მთავარი წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ! - კვირის პალიტრა

მთავარი წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ!

"ეს არის წიგნი, რომელიც სიცოცხლისაკენ მოგაბრუნებს"

მომავალ ორშაბათს "კვირის პალიტრის" მკითხველი გაზეთთან ერთად მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემულ ბიბლიას მიიღებს, რომელიც გაცილებით დიდი ზომის იქნება, ვიდრე პროექტში შემავალი წიგნები. ეს არის მთავარი წიგნი მთავართაგან, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ...

მას მერე, რაც გამომცემლობა "პალიტრა L"-მა "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" პროექტის გაგრძელება გადაწყვიტა და პრეზენტაციაზე წარადგინა "50 + 1 + 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", მსჯელობა, კიდევ რომელი წიგნები უნდა შევიდეს ასეულში, ახალი ძალით განახლდა. ცხადია, ყველა მოსაზრებას გულისყურით ვეცნობით, უყურადღებოდ არ ვტოვებთ არც ერთ კრიტიკულ აზრსა და რეპლიკას, თუმცა ერთი წერილი, რომელიც პროექტის ფარგლებში ბიბლიის გამოცემას ეხებოდა, მართლაც განსაკუთრებული მგონია:

"წიგნს ვერაფერი შეცვლის, ვერც აუდიოჩანაწერი, ვერც ვიდეოვერსია. ამ აზრს ყველა ეთანხმება, ვისაც წიგნის კითხვით მიღებული სიამოვნების შეგრძნება ახსოვს. მით უმეტეს, ისეთი დიდი წიგნის, როგორიც ბიბლიაა, წიგნის ფურცლებიდან აღქმა განუმეორებელი და უსაზღვროდ საინტერესოა, მაგრამ რეალობა ასეთია: დღეს ჩვენი საზოგადოების ინტელექტუალურ ნაწილშიც კი ნახევარზე გაცილებით მეტს ბიბლია წაკითხული არა აქვს. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანებამდე მივიტანოთ აზრი, რომ ბიბლია აუცილებლად წასაკითხი წიგნია, ეს არის სიბრძნე, რომელიც მთელ ცხოვრებაში გაგყვება თან, ეს არის წიგნი, რომელიც უმძიმეს დროს გადაგატანინებს და სიცოცხლისკენ მოგაბრუნებს... რაკი თქვენი პროექტი - "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" ასეთი პოპულარულია, უსამართლობა იქნებოდა, რომ ამ დიდი საქმისთვის არ გამოგვეყენებინა და კიდევ ერთხელ არ გვეთქვა ადამიანებისთვის: ბიბლია აუცილებლად წასაკითხი წიგნია!

ვიცი, აზრთა სხვადასხვაობა იყო, ზოგი ემხრობოდა ამ წიგნის სერიაში შესვლას, ზოგი - არა... ბოლოს და ბოლოს, ნათელი მიზნისკენ სავალი გზა ყოველთვის გამართლებულია... დაე, თქვენი პროექტი "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" იყოს კიდევ ერთი გზა, რომელიც ბიბლიამდე მიიყვანს მკითხველს. ეს კი დიდი ბედნიერებაა მათთვის, ვინც უკვე იცნობს ბიბლიას და მათთვისაც, ვინც ეს გზა მომავალში უნდა გაიაროს.

პატივისცემით, ლიანა რუხიშვილი"

გახსოვთ, რა ცხარე დებატები იმართებოდა იმ თემაზე, უნდა შევიდეს თუ არა ესა თუ ის წიგნი ამ ჩამონათვალში? ათიათასობით კაცი გამოვკითხეთ, თუმცა, აქტივობა დღესაც არ იკლებს და კიდევ და კიდევ იზრდება. ჩვენს "ფეისბუკზე" მოწონებათა (ე.წ. "ლაიქერების") რიცხვმა სამოცდაათი ათასს მიაღწია. განსაკუთრებით დიდი კამათი მოჰყვა მსჯელობას, უნდა შედიოდეს თუ არა სიაში ბიბლია. პასუხის ძიებაში უამრავმა მკითხველმა მიიღო მონაწილეობა... ილია II-ის კურთხევით, ბიბლია უნდა დაიბეჭდოს, მაგრამ არა დანომრილი, არამედ როგორც ცალკე მდგარი დიდი წიგნი.

მართლაც მნიშვნელოვანია, ადამიანებს გზა გაეხსნათ კაცობრიობის აზროვნების ამ მნიშვნელოვანი მონაპოვარისაკენ - ბიბლიისკენ.

სწორედ ამიტომ განსაკუთრებული იქნება მომავალი ორშაბათი "კვირის პალიტრის" მკითხველისთვის. ისინი გაზეთთან ერთად მიიღებენ მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემულ ბიბლიას, რომელიც გაცილებით დიდი ზომის წიგნი იქნება, ვიდრე პროექტში "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" შემავალი წიგნები. გემოვნებით შერჩეული დიზაინი წიგნს მიმზიდველსა და საინტერესოს გახდის მათთვისაც კი, ვისაც მცირე ასაკის გამო აქამდე ბიბლიის წაკითხვა არ უცდია. ისინი კი, ვინც დიდი დრო დაკარგეს და ბიბლია ჯერ არ გადაუშლიათ, მიუხედავად იმისა, კითხვის დრო აქვთ თუ არა, კიდევ ერთხელ დადგებიან მრავალთა მიერ მიღებული გამოცდილებისა და გადაწყვეტილების პირისპირ: ეს არის მთავარი წიგნი მთავართაგან, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ...

გურამ დოჩანაშვილის ერთი პერსონაჟის ფორმულირებისა არ იყოს, ამქვეყნად ბევრი მისალოცია, - ისინი, ვინც ჯერ არ გასცნობიან მსოფლიო კლასიკას... მისალოცთა მისალოცია ის, ვინც ახლაღა გაეცნობა ბიბლიას... მისალოცია ისიც, ვინც იცნობს ამ წიგნთა წიგნს, იცის მისი ფასი და კიდევ ერთხელ კარგად გამოცემულ, მაღალი დონის წიგნს შემატებს თავის ბიბლიოთეკას... ბიბლია - "მთავარი წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ" - 14 ლარად გაიყიდება.

ბიბლიის გამოცემის შემდეგ დაიწყება პროექტის მეორე ნაწილი, "კიდევ 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", გამოკითხვა,  თუ რომელი ნაწარმოებები უნდა შევიდეს ამ სიაში გრძელდება: გთხოვთ, შეავსოთ კუპონი და გამოგზავნოთ "კვირის პალიტრის" ("სიტყვა და საქმის") საფოსტო ყუთების საშუალებით ან ინტერნეტმისამართზე www.49books.ge.

სპეციალური შანსი მათთვის, ვისაც "50 წიგნიდან" რომელიმე ტომი გამორჩა: თუ გამოიწერთ "49 წიგნის" სერიას მინიმუმ 3 თვით, "50 წიგნის" თქვენთვის სასურველ ტომებს შინ აქციის ფასში - 7 ლარად მოგართმევთ.

პრესისა და წიგნების გავრცელების სააგენტო "ელვა-ჯი".

ტელ: 238-26-73,

238-26-74, 238-26-76