ქართველი ბიზნესმენების ანტარქტიდული თავგადასავალი - კვირის პალიტრა

ქართველი ბიზნესმენების ანტარქტიდული თავგადასავალი

ექსკლუზივი :"ყინულის სამეფოს”ერთ-ერთი პირველი კაცი ქართველია

"საოცარია ცა ყინულის კონტინენტზე - ფერს ყოველ 15 წუთში იცვლის"

მოგზაურობის და თავგადასავლების მოყვარულები, ალბათ, ხშირად ინატრებენ, რომ დედამიწის ყველაზე ცივ კონტინენტზე - ანტარქტიდაზე მოხვდნენ და ყინულის სამეფოში იმოგზაურონ. ასეთი მოგზაურობიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ "თი-ბი-სი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე. მათ სამხრეთ პოლუსზე იმოგზაურეს, იქ ქართული დროშა აღმართეს, ყინულის სამეფოს ამერიკული სადგურის ბიბლიოთეკაში ქართული წიგნებიც გადაათვალიერეს და აღმოაჩინეს, რომ კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კაცი, რომელსაც ყველა მნიშვნელოვანი ამერიკული სამეცნიერო პროგრამის ხელმძღვანელობა ევალება, ქართველია. ანტარქტიდული თავგადასავლების შესახებ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად უამბეს.

მამუკა ხაზარაძე: - ღვინის კომპანია "შატო მუხრანში" გვყავს ძალიან ცნობილი პარტნიორი, შვედი ბიზნესმენი ფრედერიკ პაულსენი, რომელიც გატაცებულია მოგზაურობით და რამდენიმე ქვეყნის გეოგრაფიული საზოგადოების წევრიცაა. მოგზაურობისას აფინანსებს სამეცნიერო კვლევებს და მათ გამოცემებსაც უზრუნველყოფს. ის დღეს მსოფლიოში ერთადერთი ადამიანია, რომელიც უკვე ნამყოფია მსოფლიოს რვავე პოლუსზე. დიახ, რვა პოლუსზე. თურმე დედამიწას რვა პოლუსი ჰქონია: ორი გეოფიზიკური, ორი გეოგრაფიული, ორი მაგნიტური და ორიც - მიღწევადობის პოლუსი. 2007 წელს პაულსენი ყინულოვანი ოკეანის ფსკერზე ბატისკაფით ჩაეშვა რუსეთის 52-ე ანტარქტიდულ ექსპედიციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში იყვნენ არქტიკის მკვლევარი, ამჯერად რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერი არტურ ჩილინგაროვი, მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ბედრიცკი და სხვები. მაშინ ჩილინგაროვის ექსპედიციამ ჩრდილოეთ პოლუსის მახლობლად რუსეთის დროშა აღმართა, - მოსაზღვრე ქვეყნებმა ეს პროვოკაციული ნაბიჯი გააპროტესტეს.

ანტარქტიდაზე მოგზაურობა ძალიან ძვირად ღირებული ექსპედიციაა, რომელსაც თვითონ ფრედერიკი აფინანსებს. შარშანწინ უნდა წავსულიყავით, მაგრამ გემი რომელსაც პაულსენი მერვე პოლუსზე უნდა მიეყვანა, გაიჩხირა ყინულში და მოგზაურობა გადაიდო. ამჯერად სამხრეთ პოლუსზე 25 კაცი ორ - წითელ და ლურჯ ჯგუფებად ჩავედით. ჩვენი ჯგუფი პირდაპირ თვითმფრინავით მიადგა ბაზას, მეორე - "თავზეხელაღებულების" გუნდი კი სამხრეთ პოლუსისკენ ასი კილომეტრით დაშორებული მანძილიდან გაემართა თხილამურებით.

- საიდან გადაფრინდით ანტარქტიდაზე?

