ქეთათოს წიგნები - კვირის პალიტრა

ქეთათოს წიგნები

დიდი მწვანე ჩანთა იატაკზე დადო, ნახევრად გახსნილი შესაკრავი ისე მოეშვა, თითქოს ამოისუნთქაო და ჩანთამაც პირი დააღო... თუმცა მწვანე ჩანთისთვის არავის ეცალა, ყველა მის პატრონს - ქეთათოს უყურებდა. მხიარულ, ჭრელ კაბაში გამოწყობილი ქეთათო რუსთაველზე მდებარე წიგნის მაღაზია "ბიბლუსში" იდგა და წიგნებით სავსე თაროების ფონზე იხსენებდა, როგორი იყო 20 თუ უფრო მეტი წლის წინ... სულ პატარას როგორ უკითხავდა ბებია ამოჩემებულ წიგნებს და როგორ უსმენდა უსასრულოდ, როგორ ისრუტავდა ღრუბელივით ყველაფერს...

მერე დრო გავიდა, უკვე არჩეულ წიგნს ხელში აწოდებდნენ, ეს აუცილებლად უნდა წაიკითხოო და ქეთათოც ერთი ან ორი საათი იჯდა და ფურცლავდა წიგნ-განაჩენს - წაკითხვით კი არასდიდებით არ კითხულობდა. ჯიუტი იყო, დაძალებულ წიგნს თითქოს სამაგიეროს უხდიდა, თვალს არიდებდა...

ასეთი ჯიუტი რომ არ ყოფილიყო, ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა მისი ცხოვრება... თუკი ყველაფერს არჩეულსა და მისი ბედნიერებისათვის განსაზღვრულს ისე მიიღებდა, როგორც აუცილებელ სიკეთეს, იქნებ ირაკლი ჩარკვიანის შეყვარებაც არ ჩამჯდარიყო უფროსების მიერ მისთვის შედგენილ მომავლის გეგმაში... ცხადია, ეს ყველაფერი ლოგიკურად არ უკავშირდება მართლაცდა კეთილ წიგნებს, რომლებსაც ქეთათო ბავშვურ პროტესტს უცხადებდა. მაგრამ ხასიათი ხასიათია...

და ამ ხასიათმა ჩამოაყალიბა ქეთათო - ქალი, რომელიც უნიჭიერესი მეუღლის, ირაკლი ჩარკვიანის გვერდით ცხოვრობდა...

ახლა ირაკლი ჩარკვიანის 48-ე დაბადების დღეს შეხვდა... ირაკლი აღარ არის, მაგრამ არის მისი ლექსები, მოთხრობები, სიმღერები... კიდევ ქეთათოს სიმღერებიცაა, რომლებიც შეიძლებოდა არასოდეს დაეწერა, რომ არა ირაკლი.

ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეზე გაიმართა მისი წიგნის პრეზენტაცია, რომელიც პირველად გასული საუკუნის 80-იან წლებში გამოვიდა და მალევე გაიყიდა.

- ვიდრე წიგნი დაიბეჭდებოდა, კიდევ ერთხელ ვკითხულობდი ყველა მოთხრობას, - ამბობს ქეთათო, -  ამ მოთხრობებს საკმაოდ კარგად ვიცნობდი, მაგრამ თითქოს კიდევ რაღაც ახალი დავინახე.

ქეთათო მშვიდად ყვება, როგორ ცხოვრობენ წიგნები მის სახლში. როგორ უხდება მათი ზემოთ-ზემოთ შენახვა, რომ მისი განებივრებული ძაღლი - კაფკა არ მისწვდეს. კაფკა წიგნების მტერია! ბარიკადებიც კი ვერ აჩერებს კაფკას, რომელსაც ირაკლი-მეფეც კი არ სჯიდა...

- მაქვს წიგნები, რომლებსაც არასოდეს არავის ვათხოვებ, - ამბობს ქეთათო და თავისი მწვანე ჩანთიდან ამოაქვს ძველი, საყვარელი წიგნები: დევიდ კარნეგი, სელენჯერის "თამაში ჭვავის ყანაში", ერიკ ბერნი, ჯოისის "დუბლინელები", გურჯიევის "შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან"...

ბავშვურად ფერად სამოსში ჩაცმული ქეთათო ამ წიგნებით ხელში ძლიერი ჩანს. მაგრამ ის მარტო წიგნებით არასოდეს ყოფილა ძლიერი... ყველაზე მეტ ძალას სიყვარული აძლევდა. სიყვარულს კი საოცარი თვისება აქვს! წარსულში მყოფიც კი აწმყოში აგრძელებს სიცოცხლეს. ეს ეტყობა ქეთათოს... მერე კალამს იღებს და წერს: "უნდა იცოდე, უნდა გესმოდეს, რომ ეს სიტყვები ჩვენთვის ცოცხლობენ,  ჩვენთვის კვდებიან, რომ სიყვარული სიტყვა არ არის,  - ის უკვდავია, ყველაფერია!"