"ნინამ ბევრი რამ უნდა ისწავლოს..." - კვირის პალიტრა

"ნინამ ბევრი რამ უნდა ისწავლოს..."

ამბობენ, კულტურის სამინისტროს ღონისძიებათა დეპარტამენტის თანამდებობაზე ახალდანიშნულმა მარინა ბერიძემ საკადრო წმენდა დაიწყო. ისიც ითქვა, რომ ნინა წკრიალაშვილს სამსახურიდან უშვებსო. ქალბატონი მარინა მოარულ ხმებზე პასუხის გაცემას არ ერიდება და "კვირის პალიტრასთან" გულახდილად საუბრობს:

- გავრცელდა ხმები, რომ ახალ სამსახურში საკადრო წმენდა დაიწყეთ.

- ტყუილია. უბრალოდ დათო ოქიტაშვილს მიჰყვება რამდენიმე კაცი, მისი გუნდი.

- მათ შორის თუ არის ნინა წკრიალაშვილი?

- არა.

- ამბობენ, ერთად მუშაობას ვერ შეძლებენო...

- საწინააღმდეგო რა უნდა მქონდეს? მე ძალიან ბევრ ადამიანთან მიმუშავია. თუ შრომობს, იმის იქით არაფერი მაინტერესებს.

- მას შემდეგ, რაც წკრიალაშვილის მიერ ჭკუით დაწუნებული ოქიტაშვილი შეცვალეთ, ბევრს აინტერესებს, როგორ ფიქრობთ, ნინა უფრო ჭკვიანია თუ თქვენ?

- უცნაურია, რატომ აინტერესებთ ეს?

- ალბათ ნინას ცნობილი განცხადების გამო, რომელიც დათო ოქიტაშვილის შესახებ გააკეთა ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში.

- ძალიან არ მომწონს, კაცს რომ გადაეკიდებიან. აი, ნინას მიმართ ხალხის ასეთ გადაკიდებას ვგრძნობ. ამ ბავშვს არც კი ვიცნობ, მაგრამ ცხადია,  შავი პიარი აუგორეს. რაც შეეხება კითხვას, ლაპარაკიც არ ღირს იმაზე, რომ ნინა წკრიალაშვილს ჩემზე ჭკვიანი ეგონოს თავი. მე ვარ 60 წლის.  მაქვს საუკეთესო განათლება და დიდი გამოცდილება. ამიტომაც ასათიანზე გასაშვები უნდა იყოს, პატარა გოგომ რომ თქვას, მარინაზე ჭკვიანი ვარო. ძალიან მინდა, ეს გოგო ფეხზე დადგეს და ბევრი რამ ისწავლოს.

- რას შემოგვთავაზებს თქვენი სამსახური ახალს?

- 31 დეკემბერს ვამთავრებთ "ჯეოსტარს". ასევე დასასრულს უახლოვდება მეორე პროექტი - "ანა ბანა". ამიტომაც ახლა არაფრისთვის მცალია. მომავალში მინდა საერთაშორისო საესტრადო კონკურსი-ფესტივალის ჩატარება. ნახეთ რა მოაქვს თეატრალურ, ჯაზისა და როკის ფესტივალებს. ასე შესანიშნავად ვახდენთ ჩვენი შესაძლებლობების პოპულარიზაციას. მიმაჩნია, რომ ყველაზე უკეთ ხელოვნების ნებისმიერ სფეროში საერთაშორისო კონკურსები განსაზღვრავს მონაწილეთა შესაძლებლობებს...