"ბითლზი" "იავნანას" ნაცვლად და "ბაი ბაი" გათიშვამდე
04-02-2013
"ბითლზი" "იავნანას" ნაცვლად და "ბაი ბაი" გათიშვამდე
სად არის ბავშვი!!! ანუ როგორ დაკარგა ლენამ გიორგაშა...

"ოსტაროჟნა, ვ კვარტირე მუხა". ეს განგაშის ზარი იყო..."


ერთად გამოვიდნენ თეატრიდან. რაღაცაზე კამათობდნენ. გადაღებასა და კადრს ახსენებდნენ... ძალიან ჰგავდნენ მეგობრებს, თუმცა მამა და შვილი გახლდნენ - ზურაბ და გიორგი ყიფშიძეები.
მერე, როცა გიორგისთან ვიჯექი და ვუსმენდი, მენიშნა: ჩვილი რომ ყოფილა, "იავნანას" ნაცვლად "ბითლზის" ფირფიტას ურთავდნენ და ისე აძინებდნენ. გიორგი დღესაც თვლის, რომ "ბითლზი" ყველა დროის გენიალური და მისთვის ყველაზე ახლობელი ჯგუფია. თუმცა,
ცოტა რომ წამოიზარდა, თურმე, იმის გამო, რომ მამისგან განსხვავებული გემოვნება გამოემჟღავნებინა, დაჟინებით ამტკიცებდა, "ქვინი" მირჩევნიაო... იმ პერიოდმა გაიარა...

ახლა ღიმილით ამბობს, რომ ზურას მსგავსად, მძიმე როკს არ უსმენს, მაგრამ შანსონის გარდა, ყველაფერი მოსწონს, ცხადია, ღირებული. კლასიკური მუსიკიდან განსაკუთრებით უყვარს რახმანინოვი. მუსიკის სფეროდან რომ გამოვიდეთ და
ყველაფერი ოდნავ განვაზოგადოთ, ალბათ მთავარ სიმართლეს ვაღიარებთ: გიორგი ყიფშიძე თავისი წინაპრების ორგანული ნაწილია, სწორედ ისე, როგორც მამამისი... მართალია, არც ერთს მარტივად არ გაუვლია ჩამოყალიბების გზა, მაგრამ ორივემ ისე იარა, რომ ორიენტირის - კულტურისა და ზნეობის არსებობა არ დავიწყებიათ... ერთი შეხედვით ურჩი, გზასაცდენილი ბიჭების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ... და მაინც: მერე ყველაფერი თავისი ადგილისკენ მიდიოდა, "მაჭარი დუღილს ამთავრებდა" და საინტერესო ცხოვრება გრძელდებოდა.
გიორგი ყიფშიძეს იმ ადამიანებზე ველაპარაკე, ვინც უმნიშვნელოვანესი იყო მის ცხოვრებაში.


ელენა

არ უყვარდა, ბებოს რომ ვეძახდი: - ეგ სიტყვა მაბერებს, ნუ მეძახი, თორემ ნაოჭები გამიჩნდებაო, თუ მაინცდამაინც - ლენა დამიძახე და ბებო ჩუმად მოაყოლეო. ისე მიმაჩვია, რომ ბებო არც დამიძახია. შაბათ-კვირას მასთან ან ქეთოსა და ნინასთან ვრჩებოდი. ქეთო და ნინა მისი დები იყვნენ - მამაჩემის გამზრდელი დეიდები. 

ლენას რომ ვახსენებ, ერთი ამბავი მახსენდება, რომელიც, ცხადია, მხოლოდ გადმოცემით ვიცი. 1978 წელია. პატარა ვიყავი, სიარულიც კი არ ვიცოდი. ვფოფხავდი. ლენამ წამიყვანა თავის მეგობართან, სოლოლაკში. ვინც იცნობდა, ყველამ იცის, როგორი ლაპარაკი იცოდა, ნაზი, თან დაბნეული... საუბრისას ყურადღება ეფანტებოდა... ჰოდა, დაიწყო მეგობართან ლაპარაკი და დავავიწყდი. გამოვსულვარ ფოფხვით სახლიდან და რუსთაველზე "გაიშნიკებს" დავუნახავვარ: პატარა უპატრონოდ მივფოფხავ! იმათ ავუყვანივარ. ამ დროს ლენას მიმოუხედავს: სად არის ბავშვიო, - ჯერ ნაზად უკითხავს და რომ ვერ დავუნახავვარ, ბოხი ხმით უღრიალია, - სად არის ბავშვი!!! გამოვარდნილა და "გაიშნიკებთან" ვუპოვივარ, თურმე ორასი მეტრი მიფოფხია...

