"ახალი ხმა" დოკუმენტურ კინოში -საუკეთესო რეჟისურისთვის გამარჯვებული ქართული ფილმი
04-02-2013
"ახალი ხმა" დოკუმენტურ კინოში -საუკეთესო რეჟისურისთვის გამარჯვებული ქართული ფილმი
საუკეთესო რეჟისურისთვის გამარჯვებული ქართული ფილმი

"ყველას თავისი წილი მიჰქონდა ფილმიდან, დარბაზში კი ემოციებს ტოვებდა. თითქოს ჩვენი ფილმი ეკრანიდან გადმოდიოდა და მაყურებელში აგრძელებდა ცხოვრებას"


აშშ-ში, სანდენსის ცნობილ კინოფესტივალზე, დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში დებიუტანტი ქართველი რეჟისორის, თინათინ გურჩიანის ფილმი "მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს" საუკეთესო რეჟისურისთვის დაჯილდოვდა.

"კვირის პალიტრა" ერთადერთი ქართული გაზეთი იყო, რომელმაც ორიოდე თვის წინ თინათინ გურჩიანს სანდენსის ფესტივალზე მიწვევა მიულოცა და გამარჯვება უსურვა... "მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს" არის კინოში გადაღების მსურველთა
ჩანაწერებით შექმნილი ფილმი, სადაც თითოეული გმირი რეალურია და თავის ამბავს მოგვითხრობს. კასტინგში მონაწილენი ცდილობენ რეჟისორი დაარწმუნონ, რომ მათი ამბავი განსაკუთრებით საინტერესო იქნება მაყურებლისთვის. მათმა მცდელობამ გაამართლა, ფილმის ჩვენებებზე საოცარი ხალხმრავლობაა. ბილეთები თვალის დახამხამებაში ქრება. ასე იყო ევროპაში, თბილისში, ამერიკაში და ასეა გიოტებურგის საერთაშორისო კინოფესტივალზეც... სწორედ
იქ ყოფნის დროს ვესაუბრეთ თინათინ გურჩიანს.

- დოკუმენტური ფილმების სექციიდან ჩვენი ფილმი პირველი იყო, რომელზეც ყველა ბილეთი გაიყიდა. დილის 8-საათიან სეანსზეც კი ხალხი თავისუფალი ადგილების იმედად იცდიდა.
"მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს" უნიკალურია, ყველაზე კინემატოგრაფიული, პოეტური და ჰუმანური... სწორედ ისეთი, როგორიც უნდა იყოს იდეალური დოკუმენტური კინო".

"ეს არის ჩემი ფავორიტი ფილმი ფესტივალზე. ყველაზე ორიგინალური, ახალი ხმა თანამედროვე დოკუმენტურ კინოში. რადგან ის გვთავაზობს სუბიექტურისა და ობიექტურის, დოკუმენტურისა და მხატვრულის ყველაზე ორიგინალურ ნაზავს", - განაცხადეს ფესტივალის ორგანიზატორებმა, ჯონ ნეინმა და კაროლინ ლიბრესკომ. 

ამერიკაში ასეთი წესია: ფესტივალების დროს სტატიები უნდა შეუკვეთო, რომ ბევრი მაყურებელი მოიზიდო. შეკვეთილი სტატიები ძვირად ღირებული სიამოვნებაა... ჩვენ კი ვიმედოვნებდით, რომ ფილმი ისედაც დააინტერესებდა მაყურებელს. ასეც მოხდა. ფილმის სათაურმა და ტრეილერმა ძალიან კარგად იმუშავა. ამასთან, სანდენსამდე მიგვიწვიეს მსოფლიოს ყველა ფესტივალზე და მათ წრეებში უკვე აღიარებული ვიყავით. კინოექსპერტებისგან იცოდნენ ჩვენი ფილმის შესახებ და ერთმანეთს ურჩევდნენ, აუცილებლად ნახეთო.

- სანდენსზე, ალბათ, ჯილდოს გარდა ბევრი საინტერესო წინადადებაც მიიღეთ.

