ის იყო სინათლე... - კვირის პალიტრა

ის იყო სინათლე...

2013 წლის 30 იანვარი ერთი ეპოპეის დასასრულია, უკანასკნელი თარიღია ნოდარ ანდღულაძის სააქაო ცხოვრებაში...

დაწუნებული იტალიური და ლეონორას "ტრუბადური" სომხურად

"თეატრში შტატი არ ჰქონდათ, ამიტომაც მეხანძრედ ჩამრიცხეს..."

ნოდარ ანდღულაძე ქართული კულტურის ერთი საამაყო ფურცელია, რომელსაც მომავალი თაობა არაერთხელ მიუბრუნდება. 2013 წლის 30 იანვარი ერთი ეპოპეის დასასრულია, უკანასკნელი თარიღია მის სააქაო ცხოვრებაში... ნოდარ ანდღულაძე - უზადო პროფესიონალი და დიდი მაესტრო, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მოწაფეების სამსახურში მდგარი, კეთილშობილი და უანგარო, სულით ხორცამდე ქართველი... ის იყო თანაბარი ძალის მომღერალი და ლიტერატორი, პედაგოგი და მოაზროვნე... დიდებულად წერდა, უზადო მთხრობელი იყო. მისი ხსოვნის პატივსაცემად, მკითხველს დიდი მაესტროსგან ჩაწერილ რამდენიმე ამბავს გავახსენებ:

"პირველად პროფესორ-მასწავლებლებისათვის შემოქმედებით კონცერტზე კავარადოსის Iარია და რახმანინოვის რომანსი ვიმღერე. შოთა გაბელაიასთან ერთად მურმანისა და აბესალომის დუეტიც შევასრულე... 1955 წლის იანვარში უკვე მოსკოვში წავედით... ხალხს ძალიან მოეწონა ჩემი ნამღერი. შემდეგ არდადეგებზე კიევში ვიყავი... იქ პირველი ტენორის ხელფასი შემომთავაზეს, ოღონდ დავრჩენილიყავი. უარი ვთქვი... არასოდეს მიფიქრია სხვაგან დარჩენა... ერთხელ, თბილისში, პურმარილზე, ოდისეი დიმიტრიადს და მიტუშა მჭედლიძეს შევხვდი. დამიკრა ოდისეიმ და ვიმღერე როსინის "ტარანტელა" და კიდევ რაღაც... გადაწყვიტა, ოპერაში მივეღე, მაგრამ თეატრში შტატი არ ჰქონდათ, ამიტომაც მეხანძრედ ჩამრიცხეს...

1956 წელს უკვე სცენაზე ვიდექი. ახლაც მახსოვს, როგორ შევედი თეატრში... რა ბედნიერი ვიყავი, ოპერაში პარტიის შესასრულებლად რომ მივდიოდი... იმ დღიდან დღემდე ბევრმა დრამატულმა ამბავმა ჩაიარა...

მტკიცე და მებრძოლი ხასიათი მაქვს... ასეა... დავუპირისპირდი ოფიციოზს... იქნებ იმიტომ, რომ არნოლდ ჩიქობავას გაზრდილი ვიყავი, ის კი თავის დროზე ნიკო მარს დაუპირისპირდა... ხუთი დირექტორი და ოთხი მთავარი დირიჟორი მყავს გაგდებული ოპერის თეატრიდან - ცუდად წაიყვანეს საქმე და იმიტომ. მერე მეც გამაგდეს...

ანეკდოტივით ამბავი გამახსენდა ახლა: ერთხელ ატყდნენ, იტალიურად ნუ მღერით, რუსულად უნდა იმღეროთო. მე და ცისანა ტატიშვილი ვმღეროდით იტალიურად ათეული წლები და მაშინ გაახსენდათ რატომღაც. "ტრუბადურიდან" მოხსნეს ცისანა და მეც მიმაყოლეს. მეორე დღეს სპექტაკლი იყო დანიშნული, რა უნდა ექნათ? ტელეფონით ლეონორა გამოიძახეს ერევნიდან. დადგა ეს ქალი და სომხურად არ იმღერა "ტრუბადური"?! პარადოქსებით სავსეა ცხოვრება...

P.S. ნოდარ ანდღულაძე მუდამ იქნება გაიგივებული კეთილშობილებასა და ბრძოლასთან, დიდ ხელოვნებასა და სიცოცხლის სიყვარულთან. ის არასოდეს ყოფილა თეატრში ჩაკეტილი ტალანტი: მოგზაურობდა, საქართველოს მთაში დადიოდა. მთას ეხება ერთი ამბავიც, რომელიც თავისი სიმძაფრით ლიტერატურულ ნაწარმოებს უტოლდება და ნათლად ახასიათებს მაესტროს:

"ერთი თვე ხატში მე და გოგი ოჩიაური ერთად ვათენებდით. გოგი მაწმინდარი იყო, მე მისი თანმხლები. ეს ტრადიციაა - ვაჟკაცი ხატში უნდა განიწმინდოს. ამ დროს მას არ აქვს უფლება, ხატის ტერიტორიიდან გასვლისა. შუაფხოდან ფეხით გადავედით და იმ ღამეს მიწაზე, ნაბდებში გახვეულებს გვეძინა... დრო მაშინაც რთული იყო. ტყეში დადიოდნენ ჩეჩენი გასულები.... უცებ ვიღაცამ დაიძახა, - ხაზეინო! გოგიმ არ გაიღვიძა. გავიფიქრე, ვინ უნდა იყოს ამ ბნელეში-მეთქი... ხელი გავწიე. თურმე ნაბდის მხარი მედგა თავზე - ამიტომ ბნელოდა, გადავხადე და წინა მთის წვერიდან მზემ რომ დამარტყა, იმისი სინათლე არასოდეს დამავიწყდება! გათენებულიყო... ის კაცი კი მოხევე მწყემსი ყოფილა"...

უბრალო ამბავია, ცხადია... მაგრამ ნოდარ ანდღულაძესთან საუბრისას იგივე მემართებოდა... თითქოს მეც ნაბადი მეხურა, გადავწევდი და მისი ცხოვრება, როგორც კაშკაშა მზე, ისე შემოიჭრებოდა რუხ ფერებად ქცეულ დაძაბულ რეალობაში... ის იყო სინათლე...