"ვინ იცის, იქნებ უკანასკნელად შევხვდი ახალ წელს" - კვირის პალიტრა

"ვინ იცის, იქნებ უკანასკნელად შევხვდი ახალ წელს"

"100 წელს რომ გადააბიჯებ, ჯანი აღარ მოგდევს, ზოგჯერ მეხსიერებაც გღალატობს, მაგრამ სიცოცხლე მაინც ტკბილია"

"ქმრის ჩრდილი საუკუნის განმავლობაში არ მოგკლებოდეთ"

მესხეთში, დაბა ვალეში 103 წლის მოხუცი ცხოვრობს, ქრისტინე მანველიშვილი. ახალი წლის არდადეგებზე მოვინახულე. ნათესავებმა მითხრეს, შეუძლოდ არის და ალბათ, ვერ გიცნობსო. ოთახში შესულს საოცარი სურათი დამხვდა. ქრისტინე ბებია თავისი მეუღლის - იაკობის სურათს ელაპარაკებოდა. ცრემლი მომადგა.

- მიცანი, ბებო? - მოვკიდე ხელი ნაოჭებად და ძარღვებად ქცეულ მტევანზე და გულზე მივიხუტე.

- ქეთო, ჩემი ციალას გოგო არა ხარ შენ? - ამოიკვნესა და შეეცადა, თვითონაც მოეჭირა ხელი ხელზე. დამჭკნარი და გალეული საწოლში შემოდგომის ფოთოლს ჰგავდა.

- ისევ  ბაბუა იაკობს ესაუბრები? - ვკითხე ღიმილით.

- განა გრძნობა ასე ადვილად ნელდება, შვილო. დაობლებული ბავშვივით ვარ. ჰოდა, ყოველდღე ჩემს იაკობს ვესაუბრები და გულს ვიოხებ, დაიმახსოვრე, ქმარი, შვილო, ქალის ფრთაა. 100 წელს რომ გადააბიჯებ, ჯანი აღარ მოგდევს, ზოგჯერ მეხსიერებაც გღალატობს, მაგრამ სიცოცხლე მაინც ტკბილია. გული არ ბერდება და როცა ძალღონეგამოლეული სხეული ვეღარ მოძრაობს, გულს ახსენდება ყველაფერი თბილი და ტკბილი, რის გამოც გიღირდა ცხოვრება. ღმერთის მადლობელი ვარ, ხუთ თაობას რომ მომასწრო და ამ ხნამდე მომყარა.

- ბებო, გაზეთისთვის ინტერვიუ მინდა ჩავწერო.

- განა ჩემ შესახებ რამე არ იცი? მაგრამ რადგან არ იშლი, მოგიყვები. გლეხის  ოჯახში დავიბადე, შვიდი და-ძმა მშობლებმა წვალებით გაგვზარდეს. 18 წლისამ კალოობაზე იაკობი გავიცანი. ლამაზი ბიჭი იყო, ბევრ გოგოს ეჭირა მასზე თვალი, მაგრამ მან მე ამომარჩია. შევქმენით  ოჯახი, შეგვეძინა ოთხი შვილი, მაგრამ ორი მცირეწლოვანი გოგონა ავადმყოფობით დაგვეღუპა, გავზარდეთ მხოლოდ ნინო და ივანე.

