"მერაბ, სად იყავი ტო!" ანუ კლინიკური სიკვდილიდან გამოსული რეჟისორის "პახარონნი" მარში - კვირის პალიტრა

"მერაბ, სად იყავი ტო!" ანუ კლინიკური სიკვდილიდან გამოსული რეჟისორის "პახარონნი" მარში

"ჩემი ბანტიანი მაყვალა"

მერაბ კოკოჩაშვილს კინოში სულ სამი როლი აქვს შესრულებული, მათ შორის, 6 წლის ასაკში "გიორგი სააკაძეში" პაატა ითამაშა. თავად არის დაახლოებით ორი ათეული ფილმის შემქმნელი, რომელიც მაყურებელზე დღესაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. თუმცა, მისი მთავარი კინო ცხოვრება და დაუვიწყარი ეპიზოდების გახსენებაა.

"დიდი სოსოს ნაპერწკალი"

მეორე მსოფლიო ომი იყო, ძალიან გვიჭირდა და დიდ დროს ვატარებდით სოფელში, მათ შორის წინანდალში, ენისელში, სადაც გლეხებს იმ გაჭირვების ჟამსაც კი შეეძლოთ საკუთარ ბაღ-ვენახში მოწეულით ერჩინათ თავი. იქაური გლეხები ჩემს წინაპრებს კარგად იცნობდნენ და ემადლიერებოდნენ, ამიტომ მათი სიკეთე ჩვენც გვეწეოდა. ჩემს წინაპართაგან ერთ-ერთი, სოსო ჯორჯაძე ექიმი იყო და ყველას მკურნალი და დამხმარე გახლდათ. ერთ საბედისწერო დღეს კი მოკლეს - ფაეტონს, სადაც ის იჯდა, ცეცხლი გაუხსნეს, სოსო ადგილზე გარდაიცვალა. ამბობდნენ, რომ ვიღაცაში შეეშალათ. სოსოს მკვლელობიდან 20-30 წელი იყო უკვე გასული, როცა წინანდალში გლეხის ოჯახში მიმიყვანეს სტუმრად. დიასახლისი უსინათლო იყო. ასე 6 წლის ვიქნებოდი, მაგრამ დღემდე მახსოვს მოხუცი და ამავე დროს ძალიან ლამაზი ქალი, რომელმაც ხელის ცეცებით სახის ყველა ნაკვთი დამითვალიერა. მერე კი თქვა: დიდი სოსოს ნაპერწკალიაო. აღმოჩნდა, რომ ექიმი სოსო ჯორჯაძე მას წლების განმავლობაში მკურნალობდა და მისი სიკეთე და მზრუნველობა უსინათლო ქალს სიცოცხლის ბოლომდე ახსოვდა. ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ იმ სიტყვებმა მასწავლა, როგორია სიკეთის ფასი.

მარჩენალი ლაფანყური

დაუვიწყარი მოგონებები მაქვს ლაფანყურთან დაკავშირებით და ამ გახმაურებული ამბების დროს თვალწინ სულ ჩემი ბავშვობა მიტრიალებდა. 1937 წელს მამა დააპატიმრეს და გადაასახლეს. დედა და დეიდა ოჯახში შემორჩენილ ნივთებს აგროვებდნენ და ლაფანყურში მიჰქონდათ პროდუქტზე გადასაცვლელად. ლაფანყურში გლეხები რძეს და კარაქს უშურველად გვიცვლიდნენ ათას წვრილმანზე. ეს სოფელი დღემდე ჩამრჩა, როგორც ჩვენი მარჩენალი.

დედა ვახსენე და აქვე ერთ ამბავსაც მოგიყვებით. ფაქტობრივად მარტო ვიზრდებოდი. დედა მუსიკოსი იყო და ორ ადგილას მუშაობდა. დილით ადრე გადიოდა სახლიდან და ღამე გვიან ბრუნდებოდა. დასაძინებლად მარტო ვწვებოდი. შუქი არ იყო, მეშინოდა... როცა დედა ბრუნდებოდა, ჩამოჯდებდა ჩემს საწოლზე და მეფერებოდა. მისი ალერსი დღემდე არ მავიწყდება.

