თეატრმცოდნე და პედაგოგი - დროსა და სივრცეში გაშლილი მოღვაწეობა - კვირის პალიტრა

თეატრმცოდნე და პედაგოგი - დროსა და სივრცეში გაშლილი მოღვაწეობა

გოგი გეგეჭკორი და ნათელა ურუშაძე იმ ოჯახის ბურჯები იყვნენ, სადაც ნებისმიერ შევიწროებულ ხელოვანს შეეძლო მისვლა და მშვიდად ამოსუნთქვა

თებერვალს 90 წლისა გარდაიცვალა თეატრმცოდნე და პედაგოგი, არაერთი თაობის აღმზრდელი, რაც ყველაზე მთავარია, შემოქმედი, ნათელა ურუშაძე, ადამიანი, რომელმაც ხელოვნების რანგში აიყვანა თეატრალური კრიტიკა და პედაგოგიკა, მეტიც, ხელოვნებად აქცია სხვათათვის მომაბეზრებელი ყოველდღიურობაც. ამიტომაც სხვა თეატრმცოდნეთაგან განსხვავდებოდა, განცალკევებით იდგა და მთელი არსებით ემსახურებოდა იმას, რომ მომავალ თაობას არ დაეკარგა ხელოვნების აღქმის უნარი, არ დაშრეტოდა თვალი, რომლითაც უნდა დაენახა და არ დახშოდა ყური, რომლითაც უნდა მოესმინა.

უკვე ასაკოვანი, ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში ხვდებოდა პატარებს და საათობით ელაპარაკებოდა ხელოვნებაზე. უნდა გენახათ, როგორი გემოვნებით შემოსილი მიდიოდა ბავშვებთან შესახვედრად, როგორი პატივისცემით ესაუბრებოდა თითოეულს და აძლევდა მაგალითს, როგორ აღეზარდა პიროვნება.

"წავიდეთ თეატრში" - ასე დაარქვა წიგნს, რომელიც მაშინ გამოვიდა, როცა ადამიანებმა თეატრში სიარული ლამის შეწყვიტეს... ნათელა ურუშაძე მტკიცე ფარად ედგა ამ დიდ კულტურას, რომ არაფერი დამუქრებოდა. მისმა წიგნებმაც ბევრს შეაყვარა თეატრი, შემოგვინახა თეატრის ისტორია და არაერთი ქართველი ხელოვანის სახე. შეეძლო, ისე დაეწერა, რომ იოლად წარმოგედგინა თავი მონაყოლის თვითმხილველად...

ელენე ახვლედიანზე წერდა: "როგორც კი დიდ დარბაზში შევედი, სადაც უმთავრესად ბუნების სურათები იყო გამოფენილი, უმალ ვიგრძენი მისი უსაზღვრო სიყვარული ამ სამყაროსადმი. მივხვდი, რომ რასაც ის ხატავდა, ძალიან უყვარდა, იქნებოდა ეს ყვავილი, ბალახი თუ უბრალო ნივთი. იგი ყველაფერში ხედავდა სილამაზეს.

გარეგნულად არაჩვეულებრივი იყო. მაღალი, წარმოსადეგი, ჰქონდა არაჩვეულებრივი ხელები - არა მარტო ლამაზი და დახვეწილი, არამედ მეტყველი. იმით, თუ როგორ იღებდა ხელსაწყოს, რომლითაც ხორცი უნდა შეესხა თავისი ფიქრებისათვის, ბევრი რამის განსაზღვრა შეიძლებოდა. როგორ ნატიფადაც კლავიატურაზე იღებს პირველ ნოტს პიანისტი, ასევე იღებდა იგი ფუნჯსა და ფანქარს.

ელენე სულ ხატავდა, ტელეფონზე საუბრისას, თუ სუფრაზე იჯდა, ხელსახოცზე აკეთებდა ჩანახატებს. არასოდეს ჩერდებოდა. რატომ? იმიტომ, რომ ნიჭიერი იყო, ნიჭი კი არის ენერგია, რომელსაც უფალი განიჭებს და არ გვაძლევს უმოქმედობის საშუალებას. აი, სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რის გამოც იგი სულ ხატვით იყო გართული. როდესაც გამოფენაზე ვიხილე ელენეს ნახატები ამდენი სახლით, ამდენი აივნით, მივხვდი, რომ ეს ყველაფერი, თეატრის მსგავსად - იყო მოქმედების ადგილი. სწორედ აქ ჩანდა მისი პოტენციალი ხელოვნების ამ სფეროში".

