პალიტრაTV ამბიციური გეგმების განხორციელებას იწყებს - კვირის პალიტრა

პალიტრაTV ამბიციური გეგმების განხორციელებას იწყებს

"palitratv.ge  დღეს 40 ათასამდე ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია"

"ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ ქართულ ტელეგიგანტებს შორის"

14 საათიანი საცდელი მაუწყებლობა, თქვენთვის კარგად ნაცნობი წამყვანები და პოპულარული პროექტები, გამოცდილი გუნდი და ამბიციური გეგმები.

ტელევიზია სახელად "პალიტრა" უკვე თქვენს ეკრანებზეა და საკუთარი სიტყვის თქმას აპირებს ქართულ ტელესივრცეში.

თუ ყოველ ორშაბათს ელოდებით "კვირის პალიტრის" გამოსვლას, უსმენთ "რადიო პალიტრას" და გინდათ, თქვენი ტელევიზორის პულტითაც მოძებნოთ ტელევიზია სახელად "პალიტრა", ეს უკვე შესაძლებელია! არა მხოლოდ ინტერნეტით - ვებგვერდ www.palitratv.ge-ს საშუალებით, "პალიტრა" სატელევიზიო მაუწყებლობით გადაიცემა.

არადა, სულ რაღაც ორი წელი გავიდა ინტერნეტტელევიზიის დაარსებიდან, რომლის დამფუძნებლებიც თავიდანვე ფიქრობდნენ, რომ ინტერნეტმაუწყებლობა მხოლოდ დასაწყისი იყო. ამჯერად წაიკითხეთ, ვინ და როგორ ქმნის ფერებს "ტელეპალიტრისთვის", დანარჩენს ეკრანზე ნახავთ. თუ როგორ? ამას ზაზა ქანთარია, TV-პალიტრის დირექტორი განმარტავს:

- ეთერში ჯერჯერობით "გლობალ TV"-ს საშუალებით გავდივართ. მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვა საკაბელო ოპერატორებთანაც და უახლოეს მომავალში უფრო მეტ არხსა და თანამგზავრზეც გავალთ.

არხზე უკვე გადის საავტორო პროექტები, რომლებსაც აკეთებენ, როგორც უკვე ცნობილი წამყვანები, ასევე ნიჭიერი ახალგაზრდები, თამარ ცაგარეიშვილი, მამუკა არეშიძე, მერაბ მეტრეველი, მარიკა დარჩია, გიორგი კალანდაძე. ეს არასრული ჩამონათვალია იმ წამყვანებისა და ჟურნალისტების, რომელთაც მაყურებელი კარგად იცნობს.

გიორგი გიორგაშვილი, გადაცემების პროდიუსერი: - კარგად მახსოვს, როგორ დავიწყეთ სულ რაღაც ორი წლის წინ ინტერნეტტელევიზიის "შენება", ახლა უკვე ტელევიზია გვაქვს და რადგან მონდომება არ გვაკლია, შესაძლებელია კიდევ ორ წელიწადში წამყვანი ტელეკომპანიაც გავხდეთ. გავხდებით კიდეც. ჯერჯერობით საცდელი გადაცემებია, გვაქვს ხარვეზები და გამოვასწორებთ, არხის კონტენტი ფორმირდება, ემატება ახალი გადაცემები.

მედიასახლში ოთხი წლის წინ მოვედი, ვმუშაობდი სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე და მივხვდი, რა თავისებურება აქვს ამ მედიასახლს, რომლის გამოც სხვაგან წასვლა აღარ გინდება. "პალიტრა" თავის სახელს ამართლებს და არის მრავალფეროვანი. აქ მოსულ ადამიანს ეძლევა შანსი, შესაძლებლობების მაქსიმუმის დემონსტრირება მოახდინოს სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა მედიასფეროში. საქართველოში არის დამკვიდრებული სტერეოტიპი, რომ თუ ვიღაც ზურგს უკან მდგომი "კრიშა" არა გყავს, წინ ვერ წახვალ, ვერსად დამკვიდრდები, ჩემს მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ არავინ მყავდა. "პალიტრის" მედიაბიზნესში სულ არ აინტერესებთ, რომელი კადრი ვისი ახლობელია, აქ მთავარია შენი შესაძლებლობები და ხელს არ გიშლიან, არ გბლოკავენ, გინდა კეთება? აკეთე.

ეთო ფურცხვანიძე, palitratv.ge-ს რედაქტორი:

- "პალიტრის" ეთერში გასვლის შემდეგ კითხულობენ, იარსებებს თუ არა ინტერნეტტელევიზია? დიახ, იარსებებს ვებგვერდი  და ის ტელევიზიისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება. ინტერნეტმაყურებელს სხვა მოთხოვნები აქვს, ტელემაყურებელს კი სხვა, შესაბამისად ინტერნეტტელევიზია თავისი გზით განვითარდება. გვიხარია, რომ ჩვენი პოპულარობა იზრდება, საშუალოდ ყოველდღიურად 37-38 ათასი მომხმარებელი გვყავს. ეს იმას ნიშნავს, რომ 40 ათასამდე ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია palitratv.ge.

სალომე ლილუაშვილი, წამყვანი: "რამდენიმე ადამიანმა ერთად დავიწყეთ ამ ტელევიზიის ძერწვა. უდიდესი შრომა, ენერგია, განცდა და მოლოდინი ჩავდეთ მასში. პირველი პრომო, პირველი საპილოტო ჩაწერა, პირველი გადაცემა, პირველი ეთერი, პირველი სარეკლამო ჭრა, პირველი შეცდომა, პირველი კურიოზი... აქ, ამ ტელევიზიაში, ყველაფერი პირველია, პირველად ხდება. პირველადი შეგრძნებები კი ყველაზე ძვირფასი და შეუდარებელია... ჰოდა, მე პირველობის, პირველისა და პირველადის ბედნიერება სატელევიზიო სივრცეში "ტელეპალიტრამ" მარგუნა. ჩვენ პირველები ვართ ერთმანეთისთვის".

P.S. ზუსტად 13 წლის წინ მოვედი "კვირის პალიტრაში". დაიჯესტობიდან ნამდვილი გაზეთის პოზიციებზე ახალი გადადგმული იყო პირველი ნაბიჯები, მერე ყველაფერი ჩემ თვალწინ მოხდა: ჯერ საინფორმაციო სააგენტო, მერე რადიო, მერე ინტერნეტპორტალები, ინტერნეტტელევიზია, შიგადაშიგ კიდევ ბევრი საინტერესო სიახლე და ახლა ჩვენ ვაჩვენებთ ეკრანზე და მალე დაგარწმუნებთ, რომ ჩვენი "პალიტრა" განსაკუთრებულად მრავალფერია.

ასევე იხილეთ: "აქ ყველაფერია" - პალიტრა tv-მ სატელევიზიო მაუწყებლობა დაიწყო