ლენა ყიფშიძეზე შეიძლება ბევრი რამ იციან, მისი ნათამაშები როლებიც ახსოვთ, მაგრამ არა მგონია, ვინმემ იცოდეს, როგორი სადილის მომზადება იცოდა. სამზარეულოში ნამდვილად არ "დაქროდა", მაგრამ თუ აკეთებდა რამეს, დიდებულად აკეთებდა. მისი მსგავსი ქათმის ჩახოხბილი არსად  მიგემია.
იცით, ლენა როგორ მაძინებდა? "ბაი ბაი", - მეტყოდა ჩურჩულით თავისი საწოლიდან... "ბაი, ბაი", - ვპასუხობდი... ასე გრძელდებოდა მანამ, ვიდრე არ გამთიშავდა...

სცენაზე როგორიც იყო, სწორედ ისეთი ბებია იყო ცხოვრებაშიც - ხალისიანი, მოულოდნელი... არასოდეს დამავიწყდება მისი "ძუნწი"... მახსოვს ლენას ბენეფისიც. პირველ რიგში ვიჯექი და ძალიან ბედნიერი ვიყავი.

რატომღაც გიორგაშას მეძახდა.
პატარა რომ ვიყავი, ხშირად ვეკითხებოდი ქეთოს და ნინას, თქვენ რატომ არ გათხოვდით-მეთქი. ლენამ ერთხელ დამისვა და: გიორგაშა, ქეთოს და ნინას ნუღარ ჰკითხავ, რატომ არ გათხოვდნენ, მაგათ მაგივრად მე გავთხოვდი სულო...

ქეთო და ნინა

ტრადიციასავით იყო, შაბათ-კვირას ქეთოსა და ნინასთან უნდა დავრჩენილიყავი.  ქეთო ინგლისურის სპეციალისტი იყო, ნინა - ფიზიკისა.
პათოლოგიურად სუფთა ქალები იყვნენ, კალმისტარი რომ დამივარდებოდა, სპირტით მიწმენდნენ და ისე მაძლევდნენ. მახსოვს, ერთხელ სოფელში წამიყვანეს, ვაშლი ავიღე, გამომართვეს, "საფოთი" გამირეცხეს და ისე მომაწოდეს. მამაჩემი ჰყვება არაჩვეულებრივ ამბავს: ერთხელ მათთან მივედი და დამხვდა წერილი: "ოსტაროჟნა, ვ კვარტირე მუხა". ეს განგაშის ზარი იყო, მათთან, ჩვეულებრივ, ბუზი არ დაფრინავდა. 

თაროზე ადგილი გაათავისუფლეს და ჩემთვის ზღაპრების წიგნები დააწყვეს.  ძილის წინ მიკითხავდნენ. საწოლზე დამიჯდებოდა რომელიმე მათგანი, მკითხავდა, მზად ხარო, და დაიწყებდა კითხვას. მახსოვს მათი ყვითელი ტორშერი, რომელიც ჩემს საწოლთან ენთო.
ისინი იყვნენ სულით და ხორცით ინტელიგენტები. ასეთები აღარ იბადებიან, რადგან მათი ეპოქა დასრულდა, უბრალოდ, ვეღარ იარსებებენ ჩვენს სამყაროში...

უყვარდათ საღოლაშენი, მათი წინაპრების სოფელი, სადაც ილია სტუმრობდა... ქეთომ და ნინამ ის სახლი ბოლოს უსასყიდლოდ გადასცეს სოფლის მღვდელს.
საინტერესო კაცი იყო მათი ძმა - გიგა. ბელადის პლაკატი ჩამოხია და ამის გამო გააციმბირეს. მიყვებოდა ხოლმე გადასახლებაზე, არასოდეს დაუმალავს, რომ პოლიტიკურად არაკეთილგანწყობილი იყო საბჭოთა კავშირისადმი. რომ შეხედავდი, იგრძნობდი, რომ სხვანაირი კაცი იყო - რაღაცნაირად ამაყი და ღირსეული.

ლევიკო

ლევიკო თურმანიძე ჩემი ბაბუა იყო დედის მხრიდან, თურმანიძეების იმ შტოს წარმომადგენელი, რომელიც მალამოს რეცეპტს გადასცემდა შთამომავლობას. პირობა ასეთი იყო, საიდუმლო მხოლოდ ვაჟს უნდა გადასცემოდა. ლევიკოს ორი ქალიშვილი ჰყავდა, დედაჩემი და დეიდაჩემი. ლევიკო და მისი მეუღლე - ჰერა გოცირიძე მოცეკვავეები იყვნენ. ასე გაიცნეს ერთმანეთი. ლევიკო მთაწმინდელი იყო,  მომხიბვლელი გარეგნობა ჰქონდა, წერდა მოთხრობებს. რომ თვრებოდა, საშინელი ხასიათი ჰქონდა... მიამბობდნენ, ლამაზად ჩხუბობდაო. ლამაზი ჩხუბი რა არის? თავისი ლაზათი და ღირსება აქვს ყველაფერს. როცა ჩხუბისას ბერძნული ფრესკის გმირივით გამოიყურები, ეს არის ლამაზი ჩხუბი. სულ ორი კაცის ლამაზად ჩხუბი ვიცი: მსახიობ გიორგი გურგულიასი და ბაბუაჩემის. გაბოროტებული არასოდეს ყოფილა: თვალში თითს არ ურტყამდა და ლოყას არ ახევდა არავის...