ამ მცირე ამონარიდში გარეგნობას თუ გამოვრიცხავთ და მხატვრის ფუნჯის ნაცვლად მწერლის კალამს ვახსენებთ, სწორედ ნათელა ურუშაძეზე იქნება მისადაგებული. მუდამ მუშაობდა, აკეთებდა ჩანაწერებს, ყველაფერს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა - ბუნებას, ადამიანებს... იგი ყველაფერში ხედავდა სილამაზეს.

მისი სახლის ფანჯარასთან მუდამ მოფრინავდნენ ჩიტები. აკაკუნებდნენ ნისკარტით და საკენკს ითხოვდნენ... ფანჯარას გამოაღებდა ან თავად, ან მისი მეუღლე - დიდი არტისტი გოგი გეგეჭკორი და აპურებდნენ ფრინველებს. მათი ოჯახიც ერთგვარი ხელოვნების ნიმუში იყო. უნდა გენახათ, როგორ მიეგებებოდა ქალბატონი ნათელა სანოვაგით დატვირთულ მეუღლეს. "ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ოჯახის უფროსი დაბრუნდა შინ", - ამბობდა ღიმილით. ერთი შეხედვით უბრალო ამბავი იყო - ქალი მეუღლეს ხვდებოდა, მაგრამ ამასაც ჰქონდა სიღრმისეული განცდა ადამიანის მოსვლის მნიშვნელობის გააზრებისა. სხვებსაც იმავეს სთხოვდა: დაინახეთ ადამიანი, გესმოდეთ ადამიანის, გიყვარდეთ ადამიანიო... სხვას შეიძლებოდა გაჰკვირვებოდა კიდეც, რეპრესირებულთა შთამომავალი ნათელა ურუშაძე ჰყვებოდა ძველ ამბებს და ჯალათს, ადამიანს, რომელიც სხვების დასჯაში მონაწილეობდა შინსახკომში, ისეთი კუთხით დაგიხატავდა, რომ უკიდეგანოდ უბედურ კაცად წარმოგიდგენდა, შურისგების სურვილს მოგიკლავდა და სიყვარულით აგავსებდა. ეს არის ფასდაუდებელი ღვაწლი ზოგადად ადამიანობის წინაშე.

გოგი გეგეჭკორი და ნათელა ურუშაძე იმ ოჯახის ბურჯები იყვნენ, სადაც ნებისმიერ შევიწროებულ ხელოვანს შეეძლო მისვლა და მშვიდად ამოსუნთქვა. აქ იყო ნდობა და გაგება, განსხვავებულად აზროვნების სითამამე და ხელოვნების დიდი სიყვარული.

უკანასკნელი საუბრისას მითხრა: - "იცით, რას ვფიქრობ? ყველაზე მნიშვნელოვანია, წეროთ მასწავლებლებზე, ჰკითხოთ ყველას, ვის როგორ ახსოვს თავისი მასწავლებელი, ჩაიწეროთ ყველა ნიუანსი"... ღრმად მოხუცი ფიქრობდა, რომ პედაგოგიკა იყო უმნიშვნელოვანესი და განათლების სისტემაში მომხდარი არაერთი გაუგებარი ცვლილება შეიძლებოდა დამუქრებოდა მასწავლებლის ძალიან ძლიერ და მადლმოსილ სახეს. პედაგოგიკა იყო ის, რაც საკუთარი ინტელექტუალური სიმდიდრის გაცემის შანსს გაძლევდა ადამიანს, ის იყო უმთავრესი - დროსა და სივრცეში გაშლილი მოღვაწეობა. რატომღაც ისეთი აზრი დამრჩა, სულ ბოლოს ყველაზე მეტად პედაგოგიკაზე, მომავალი თაობის აღზრდაზე ფიქრობდა-მეთქი... იქნებ თეატრზე მეტადაც კი ფიქრობდა...

ნათელა ურუშაძე დიდუბის პანთეონში, მეუღლის, გიორგი გეგეჭკორის გვერდით დაკრძალეს...

ნათელა ურუშაძე

ნათელა ურუშაძე  1923 წელს დაიბადა. 1945 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და შემდეგ მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი.

იყო ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი. ნათელა ურუშაძე რამდენიმე ათეული წიგნისა და პუბლიკაციის ავტორია: "სახლი სათამაშო", "მედეა ჯაფარიძე", "სესილია თაყაიშვილი", "მეორე სიცოცხლე", "წავიდეთ თეატრში", "ქართული თეატრის ამბავი", "ელენე ახვლედიანი", "ფრიდრიხ შილერი ქართულ სცენაზე"...