თბილისელ ლომის ბოკვერს სიბრმავე აღარ ემუქრება - კვირის პალიტრა

თბილისელ ლომის ბოკვერს სიბრმავე აღარ ემუქრება

5 თვის კატოს თბილისის ზოოპარკში თვალის უნიკალური ოპერაცია გაუკეთდა

"ლომს სათვალეს ხომ ვერ გავუკეთებთ"

გარეული ცხოველები ბუნებაში წელიწადში ერთხელ მრავლდებიან. სიმბამ და ნალამ კი ეს კანონზომიერება დაარღვიეს - წელიწადში ორჯერ მოასწრეს განაყოფიერება

ჩვენს ზოოპარკში 5 თვის ლომის ბოკვერ კატოს ორივე თვალზე კატარაქტის უნაკერო ოპერაცია გაუკეთდა. დღემდე ოფთალმოლოგის მსგავსი მომსახურებით არა მხოლოდ ლომებს, არც ერთ ცხოველს არ უსარგებლია. ოპერაცია თბილისის ზოოპარკის კლინიკაში გაკეთდა, სადაც საჭირო ტექნიკა უსასყიდლოდ მოიტანეს კლინიკა "ნიუ ჰოსპიტლიდან", ოპერაცია კი პროფესორმა მიშა ომიაძემ ჩაატარა. კატო თავს მხნედ გრძნობს, მადიანად მიირთმევს და მოფერებაზე კრუტუნით პასუხობს. თუმცა, ჯერ ვერ ხედავს. ვეტერინარების განმარტებით, მას რამდენიმე დღეში აღუდგება სუსტი მხედველობა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი მორიგი ოპერაცია გაუკეთდება. "კვირის პალიტრა" პროფესორ მიშა ომიაძეს ესაუბრა:

- ბოკვერს შემღვრეული ბროლი მოვაშორეთ. ახლა ბევრი რამ მის ორგანიზმზეა დამოკიდებული.

- ბროლი გადაუნერგეთ?

- სანამ ზრდას არ დაასრულებს, უკუჩვენებას მოგვცემდა ბროლის გადანერგვა. სამხრეთ აფრიკის წამყვანმა ვეტერინარებმაც არ გვირჩიეს, 2 წლამდე თავი შეიკავეთო. ამიტომაც კატო ორი წლის რომ გახდება, კიდევ ერთი ოპერაციის გაკეთება მოუწევს.  მორიგ ოპერაციამდე კატოს ახლომხედველობა ექნება, მაგრამ ზოოპარკში, სადაც საკვების მოპოვებაზე ზრუნვა არ მოუწევს, ეს საკმარისი იქნება. ბავშვები საბოლოო ოპერაციამდე სათვალეს ატარებენ, მაგრამ ლომს სათვალეს ხომ ვერ გავუკეთებთ.

- აქამდე ცხოველისთვის ოპერაცია გაგიკეთებიათ?

- არა. თუ არ ჩავთვლით მოსკოვში დისერტაციის დაცვისას კურდღლებზე მუშაობას. მათ ვუნერგავდი ბროლს, მაგრამ ის ექსპერიმენტი იყო. 40-მდე კურდღელს გავუკეთე ოპერაცია და ლომზე გამომადგა გამოცდილება.  როდესაც კატოს მხედველობის პრობლემა გაუჩნდა, ეპილეფსიური შეტევებიც დაეწყო. ამიტომაც ბოკვრის ჯანმრთელობა დეტალურად გამოიკვლიეს. გადაუღეს კომპიუტერული, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რომ ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება გამოერიცხათ. ზოოპარკის დირექტორ ზურაბ გურიელიძის განცხადებით, გამოკვლევებმა არასასურველი სურათი არ აჩვენა. ამიტომაც იმედოვნებენ, რომ კატო მალე შეძლებს მხედველობის პრობლემის დაძლევასაც.

ზურაბ გურიელიძე: - ბუნებაში  რომ გაჩენილიყო კატო და ეს დამართოდა, დაიღუპებოდა. ჩვენთან კი, უზრუნველი იქნება სიცოცხლის ბოლომდე.

- კატოს მშობლებმა ნალამ და სიმბამ 9 თებერვალს კიდევ სამი ბოკვერი გააჩინეს, ერთი დაიღუპა, ორი კი კატოსა და მისი თანატოლი დის, კიარას მსგავსად დედის აგრესიულობის გამო ინკუბატორში გაიზრდება.  ნალა ცუდი დედაა თუ  გარემო არ მოსწონს?

- როცა გარემო არ მოსწონთ, ცხოველები არ მრავლდებიან. ამათ კიდევ წელიწადში ორჯერ მოასწრეს განაყოფიერება. შესაძლოა, შვილების მიმართ აგრესია სოციალური სტრუქტურის დარღვევის ბრალია. ზოოპარკში ეს პირობა დაცული ვერ იქნება. ხვადი ლომი ბუნებაში საკუთარი არჩევანით აყალიბებს პრაიდს, ხვადი და ძუები ერთმანეთს თვითონ ირჩევენ. აქ კი არჩევანი შეზღუდული აქვთ. თუმცა, შესაძლოა, ესეც არ იყოს მიზეზი და უბრალოდ ნალა ცუდი დედაა.

- მოსალოდნელია, რომ მომდევნო ექვსი თვის შემდეგ კიდევ დაიბადონ ბოკვრები?

- ეს ძუ ლომისთვის მავნებელია. ამიტომ ერთხანს მოგვიწევს მათი იზოლირება. თუმცა, საკმაოდ რთული შესამჩნევია, როდის ეწყებათ გამრავლების პროცესი ლომებს. გარეული ცხოველები ბუნებაში წელიწადში ერთხელ მრავლდებიან. სიმბამ და ნალამ კი ეს კანონზომიერება დაარღვიეს.

- როგორც ვიცი, ზოოპარკში ცხოველების მომრავლების გამო სავოლიერე ადგილის დეფიციტია. ზოოპარკს სხვა ტერიტორიაზე აღარ გადაიტანენ?

- შარშან გაზაფხულზე შემუშავდა საბოლოო კონცეფცია, რომ თბილისის ზღვასთან გადაიტანდნენ ზოოპარკს, მაგრამ შემდეგ პროექტი შეჩერდა. ვერ გეტყვით, როდის შეიცვლება მდგომარეობა.

სასწაულით გადარჩენილები

ორიოდე კვირის წინ ზოოპარკში კინაღამ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა მამაკაცი თეთრი ვეფხვების ვოლიერის ახლოს ჩავარდა და მძიმედ დაშავდა. უბედური შემთხვევა დილით ადრე მოხდა, როდესაც ორი მეგობარი ვერეს ხეობაში, ახალი სატრანსპორტო მაგისტრალის გასწვრივ მიუყვებოდა ტროტუარს. გზის მონაკვეთი ზოოპარკის იმ ნაწილს ესაზღვრება, სადაც მტაცებლების ვოლიერებია განთავსებული. ბიჭებმა უფრო ახლოდან მოინდომეს მხეცების დათვალიერება. როგორც ამბობენ, ერთს ფეხი დაუცურდა და მტაცებლებლის ბასრი ბრჭყალები და კბილები მისწვდა, - უნებლიე მსხვერპლს გაგლეჯილი აქვს ცალი ფეხის ბარძაყი და ხელი. სამწუხაროდ, მტაცებლებთან სიახლოვე სხვა დროსაც ბევრს განუზრახავს.

ზოოპარკის ადმინისტრაციამ ამ სახიფათო მონაკვეთზე დამცავი ღობეები აღმართა, რომ ადამიანებს ხელი შეუშალოს მტაცებლებთან მიახლოებაში. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ ისევ სცადეს ცნობისმოყვარეებმა ამ ღობეზე გადაძრომა. ეს კი შესაძლოა ძვირად დაუჯდეს ნებისმიერ ჩვენგანს.