"ის ჩემი პატრიარქიც არის" - კვირის პალიტრა

"ის ჩემი პატრიარქიც არის"

იური როსტი და "ნოვაია გაზეტა" ხშირად წერს საქართველოსა და ქართველებზე, გვანებივრებს თანადგომითა და სიყვარულით.

ამ გამოცემამ ამჯერადაც ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა საქართველოს პატრიარქს იუბილე: "დედამიწის ღირსეულ მოქალაქეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, ვულოცავთ დაბადებიდან 80 წლისთავს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, მის ხალხს კი ბედნიერებას".

ის მწყემსია თავისი ხალხისა, მაგრამ, როცა არ მიჰყვებიან მათსავე გადასარჩენად ნათქვამ უწმინდესის სიტყვას, თვითონაც რჩება ხალხთან, რათა მათი ბედი გაიზიაროს, ისევე, როგორც ეს 9 აპრილს გააკეთა;

გაეცალეთ ქუჩებს, - თქვა მან, ხალხთან პირისპირ მდგომმა - გაეცალეთ, რადგან ახლა მოვლენ ისინი, ვისაც სწყურია საკუთარი ძლიერების ჩვენება. სასტიკად გაგისწორდებიან, მე ვიცი; თავი შეაფარეთ ქაშუეთს, ღვთის სახლს, მისი გალავანი იხსნის თქვენს სიცოცხლეს, ტაძარი გვჭირდება ჩვენს გრძელ გზასავალზე;.

მაგრამ ათასობით იქ მდგომმა დაიჩოქა, აანთო სანთელი და უპასუხა: ჩვენ გიცნობთ შენ, გვჯერა შენი, ამიტომ დავრჩებით აქ, რათა არ გიღალატოთ შენ და საკუთარ თავს, რადგან დღეს აქ გადის ჩვენი გრძელი გზასავალი! - და ლოცვას მიეცნენ მასთან ერთად;

მაშინ პატრიარქმა უთხრა მათ: "თქვენ ბავშვები აღარ ხართ, (თუმცა, ბავშვებიც იყვნენ მათ შორის - ავტ.), შვილნო ჩემნო, მე პატივს ვცემ გადაწყვეტილებას თქვენსას; ყველა ვერ გადაირჩენს თავს, მაგრამ გადარჩება სული. მე ვრჩები თქვენთან, მოახლოებული განსაცდელი საერთოა;

და ის იდგა ხალხთან, როცა უგუნურმა ჯარმა მშვიდობიანი, უდანაშაულო ადამიანების დასჯა დაიწყო, როცა ბრმა, სასტიკმა ძალამ უმწეო სხეულები მოცელა, რომელთა სულები ცისკენ გაფრინდნენ - პატრიარქი იყო მათ შორის, იყო პირველი და თანასწორი, მას ჰქონდა არჩევანი, რომელიც უკუაგდო;

და ხალხმა განაგრძო სვლა მისკენ, რათა აღვსილიყო, გაჟღენთილიყო მისი სინათლით, მისი რწმენით, მისი სისუფთავით, მისი ჭკუით... ხალხმა განაგრძო მასთან ახალშეძენილი ჩვილების მიყვანა და ეუბნებოდა მას: მოგვინათლე შთამომავლობა და არ იყო უარი არავისთვის;

გამრავლდა ტაძრები და ეკლესია-მონასტრები, გამრავლდა მრევლი მისი პატრიარქობის ხანაში, გამრავლდა ხალხი, რომელსაც სწამს ღმერთი და ენდობა პატრიარქს - თავის ნათელ-მირონს, ნათესავს, მთელი ქვეყნის სულიერ მამას!

იური როსტი

იური როსტი - ქართველთა ქომაგი

რუსი ჟურნალისტი, მწერალი, ფოტოხელოვანი.

მისმა ფოტოობიექტივმა შემოუნახა ჩვენს ისტორიას 9 აპრილის ღამე. დღეს უკვე მიწისაგან აღგვილი, დამეწყრილი სვანური სოფელი და მის მკვიდრთა სევდიანი გალერეა, ბევრი ცნობილი ქართველის უნიკალური ფოტოპორტრეტი...

წერილით "მე ქართველი ვარ" ის საქვეყნოდ გაემიჯნა საკუთარ ხელისუფლებას რუსეთიდან ქართველების დეპორტაციის გამო, ერთ-ერთმა გაკვეთა აგვისტოს ომით გაყინული სივრცე...

იური როსტი: "ჩემზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ. შევთავაზე, "ჩემს" ქალაქებში ჩავიდეთ: კიევში, სადაც დავიბადე და ბავშვობა გავატარე, საოცრად ახლობელ პიტერში და თბილისში - ჩემს შეძენილ და ჯერარდაკარგულ სამშობლოში, რომელთანაც დაუვიწყარი დღეები მაკავშირებს... ვბრუნდები თბილისში კიდევ და კიდევ, რომ არასდროს დავკარგო აქაურობა, რაც არ უნდა მოიმოქმედონ პოლიტიკოსებმა... ქალაქებს ადამიანები აცოცხლებენ, ისინი ანიჭებენ მნიშვნელობას, ხიბლს, ისინი გიღებენ კარს. მე 40 წლის წინ გოგი ხარაბაძემ გამიღო თბილისის კარი და მისი თვალით დავინახე საქართველო - თავგადასავლებით, მეგობრებითა და სიხარულით გამთბარი... ბევრი საოცარი ქართველი გამაცნო, მათ შორის უპირველესი, საქართველოს პატრიარქი, ილია II, რომელიც ჩემი პატრიარქიც გახდა. ის ჩემთვის უმაღლესი მორალური ავტორიტეტია, ღვთიური სიმშვიდით, კეთილგანწყობით, უშუალობით, სითბოთი, იუმორით სავსე".