- დიახ. ამერიკულმა კინოფონდებმა აღგვითქვეს, თქვენს ნებისმიერ პროექტს დავუჭერთ მხარსო, იქნებ ასეთი ორიგინალური ინტერვიუებით სავსე ფილმი აქაც გადაგეღოთო. ცნობილი ოპერატორები, კომპოზიტორები, მემონტაჟეები მთავაზობდნენ, ნებისმიერ პროექტზე შენთან უფასოდ ვიმუშავებთო. გასახარი იყო დაჯილდოების შემდეგ "ოსკარის" ლაურეატების, ჟიურის წევრების (მანამდე გამარჯობის სათქმელადაც კი ვერ მიეკარებოდი ვერავის) განსაკუთრებული ყურადღება.

- თქვენი ფილმის მაყურებელი, ძირითადად, კინოხელოვნებაში კარგად გარკვეული საზოგადოებაა, თუმცა, რიგითი მაყურებლის რეაქციაც საინტერესოა..
- სანდენსი იმითაც არის საინტერესო, რომ რიგითი მაყურებელიც ჰყავს. ყოველი ჩვენება გამოირჩეოდა ემოციურობით. თითქოს მთელი ფილმი მათ ძარღვებში, ნერვებში დადიოდა, ყველაფერზე რეაგირებდნენ. მაშინ იცინოდნენ, როდესაც მე მიმაჩნდა სასაცილოდ, იქ ტიროდნენ, სადაც მეც მეტირებოდა... დასასრულ, კითხვა-პასუხის დროს საოცარ რამეებს გვეუბნებოდნენ. ბედნიერები იყვნენ, რომ ეს ფილმი ნახეს, გმირებმა საქართველო შეაყვარეს, ოპტიმიზმის მაგალითები აჩვენეს, ზოგიც თურმე, პირიქით, ცხოვრების ამაოებაზე დააფიქრა... ყველას თავისი წილი მიჰქონდა ფილმიდან, დარბაზში კი ემოციებს ტოვებდა. თითქოს ჩვენი ფილმი ჩვენების შემდეგ ეკრანიდან გადმოდიოდა და მაყურებელში აგრძელებდა ცხოვრებას.

ბედნიერებისგან ისე დავიბენი, რომ ჩემი და - თამუნა ვერ ავიყვანე სცენაზე. არ ვიცოდი, მქონდა თუ არა ამის უფლება. სიამოვნებით ავიყვანდი სცენაზე ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც უამრავი რამ გამიკეთეს, წარმატებისთვის რომ მიმეღწია. სიამოვნებით ავიყვანდი სცენაზე ფილმის ყველა მონაწილეს. მინდა  მათ თქვენი გაზეთის მეშვეობით ვუთხრა: გული გვწყდებოდა, ჩვენებებზე რომ არ იყავით, მაყურებელმა ძალიან შეგიყვარათ. თითოეული თქვენგანის შესახებ მეკითხებოდნენ, ფილმის გაგრძელებას მთხოვდნენ, რომ თქვენი ცხოვრების მოზიარე კიდევ ერთხელ გამხდარიყვნენ. თქვენ გულწრფელობის, სიალალის, სიყვარულისა და ოპტიმიზმის მაგალითებად იქეცით. თქვენ უბრალო, ადამიანური ისტორიებით გაარღვიეთ საზღვრები. დიდი მადლობა!

P.S. მსოფლიოში მოგზაურობას აგრძელებს "მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს". ის წარდგება მსოფლიოს სხვადასხვა კინოფესტივალზე... თინას სურს თბილისში ისევ მოაწყოს მასშტაბური პრემიერა.
nino kuchava
07 თებერვალი 2013 11:28
თინა გილოცავ, ძალიან გამიხარდა შენი წარმატება, მოუთმენლად ველი ფილმის ჩვენებას თბილისში.
თბილისელი
05 თებერვალი 2013 11:20
ბრავო, სხვა ვერაფერს ვიტყვი!
ავტორს კი უმორჩილესად ვთხოვ, როცა ფილმი ფესტივალების მოივლის და აქაურ მაყურებელს მისი ნახვის შესაძლებლობა გაუჩნდება, ესეც შეგვატყობინოს.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?