იმქვეყნიური ნეტარება

ტაჯიკეთში ფილმს ვიღებდი ალპინისტებზე. ფილმს "მწვერვალი" ჰქვია და ჩემი მეგობრების, ჯუმბერ მეძმარიაშვილისა და თეიმურაზ კუხიანიძის ხსოვნას ეძღვნება, რომლებიც ტიანშანზე დაიღუპნენ. გადაღებებმა ძალიან დამღალა, თან პამირიდან დუშანბეში რომ ჩამოვფრინდით, წნევის მკვეთრმა ცვლილებამაც იმოქმედა და ძალიან ცუდად გავხდი. კლინიკურ სიკვდილს ამას ვერ დავარქმევ, მაგრამ რაღაც მსგავსი ნამდვილად იყო. ამ დროს საოცარი შეგრძნება გეუფლება: გიცივდება თითები, გიმძიმდება კიდურები, შემდეგ კი უსაზღვრო ნეტარება იწყება და საოცარი სიმსუბუქის შეგრძნება გაქვს. სხვათა შორის ამ ნეტარების დათმობა ძალიან გიჭირს. ასეთ დროს დიდი შვებაა, თუ შენ გვერდით ახლობელი ადამიანია, შენი ხელი უჭირავს ან შუბლზე მომდგარ ოფლს გიმშრალებს. ჩემ გვერდით კი იმ დროს ჩემი მეუღლე, შვილები და მეგობრები იყვნენ. უცნაური არომატის შეგრძნებით მოვედი გონს. თურმე ნიშადურის სუნი იყო. პირველი, რაც დავინახე, ჩემი ოპერატორის ასისტენტის შეწუხებული სახე იყო, რომელიც სასთუმალთან მუხლებზე იდგა. რომ დაინახა გონს მოვედი, შეჰყვირა: "მერაბ, სად იყავი ტო!". რა ვიცი, რაღაც ტრიალებდა და მუსიკაც მესმოდა-მეთქი - ვუპასუხე. "პახარონნი"? - კითხვითვე მიპასუხა. მიუხედავად იმისა, რომ ცუდად ვიყავი, გულიანად გამეცინა.

მხსნელი სერგო

"დიდი მწვანე ველის" გადაღებები დავამთავრე. იმ დროს ფილმი ისე ვერ გამოვიდოდა, თუ ცეკას პირველი მდივანი, ბიუროს წევრები არ ნახავდნენ. დახურული ჩვენება მოეწყო. მახსოვს, დასრულდა ფილმი, აინთო შუქი და სიჩუმეა დარბაზში. დუმილი კა-გე-ბეს თანამშრომელმა დაარღვია: სამუშაო დღის ორი საათი დავკარგეთო. კინოსტუდიის დირექტორს სახეზე ნაცრისფერი ედო, დოდო აბაშიძეს, რომელიც ფილმში მთავარ გმირს, სოსანას თამაშობს, ოფლი ღვარად სდიოდა და თეთრ პერანგზე ლაქებად აჩნდა. ალბათ მეც ამ დღეში ვიყავი. ცეკას წარმომადგენლებმა ფაქტობრივად მიწასთან გაასწორეს სურათი. ამ დროს კარი გაიღო და სერგო ზაქარიაძე შემოვიდა, რომელიც სწორედ იმ წელს ლენინური პრემიის ლაურეატი გახდა და უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდა. ცოტა ხანს უსმინა პარტიულ ჩინოსნებს და შემდეგ სიტყვა მოითხოვა. ისე ილაპარაკა, რომ ახლა მან გაასწორა მიწასთან მათი შეფასებები. ამის შემდეგ მჟავანაძემ რუსულად თქვა: დაე, ხალხმა ნახოსო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფილმის ეკრანზე გაშვების უფლება მოგვცა, მაგრამ მხოლოდ საქართველოში. კინოსტუდიიდან ერთად წამოვედით, მე, სერგო და დოდო აბაშიძე. ისე ჩამოვიარეთ რუსთაველის გამზირი, ერთმანეთისთვის სიტყვა არ გვითქვამს. რუსთაველის თეატრის წინ გავჩერდით. სანამ შევიდოდა, სერგომ შემომხედა, გამიღიმა და ძმაკაცურად თმაზე მომქაჩა. მადლობაც კი ვერ ვუთხარი ისე, როგორც საჭირო იყო. ფილმი მხოლოდ ორი დღე გადიოდა ეკრანებზე. პირველივე ჩვენების შემდეგ გამოქვეყნდა გამანადგურებელი რეცენზია და ფილმი გააჩერეს. თუმცა, 1975 წელს ფილმის პრემიერა ჯერ ბერლინში მოეწყო, შემდეგ კი იტალიაში, "პეზაროს" ფესტივალზე, 100 საუკეთესო და ნოვატორული ფილმების სიაში შეიყვანეს. ამას სერგო ვერ მოესწრო, არადა, ის რომ არა, ეს ყველაფერი არ იქნებოდა. ეს არის ის, რაც არასდროს დამავიწყდება.