- საკმაოდ გრძელი მარშრუტი გვქონდა. სულ აქეთ-იქით 76 საათი ვიფრინეთ. მარშრუტი ასეთი იყო: თბილისი-ლონდონი-მადრიდი-სანტიგო დე ჩილე-პუნტა არენასი. ამინდის გაუარესების გამო ორი დღე დავყავით ჩილეს უკიდურეს სამხრეთ წერტილში, პუნტა არენასში. გამოამინდებისთანავე ყინულის კონტინენტზე გავფრინდით რუსული საბარგო თვითმფრინავით, "ილუშინ 76-ით", რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ექსტრემალურ სიტუაციებში, დაბალი ტემპერატურის პირობებში საფრენად. 4,5-საათიანი ფრენის შემდეგ დავეშვით ანტარქტიდის დაახლოებით შუა ნაწილში, სადგურ იუნიონგლესიერზე. იქ არ არის აეროდრომი ან რაიმე ბაზა თვითმფრინავის მისაღებად - ხომალდი პირდაპირ ყინულზე ჯდება. სადგური არის კარვების ერთობლიობა, სადაც ჩვენც კარვებში ვცხოვრობდით.

- ქართველ მეცნიერს როგორ გადააწყდით?

ბადრი ჯაფარიძე: - სამწუხაროდ, მას პირადად ვერ შევხვდით. სამხრეთ პოლუსზე არის სკოტისა და ამუნდსენის ცენტრი, სადაც ქართული დროშა აღვმართეთ. იქვეა ამერიკული სადგური, სადაც ცხოვრობს ასამდე ადამიანი. სადგური გარეგნულად განსაკუთრებული არქიტექტურით არ გამოირჩევა, მაგრამ შიგნით შესანიშნავი პირობებია იმისათვის, რომ გარესამყაროს მოწყვეტილმა ადამიანმა 9 თვე მშვიდად იცხოვროს. მინისათბურიც კი აქვთ, რომ ახალ-ახალი პროდუქტი ჰქონდეთ. ამჯერად ამერიკულ სადგურზე უმნიშვნელოვანესი მეცნიერული გამოკვლევები ტარდება: ყინული 2000 მ სიღრმეზე გაიბურღა და მიმდინარეობს გეოფიზიკური დაკვირვებები სპეციალურად შექმნილი აპარატის გამოყენებით.

აღმოჩნდა, რომ აშშ-ის მიერ წარმოებული სამეცნიერო კვლევის პროგრამების დირექტორი არის ქართველი მეცნიერი ვლადიმერ პაპიტაშვილი, რომელიც 1990 წელს წასულა ამერიკაში და ამჟამად აშშ-ის მოქალაქეა. გვეამაყებოდა, რომ ჩვენებურ კაცს ანდეს ძვირად ღირებული სტრატეგიული კვლევების ხელმძღვანელობა - ფაქტია, ასეთ ნდობას ხომ მხოლოდ აღიარებული მეცნიერები იმსახურებენ.

მის შესახებ, ალბათ, კიდევ კარგა ხანს არ გვეცოდინებოდა, რომ არა ამერიკული სადგურის ბიბლიოთეკა. ვკითხეთ, ქართულად თუ ჰქონდათ წიგნები. რა თქმა უნდა, ჩვენი ხელმძღვანელი ხომ ქართველიაო, გვიპასუხეს. მერე ერთი რუსი მთამსვლელიც შეგვხვდა, რომელსაც ახალგაზრდობაში შხარაზე ასვლა მოუნდომებია. ამინდის გაუარესების გამო უკან დაბრუნება რომ დაუპირებია, ერთ სვანს უთქვამს, აქ ტრანსპორტი სამი დღე არ იქნებაო. წაუყვანია და სამ დღეს უქეიფებია. მოგვიანებით მივხვდი, რომ მომატყუა და ავტობუსი ყოველდღე ამოდიოდა, მაგრამ ეს ძალიან კარგი ტყუილი იყოო, აღფრთოვანებული ამბობდა რუსი, განსაკუთრებული ხალხი ხართო, - ესეც დაამატა.

- ბაზიდან პოლუსამდე თხილამურებით იარეთ?

- ბაზიდან გადავფრინდით 1943 წელს გამოშვებული ამერიკული თვითმფრინავით "დისი 3"-ით. რომლის გადაიარაღებასაც ახორციელებს კანადური კომპანია "ბასლერი." ის ითვლება ანტარქტიდის პირობებში ოპტიმალურ საფრენ აპარატად. პოლუსთან შევხვდით ჩვენს პარტნიორს, ფრედერიკს, რომელიც თავის ჯგუფთან ერთად თხილამურებით მოდიოდა. მათ შორის იყო ლეგენდარული მთამსვლელი ფრანგი ფრანსუა ბერნარი, რომელიც მარტო ავიდა ევერესტზე და ყველა 8000-მეტრიანი მწვერვალი დალაშქრა, ამჯერად კი სამხრეთ პოლუსზე გადასვლაც მოახერხა თხილმაურებით. ექსპედიციის დროს გავიცანით  ახალზელანდიელი ცნობილი ალპინისტი ქალი, რომელიც ჟანგბადის ნიღბის გარეშე ავიდა ევერესტზე. საერთოდ, იუნიონგლასიერის ბაზაზე ყველა უაღრესად გამოცდილი მოთხილამურეა და რამდენიმეს მარტოდმარტოს აქვს გავლილი ათასკილომეტრიანი სათხილამურო გზა ანტარქტიდის სანაპიროდან სამხრეთ პოლუსამდე, ყოველგვარი დახმარების გარეშე. ასეთი ხალხი ყოველთვის ახლავს სამეცნიერო ექსპედიციებს, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში შეძლონ როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების გადარჩენა და დახმარება.

- რამდენი დღე დარჩით ანტარქტიდაზე?

მამუკა ხაზარაძე: - ჩავფრინდით 11 იანვარს და 16-ში უნდა დავბრუნებულიყავით, მაგრამ "ილუშინს" ძრავა გაუფუჭდა და შეცვალეს, თუმცა ახალიც დაზიანებული აღმოჩნდა. მის შესაკეთებლად ბელორუსი ტექნიკოსი ჩამოიყვანეს თითქმის მთელი მსოფლიოს გამოვლით. მთლიანობაში ათი დღე დავრჩით. საინტერესოა ასეთ დროს ადამიანებზე დაკვირვება: როდესაც ალტერნატივა არ არსებობს და უნდა ელოდო ერთადერთიI თვითმფრინავის გაAმოფრენას. ზოგი ნერვიულობს, ზოგიც მშვიდად არის, თავის თავს უღრმავდება, ზოგიც სასმელს ეძალება. გარშემო ცოცხალი არაფერია, ირგვლივ სულ ყინულია.

- კომუნიკაციის რა საშუალებები გქონდათ?

- მხოლოდ სატელიტური ტელეფონი და ძალიან შეზღუდული  ინტერნეტი დამხმარე პერსონალისთვის.

- რა ემოცია გქონდათ, დროულად რომ ვერ გამოფრინდით?

- გამიხარდა კიდეც, რადგან ახალი თავგადასავალი დაიწყო. იქ რომ ხარ, უკვე თავგადასავალია. ამას მივხვდი შიდა გაფრენების სამზადისის დროს, როდესაც უნდა გავფრენილიყავით ანტარქტიდის უმაღლეს მწვერვალ ვინსონისაკენ. პატარა, 1971 წელს გამოშვებული 12-კაციანი თვითმფრინავი იტვირთებოდა შვიდი დღის საკვებით, საძილე ტომრებითა და კარვებით, ე.ი. ნებისმიერ დროს შეიძლებოდა სადმე ჩარჩენა. ჩვენი გამოფრენიდან სამ დღეში ჩამოვარდა ის თვითმფრინავი და მასზე მყოფი სამივე კანადელი დაიღუპა. ძალიან გამოცდილი პილოტი კარგი ადამიანი იყო, იმედი ჰქონდა, რომ კანადური კომპანია სვანეთში გამოუშვებდა სამუშაოდ. შარშან სვანეთში კანადური თვითმფრინავები პილოტებთან ერთად გამოგზავნეს.

- იქ დაბრუნების სურვილი გაქვთ?

- ჩრდილოეთ პოლუსზე ვფიქრობთ.

