უგულავას კვარტეტი - მღეერიან, მღეერიან, ალპინისტები მღეერიან!
04-02-2013
უგულავას კვარტეტი - მღეერიან, მღეერიან, ალპინისტები მღეერიან!
"კვარტეტის წევრები ნამდვილად ვიყავით გაფორმებულები დასუფთავების სამსახურში და ამ ფორმით ვიღებდით ანაზღაურებას სხვადასხვა კონცერტსა თუ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის"

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა "თბილსერვის-ჯგუფში", რომელიც თბილისის მერიამ ქალაქის დასუფთავების მიზნით 2006 წელს დააფუძნა, დასაქმებულებს შორის "თეატრალურის კვარტეტის" წევრები აღმოაჩინა. როგორც გამომძიებელმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა "თბილსერვისჯგუფში" ისინი ფიქციურად იყვნენ გაფორმებული 2010-დან 2012 წლის ნოემბრის ჩათვლით, როგორც სპეცალპინისტ-დამგველები (მაღალსართულიანი შენობის  მინების მწმენდავი) და ხელფასის სახით ამ პერიოდში დარიცხული აქვთ 70 ათასი ლარი"


ამ თემაზე
კომენტარი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანმა გააკეთა:
"თეატრალურის კვარტეტის" ბიჭები  ჩემი რეკომენდაციით მიიღეს  შპს "თბილსერვისჯგუფში". ეს იყო ის პერიოდი, როდესაც ასპარეზზე გამოსვლას იწყებდნენ და მატერიალური პრობლემა ჰქონდათ(?!). თუ დანაშაულია ის, რომ ამ ფორმით იყვნენ დასაქმებული, მაშინ ვაგებთ კანონის წინაშე პასუხს. ჩვენი თხოვნაა, მივხედოთ საქმეს,
იმას, რაც ამ ქალაქსა და ქვეყანაშია გასაკეთებელი და სამართალდამცველ ორგანოებს მოვუწოდოთ, რომ "თეატრალურის კვარტეტის" ბიჭებს კი არ სდიონ, არამედ იმ კრიმინოგენული სიტუაციის გაუმჯობესებაზე იზრუნონ, რომელიც  დედაქალაქში ძალზე გაუარესდა".

ოთო კოვზირიძე, კობა ჭეფხოძე, ლაშა კერვალიძე და ირაკლი აბჟანდაძე - სწორედ ეს ადამიანები შეადგენენ "თეატრალურის კვარტეტს". "კვირის პალიტრა" მათ დაუკავშირდა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან ისინი თავს იკავებენ, არც ადასტურებენ და არც უარყოფენ ამ ფაქტს:

ოთო კოვზირიძე: - გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ვერაფერზე ვისაუბრებ.

- იქნებ ის მაინც დაგვიდასტუროთ, იყავით თუ არა გაფორმებული "თბილსერვის-ჯგუფში"?
- სანამ გამოძიება არ დასრულდება, განმარტებებისაგან თავს შევიკავებ.

ამ საუბრიდან რამდენიმე საათში მათი "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე კვარტეტმა განცხადება გამოაქვეყნა:

"მოგესალმებით ყველას - ჩვენს ერთგულ მსმენელსა და გულშემატკივარს. გვსურს მოგაწოდოთ რამდენიმე განმარტება:
პირველ რიგში, გვსურს ბოდიში მოვუხადოთ საზოგადოებას  მედიაში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით.
მოგმართავთ თხოვნით, გაგებით მოეკიდოთ და გაიზიაროთ ჩვენი გულწრფელი პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით; ვადასტურებთ, რომ კვარტეტის წევრები ნამდვილად ვიყავით გაფორმებულები დასუფთავების სამსახურში და ამ ფორმით ვიღებდით ანაზღაურებას სხვადასხვა  კონცერტსა თუ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის.
გვსურს სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ „"თეატრალურის კვარტეტის" წევრები არასოდეს ვყოფილვართ არც ერთ პარტიაში, მით უმეტეს, აქტივისტები, არც არანაირი „პარტიული“ დავალება არასოდეს შეგვისრულებია. ჩვენი წადილი და გულწრფელი მიზანი ყოველთვის იყო და იქნება ქართული სიმღერის სამსახური და პოპულარიზაცია საქართველოში და მის ფარგლებს მიღმა, რისთვისაც არასოდეს ვიშურებდით ენერგიას; ყოველთვის ვცდილობდით მაღალ დონეზე წარმოგვეჩინა ქართული სიმღერა.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, მუდამ მზად ვართ ვემსახუროთ ქართულ სიმღერას და საქართველოს!".


P.S. ჩვენი მხრივ საზოგადოებას მოვუწოდებთ, ნუ ვიჩქარებთ საბოლოო დასკვნების გაკეთებას და დაველოდოთ გამოძების დასრულებას.

ქეთი საგინაშვილი

რედაქტორის რჩევით
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები