ის ღმერთს "იცნობდა"?
ის ღმერთს "იცნობდა"?
აი უკვე ბოლო წერილს გთავაზობთ "კვირის პალიტრა", რომლითაც ჩვენი ძალიან წარმატებულად დასრულებული (ამის თქმა უკვე დაბეჯითებით შეიძლება) პროექტის 50-ე, დამამთავრებელ ტომს გაგაცნობთ და პირველად არის, რომ ასეთი რთული დილემის წინაშე დავდექი: ადრე ან მწერლის ბიოგრაფიას ვუთმობდი მეტ ადგილს ასეთ საპრეზენტაციო სტატიაში, ან თვით ნაწარმოებს მიმოვიხილავდით უფრო ფართოდ, ან (თუკი ორ წიგნად გამოდიოდა რომელიმე ტომი და ამიტომ ორი წერილის დაბეჭდვის საშუალება იყო გაზეთის სხვადასხვა ნომერში) ორივეს ვახერხებდით; ამჯერად კი დიდი ინდოელი
მწერლის, რაბინდრანათ თაგორის იმ ნაწარმოებს გთავაზობთ ჩვენი გამომცემლობა (ოთხიოდე სხვა მოთხრობასთან ერთად), რომელშიც მწერალი თავად აღწერს თავისი ცხოვრების პირველ - უმნიშვნელოვანეს ეტაპს (ანუ დაახლოებით ის სიტუაციაა, აკაკის "ჩემი თავგადასავალი" რომ მქონდეს წარსადგენი და მისი ბავშვობის წლების შესახებ თხრობა რომ მე გავბედო).

"დღენი ჩემი სიჭაბუკისა" -
ასე ჰქვია თაგორის მოგონებათა ამ ნაწილს, თუმცა აქ მისი "დაღვინების" დრომდე მომხდარი ამბებია აღწერილი (თითქმის 25-26 წლამდე), მათ შორის დაქორწინებაც, მაგრამ რაც მთავარია, ავტორის აზრითაც, მისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ამ პერიოდმა მთავარი როლი შეასრულა და ამიტომ ამ სიტყვებით მთავრდება მოგონებები: "ამგვარად, მე მოგიყვანე ჩემი გულის კარიბჭემდე და აქ გეთხოვები, მკითხველო!"

ამ "დაღვინებამდე" სვლა კი თაგორმა, როგორც ერთი ინგლისელი კრიტიკოსი წერდა, "ჯერ კიდევ დაბადებამდე დაიწყო, რადგან თაგორი მხოლოდ თაგორი არ არის, - ის თავის წინაპართა სიბრძნეა, მთელი ინდოეთის საუკუნოვანი ნააზრევის შედეგი და მისი მომავლის განმსაზღვრელი". ცხადია, ამ სიტყვებში ბევრი სიმართლეა, მაგრამ, როდესაც "მთელ ინდოეთს" ვახსენებთ, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მრავალეთნიკურ და მრავალეროვან ინდოეთში, ბენგალური ენა, რომელზეც წერდა თაგორი (და მისი პოეზიის დიდი ნაწილი ჯერაც არ თარგმნილა არც ერთ ენაზე), მოსახლეობის 20%-ზე ნაკლებს ესმის. თუმცა ის ფაქტი, რომ როგორც ინდოეთის, ასევე 1947 წელს ბენგალის დაყოფის შედეგად წარმოქმნილი მეორე უდიდესი სახელმწიფოს (ერთი ნაწილი ინდოეთში "დარჩა") - ბანგლადეშის ჰიმნებიც თაგორის ლექსებზეა შექმნილი, ბევრ რამეზე მეტყველებს.

სხვათა შორის, ისიც უნდა ითქვას, რომ მსოფლიო აღიარება თაგორმა პირველად სწორედ როგორც პოეტმა მოიპოვა და 1913 წელს ნობელის პრემიაც პოეტური ნაწარმოებებისთვის მიენიჭა და მხოლოდ ამის შემდეგ გაიცნო სამყარომ თაგორი - პროზაიკოსი, თაგორი - ფერმწერი, თაგორი - კომპოზიტორი, თაგორი - ფილოსოფოსი, თაგორი - პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე... ამ დროს ის უკვე 50 წელს გადაცილებული იყო და მსოფლიოში არა, მაგრამ სამშობლოში უკვე ლეგენდად იყო ქცეული, მის სიმღერებს (3000-ზე მეტი სიმღერა აქვს დაწერილი) მრავალი მილიონი ადამიანი მღეროდა და უკვე მაშინ და დღემდეც ბევრი მათგანი ყველას ძველი ხალხური სიმღერა ჰგონია.