მეორე მსოფლიო ომმა მეც დამაქცია. იაკობი ტყვედ ჩავარდა. გადარჩა, მაგრამ ომიდან დაბრუნებულს ტყვეობის ტანჯვა როდი აკმარეს - შუა აზიაში, სამხრეთ ყაზახეთში გადაგვასახლეს. დიდი ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. ნახევარ საუკუნეზე მეტი დრო გავიდა. ბევრი რამ დამავიწყდა, მაგრამ იმ ავ დღეებს ვერ ვივიწყებ. გუშინდელ დღესავით მახსოვს, როგორ შეგვყარეს მატარებლის ვაგონებში. 15 დღე-ღამე მივდიოდით. მერე ტრიალ მინდორზე ჩამოგვყარეს, საცხოვრებლად ბნელი ქოხები დაგვითმეს. ყველაფერი ნესტისა და ობის სუნით ყარდა. ბამბის პლანტაციებში დავიწყეთ მუშაობა. დღეში 100 კგ ბამბას მარტო ვკრეფდი. მძიმე პირობებს ჩემმა შვილმა, ივანემ ვეღარ გაუძლო და ყაზახეთიდან გაქცევა გადაწყვიტა. მილიციამ დააკავა და უკან დააბრუნა. სამი წლის შემდეგ კი, როგორც იქნა, საქართველოში დაგვაბრუნეს. აქ ჩემი ქალიშვილი - ნინო გველოდებოდა, რომელიც გადასახლებისგან იმან იხსნა, რომ ფეხმძიმედ იყო. შინ დაბრუნებულებს აქაურობა გავერანებული დაგვხვდა და ჩვენც ცხოვრება თავიდან დავიწყეთ, მაგრამ კაცის გული სუსტი ყოფილა - ვერ გაუძლო ტკივილს, განსაცდელს, დამცირებას, ოჯახის ტანჯვას და როდესაც მეგონა, რომ ხელს აღარავინ შემიშლიდა მის სიყვარულში, მოვიდა სიკვდილი. ჩემი იაკობიც მოგონებად იქცა, რომელიც ტკბილია, მაგრამ მწარედ ტკბილი.

- ბებო, კიდევ ერთ ახალ წელს შეხვდი...

- ეჰ, შვილო, ვინ იცის, იქნებ უკანასკნელად... ჩემს ბალღობაში ახალ წელს მეკვლე მამაკაცი უნდა ყოფილიყო, რომელსაც წყალი და შეშა უნდა შემოეტანა. ბავშვები კაკალს ვაგროვებდით და "მიწური" სახლის ბანზე "კაკლობანას ვ"თამაშობდით - თავში კაკალს დავდებდით, რომელსაც "დედო" ერქვა, დანარჩენები კი მისთვის უნდა მოგვერტყა. ვინც მიზანში მოახვედრებდა, იმას 100 კაკალი ხვდებოდა. ჩვენს ბალღობას თავისებური სილამაზე ჰქონდა. სიმღერა მიყვარდა და ერთი ხანობა ეკლესიის გუნდშიც ვგალობდი.

დღეს ვაჟები და ყმაწვილქალები გაველურდნენ. არ მომწონს, ქალი რომ კაბას არ იცვამს. ლამაზი კაბა ქალს დედოფალივით გამოაჩენსო, იტყოდა ხოლმე ჩემი იაკობი და მომიფრიალებდა საკაბე ჩითებს. ამ დროში აღარც სიყვარულს უფრთხილდებიან. ჩემი ნინო რომ დავნიშნეთ, საქმრომ კინოში დაპატიჟა, წავყევი და შუაში ჩავუჯექი, ვაითუ, აკოცოს და ხალხში თავი მომჭრას-მეთქი.

- ცხოვრება ტკბილია თუ მწარე?

- ასე მგონია, რაც წინა საუკუნეში დარდი და ვარამი იყო, ყველაფერმა ჩემს ზურგზე გადაიარა, მაგრამ ადამიანის ბუნება ყველაფერს ეჩვევა. ღვთის მადლიერი ვარ, რომ ჩემი შვილების, ახლობლების გვერდით ვარ დღესაც და იაკობის სიყვარული არ მინელდება. გაიხარეთ და ბედნიერი ქალობა გქონდეთ, ქმრის ჩრდილი საუკუნის განმავლობაში არ მოგკლებოდეთ.

P.S. ბებია ქრისტინე ცნობილი ისტორიკოსის, ალექსანდრე მანველიშვილის დისწული იყო. Bძალიან ეამაყებოდა ცნობილი და განათლებული ნათესავი და ხშირად იტყოდა ხოლმე, კარგი თუ ხარ, ყველგან დაგედება ფასი, როგორც ბიძაჩემ ალექსანდრესო, რომელიც საბჭოთა რეჟიმთან შეუგუებლობის გამო ემიგრანტად იქცა და მოღვაწეობა ევროპასა და ამერიკაში განაგრძო.

ქეთი სარიშვილი