და არა მხოლოდ სწავლაში - შესანიშნავად თამაშობდა ფეხბურთს და ალჟირის უნივერსიტეტის გუნდის ახალგაზრდული შემადგენლობის ლიდერადაც იქცა. აპირებდა, სერიოზულად დაკავებულიყო სპორტით, მაგრამ მოულოდნელად ტუბერკულოზი აღმოაჩნდა და ეს ოცნება სამუდამოდ აუსრულებელი დარჩა. სამაგიეროდ, უნივერსიტეტის გუნდის წინაშე დამსახურება ძალიან დაეხმარა, რომ ალჟირის უნივერსიტეტში ჩარიცხულიყო და სტიპენდიაც მიეღო.

უნივერსიტეტში ფილოსოფიას სწავლობდა და ალბათ მაშინ ჩაისახა მის გონებაში შემდგომში ასე ცნობილი კამიუსეული აბსურდიზმი და ათეისტური ეგზისტენციალიზმი.

ძალიან საინტერესო ფილოსოფიური დამოკიდებულება ჰქონდა სიკვდილ-სიცოცხლესთან: "ღირს თუ არა სიცოცხლე იმად, რომ იცოცხლო?!" და "ყოველთვის დგება წუთი, როდესაც ადამიანები აღარ ებრძვიან, აღარ გლეჯენ ნაკუწებად ერთმანეთს და ბოლოს და ბოლოს თანხმდებიან, უყვარდეთ ერთმანეთი ისეთები, როგორიც არიან. ოღონდ ეს წუთი მხოლოდ სასუფეველში დგება".

და კიდევ, ხშირად იმეორებდა, რომ ყველაზე სულელური სიკვდილი ავტოკატასტროფაში დაღუპვაა...