საინტერესოა, რომ ასეთი "ეჭვი" ნობელის კომიტეტსაც გასჩენია, როდესაც თაგორის პოეზია წარადგინეს პრემიის მოსაპოვებლად - ჰარალდ ჰერნეს, კომიტეტის თავმჯდომარეს უთქვამს, ძნელი გასარკვევია, რა არის მისი დაწერილი და რა - ინდური ლიტერატურის კლასიკის ნაწილიო. მაშინ შვედი პოეტის, ვერნერ ფონ ჰაიდენსტამის (რომელმაც სამი წლის შემდეგ თვითონაც მიიღო ნობელის პრემია) სიტყვას გადაუწყვეტია ყველაფერი და მისმა "გიტანჯალიმ" დამსახურებული ჯილდო და მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა (მკითხველს მოეხსენება, რომ ჯერ კიდევ 50 წლის წინ "გიტანჯალი" შესანიშნავად თარგმნა ქართულად ბატონმა თამაზ ჩხენკელმა). აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ "გიტანჯალიც" და სხვა ნაწარმოებებიც, რომლებიც, როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ 1912 წელს გაიცნეს ევროპამ და ამერიკამ პირველად, თვით თაგორმა თარგმნა ინგლისურად (სწორედ ამ პოეტური კრებულიდან არის ერთ-ერთი "ჯანაგანამანა", რომელიც ინდოეთის ჰიმნია დღეს).

ნობელის პრემიის მიღებიდან ორ წელიწადში ინგლისის მეფემ თაგორს რაინდის ტიტული უბოძა, მაგრამ ბრიტანელ ჯარისკაცთა მიერ ამრითსარში მშვიდობიანი დემონსტრაციის დახვრეტის შემდეგ, მწერალმა პროტესტის ნიშნად უარი თქვა ამ წოდებაზე. თაგორის ცხოვრების ეს ნაწილი - საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობა ცალკე დიდი თემაა და აქ ვერ განვიხილავთ, მაგრამ ერთი კი უნდა ითქვას: მისი სიკვდილიდან 6 წლის შემდეგ, 1947 წელს, ინდოეთის მიერ ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობის მოპოვება მის მიერ გახარებული ნერგის ნაყოფიც იყო; თუმცა ამბობენ, ამ დამოუკიდებლობას რომ მოსწრებოდა, სიხარულზე მეტად სიმწარეს იგრძნობდა, რადგან მისი მშობლიური ბენგალი ორ სახელმწიფოში "გადანაწილდა".

ნობელის პრემიასა და მსოფლიო აღიარებაზე ერთიც ვთქვათ და შემდეგ თაგორის მიერ აღწერილი ერთი შესანიშნავი ამბით დავასრულოთ: რაბინდრანათ თაგორი პირველი აზიელი იყო, ვინც ნობელის პრემია მოიპოვა და ამით დასაბამი მისცა გენიალურ აზიელ მწერალთა აღიარების პერმანენტულ სერიას ნობელის კომიტეტის მიერ.

ახლა კი ის ამბავი: ჩემი გარდაცვლილი პაპის მეგობარი, ღრმად მოხუცი, მაგრამ ჯერ კიდევ ყოჩაღი და ბუზღუნა ბერიკაცი ხშირად მაგდებდა უხერხულ სიტუაციაშიო, - წერს თაგორი. მოურიდებლად მიუკაკუნებდა თურმე კარზე და ეკითხებოდა:

- როგორ არის ლექსების საქმე? ღმერთი მართლა შეიცანი? მართლა იცი, რა არის სიყვარული? მართლა ყველაფერი იცი, რაზეც შენს ლექსებში ლაპარაკობ? თუ სიტყვებით ერთობი? ნებისმიერ ბრიყვს შეუძლია სიყვარულზე, ღმერთსა და სულზე ყბედობა. მე შენს თვალებში ვკითხულობ, რომ ეს ყველაფერი არ გამოგიცდია.
პოეტი თურმე ვერაფერს პასუხობდა. ხანდახან ბაზარში შეხვდებოდა, ხალხსაც არ მოერიდებოდა, სახელოში ხელს ჩაავლებდა და ხმამაღლა ეკითხებოდა:

- აბა, რას შვრება შენი ღმერთი? უკვე იპოვე თუ ისევ მხოლოდ ლექსებს წერ მასზე?
თავს მხოლოდ იმით ვიმშვიდებდი, რომ ეს კაცი ყველას ასეთ დღეში აგდებდაო.
მაშინაც კი, როდესაც ნობელიანტი პოეტი ხალხს ხვდებოდა და ლექსებს უკითხავდა, სცენაზე უცებ ავარდებოდა მოხუცი და დასჭყივლებდა:
- და მაინც, ეს ჯერ არ მომხდარა! რატომ ატყუებ ამ ბრიყვებს? ესენი პატარა ბრიყვები არიან, შენ დიდი ბრიყვი ხარ. ამათ არავინ იცნობს, შენ მსოფლიო გიცნობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთი შეიცანი.
თაგორი წერდა: "წყობიდან გამოვყავდი. ისეთი თვალები ჰქონდა, ვერაფრით მოატყუებდი. როცა ის გიყურებდა, ან სიმართლე უნდა გეთქვა, ან გაჩუმებულიყავი".

დაბოლოს... - უთენია სასეირნოდ გამოსულა თაგორი. ნაწვიმარ სანაპირო ქუჩებში გუბეები იდგა და ამომავალი მზე ოკეანის ზედაპირსაც და გუბეებსაც წითლად ღებავდა. პოეტმა რაღაც ცვლილება იგრძნო, მივხვდი, რომ სამყაროში არაფერია მთავარი და არაფერი - მეორეხარისხოვანი, ყველაფერი მნიშვნელოვანი და ლამაზია - გუბეც და ოკეანეც. და იგი პირველად გაემართა მოხუცის სახლისკენ, დააკაკუნა, კარში გამოსულს თვალებში შეხედა და ჰკითხა: "ახლა რაღას იტყვით?"
- ვეღარაფერს ვიტყვი. ეს უკვე მოხდა. დამილოცნიხარ.
და მაინც, ამ ულამაზესი ამბის მიუხედავად (რას გაუგებ გენიოსებს?), ნუთუ მართლა "იცნობდა" ღმერთს თაგორი? რადგან დიდ ალბერტ აინშტაინს მისი გაცნობისა და პირველი საუბრის შემდეგ უთქვამს: "მე უფრო რელიგიური ვყოფილვარ, ვიდრე თქვენ"(?!).
giorgi
26 თებერვალი 2013 05:57
თბილისელო, შენ ჯერ ქართველიზაციის ხარისხი გაიუმჯობესე და მერე გაარკვიე ვინაა სულელი აქ.
თბილისელი
07 თებერვალი 2013 12:10
Kartveli, ასე ხუმრობ ხოლმე, თუ უბრალოდ სულელი ხარ? :))))
Kartveli
05 თებერვალი 2013 18:51
დაბოლოს... - უთენია სასეირნოდ გამოსულა თაგორი. ნაწვიმარ სანაპირო ქუჩებში გუბეები იდგა და ამომავალი მზე ოკეანის ზედაპირსაც და გუბეებსაც წითლად ღებავდა. პოეტმა რაღაც ცვლილება იგრძნო, მივხვდი, რომ სამყაროში არაფერია მთავარი და არაფერი - მეორეხარისხოვანი, ყველაფერი მნიშვნელოვანი და ლამაზია - გუბეც და ოკეანეც. და იგი პირველად გაემართა მოხუცის სახლისკენ, დააკაკუნა, კარში გამოსულს თვალებში შეხედა და ჰკითხა: "ახლა რაღას იტყვით?"
- ვეღარაფერს ვიტყვი. ეს უკვე მოხდა. დამილოცნიხარ//////

შოთა რუსთაველი ბევრად ადრე მიხვდა ამას:
ვარდთა და ნეხვთა ვინათგან, მზე სწორედ მოეფინების!!!!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები