რატომ "გაკრასკეს" სტალინის "მოსიარულე" ძეგლი - კვირის პალიტრა

რატომ "გაკრასკეს" სტალინის "მოსიარულე" ძეგლი

"თეა თუთბერიძე, თუ მაგარია, ჩამოვიდეს ალვანში და საქართველოს სიყვარული მოგვკითხოს"

"ტვინგახვრეტილი კაცი რომ  "კრასკას" ამ ალაგას მიასხამს, აღარ უნდა შევაგინოთ?.."

"ათას კაცს, რომ გვინდა ეს ძეგლი, ერთი "ნაციონალის"  ტვინში მოპრიანებისთვის ჩამოვაგდოთ?"

ალვანში სტალინის ძეგლის სანახავად არ წავსულვარ, თუმცა, რაღა დაგიმალოთ და... კი მაინტერესებდა, ასე რამ ააღელვა ალვანელები - როგორც ჩანს, ერთ დროს მსოფლიო ბელადი დღესაც ახერხებს ჩვენი ვნებების მართვას.

- რა ხდება სტალინის ძეგლთან დაკავშირებით ალვანში? - ვკითხე თუშ მძღოლს, რომელსაც ალვანში გომბორით მივყავდი. იმან ჯერ მე ამათვალიერა, მერე გომბორზე დადებული თოვლი და... დადუმდა. ასე, ერთი საათის შემდეგ კი მიკროავტობუსი სოფლის ცენტრში პირდაპირ მის ძეგლთან "წაატორმუზა" - აგე, რა ამბავია, ამათი პატრონის დედაცო! იმის მიხვედრას რა უნდოდა, რომ თუშებს არ შეაგინებდა, მაგრამ პირკატა კი მეცა, - შავ სამოსელში გამოწყობილი ხალხთა დიდი ბელადი ისე მრისხანედ გამოიყურებოდა, რომ არა ფერხთით ვარდისფერ საღებავში ამოთხუპნილი ხელოვნური გვირგვინი, მგონი, ახლაც შემაშინებდა.

- ეს რა გიქნიათ, სტალინის ძეგლს სხვაგანაც გადაასხეს საღებავი, მაგრამ შავ ცელოფანში არ შეუფუთავთ! - გამოველაპარაკე ძეგლთან შემოჯარულ საზოგადოებას.

- დაგელაპარაკებით, თუ რასაც გეტყვით, შენს ჭკუაზე არ დაწერ, იმ ჩვენი ტელევიზიებივით... ამ ამბის გასაშუქებლად, ვითომ თბილისიდან დილაბნელზე ჩამოვიდნენ, სინამდვილეში კი ღამე ალვანში გაათიეს. სოფელმა არაფერი ვიცოდით და ტელევიზიებს როგორღა უნდა გაეგოთ სტალინის "გაკრასკვის" ამბავი?

სოფელმა რომ გაიღვიძა, ეგენი უკვე ტელეკამერებით ხელში იდგნენ. შემოვეხვიეთ და რას ვხედავთ: ამძვრალა ვიღაც ტვინგახვრეტილი სტალინის თავზე და ზედ ვარდისფერი საღებავი ჩამოუსხამს! თანაც იმდენი, სტალინი ხომ გაფერადებულია, მიწაზე რო გვირგვინი უდევს, ისიც "გაკრასკულია". მაგას, იცი, რამოდენა "კრასკა" დასჭირდებოდა? თანაც ეგ ზუსტად იმ ფერის "კრასკაა", "ნაციონალებმა" თბილისში კორპუსები რომ დაღებეს. რაც დარჩათ, ახლა სტალინს ალამაზებენ. მაგის გამკეთებელი ალვანელი არ იქნებოდა! ზედ რომ ამძვრალა, სტალინის ქუსლებთან გასაღები და ჩიპი ("ფლეშკა") დარჩენია. იმ დილაბნელზე სტალინის თავზე შემომჯდარი კაცი მაგას რას მოტვინავდა, გასაღები და ჩიპი სად ჩამოუვარდა! პატრულს გადავეცით ეგ ჩიპიცა და გასაღებიც. პატრულმა კიდევ, ძეგლი დალუქა და შავი ცელოფანიც ჩამოაცვა, ლენტი გაჭიმა, ამას იქით არავინ გადავიდესო.

- ანუ საქმე ძიებაშია გადაცემული?

- არი, მაგრამ გამოიძიებენ? თუ არ გამოიძიებენ, იქვე იყვნენ! სტალინის ძეგლი კოტე ლაგაზიძის ოჯახში ინახებოდა, რომელიც 37 წელში გადაასახლეს, - 1975 წლამდე კოტეს ცოლი ინახავდა. ახლაც დარჩა იმ ოჯახში სტალინის ძველი კვარცხლბეკი! მერე სოფელმა სტალინი თავის ადგილას დააბრუნა და უფრო მაღალი პიედესტალი გაუკეთა. შარშან ახმეტის გამგებელმა დაგვიბარა, - არ გეწყინოთ, მაგრამ ალვანელებმა სტალინის ძეგლი უნდა აიღოთო. რო ვუთხარით, სად წავიღოთო? - თუ ძალიან გული გტკივათ, შინ წაიღეთო. ავდექით და წავიღეთ. უკან დაბრუნებისას კიდევ უფრო ლამაზად მოვაწყვეთ, პირვანდელს აჯობა.

- რა გაგიკეთათ სტალინმა, რომ ასე რუდუნებით დაატარებთ აქეთ-იქით? იქნებ ის კაცი უფრო მართალია, ვინც პროტესტის ნიშნად საღებავი ჩამოასხა?

- მაგის შესაკითხად აქ რას ჩამოდიოდი, თეა თუთბერიძისთვის გეკითხა. მაგან დაწერა ინტერნეტში: - მე გადავასხი ალვანში სტალინს "კრასკა" და მომკითხონ თუშებმაო. თუ მაგარია, ჩამოვიდეს ალვანში და თუშებს საქართველოს სიყვარული მოგვკითხოს. განა რამდენი სახლი უნდა მდგარიყო 41 წელში ალვანში, რომ 400 თუში წასულიყო ჰიტლერთან საომრად, - ყველა სახლი დაცარიელდა. ამ 400-დან 100 დაბრუნდა. იმ 400-დან ვისი სურათიც დარჩა, სტალინის ობელისკის გარშემო შემოვაწყვეთ - არც ერთი არ არის 22 წელზე მეტისა! აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომშიც 4 თუში მოკვდა, - ერთი ლევან ჩაგოშვილი იყო.  ხალხი გადმოყავდა სოხუმიდან. ჭუბერში მაგის თვითმფრინავი კლდეს შეასკდა და დაიწვა. ახლა ვიღაცა ტვინგახვრეტილი ამ ალაგას რომ  "კრასკას" მისხამს, აღარ უნდა შევაგინოთ? ალვანელი კაცი აქ როგორ მოვიდოდა მაგისთვის! ათას კაცს რომ გვინდა ეს სტალინი, "ნაციონალების" ერთი ვიღაცის ტვინში მოპრიანებისთვის ჩამოვაგდოთ?

- გმირი გმირია და ბელადი კიდევ, ბელადი, - ერთმანეთში არ აგვერიოს!

- შენ მაგაზე ნუ ინერვიულებო, - დამამშვიდეს თუშებმა და ზრდილობიანად დამემშვიდობნენ. თუმცა წამოსვლამდე საღებავჩამოთხუპნილ ძეგლზე ლექსი რომ ვეღარ გავარჩიე, ისიც წამიკითხეს, - უფრო სწორად, ზეპირად მითხრეს, თანაც დააყოლეს, - გიორგი ქადაგიძისა არისო.

- ალვანში სტალინის რეჟიმის წინააღმდეგ "შვიდი სამანელი" იბრძოდა და მათ შორის რომ გიორგი ქადაგიძე იყო, ამ ლექსის ავტორი ის გიორგი ქადაგიძეა?!

თავი დამიქნიეს და... სტალინის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლის სტალინისადმი მიძღვნილი ლექსი რიხით ჩემიკითხეს: "ხან ზღვას გამსგავსებ უძიროს, ლაჟვარდით დამძიმებულსა,/ ხან კი ქარიშხალს, სპეროზას კლდეებთან დაჭიდებულსა!"