თემის გაგრძელება: ეს "ჩვილი" 28 წლის ქალია! - კვირის პალიტრა

თემის გაგრძელება: ეს "ჩვილი" 28 წლის ქალია!

"არ მეგონა, ამდენი სიკეთე თუ იყო ქვეყანაზე"

"თქვენმა გაზეთმა რომ ჩვენი საბანკო ანგარიშები გამოაქვეყნა, დაახლოებით 5 ათას ლარამდეა ჩემი შვილისთვის გადმორიცხული"

"ახლა დავრწმუნდი, რომ განსაცდელის დროს მარტო არ ვრჩებით..."

არ ვიცი, ასე უნდა იყოს თუ არა, მაგრამ გაღებულ სიკეთეზე წერისას ყოველთვის ვდარდობ. მზე რომ ყოველდღე გვათბობს, განა ამისთვის მას მადლობა უნდა ვუხადოთ, განა ეს ასე არ უნდა იყოს?! მაგრამ ერთიც არის, - რახან ადამიანები ვართ და მუდამ კეთილისა და ბოროტის ომში გვიწევს ყოფნა, რახან გვაწუხებს იმის ფიქრი, რამდენს შეძლებს ამ ომში სიკეთე, მაშინ ამჯერადაც თავს ვუხრი სიკეთის ძალას. მე ის კვლავ შევიგრძენი, როცა დავწერე ამბავი გოგონაზე, რომელიც სამი თვის ასაკში ხერხემლიდან სითხის აღების შემდეგ ვეღარ გაიზარდა, ჩვილობაშივე დარჩა და დედის სამუდამო ტკივილად იქცა ("კვირის პალიტრა" #5, "ეს "ჩვილი" 28 წლის ქალია").

მომეჩვენა, რომ მაიასა და დედამისის ტრაგედიას სულ სხვანაირი მწუხარება ახლდა. ჩვენმა მკითხველმა ეს მწუხარება რაღაცნაირ ერთ ამოძახილად აქცია, რომელსაც ყველასგან და ყოველ წუთს ვისმენდი, ვინც კი მათი ამბავი წაიკითხა. ის დაახლოებით სამი სიტყვისაგან შედგებოდა: "უსათუოდ უნდა დავეხმარო!" პასუხად რისი თქმა შემეძლო და ამიტომაც ვითრევდი ფეხს ნატალია კობიაშვილთან დარეკვაზეც - ან მას რა უნდა ეთქვა... 28 წლის განმავლობაში შვილის ტანჯვის მაყურებელ დედას ემოციების გამოსახატავად სიტყვები რომ ვერ მოეძებნა, რა გასაკვირი იქნებოდა! ბოლოს, თავად  დამირეკა და ვკითხე, თუ შეგიძლიათ მითხრათ, რა შეიცვალა, რაც "კვირის პალიტრაში" თქვენზე წერილი გამოქვეყნდა-მეთქი. მოიცა, ჩამოვჯდებიო, და: - ჩვენს სახლში პირველად რომ უცნობი ქალბატონი მოვიდა, ათი ცალი პამპერსი, ვაშლი და ფორთოხლები მოგვიტანაო და ხმაში ცრემლი გაერია, - არ გაგიკვირდეთ, რომ ამით ვიწყებო.

- ვიცი რატომაც - მას მეტი  არ შეეძლო და მაინც რაღაც რომ მოგაწოდათ, იმიტომ-მეთქი.

- ჰო. მაგრამ ეს "ვისაც რაც შეეძლო" ჩემთვის იმდენია, ვფიქრობ, სიზმარში ვარ ან სხვის თავზე ხდება-მეთქი. არ მეგონა, ამდენი სიკეთე თუ იყო ქვეყანაზე.

აქამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემზე აღარაფერი იმოქმედებდა. ახლა ვგრძნობ, რომ განსაცდელის დროს მარტო არ ვრჩებით... სიტყვებს ვეღარ ვპოულობ, როცა ვინმე დასახმარებლად მირეკავს... შინაც ბევრი მოდის... ამას წინათ ორმა გოგონამ კონვერტით ფული დამიტოვა. რომ გავხსენი, 601 ლარი და 4 ლითონის ლარიანი იყო, ავტირდი - ამ ლარიანებზე ეტყობოდა, ჩემი შვილისთვის რამდენი ადამიანი იღებდა ჯიბიდან იმდენს, რაც შეეძლო.

ზოგი მეუბნება - გვაპატიეთ, რომ შინ ვერ გესტუმრებით, თქვენი შვილის ყურებას ვერ გავუძლებთ, სადმე შეგვხვდიო.  მესმის მათი, - ჩემი შვილი პალიტრა ტვ-მ რომ გადაიღო, ერთი კარგი ბიჭი ჰყავდათ ოპერატორად, რომ იღებდა, თვალები დახუჭული ჰქონდა, ვერ უყურებდა. ამიტომაც მხვდება ზოგი ქუჩაში და ფულს იქ  მაძლევს. ერთმა დელისის მეტროსთან ასი ლარი გადმომცა - ეს თანხა თქვენთან გამომატანეს, ვინ, სახელი არ იკითხოთ, თქვენს შვილს ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროსო.

- ალბათ უცხოეთიდან რომელიმე ქართველის გამოგზავნილი იქნებოდა. ყველამ ხომ ვიცით, რომ არც თავად ულხინთ უცხო მიწაზე, მაგრამ რამდენჯერაც ვინმეს შველა დასჭირდება, ყველას ეხმარებიან.

- მეც დამიკავშირდა რამდენიმე მათგანი, - აქედან თანხის გამოგზავნა ბანკით ძვირი ღირს, დიდი პროცენტები მიაქვთ, მაგრამ ჩვენს ახლობლებთან მიდი და ისინი მოგცემენ ფულსო. თქვენმა გაზეთმა რომ ჩვენი საბანკო ანგარიშები გამოაქვეყნა, დაახლოებით 5 ათას ლარამდე გვაქვს გადმორიცხული. მობილური ტელეფონების ზარით შემოსული თანხის ამბავი ჯერ არ ვიცი... თვის ბოლოს დაანგარიშდება და გვეტყვიან...

- ადამიანი იმ ქვეყნად აქ გაკეთებული სიკეთის გარდა სხვა სიმდიდრეს ვერაფერს წაიღებს.

- იმიტომაც არ მყოფნის სიტყვები. არადა, "კვირის პალიტრასაც" მინდა, რაღაც ვუთხრა, თუ გამომივიდა, - სწორედ იმ დილას, გაზეთი რომ გამოვიდა, ერთი ლარიღა მქონდა შინ, მეზობელს გავატანე ახლო აფთიაქში, - ორი ცალი პამპერსი ამომიტანე-მეთქი. აფთიაქში უცნიათ ჩემი მეზობელი - პამპერსებს რატომ ყიდულობ, შვილიშვილი ხომ არ შეგეძინაო? არა, მეზობელი ინვალიდი გოგოსთვის მიმაქვსო და... მოუყოლია. რას ამბობ, მაგაზე ხომ ამ დილით "კვირის პალიტრაში" წავიკითხეთო!  და ერთი შეკვრა პამპერსი უჩუქებიათ.

- ამას არ უნდა გეკითხებოდეთ, მაგრამ თქვენ რას გააკეთებთ ამ დახმარებით?

- პირველი, ახლა რაც გამახსენდა, ხილია: ბროწეული, ბანანი, ფორთოხალი, ვაშლი... ჩემს შვილს რაც შეიძლება ბევრ ხილს ერთად დავუბლენდერებ და ვაჭმევ. ბევრ ხილში ხომ უფრო ბევრი ვიტამინი იქნება... მე ხომ თითქმის არავის სახელი არ ვიცი, ვინც მეხმარება, - არც ფულს აწერია და არც ტელეფონის ზარებს. რომც ვიცოდე, რა შემიძლია, მაგრამ უფალმა ხომ იცის. იმას ვთხოვ, ყველას ერთი ათასად გადაგიხადოთ სიკეთით...

P.S. ჩვენ კი ჩვენი მხრივ მადლობას ვუხდით მამა ცოტნეს (თვარაძეს), ვინც ამ საბრალო დედა-შვილის არსებობა ჩვენსა და საზოგადოების ყურამდე მიიტანა. ასევე, ბავშვთა სახლის, "მომავლის გზის" დირექტორ დათო კინწურაშვილს...

ამ თემას "კვირის პალიტრის" საიტზე უამრავი მკითხველი გამოეხმაურა:

ხატია

დღეს ვინახულეთ პატარა მაიკო. საქველმოქმედო აქციით შეგროვებული თანხა გადავეცით. ემოციებს ვერ ვმალავ, იმდენად სამაგალითო ოჯახია. ქალბატონი ნატალიას სიძლიერეს და სიყვარულს საზღვარი არა აქვს. მაიკო უსაყვარლესია. ძალიან დიდი სურვილი მექნება თუ ბევრი გამოიჩენს ინიციატივას და სულ მცირედით მაინც დაეხმარება მათ. მათ მხოლოდ ჩვენი თანადგომის იმედი აქვთ.

ნატო

დედისთვის შვილის ტანჯვის ყურებაზე დიდი წამება არაფერია, ნატალია, თქვენ ნამდვილად გმირი დედა ხართ!

ამდენი წელი შვილს როგორ უვლის, გავაზიაროთ ფეისბუქზე, ყველა გზით ვცადოთ დახმარება!

მაია

ძვირფასო "კვირის პალიტრის" რედაქცია! თქვენ დიდ საქმეს აკეთებთ, რომ აქვეყნებთ ასეთ სტატიებს და კეთილ ადამიანებს ეძლევათ საშუალება დაეხმარონ გაუბედურებულ დედებსა და მათ შილებს. რამდენმა ღვთისნიერმა ადამიანმა გამოთქვა მათი დახმარების სურვილი, ზოგი ფულს გადავრიცხავთ, ვისაც როგორ შეუძლია, ისე დავეხმარებით.

ნინო

მე და ჩემი მეგობრები საქველმოქმედო კონცერტებს გავმართავთ. მანამდე კი მივალთ და მოვინახულებთ!!!