"50+ბიბლია+49" - სიცოცხლის გაგრძელების ფორმულა - კვირის პალიტრა

"50+ბიბლია+49" - სიცოცხლის გაგრძელების ფორმულა

მხოლოდ 12 თებერვალს! საბურთალოს "გუდვილში" მდებარე მაღაზია "ბიბლუსში", მთელი დღის განმავლობაში პროექტის ფარგლებში გამოცემული ყველა ტომი აქციის ფასად - 7 ლარად გაიყიდება

2010 წლის შემოდგომაზე "პალიტრამედიამ" ახალი პროექტი დაიწყო, რომლის იდეის ავტორიც ამ ჰოლდინგის კრეატიული დირექტორი მარიკა დარჩია გახლდათ. ამ პროექტს -  "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ!" დღეს ყველა იცნობს... ეს წიგნები სად არ შემხვედრია, ვისთან არ მინახავს - ცნობილ მწერლებთან, მსახიობებთან, რეჟისორებთან, მომღერლებთან და მეცნიერებთან... მათ თაროზე თვალსაჩინო ადგილას აწყვია წიგნები, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ...

განსაკუთრებით ერთი შემთხვევა დამამახსოვრდა - ეს წიგნები ისეთ ხელმოკლე ოჯახში დამხვდა, გამიკვირდა კიდეც. მასპინძელი შპალერჩამოხეულ კედელზე მიმაგრებულ თაროსთან მივიდა და ღიმილით მითხრა: - ამას რომ ვუყურებ, იმედიანად ვარ, ვცოცხლობ და სანამ ცოცხალი ვარ, აზრიანად მინდა ვიცოცხლოო... მაგიდაზე მარკესის "მარტოობის ასი წელიწადი" გადაშლილი იდო. ამ წიგნების შემხედვარე მარტოც აღარ ვარო, - გამიღიმა.

ათასობით ადამიანის რჩევით შედგენილი ეს სერია ერთგვარ "მოდად" იქცა. მართლაც არ არსებობს წიგნის კითხვაზე უკეთესი მოდა. ჩვენი მიზანიც ხომ სწორედ ეს გახლდათ...

როცა ამ სერიის" გამოცემა დაიგეგმა, გამოკითხვა დაიწყო, ვის რა წიგნი მიაჩნდა 50-ეულში შესვლის ღირსად. ცხადია, აზრთა სხვადასხვაობა იყო. მკითხველის გადაწყვეტილებითა და ხმათა უმრავლესობით, ქართული სინამდვილისთვის აუცილებლად წასაკითხი 50 წიგნის სია დაზუსტდა და გამოიცა კიდეც. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა...

სამწუხაროდ, ერთ-ერთი წიგნი, რომელსაც მკითხველი აქტიურად ითხოვდა - "დათა თუთაშხია", ვერ მოხვდა 50-ეულში. მიუხედავად "პალიტრა L"-ის მონდომებისა და თავად ბატონი ჭაბუას სურვილისა, მისი ვაჟების ინიციატივით, ეს შეთანხმება ჩაიშალა, მათ თავად გადაწყვიტეს ჭაბუა ამირეჯიბის ამ რომანის გამოცემა...

50-ტომეულის თითოეული ტომი უდიდესი წარმატებით გაიყიდა და დღესაც იყიდება. დღემდე არ ცხრება მკითხველის დაჟინებული მოთხოვნა - აუცილებლად დავამატოთ გამოცემულ 50 წიგნს ესა თუ ის ავტორი. მედიასახლმა გადაწყვიტა, გაეთვალისწინებინა ეს მოთხოვნა და 50 წიგნისთვის კიდევ 49 დაემატებინა... წიგნების ეს რაოდენობა და ამასთან ერთად წიგნთა წიგნი - ბიბლია, რომელიც ყოველგვარი დანომვრის გარეშე შევა სერიაში მთავარ წიგნად და საერთო ჯამში ასტომეულს შექმნის...

დიდი კამათი მოჰყვა მსჯელობას -  უნდა შედიოდეს თუ არა აუცილებლად წასაკითხ წიგნთა სიაში ბიბლია. პასუხის ძიებაში უამრავმა მკითხველმა მიიღო მონაწილეობა, საგამომცემლო სახლმა გადაწყვიტა რჩევა უწმინდესისა და უნეტარესისათვის, ილია II-ისთვის ეკითხა. მისი კურთხევით, ბიბლია უნდა დაიბეჭდოს, მაგრამ ნომრის გარეშე, როგორც ცალკე მდგარი, მთავარი წიგნი.

დაიწყო მსჯელობა იმაზეც, რომელი ავტორების წიგნები შევიდეს მომავალ 49 ტომში... ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის გახლავთ, რომ სერიამ, "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ!" ბევრი მიუბრუნა კითხვას, წიგნით დააინტერესა. ეს ერთგვარი აქცია გახდა, რომ მკითხველს თავიდან აღმოეჩინა ესა თუ ის ავტორი, გაეცნო სრულიად ახალთარგმნილი წიგნებიც და, რაც მთავარია, მიეგნო ისეთი ლიტერატურისათვის, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო!

წიგნი საუკეთესო თავშესაფარია, მეგობარია... ჩვენ ყველას გვჭირდება წიგნი, თუმცა ისეთი სოციალური მდგომარეობა გვაქვს, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხელმისაწვდომობასაც. ეს სერია ამასაც ითვალისწინებს, განსაკუთრებით, აქციის დღეებში, ანუ გამოსვლიდან პირველი კვირის განმავლობაში.

მათთვის, ვინც ვერ მოასწრო წიგნის შეძენა აქციის დროს და შემდგომში შედარებით მომატებული ფასის გადახდა ვერ შეძლო წიგნის მაღაზიებში, 12 თებერვალს განსაკუთრებული აქცია მზადდება.

ამ დღეს საბურთალოს "გუდვილში" მდებარე მაღაზია "ბიბლუსში" გაიმართება პროექტის, "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ!" ახალი სიცოცხლის - "50+1+49", პრეზენტაცია და მთელი დღის განმავლობაში სერიის ყველა აქამდე გამოსული ტომი აქციის ფასად - 7 ლარად გაიყიდება.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ, შეავსონ საკუთარი ბიბლიოთეკა დანაკლისი წიგნებით.

P.S. "პალიტრამედია" დიდ სიურპრიზს გიმზადებთ! სპეციალურად ამ 100 წიგნისთვის შეიქმნება წიგნის კარადის დიზაინი, რომლის შერჩევაშიც ასევე თქვენ, მკითხველი მიიღებთ მონაწილეობას და თუ რა მოხდება შემდეგ... მალე შეიტყობთ!

თქვენ გემოვნებიანი მკითხველი ბრძანდებით!

"უნდა იკითხოთ წიგნები, რომ  განსაჯოთ, სად არის კეთილი და სად - ბოროტი".