ბანტიანი მაყვალა

არასდროს დამავიწყდება პირველი სიყვარული, რომელიც საბავშვო ბაღში მეწვია. ყველა ბიჭს გვიყვარდა მაყვალა, რომელსაც დიდი ცისფერი ბანტი ეკეთა. ეზოში სასრიალო გვქონდა და იქიდან რიგრიგობით ვეშვებოდით. ერთ დღესაც, ავედი სასრიალოზე, უნდა ჩამოვსრიალდე და ვხედავ, რომ ბანტიანი მაყვალა ქვემოთ დგას და მიყურებს. გადავწყვიტე თავი გამომეჩინა და კი არ ჩამოვსრიალდი, ავდექი და გადმოვხტი. დავეცი, ცხვირიდან სისხლი წამსკდა, აღმზრდელებმა მედპუნქტში გადამიყვანეს. მახსოვს, ყველა ბავშვი ამ მედპუნქტის წინ ტრიალებდა, მე კი ნამდვილი გმირი ვიყავი. მაგრამ მაყვალა მაინც ვერ მოვხიბლე. ამ ამბიდან 70 წელი გავიდა. ერთ დღეს მივდივარ ქუჩაში და ქალბატონი მაჩერებს: მერაბ, ვერ მიცანიო. ვერა-მეთქი. მაყვალა ვარო. არადა, ბანტის გარეშე სულ სხვანაირი იყო.

"ჩამშვები" კალოშები

პირველ კლასში ვიყავი. მასწავლებელი გვყავდა, ნინო ალადაშვილი და მე და ჩემი კლასელი ბიჭი ცელქობისთვის კუთხეში დაგვაყენა. მაინც ვაგრძელებდით მაიმუნობას. მაშინ მასწავლებელმა ორი წერილი დაწერა, ერთი დედაჩემისთვის, ერთიც ჩემი კლასელი ლევანის ბებია-ბაბუისთვის გადასაცემად. იმ ჩემს კლასელს დედ-მამა დაპატიმრებული ჰყავდა და მითხრა, ბებიაჩემს წერილს ვერ მივუტან, ნერვიულობისგან მოკვდებაო. გადავწყვიტე, არც მე მეჩვენებინა წერილი დედაჩემისთვის. მეორე დღეს სკოლაში რომ მივდიოდი, წვიმა წამოვიდა. შელახული ფეხსაცმელი მეცვა, ძირები თითქმის არ ჰქონდა. ერთიანად გავილუმპე. ნინო მასწავლებელს არაფერი უკითხავს და მე და ჩემი კლასელიც ისე ვისხდით, ვითომც არაფერი დაგვიშავებია. გაკვეთილის ბოლოს კარზე კაკუნი გაისმა. კარი გაიღო და დედაჩემი არ დგას კალოშებით ხელში. რა დაგვემართა მე და ლევანს ვერ წარმოიდგენთ. ნინო მასწავლებელს არ გაჰკვირვებია დედაჩემის მოსვლა და შეაგება: ალბათ მერაბმა გადმოგცათ ჩემი წერილიო. სამაგიეროდ დედაჩემს გაუკვირდა: რა წერილი, რის წერილიო. ამ დროს ნინო მასწავლებელმა ისეთი რამ გააკეთა, რაც არასდროს დამავიწყდება: ხელჩანთა გახსნა და თითქოს რაღაცის ძებნა დაიწყო, შემდეგ კი დედას მოუბოდიშა, ალბათ შემეშალა რამეო და მერე მაქო და მადიდა.

შეუძლოდ ვიყავი და ნინო მასწავლებელს 80 წლის იუბილე პირადად ვერ მივულოცე. მაგრამ წერილი მივწერე, სადაც ეს დაუვიწყარი ამბავი შევახსენე.