რას იტყვის ხალხი? ანუ ჩვილთა კვლის მიზეზი სოციალური ფობიაა?! - კვირის პალიტრა

რას იტყვის ხალხი? ანუ ჩვილთა კვლის მიზეზი სოციალური ფობიაა?!

"რა დააშავეს ბავშვებმა? მისცენ ისინი გასაზრდელად იმათ, ვისაც ბავშვი ენატრება"

ვინ არის დედა, რომელიც შვილს ასე იმეტებს - სისხლის სამართლის დამნაშავე თუ სამკურნალო

რამდენიმე დღის წინ სიღნაღში ორი შვილის დედამ, 32 წლის ქალმა ფარულად იმშობიარა და ჩვილი საპირფარეშოში ჩააგდო...

რამდენიმე თვის წინ, თბილისში, იყალთოს ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კართან დაგდებული ჩვილი ნახეს, ჭიპლარიც კი არ ჰქონდა გადაჭრილი. საბედნიეროდ, ახალშობილი გადარჩა...

ორიოდე წლის წინ, "კვირის პალიტრასთან" ამ საკითხზე მსჯელობისას არასამთავრობო ორგანიზაცია "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის" რეგიონულმა კოორდინატორმა ელისო ამირეჯიბმა აღნიშნა, რომ მუშავდება პროექტი, რომელმაც ამ პრობლემის დაძლევას უნდა შეუწყოს ხელი: "თბილისში და ალბათ, საქართველოს სხვა ქალაქებშიც, სამშობიაროებთან სპეციალური ყუთები, ე.წ. "ბეიბი ბოქსები" დაიდგმება. ქალებს, რომლებსაც სურთ, მოიშორონ არასასურველი ბავშვი, შეეძლებათ, მშობიარობისთანავე ამ ყუთში მოათავსონ ჩვილი. ყუთებში უცხო სხეულის მოთავსებისთანავე ირთვება სიგნალიზაცია და მედპერსონალი პატარას მიაკითხავს. ასეთი ჩვილების დედები გათავისუფლდებიან სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, პატარები კი გაშვილების პროგრამაში ჩაერთვებიან". ეს იდეა საკანონმდებლო დონეზე უნდა დახვეწილიყო, თუმცა, სამწუხაროდ, იდეა იდეად დარჩა. ჩვენ ჯერ ისევ იმის კვლევაში ვართ, ვინ არის დედა, რომელიც შვილს ასე იმეტებს - სისხლის სამართლის დამნაშავეა თუ სამკურნალო. ვისი პრობლემაა ჩვილთა კვლა, ამის ჩამდენი ადამიანისა თუ საზოგადოების, რომელიც მსგავს პრობლემებს სხვადასხვაგვარად აღიქვამს?

სამედიცინო ფსიქოლოგიის სპეციალისტი მაია შაშვიაშვილი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ორსული ქალის ფსიქიკაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს სოციალური გარემო. ამიტომ ქალებისთვის, რომლებიც მძიმე პირობებში ცხოვრობენ, ორსულობა დამატებითი სტრესია.

- ასეთ დროს ქალის ქცევას განსაზღვრავს როგორც პიროვნული თვისებები, ისევე გარემო, რომელშიც ცხოვრობს, საზოგადოება, რომლის წინაშე თავს ანგარიშვალდებულადაც კი თვლის. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქალებს, რომლებიც ახალდაბადებულ ჩვილებს სასიკვდილოდ იმეტებენ, აქვთ ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა.

ისეთი ფაქტი, როგორიც სიღნაღში მოხდა, ძირითადად შემდეგი მიზეზებით არის გამოწვეული: შეიძლება ქალი არ იყოს გათხოვილი, ან ქმრისგან არ იყოს ორსულად, ამიტომაც ეშინია, რომ საზოგადოება მის ორსულობას სამარცხვინოდ ჩათვლის და ლაფს ესვრის. არ მინდა ასეთი ქალების გამართლება გამომივიდეს, მაგრამ ისინი ორსულობისას ამ სტრესში მყოფნი - იძულებული ხდებიან, ასეთი საქციელით იხსნან თავი.

მიმაჩნია, რომ საქმე გვაქვს ფსიქიკურ და მძიმე ფორმის აშლილობასთან, რომელიც, გამოწვეულია სოციალური ფობიის ფონზე მიღებული მძიმე სტრესით. ამას თან ახლავს პიროვნული კონფლიქტები, ფსიქოლოგიური პრობლემები. ქალს დახმარება სჭირდება, მიუხედავად იმისა, პიროვნული ფაქტორების გამო მოიქცა ასე თუ საზოგადოების დამოკიდებულებამ შეაშინა. სიღნაღელი ქალი დედაა, ორი შვილი ჰყავს. თუ საზოგადოება გარიყავს, კიდევ უფრო გავამძაფრებთ ასეთი ფაქტების გამომწვევ მიზეზებს, გავაღრმავებთ სოციალურ ფობიას, რომელიც ისედაც არსებობს ქართველ ქალებში. უნდა გვახსოვდეს, რომ კვლავ იარსებებენ ქალები არასასურველი ორსლობით და რაც უფრო მეტად დავუჭერთ მათ მხარს, მით უფრო შევამცირებთ ასეთ ტრაგიკულ ფაქტებს.

სწორედ ამიტომ არის საჭირო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რისი სურვილიც თავად საზოგადოებაში გაჩნდება, თუკი არ დაგვავიწყდება, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრებისეული ქცევების განსაზღვრაში მეტ-ნაკლებად ყველანი ვიღებთ მონაწილეობას. ასეთი ქალების პრობლემა უნდა გახდეს საზოგადოების სატკივარი, რადგან შესაძლებელია, ასეთი რამ ნებისმიერ ჩვენგანს ან ჩვენს ახლობელს დაემართოს.

P.S. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ სამწუხაროდ, მამაკაცსაც აქვს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები და არავინ ეხმარება მათ დაძლევაში. კაცი თავს ფუნქციადაკარგულად მიიჩნევს - ვერც სამშობლო დაიცვა და ვერც ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფა შეძლო. შეშინებულია და გაურბის ყველაფერს, მათ შორის - მამის მოვალეობასაც.

იმედია, საზოგადოება ერთსულოვნად დათანხმდება "ბეიბი ბოქსის" იდეის განხორციელებას. რა დააშავეს ბავშვებმა?

მისცენ ისინი გასაზრდელად იმათ, ვისაც ბავშვი ენატრება.