მეორე კლასში ვარ. მგონი, "ვოლგა" სამჯერ მყავდა ნანახი. ვხედავ ლურჯი თუ შავი ძველმოდური "მერსედესი" მოდის. ეს საოცრება იყო. ბავშვები გარეთ გამოვეფინეთ და ვუყურებთ. ვხედავ, მანქანის მინა ჩაიწია და - ბაბუაჩემი ლევიკო! აღფრთოვანებული ვიყავი. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ბაბუამ გამომიარა კოსმოსური ხომალდით. ჩავჯექი და წავედით.

რაც მახსოვს, ბებია და ბაბუა სულ გაშორებული იყვნენ. შერიგდებოდნენ, ერთი წელი მოვიდოდა სახლში, მერე გაიქცეოდა კიევში... ამიტომ ბაბუა ფრაგმენტულად მახსოვს. როცა ვურეკავდი, ან თვითონ გაიგებდა, რამე გვიჭირდა, იმაზე მეტად განიცდიდა, ვიდრე საჭირო იყო.

მოულოდნელად ციროზი დაემართა. მახსოვს, მე და დედა მივედით. ჩავარდნილი ლოყები ჰქონდა, მაგრამ რაღაცნაირად ამაყად იჯდა. მოულოდნელად მკითხა, - იცი, რა მაქვს დაწერილიო... გავჩუმდი. არ წაგიკითხავს, არ გრცხვენია, შვილიშვილი ხარო... მოიტანეთ ის "პაპკაო". ეს იყო ძველი საქაღალდე, რომელსაც ეწერა რუსულად "პაპკა" და მერე ბაბუას სახელი და გვარი - ლევიკო თურმანიძე. სულ ვიცოდი, კარადაში რა ადგილზე იდო, მაგრამ არასდროს გამიხსნია. წავიკითხავ-მეთქი, - ამოვილუღლუღე. დღემდე არ წამიკითხავს. ვერ გეტყვით, რატომ. ეს არის მისი გამოუქვეყნებელი ნაწერები და არ ვიცი, კერძოდ რა... რაც გამოქვეყნებულია, მხოლოდ ის მაქვს წაკითხული.

ჰერა

ჰერა გოცირიძე, ყველაზე დრამატული და ტრაგიკული ფიგურა მაინც ისაა... თავისი ცხოვრება არასოდეს ჰქონია, ჯერ ქმარს დაუთმო ყველაფერი, მერე შვილებს და შვილიშვილებს. ჰერა ჩემი გამზრდელი ბებიაა. მასთან ვიწექი ბავშვობაში... მახსოვს იმ შპალერის ფაქტურა, რომელსაც ვუყურებდი. ერთად ვსუნთქავდით...

მახსოვს, როგორ მოდიოდა ჩვენთან ბებიას დაქალი შურა აპოსტოლოვა, მხოლოდ რუსულად მელაპარაკებოდა. წიგნებსაც რუსულად მიკითხავდნენ.
ხშირად ვფიქრობ: რას იტყოდა ჰერა, ახლა რომ მხედავდეს-მეთქი. ჰერა დამაკლდა ყველაზე მეტად, ვინც კი დამაკლდა ოდესმე.

ბებიების და ბაბუების გაზრდილი ვარ... არავინ აღარ მყავს, ვისთანაც გავიზარდე, დედის და მამის გარდა. როგორ შეიძლება ეს ვერ ვიგრძნო... ცრემლს ვყლაპავ, რომ კურცხალი არ გადმომივარდეს...

P.S. დასასრულს ვკითხე, ნახსენებთაგან ვის რითი ჰგავხარ-მეთქი...
არ ვიცი, არ მიფიქრიაო... ერთი რამ კი დაუფიქრებლადაც იცის: "ამათი ნაწილი რომ ვარ, ვგრძნობ - სხეულით ვგრძნობ".
pici mcams bolo makvirvebs
09 აგვისტო 2017 21:06
იმ ზველ საბჭოტა დროს ყველა ტავგადაკლული ლანძღავტ არადა ტავადვე ამბობტ ასეტებიი მხოლოდ მაშინ იბდებოდნენ/იყვენენო
ik
09 აგვისტო 2017 21:04
მაინტერსებს მისი დედა ვინ რის, რასფროს წერენ ზურა ცოლზე
ვინ არის, რა გვარია

მომეწონა სტატია, ეს ბიჭი ცუდი ვერ იქნება
გიორგი
18 თებერვალი 2013 01:43
http://www.facebook.com/notes/nukri-mchedlishvili/%E1%83%9F%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2-%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%97-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1/544268718947326

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?