რადგან სამხრეთ პოლუსზე აღვმართეთ ქართული დროშა, არ გვინდა, ჩრდილოეთი დავტოვოთ საქართველოს გარეშე...

ანტარქტიდაზე დროის გაყვანის საშიშროება არ არსებობს, გარე სამყაროსგან მოწყვეტილი ერთიანად იძირები შენს თავში. საოცარია ცა ყინულის კონტინენტზე - ფერს ყოველ 15 წუთში იცვლის და ძლიერ ემოციებს იწვევს. შენს თავთან მარტო დარჩენილი მთელ სამყაროს ხედავ და, არა მხოლოდ დეტალებს, როგორც აქ, ყოველდღიურობით გაჯერებულ ყოფაში. წყალში ვყვინთავ, 30 მეტრზე ჩავსულვარ, წყლის სამყაროს სილამაზე ისე გხიბლავს, ვეღარ ფიქრობ იმაზე, რაც ხმელეთზე დატოვე. ყინულის სამეფოშიც ასეთივე განწყობა მქონდა. იქ ადამიანები გარინდული სხედან. გრძნობ, რომ მათში დიდი ძვრებია, ღირებულებების გადაფასება ხდება. რისკის ფაქტორიც საინტერესოა, აცნობიერებ, რომ თუ რამე კატასტროფა მოხდა, ვერაფერი გიშველის - ვერც ფული, ვერც სოციალური მდგომარეობა. გლობუსი რომ ამოვატრიალე, ღერძი სადაც არის გაყრილი, იმ ადგილს ღიმილით დავხედე - იქ ვიყავით. ეს არ იყო მხოლოდ მოგზაურობა. რაღაც უფრო მეტი იყო.

- როგორც ვიცი, ყინულის კონტინენტი კონვენციით არის დაცული, იქ არაფერი არ უნდა დაბინძურდეს...

- დაიჯერებთ? მხოლოდ ნაფეხურები რჩება, ისიც - სანამ თოვლი დაფარავს. ყველაფერი, ტუალეტიც კი, კონტინენტიდან საგანგებოდ შეფუთული გამოდის თვითმფრინავით. ამერიკული ბაზის გვერდით არის ორი საფრანგეთისოდენა ტერიტორია, სადაც ფეხის დადგმაც არ შეიძლება, რადგან იდეალური ჰაერის ზონაა, სუფთა ჰაერის ეტალონი. ანტარქტიდაზე განსაკუთრებით საგრძნობია გლობალური დათბობის შედეგად მოსალოდნელი საფრთხე. ყინული რომ დადნეს, უამრავი სახელმწიფო აღმოჩნდება წყალქვეშ. ადამიანებს საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვაში დაგვავიწყდა, რომ დაუნდობლად ვანადგურებთ დედამიწას. ქართული მენტალობიდან გამომდინარე, რატომღაც ვფიქრობდი, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და გლობალური დათბობის პრობლემა ჩვენ არ გვეხება, ეს უფრო განვითარებული ქვეყნების თავსატეხია და ამაზე მათ უნდა იფიქრონ-მეთქი. ანტარქტიდაზე მივხვდი, რომ ეს ნებისმიერი ადამიანის პრობლემაა - დედამიწა ხომ ყველასია.

ამ ექსპედიციის შემდეგ ვფიქრობ, დიდი კამპანია უნდა დავიწყოთ, მომავალმა თაობებმა სიყრმიდანვე უნდა გაიაზრონ და ისწავლონ, რომ გარემო ის ტოტია, რომელზეც ვსხედვართ და არ შეიძლება მისი განადგურება. ყველამ ჩვენი წილი სამყარო უნდა გადავარჩინოთ, რათა მსოფლიომ მშვიდად არსებობა შეძლოს.…

ბადრი ჯაფარიძე: - სამწუხაროდ, საზოგადოებას გააზრებული არა აქვს, რომ ეს მდინარე, ეს ტყე, მთა, მიწა მათია. ზოგჯერ ადამიანებისთვის სამშობლო მისი ეზოს ღობესთან მთავრდება. ეს დამოკიდებულება უნდა შევცვალოთ.